არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?

როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?

როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?

დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ის გრძნობები, რომელთა მოზღვავებასაც, შესაძლოა, განიცდით, საფუძვლიანია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დაავადება ან სისუსტე შეიძლება ფაქტს წარმოადგენდეს, გონება წინააღმდეგობას უწევს იმ ცვლილებებს, რომლებიც ავადმყოფობამ განაპირობა. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს თქვენ და თქვენი დაავადება ბრძოლაში ხართ ჩართული — ეს არის პაექრობა თქვენს წარსულსა და მომავალს შორის. ამჟამად შეიძლება ჩანდეს, რომ უპირატესობა თქვენი დაავადების მხარესაა. მაგრამ სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. როგორ?

„როდესაც დაავადება ადამიანს ბევრ რამეს აკარგვინებს, — შენიშნავს დ-რ კიტი სტაინი, — ავადმყოფისთვის ეს თითქმის სიკვდილის ტოლფასია“. ამიტომაც, როდესაც თქვენთვის ისეთ ძვირფას რამეს კარგავთ, როგორიცაა ჯანმრთელობა, ბუნებრივია, რომ საკუთარ თავს ტირილისა და დამწუხრების უფლება მისცეთ, როგორც საყვარელი ადამიანის დაკარგვისას მოიქცეოდით. ფაქტობრივად, თქვენ მხოლოდ ჯანმრთელობას როდი კარგავთ. როგორც ერთი ქალი ამბობს: „სამსახურისთვის უნდა დამენებებინა თავი. . . უნდა დამეთმო დამოუკიდებლობა, რომელიც ყოველთვის მქონდა“. მიუხედავად ამისა, თქვენს დანაკარგს თვალი გაუსწორეთ. „დიახ, უნდა გამოიტიროთ ის, რაც დაკარგეთ, — დასძენს დ-რ სტაინი, რომელსაც თავად გაფანტული სკლეროზი აქვს, — მაგრამ იმაზეც უნდა იფიქროთ და გაიგოთ, ჯერ კიდევ რის გაკეთება შეგიძლიათ“. მართლაც, გრძნობების თავდაპირველი მოზღვავების შემდეგ დაინახავთ, რომ თქვენს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი „რესურსები“ ჯერ კიდევ ხელუხლებელია. უპირველეს ყოვლისა, თქვენ შეგიძლიათ ახალ მდგომარეობას შეეწყოთ.

მეზღვაურს არ ძალუძს ქარიშხლის შეჩერება, მაგრამ ნავის აფრების რეგულირებით შეუძლია გაუმკლავდეს მას. მსგავსად ამისა, შესაძლოა, არ ძალგიძთ თქვენს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოჭრილი დაავადების გაკონტროლება, მაგრამ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მას თქვენი „აფრების“ ანუ თქვენი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ძალების ახალ ვითარებასთან შეწყობით. რა დაეხმარა ქრონიკულად დაავადებულ სხვა ადამიანებს ამის გაკეთებაში?

გაერკვიეთ თქვენს დაავადებაში

დიაგნოზის გაგებით გამოწვეული პირველი ელდის შემდეგ ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მწარე სინამდვილის ცოდნა გაურკვევლობით გამოწვეულ შიშზე უკეთესია. მაშინ როცა შიშისგან პარალიზებული ხდებით, ცოდნა იმისა, თუ რა გემართებათ, შეიძლება დაგეხმაროთ მისაღები ზომების განსაზღვრაში — ამას კი ხშირად თავისთავად დადებითი შედეგები მოაქვს. „ნახეთ, რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს, როცა თქვენს მდგომარეობასთან გასამკლავებელ გეგმას შეიმუშავებთ, — აღნიშნავს სტანფორდის უნივერსიტეტის დ-რი დევიდ შპიგელი, — თუკი პრაქტიკულად რაიმე ზომების მიღებამდე დიდი ხნით ადრე თქვენს სამომავლო მოქმედებებს დაგეგმავთ, ამით დისკომფორტის გრძნობას შეიმცირებთ“.

