რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ნაგავი ზღვაში
ზღვაში ჩაგდებულ შუშის ბოთლს დასაშლელად ათასი წელი დასჭირდება. თხელ შესაფუთ ქაღალდებს — სამი თვე, ხოლო ასანთის ღერებს — ექვსი. პაპიროსის ნამწვები 1—5, ცელოფნის პარკები 10—20, ნეილონის საგნები 30—40, თუნუქის ქილები 500 და პოლისტიროლი 1000 წლის განმავლობაში აბინძურებს ზღვას. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც იტალიურმა ეკოლოგიურმა ასოციაცია „ლეგამბიენტემ“ გაავრცელა. ის პლაჟზე მოსიარულე მობანავეებს მოუწოდებდა, რომ ყურადღებით მოკიდებოდნენ ეკოლოგიურ სისუფთავეს. «ხომ არ აჭარბებს ეს რეკომენდებული მითითება, — კითხვას სვამს გაზეთი „კორრიერე დელლა სერა“. — არა, რადგან იტალიის სანაპიროებზე, 1990 წლიდან დღემდე, 605 ტონა ნაგავი შეაგროვეს პლაჟის დასუფთავებაში მონაწილე მოხალისეებმა», — პასუხობს ის.
ბავშვები და ოკულტიზმი
ლონდონის ერთ-ერთი გაზეთის ცნობით, მასწავლებელთა კავშირი აცხადებს, რომ „ინტერნეტში განთავსებული სატანური და ოკულტიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გამო ბავშვები საფრთხის წინაშე დგანან“ (The Independent). მასწავლებელთა და ლექტორთა ასოციაციისთვის ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 11-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტი „ოკულტიზმითა და ზებუნებრივი ძალების შესახებ ინფორმაციით იყო დაინტერესებული“, მათი მეოთხედი „უფრო ღრმა ინტერესს“ იჩენდა, ხოლო მეექვსედს კი, როდესაც ოკულტიზმთან ჰქონდა კავშირი, „შიშები“ იპყრობდა. მასწავლებელთა და ლექტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პიტერ სმიტი, გაფრთხილებას იძლევა: „ახალგაზრდებს დიდი არჩევანი აქვთ, რომ ეწვიონ ასობით ვებ-საიტს ჯადოქრობის, შელოცვებისა და ვენიდან სისხლის გამოშვების ხერხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. თუ რას კითხულობენ ისინი, ამაში მათ არც ერთი სრულასაკოვანი არ უწევს კონტროლს. . . ასეთი ტენდენცია ახალგაზრდებს შორის საოცრად შემაშფოთებელ ხასიათს იძენს. მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვებს ოკულტიზმის საშიშროების შესახებ მანამ უნდა ასწავლონ, სანამ ღრმად შეტოპავენ მასში“.
ნუ დააყოვნებთ ცხელი საჭმლის მაცივარში გაცივებას
შეერთებული შტატების საქონლისა და ფრინველის პროდუქტების მრეწველობის დეპარტამენტის საინფორმაციო-სატელეფონო ზარების მენეჯერის ბესი ბერის თქმით, არასწორია, ცხელი საჭმელი მაცივარში გაცივებამდე გასაგრილებლად მაგიდაზე ან საჭმლის მოსათავსებელ სხვა ადგილზე დატოვოთ. „როგორც კი გამოიღებთ საჭმელს ჰაერღუმლიდან ან ქურიდან“, თუ მაშინვე არ მიირთმევთ, დაუყოვნებლივ გააცივეთ მაცივარში. ერთ პუბლიკაციაში ნათქვამი იყო: „გამზადებულ საჭმელს, რომელიც შესაძლოა მავნე ბაქტერიებს შეიცავს, რაც უფრო მალე შეინახავთ მაცივარში, მით უფრო მალე შეწყდება მასში ამ ბაქტერიების გამრავლება“ (Tufts University Health & Nutrition Letter). მაგრამ ეს მაცივარს ხომ არ დააზიანებს ან მოტორს ხომ არ გადატვირთავს? ქალბატონი ბერი ამბობს, რომ არა. თანამედროვე მაცივრები ისეთი კონსტრუქციისაა, რომ ცხელი საჭმლისგან არ ზიანდება. ასეთი აზრი ძველებური მაცივრების არსებობის პერიოდიდან მომდინარეობს, როდესაც სიცხე ყინულს ადნობდა. როგორც უნდა იყოს, ორი სახის გაფრთხილება გასათვალისწინებელია: თუ აცივებთ დიდი მოცულობის საკვებს — მთლიან ვარიას, სუპს ქვაბით, კერძს ღრმა ლანგრით — ისე უნდა გადაანაწილოთ სხვადასხვა ჭურჭელში, რომ შიგნიდან საკმარისად გაგრილდეს, რაც ბაქტერიების გამრავლებას შეაჩერებს. მაცივარში ცხელსა და სხვა საჭმელებს შორის დატოვეთ სივრცე, რომ გასაგრილებლად ჰაერმა იმოძრაოს.
ემოციური კომპიუტერული ხმები
კომპიუტერული ხმები რომ ადამიანებისთვის უფრო მიმზიდველი გამხდარიყო, მეცნიერები ეძებდნენ გზებს, რომ მათთვის ემოცია შეემატათ. გერმანული გაზეთის, „Gießener Allgemeine“-ის, ცნობით, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა, თუ როგორ ცვლის სხვადასხვა ემოცია ხმებს. მსახიობებმა ერთი და იგივე შინაარსის წინადადებები სხვადასხვა გრძნობით — სიბრაზით, მწუხარებით, მოწყენილობით, მხიარულებით, მორიდებულობითა და ზიზღით წაიკითხეს. შემდეგ ხმის ჟღერადობის, სიჩქარის, ძირითადი სიხშირის, სიმაღლისა და არტიკულაციის მკაფიობის დასადგენად წინადადებები მარცვალ-მარცვალ გამოიკვლიეს. შედეგებმა ცხადყო, რომ მხიარულმა ან გაბრაზებულმა განწყობილებამ ხმის სიმაღლე და მისი ტემპი გაზარდა. ბგერები უფრო გამოკვეთილად წარმოითქმებოდა და არტიკულაციამაც შეინარჩუნა მკაფიობა. მოწყენილობამ, შიშმა და მწუხარებამ მეტყველება შეანელა, გაურკვეველი გახადა და ხმის ჟღერადობა შეცვალა. შიშმა ხმა რამდენიმე ტონით აამაღლა, ხოლო მწუხარებამ მბგერი იოგების რხევა შეარბილა, ხმა შედარებით ჩახლეჩილი გახადა და მისი სიმაღლე დაადაბლა. ბუნებრივი ხმის ეს მახასიათებლები გადაიტანეს ხელოვნურ ხმებზე და შემდეგ სხვებს მოასმენინეს, რათა შეემოწმებინათ, შეძლებდნენ თუ არა მსმნელები სწორი ემოციური მდგომარეობის ამოცნობას. ამ წამოწყების მიმართ ინტერესი გამოავლინეს განსაკუთრებით ხმის სინთეზირებაზე მომუშავე სპეციალისტებმა და მათ, რომელთა საქმიანობაც ხმის ავტომატურად ამომცნობ აპარატებთანაა დაკავშირებული.