არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გავაკეთო, თუ მშობლები ფიქრობენ, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა პაემნებზე სიარული?

რა გავაკეთო, თუ მშობლები ფიქრობენ, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა პაემნებზე სიარული?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა გავაკეთო, თუ მშობლები ფიქრობენ, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა პაემნებზე სიარული?

დედა, შენ დროს ჩამორჩი. ეს 50-იანი წლები არ არის. ყველა დადის პაემნებზე! მე პატარა გოგო აღარა ვარ“ (16 წლის ჯეინი) *.

შეიძლება ხასიათი გიფუჭდება, როცა გეუბნებიან, რომ პაემნებისთვის მზად არა ხარ. „მინდა, რომ დედ-მამის პატივისცემის საკითხში ბიბლიის თანახმად მოვიქცე, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, — მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი მართლები არ არიან. არც კი ვიცი, როგორ ველაპარაკო მათ ამის შესახებ“. ამ ყმაწვილის მსგავსად, შეიძლება შენც ფიქრობ, რომ მშობლები ზედმეტად მომთხოვნი არიან და არ თანაგიგრძნობენ. შეიძლება შეხვდი ვინმეს, ვინც მართლა მოგეწონა, და მისი უფრო უკეთ გაცნობა გინდა. ან შეიძლება ფიქრობ, რომ პაემანზე სიარულით შენს თანატოლებში გამოიჩენ თავს. „გავლენის ქვეშ ექცევი, — ამბობს მიშელი, — თუ არავის ხვდები, სკოლაში ბავშვები უცნაურ ვინმედ ჩაგთვლიან“.

ერთმა კონსულტანტმა ოჯახურ საკითხებში, ბავშვების შეხედულებიდან გამომდინარე, პაემნების შესახებ შენიშნა: „არ არსებობს სფერო, რომელშიც ბავშვებს მშობლები უფრო მომთხოვნებად ეჩვენებოდეთ, ვიდრე ამ საკითხში“. მაგრამ, რადგან შენ ასე ფიქრობ, განა ნამდვილად ზედმეტად მომთხოვნი არიან შენი მშობლები? ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა შენს მშობლებს შენი განათლების, აღზრდის, დაცვისა და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ანდო (მეორე რჯული 6:6, 7). აქვთ თუ არა შენს მშობლებს შენს კეთილდღეობაზე ზრუნვის კანონიერი უფლება? „ვხედავ, რომ ჩემი შვილი საფრთხის წინაშეა, — ამბობს ერთი მშობელი, — რაც ძალიან მაშინებს“. რატომ აშინებს ამდენ მშობელს ნაადრევი პაემნები?

გრძნობების აყოლა სახიფათოა

„ჩემს მშობლებს ჰგონიათ, რომ, თუ ვინმე მოგწონს, ამაში რაღაც არასწორია“, — ჩივის 14 წლის ბეთი. მაგრამ, თუკი შენი მშობლები ქრისტიანები არიან, მათ კარგად ეცოდინებათ, რომ ღმერთმა ორი სქესი ისე შექმნა, რომ მათ ერთმანეთი მიიზიდონ (დაბადება 2:18—23). მათ იციან, რომ ეს ლტოლვა ბუნებრივია და შეესაბამება კაცობრიობის მიერ ‘დედამიწის ავსებასთან’ დაკავშირებულ ღვთის განზრახვას (დაბადება 1:28).

გარდა ამისა, შენს მშობლებს ესმით, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს სექსუალური გრძნობები, როდესაც ‘სიყმაწვილის ასაკში’ ხარ (1 კორინთელთა 7:36). მათ ისიც იციან, რომ ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო ამ გრძნობების გაკონტროლება გაგიჭირდება. თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დაიწყე შეხვედრა და მასთან ბევრ დროს ატარებ — განმარტოებით ხვდებით ერთმანეთს, ტელეფონით საუბრობთ, წერილებს სწერ ან ელექტრონული ფოსტით უკავშირდები — მოსალოდნელია, რომ ლტოლვა გაიზარდოს. „მერედა რა არის ამაში ცუდი?“ — შეიძლება იკითხო. კეთილი, მაგრამ შეძლებ ამ სურვილების კანონიერი სახით დაკმაყოფილებას? ნამდვილად მზად ხარ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა ლოგიკურად დაგვირგვინდეს ქორწინებით? საეჭვოა.