შესაძლოა, გრძნობთ, რომ თქვენი მდგომარეობის შესახებ მეტის გაგება გესაჭიროებათ. როგორც ბიბლიურ იგავშია ნათქვამი, „მცოდნე კაცი [„ძალებს განიმტკიცებს“, აქ]“ (იგავნი 24:5). „გამოიტანეთ წიგნები ბიბლიოთეკიდან. რაც შეიძლება მეტი გაიგეთ თქვენი დაავადების შესახებ“, — გვირჩევს ლოგინად ჩავარდნილი ერთი ავადმყოფი. როდესაც იგებთ თქვენთვის ხელმისაწვდომი სამკურნალო მეთოდებისა და თქვენს მდგომარეობასთან გასამკლავებელი საშუალებების შესახებ, შეიძლება დაინახოთ, რომ თქვენი მდგომარეობა არც ისე უიმედოა, როგორც შიშობდით. შეიძლება გარკვეული საფუძველიც კი გაგიჩნდეთ ოპტიმიზმისთვის.

მაგრამ თქვენი საბოლოო მიზანი არ არის ის, რომ შეძლებისდაგვარად გაერკვიოთ თქვენს დაავადებაში. დ-რ შპიგელი განმარტავს: „თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თავისი წვლილი შეაქვს დაავადებასთან შეგუების, მასში გათვითცნობიერებისა და მისი რეალურად დანახვის მნიშვნელოვან პროცესში“. იმის აღიარება, რომ მართალია, თქვენი ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ არ დასრულებულა, მტკივნეული პროცესია, რომელიც ხშირად ნელა მიმდინარეობს. მაგრამ ნაბიჯის გადადგმა — თქვენს დაავადებაში შეძლებისდაგვარად გარკვევიდან ემოციურად მასთან შეგუებამდე — შეგიძლიათ. როგორ?

მოიპოვეთ და შეინარჩუნეთ წონასწორობა

შესაძლოა, დაავადებასთან შესაგუებლად თქვენი შეხედულების შეცვლა იყოს საჭირო. ბოლოს და ბოლოს, იმ აზრთან შეგუება, რომ ავად ხართ, დამარცხებას არ ნიშნავს, ისევე როგორც მეზღვაურისთვის არაა დამარცხების ნიშანი იმ ფაქტის აღიარება, რომ ქარიშხალში მოხვდა. პირიქით, ქარიშხლისთვის თვალის გასწორება მას მოქმედებისკენ აღძრავს. მსგავსად ამისა, თქვენს დაავადებასთან შეგუება დამარცხებას არ ნიშნავს. როგორც ერთმა ქრონიკულად დაავადებულმა ქალმა შენიშნა, ეს არის „წინსვლა ახალი მიმართულებით“.

მაშინაც კი, თუ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები შემცირდა, საკუთარ თავს უნდა შეახსენოთ, რომ ხშირად ეს თქვენს გონებრივ, ემოციურ და სულიერ თვისებებზე საერთოდ არ ახდენს გავლენას. მაგალითად, ისევ გაქვთ თუ არა ინტელექტი, რაიმეს ორგანიზებისა და განსჯის უნარი? შესაძლოა, ჯერაც შეგიძლიათ თბილად გაუღიმოთ ვინმეს, იზრუნოთ სხვებზე და კარგი მსმენელი და ნამდვილი მეგობარი იყოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერაც გაქვთ ღვთისადმი რწმენა.

გარდა ამისა, გახსოვდეთ — მიუხედავად იმისა, რომ ყველა თქვენი გარემოების შეცვლა არ ძალგიძთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ როგორი რეაგირება მოახდინოთ მათზე. ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი, ირენ პოლინი, ამბობს: „თქვენზეა დამოკიდებული, რა საპასუხო ზომებს მიიღებთ თქვენს დაავადებასთან გასამკლავებლად. რა მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეთ ავადმყოფობის გამო, თქვენ გაქვთ ამის უნარი“. ჰელენი, 70 წლის ქალი, რომელსაც გაფანტული სკლეროზის შორს წასული ფორმა აქვს, ადასტურებს: „არა იმდენად დაავადება, არამედ თქვენი მისადმი დამოკიდებულება წყვეტს იმას, შეინარჩუნებთ თუ არა წონასწორობას“. მამაკაცი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის თავის სენს, ამბობს: „დადებითი განწყობილება კილის მსგავსია, რომელიც ნავს ვერტიკალურ მდგომარეობას უნარჩუნებს“. მართლაც, იგავნის 18:14-ში მსგავსი აზრია გამოთქმული: „კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?“.

კონტროლის აღდგენა

როდესაც ემოციური წონასწორობა გიბრუნდებათ, შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „რატომ დამემართა ეს?“, რომელმაც, თავის მხრივ, შეიძლება წამოჭრას კითხვა: „რაკი ეს დამემართა, რის გაკეთება შემიძლია?“. არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიძლება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტოთ. მოდი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა, იფიქრეთ იმაზე, რის შეცვლა გესაჭიროებათ და შემდეგ შეეცადეთ შეცვალოთ ის, რის შეცვლაც შეიძლება. „თქვენი დაავადება ცხოვრების გადაფასების შესაძლებლობას გაძლევთ — ეს გამომაფხიზლებელი ნიშანია და არა სამგლოვიარო“, — ამბობს დ-რ შპიგელი. შეეკითხეთ თქვენს თავს: „რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, სანამ ავად გავხდებოდი? როგორ შეიცვალა ეს?“. ასეთი კითხვები დასვით არა იმიტომ, რომ გაიგოთ, რის გაკეთება აღარ შეგიძლიათ, არამედ იმის გასარკვევად, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ. შესაძლოა, ეს გარკვეული საქმეების სხვაგვარად გაკეთებით მოახერხოთ. ავიღოთ, მაგალითად, ადრე მოხსენიებული ჰელენის შემთხვევა.

ბოლო 25 წლის მანძილზე გაფანტულმა სკლეროზმა მისი კუნთები დაასუსტა. თავდაპირველად ჰელენი გადასაადგილებლად ყავარჯნებს იყენებდა. მოგვიანებით, როდესაც მას მარჯვენა ხელი წაერთვა, მთელი დატვირთვა მარცხენა ხელზე გადავიდა. შემდგომში მარცხენა ხელსაც იგივე დაემართა. გარკვეული დროის შემდეგ, დაახლოებით რვა წლის წინათ, მას სიარულიც აღარ შეეძლო. ახლა მას სხვები ბანენ, აჭმევენ და აცმევენ. ყოველივე ეს ამწუხრებს მას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ამბობს: «ჩემი დევიზია: „იფიქრე იმაზე, რის გაკეთებაც შეგიძლია, და არა იმაზე, რასაც აკეთებდი“». თავისი მეუღლისა და იმ მედდების დახმარებით, რომლებიც სისტემატურად აკითხავენ, და ასევე საკუთარი აღმშენებლობითი აზროვნების წყალობით ის კვლავაც ახერხებს იმ ზოგიერთი საქმის კეთებას, რომელთაც ყოველთვის აკეთებდა. მაგალითად, 11 წლის ასაკიდან მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერების მოსვლის შესახებ ბიბლიური დანაპირების სხვებისთვის გაზიარებას, და დღესაც ჰელენი კვლავ განაგრძობს ამის კეთებას ყოველკვირეულად (მათე 28:19, 20). ის გვიხსნის, თუ როგორ ახერხებს ამას:

„მედდას ვთხოვ ხოლმე, გაზეთი ისე დაიჭიროს, რომ წაკითხვა შემეძლოს. ერთად ვკითხულობთ ნეკროლოგებს და ვარჩევთ ზოგიერთს. შემდეგ ვეუბნები მედდას, რა აზრებს ჩავრთავდი გარდაცვლილის ნათესავებისთვის განკუთვნილ წერილში, მედდა კი ბეჭდავს წერილს. წერილთან ერთად ვაგზავნი ბროშურას „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ *, რომელშიც ლაპარაკია მანუგეშებელ ბიბლიურ იმედზე აღდგომის შესახებ. ამას მე კვირაობით, შუადღისას ვაკეთებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ კვლავ შემიძლია ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის სხვებისთვის გაზიარება“.