ასე რომ, ნაადრევი პაემნები რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს ახალგაზრდებს. ბიბლია გვაფრთხილებს: „თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად?“ (იგავნი 6:27). საკმაოდ ხშირად ისე ხდება, რომ ნაადრევ პაემნებს ქორწინებამდელი სექსი მოჰყვება ხოლმე, რის შემდეგაც ჩნდება დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალიშვილი დაფეხმძიმდეს ან ახალგაზრდებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება შეხვდეთ (1 თესალონიკელთა 4:4—6). ახალგაზრდა ტემი, მაგალითად, ფიქრობდა, რომ მისი მშობლები უსამართლოდ ექცეოდნენ, როდესაც პაემნებზე სიარულს უკრძალავდნენ. ამიტომაც მშობლებისგან დაუკითხავად თანასკოლელთან დაიწყო შეხვედრა. მაგრამ ცოტა ხანში ტემი დაფეხმძიმდა — და მისი ცხოვრება შეიცვალა. ახლა ის აღიარებს: „პაემნებზე სიარული არც ისე მშვენიერი რამ არის, როგორც ამბობენ“.

მაგრამ რის თქმა შეიძლება იმ შემთხვევებზე, როდესაც წყვილი ფრთხილობს და ყველანაირად ცდილობს, მოერიდოს შეუფერებელ კონტაქტს? ამ შემთხვევაშიც კი არსებობს იმის საფრთხე, რომ სიყვარულის გრძნობამ ნაადრევად გაიღვიძოს (ქებათა-ქება 2:7). იმ სურვილების აღძვრამ, რომლებიც კანონიერი სახით მხოლოდ წლების შემდეგ, მომავალში, შეიძლება დაკმაყოფილდეს, შეიძლება იმედგაცრუება და ტანჯვა გამოიწვიოს.

სხვა დამაფიქრებელი კითხვებია: ნამდვილად გაქვს თუ არა საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ იცოდე, რა უნდა ეძებო მეუღლეში? (იგავნი 1:4). სხვა მხრივ, გაქვს თუ არა უკვე ის თვისებები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ მეუღლის მხრიდან ნამდვილად დაიმსახურო სიყვარული და პატივისცემა? გაართმევ თავს ოჯახურ საქმეებს? ნამდვილად ხარ მომთმენი და მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, ურთიერთობა არასოდეს გაწყვიტო? გასაკვირი არ არის, რომ მოზარდთა შორის რომანტიკული ურთიერთობები, უმეტესწილად, მალე და თანაც მტკივნეულად მთავრდება. ურთიერთობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გვირგვინდება მტკიცე ცოლქმრობით.

18 წლის მონიკა ამას კარგ შეფასებას აძლევს: „ყველა ჩემი თანასკოლელი მეგობარი ბიჭებთან თავიანთ პაემნებზე მიყვებოდა ხოლმე. მაგრამ მათი ამბავი ან ნაადრევი ქორწინებით მთავრდებოდა, ან ურთიერთობის მტკივნეული გაწყვეტით, რადგანაც ისინი შემდეგი საფეხურისთვის, ანუ ქორწინებისთვის, მზად არ ყოფილან“. ახალგაზრდა კაცი, სახელად ბრენდონი, შენიშნავს: „როდესაც ხვდები, არ ხარ მზად, ვინმეს წინაშე ვალდებულება აიღო, მაგრამ გრძნობ, რომ პაემნებზე სიარულის გამო გარკვეული მოვალეობა უკვე გაკისრია, შენზე ეს ძალზე უარყოფითად მოქმედებს. როგორ იტყვი ამ მოვალეობაზე უარს ისე, რომ სხვა ადამიანს გული არ ატკინო?“.

შენი მშობლები, უეჭველია, ცდილობენ, აგაცდინონ ეს ტკივილი და იმედგაცრუება, როდესაც დაჟინებით გთხოვენ, არავის შეხვდე მანამ, სანამ საქორწინო ვალდებულების დასაკისრებლად საკმაოდ ზრდადასრულებული არ იქნები. სინამდვილეში, ისინი ეკლესიასტეს 11:10-ში ჩაწერილი შთაგონებული რჩევის თანახმად იქცევიან: „უკუიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ“.

‘გაფართოვდი’

ყოველივე ზემოთქმულში არ იგულისხმება ის, რომ არ შეგიძლია იქონიო ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. მაგრამ რატომ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ ერთ ადამიანთან ურთიერთობით? ბიბლია ჩვენს ‘ურთიერთობებში’ გაფართოებისკენ მოგვიწოდებს (2 კორინთელთა 6:12, 13, აფ). ეს კარგი რჩევაა ახალგაზრდებისთვის. ასე მოქცევის ერთ-ერთი საშუალებაა ორივე სქესის წარმომადგენლებისგან შემდგარ ჯგუფთან ურთიერთობა. „ვფიქრობ, ასე უფრო კარგად ვატარებთ დროს, — ამბობს ტემი, — უკეთესია, ბევრი მეგობარი გყავდეს“. მონიკა ამბობს: „ჯგუფური მეგობრობა ნამდვილად კარგია, რადგან ხედავ სხვადასხვა ხასიათის ადამიანებს და ხვდები, რომ არიან საინტერესო ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიხარ“.