დაისახეთ გონივრული და რეალური მიზნები. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ცდილობს ჰელენი იმის შეცვლას, რის შეცვლის ძალაც შესწევს, არის ის, რომ საკუთარ თავს გულხელდაკრეფილად ჯდომის უფლებას არ აძლევს და დასახულ მიზნებს აღწევს. ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ მიზნების დასახვით თქვენი გონების თვალი მომავლისკენ იქნება მიმართული, ხოლო მიზნების მიღწევა კმაყოფილების გრძნობას მოგგვრით. ამან შეიძლება საკუთარი თავისადმი რწმენაც დაგიბრუნოთ. მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენ მიერ დასახული მიზანი რაღაც კონკრეტულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, შეიძლება გადაწყვიტოთ: „დღეს ბიბლიიდან ერთ თავს წავიკითხავ“. თქვენთვის რეალური მიზნები დაისახეთ. იმის გამო, რომ თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ხანგრძლივი დაავადებების მქონე სხვა ადამიანების მდგომარეობისგან განსხვავდება, შესაძლოა, არ შეგეძლოთ იმ მიზნების მიღწევა, რომელთაც სხვები აღწევენ (გალატელთა 6:4).

„არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მცირედაც უნდა გეჩვენებოდეთ მიზანი, მისი მიღწევა მეტის გაკეთებისკენ აღგძრავთ“, — ამბობს ნიდერლანდებში მცხოვრები ლეკსი. 20 წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 23 წლის ასაკში ის პარალიზებული გახდა. ამის შემდეგ მას ფიზიოთერაპიის უამრავი კურსის ჩატარება მოუწია, რომელთა დროსაც ის მიზნების დასახვისკენ წაახალისეს — მაგალითად, ნეჭა გამოეყენებინა პირის ბანისას. ამის გაკეთება საკმაოდ დამღლელი იყო, მაგრამ მან წარმატებით გადალახა ეს სირთულე. როდესაც დაინახა, რომ ამ მიზანს მიაღწია, დაისახა სხვა — კბილის პასტის ტუბის თავსახურის მოხსნა და დახურვა. მან ეს ამოცანაც გადაჭრა. „თუმცა ეს არ იყო ადვილი, — ამბობს ლეკსი, — დავინახე, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე მეგონა“.

მართლაც, თავისი მეუღლის, ტინეკეს, მხარდაჭერით ლეკსმა უფრო დიდ მიზნებსაც მიაღწია. მაგალითად, ტინეკესთან ერთად ის ამჟამად ინვალიდის სავარძლით დადის კარდაკარ, რათა სხვებს ბიბლიური ცოდნა გაუზიაროს. ის ყოველკვირეულადაც ინახულებს მძიმე ავადმყოფს, რომელსაც ბიბლიას ასწავლის. ლეკსი ამბობს, რომ სხვებისთვის დახმარება უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებს. როგორც ამას ბიბლია ადასტურებს, „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).

შეგიძლიათ თუ არა თქვენც დაისახოთ მიზნად სხვების დახმარება? ავადმყოფობამ ან უძლურებამ შეიძლება განსაკუთრებულად თანამგრძნობი გაგხადოთ, რადგანაც თქვენი პრობლემები სხვების სატკივრისადმი უფრო მგრძნობიარეს გხდით.

შეინარჩუნეთ სხვებთან ურთიერთობა. მედიცინის დარგში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სხვებთან ურთიერთობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგრამ ამის უკუპროცესიც არსებობს. „კავშირი საზოგადოებისგან გარიყვასა და სიკვდილიანობას შორის. . . ისეთივეა, როგორც თამბაქოს წევასა. . . და სიკვდილიანობას შორის“, — ამბობს ერთი მკვლევარი. ის განაგრძობს: „თქვენი ჯანმრთელობისთვის ისევე მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობა, როგორც მწეველისთვის თამბაქოზე უარის თქმა“. არ არის გასაკვირი, რომ — როგორც ის ასკვნის — სხვებთან ურთიერთობის შენარჩუნების უნარი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ (იგავნი 18:1, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წ.).

მაგრამ, როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, პრობლემა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ ზოგი მეგობარი აღარ გაკითხავთ. თქვენი კეთილდღეობისთვის კი აუცილებელია, რომ თავად თქვენ შეაჩეროთ იზოლირების პროცესი. მაგრამ როგორ? შეგიძლიათ თავად დაპატიჟოთ მეგობრები.

სასიამოვნო გახადეთ მომსვლელებისთვის თქვენი მონახულება *. ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენს ავადმყოფობაზე საუბრების შეზღუდვით, რათა მნახველებს არ მოსწყინდეთ ერთი და იმავეს მოსმენა. ერთმა ქრონიკულად დაავადებულმა ქალმა ეს პრობლემა გადაჭრა იმით, რომ მეუღლესთან საუბრისას თავის ავადმყოფობაზე ბევრს აღარ ლაპარაკობდა. „ჩვენ, უბრალოდ, უნდა შევკვეცოთ ეს თემა“, — ამბობს ის. მართლაც, ავადმყოფობა არ უნდა იქცეს თქვენს ძირითად სალაპარაკო თემად და არ უნდა ჩაახშოს ყველაფერი, რის გაზიარებაც შეგიძლიათ სხვებისთვის. ერთმა მნახველმა, რომელიც ლოგინს მიჯაჭვულ მეგობარს ისტორიის, ხელოვნებისა და იეჰოვა ღმერთისადმი მისი რწმენის საფუძვლის შესახებ ესაუბრა, თქვა: „დაავადებას მან თავის თავზე გამარჯვების უფლება არ მისცა. ერთი სიამოვნება იყო მასთან საუბარი“.

საღი იუმორის გრძნობაც უფრო მოიზიდავს თქვენკენ მეგობრებს და ისინიც სიამოვნებით გამოგივლიან ხოლმე. გარდა ამისა, სიცილი თქვენთვის სასარგებლოა. „იუმორი გვეხმარება ჩვენი თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოქმნილ რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში“, — ამბობს მამაკაცი, რომელსაც პარკინსონის დაავადება აქვს. მართლაც, სიცილმა შეიძლება კარგი მკურნალის როლი შეასრულოს. იგავნის 17:22-ში აღნიშნულია: „მხიარული გული ჯანმრთელობაა“. რამდენიმე წუთით სიცილიც კი გარგებთ. უფრო მეტიც, „სხვა სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, სიცილი სრულიად უსაფრთხო, არატოქსიკური და სასიამოვნოა, — შენიშნავს მწერალი სიუზენ მილსტრი უელსი, რომელიც თავადაც ქრონიკულად დაავადებულია, — ერთადერთი, რასაც სიცილის დროს ვკარგავთ, ჩვენი ცუდი გუნება-განწყობილებაა“.

იპოვეთ სტრესის შემამცირებელი საშუალებები. გამოკვლევები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სტრესს დაავადების გამომხატველი ფიზიკური სიმპტომების გაუარესება შეუძლია, მაშინ როცა სტრესის შემცირება ამ სიმპტომებს უფრო ასატანს ხდის. ამიტომაც დროდადრო საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება მიეცით (ეკლესიასტე 3:1, 4). დაივიწყეთ თქვენი დაავადების შესახებ. თუ გამოკეტილი ხართ სახლში, ემოციური სტრესის შემცირება შეგიძლიათ სცადოთ წყნარი მუსიკის მოსმენით, წიგნის კითხვით, აბაზანის მიღებით, წერილების ან ლექსების წერით, ხატვით, მუსიკალური ინსტრუმენტების დაკვრით, სანდო მეგობართან საუბრით ან რაღაც ამგვარი საქმიანობით. ასეთი მოქმედება ვერ გადაწყვეტს თქვენს პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ ის დროებით შვებას მოგგვრით.

თუ სიარული შეგიძლიათ, გაისეირნეთ, წადით საყიდლებზე, იმუშავეთ ბაღში, მართეთ მანქანა ან, თუ შესაძლებელია, სადმე დაისვენეთ. ავადმყოფობის გამო მოგზაურობა შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ წინასწარ კარგი მომზადებითა და გარკვეული საზრიანობით დაბრკოლებების გადალახვა შეიძლება. ადრე მოხსენიებულმა ლეკსმა და ტინეკემ, მაგალითად, საზღვარგარეთ გამგზავრება მოახერხეს. „თავიდან ცოტა ვნერვიულობდით, — ამბობს ლეკსი, — მაგრამ მშვენივრად დავისვენეთ!“. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ის არ უნდა ბატონობდეს თქვენს ცხოვრებაზე.

გაძლიერდით რწმენის მეშვეობით. ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც სერიოზულ დაავადებებს წარმატებით უმკლავდებიან, ამბობენ, რომ იეჰოვა ღმერთისადმი რწმენა და ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობა მუდმივი ნუგეშისა და ძალის წყაროს წარმოადგენს *. ქვემოთ მოყვანილია მათი ზოგი გამონათქვამი ლოცვის, ბიბლიის შესწავლის, მომავალზე ფიქრისა და სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების ფასეულობის შესახებ.