მშობლებმა შეიძლება იმაშიც კი შეგიწყონ ხელი, რომ სხვა ახალგაზრდებთან სასიამოვნო დრო გაატარო. ენი, ორი შვილის დედა, ამბობს: „ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბავშვებს სიამოვნებდეთ ჩვენს სახლში ყოფნა. ვეპატიჟებით მათ მეგობრებს, ერთად ვასადილებთ და თამაშის საშუალებას ვაძლევთ. ამის გამო მათ აზრადაც არ მოსდით, რომ გასართობი გარეთ ეძებონ“.

რასაკვირველია, ჯგუფშიაც ფრთხილად უნდა მოიქცე, რომ ერთი ადამიანი არ გამოყო და ზედმეტი ყურადღება არ გამოავლინო მის მიმართ. ზოგი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ, თუ ისინი მხოლოდ სხვების გარემოცვაში ხვდებიან ერთმანეთს, სინამდვილეში, ეს პაემანს არ ნიშნავს. მოერიდე ასეთ აზროვნებას, ამით მხოლოდ თავს მოიტყუებ (ფსალმუნი 35:3, აქ). თუკი მეგობრებთან შეხვედრის დროს ყოველთვის ერთსა და იმავე ადამიანს დასტრიალებ, ეს პაემანზე სიარულის ტოლფასია *. ეცადე, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან გონივრულად მოიქცე და მათთან ჯანსაღი მეგობრობა შეინარჩუნო (1 ტიმოთე 5:2).

ვინც მოითმენს, ის მოიგებსო

არ არის ადვილი მოსასმენი, როდესაც გეუბნებიან, რომ პაემანზე სიარული შენთვის ჯერ ადრეა. მაგრამ შენი მშობლები შენ გულისტკენას არ ცდილობენ. პირიქით, ისინი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ შენ დასახმარებლად და დასაცავად. ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ გულს აჰყვე და მათი რჩევა უკუაგდო, ნუთუ უკეთესი არ იქნებოდა, მათი გამოცდილებით გესარგებლა? მაგალითად, მომავალში, როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობისას რაღაც პრობლემას წააწყდები, განა კარგი არ იქნებოდა, მშობლებისთვის რჩევა გეკითხა? იგავნის 28:26 შეგვახსენებს: „საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია“. ახალგაზრდა კონი ამბობს: „როდესაც ვინმეს მოვწონვარ, შეიძლება ზეგავლენის ქვეშ მოვექცე და პაემანზე სიარული დავიწყო. ამიტომაც, ამ ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დედასთან ლაპარაკი მეხმარება. ის მიყვება იმას, თუ რა მოუვიდათ წარსულში მის მეგობრებსა და მათ ოჯახებს. ეს ნამდვილად მეხმარება“.

თუკი გარკვეული დროის განმავლობაში მოიცდი და პაემნებზე სიარულისგან თავს შეიკავებ, ამით არც შენს ემოციურ განვითარებას შეეშლება ხელი და არც თავისუფლება შეგეზღუდება. რადგან ჯერ მოწიფული არა ხარ და ტრფობასა და ქორწინებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები არ გაკისრია, თავისუფლად შეგიძლია ‘გაიხარო სინორჩით’ (ეკლესიასტე 11:9). მოცდა აგრეთვე შენი პიროვნული თვისებების, მოწიფულობისა და, რაც ყველაზე მთავარია, სულიერობის განვითარების საშუალებას მოგცემს (გოდება იერემიასი 3:26, 27). როგორც ერთმა ქრისტიანმა ახალგაზრდამ აღნიშნა, „სანამ ვინმეს მიმართ დაიკისრებ ვალდებულებას, მანამ იეჰოვას წინაშე უნდა აიღო ვალდებულება“.

როცა გაიზრდები და შენი წარმატებებიც ყველასთვის ცხადი გახდება, მშობლები სხვა თვალით შემოგხედავენ (1 ტიმოთე 4:15). და, როცა ნამდვილად მზად იქნები იმისათვის, რომ ვინმეს შეხვდე, უეჭველია, პაემანზე სიარულსაც აღარ დაგიშლიან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 17 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე გვერდები 232, 233 წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, რომელიც გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

[სურათები 20 გვერდზე]

საპირისპირო სქესის წარმომადგენლებიდან ვინმეს ამორჩევისას და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევისას. . .

. . . ჩვეულებრივ, რომანტიკული გრძნობები იღვიძებს.

[სურათი 21 გვერდზე]

ნაცვლად იმისა, რომ ერთი ადამიანით შემოიფარგლო, მეგობართა წრე გაიფართოე.