● „ხანდახან მაინც ვვარდები ხოლმე დეპრესიაში. როცა ასე მემართება, იეჰოვას მივმართავ ლოცვით და ის მიძლიერებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ვაკეთო ის, რაც შემიძლია“ (ფსალმუნი 54:23; ლუკა 11:13).

● „ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება დიდად მეხმარება სულის სიმშვიდის შენარჩუნებაში“ (ფსალმუნი 62:7; 76:12, 13).

● „ბიბლიის შესწავლა შემახსენებს იმას, რომ ნამდვილი სიცოცხლე ჯერ კიდევ წინაა და რომ მარადიულად არ ვიქნები ინვალიდი“ (ესაია 35:5, 6; გამოცხადება 21:3, 4).

● „ბიბლიაში აღთქმული მომავლისადმი რწმენა თითოეულ დღესთან გასამკლავებელ ძალას მაძლევს“ (მათე 6:33, 34; რომაელთა 12:12).

● „სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრების წყალობით გონების კონცენტრირებას ვახდენ დადებით აზრებზე და არა ჩემს ავადმყოფობაზე“ (ფსალმუნი 25:12; 26:4).

● „კრების წევრებთან გამამხნევებელი ურთიერთობა გულს მითბობს“ (საქმეები 28:15).

ბიბლია გვარწმუნებს: „კეთილია უფალი — ციხე-სიმაგრე გასაჭირში — და ცნობს თავის მოიმედეთ“ (ნაუმი 1:7). იეჰოვასთან მჭიდრო კავშირი და ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობა ნუგეშისა და ძალის წყაროა (რომაელთა 1:11, 12; 2 კორინთელთა 1:3; 4:7).

მიეცით საკუთარ თავს დრო

მძიმე დაავადებისთვის ან ინვალიდობისთვის წარმატებით თავის გართმევა ის პროცესია, რომელსაც „დრო სჭირდება და არა მხოლოდ ერთი დღე“, — შენიშნავს სოციალურ სფეროში მომუშავე ქალი, რომელიც ადამიანებს ქრონიკული დაავადებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებაში ეხმარება. სხვა სპეციალისტის რჩევის თანახმად, საკუთარ თავს დრო უნდა მისცეთ, რადგან სწავლობთ „სრულიად ახალ რამეს — მძიმე ავადმყოფობასთან გამკლავებას“. იცოდეთ, რომ, დადებითი განწყობილების მიუხედავადაც კი, შეიძლება გქონდეთ უსიამოვნო დღეები ან კვირები, როდესაც თქვენი სენის გამო დაღლას იგრძნობთ. მაგრამ დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ასე მოუვიდა ერთ ქალს, რომელმაც თქვა: „ძალიან გამიხარდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ დღემ ისე ჩაიარა, სიმსივნეზე არ მიფიქრია. . . ცოტა ხნის წინათ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი“.

მართლაც, რაკი პირველი შიში განვლეთ და ახალი მიზნები დაისახეთ, როგორც მომდევნო სტატიიდან დაინახავთ, შეიძლება გაგაოცოთ იმან, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ თქვენს პრობლემებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 17 გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

^ აბზ. 24 კარგი იქნებოდა, ეს რჩევები არა მარტო მნახველებთან, არამედ მეუღლესთან, ბავშვებთან ან თქვენს მომვლელთან მიმართებაშიც გამოგეყენებინათ.

^ აბზ. 28 საინტერესოა, უამრავი სამედიცინო გამოკვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რწმენა აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სასწავლებლის პროფესორმა, დეილ მეთიუზმა თქვა: „დადასტურებულია, რომ რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

[სურათი 7 გვერდზე]

თქვენი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის მიღება მასთან შეგუებაში დაგეხმარებათ.

[სურათი 8 გვერდზე]

სხვების დახმარებით ჰელენი გამამხნევებელ წერილებს ადგენს.

[სურათი 8 გვერდზე]

„ბედნიერი ვარ იმით, რომ სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ვუზიარებ“.

[სურათები 9 გვერდზე]

„დავინახე, რომ, პარალიზების მიუხედავად, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე მეგონა“ (ლეკსი).