არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანძარი! რომელი ცეცხლსაქრობი უნდა გამოიყენო?

ხანძარი! რომელი ცეცხლსაქრობი უნდა გამოიყენო?

ხანძარი! რომელი ცეცხლსაქრობი უნდა გამოიყენო?

რამდენჯერ ჩაგვივლია კედელზე ჩამოკიდებული მდუმარე, პატარა „გუშაგის“ გვერდით და არც კი მიგვიქცევია ყურადღება. ერთ მშვენიერ დღეს კი, შესაძლოა, მან ჩვენი ოფისი, ქარხანა ან სახლიც კი იხსნას გადაბუგვისგან. პორტატიულ ცეცხლსაქრობებს ქურაზე ცეცხლმოდებული ტაფისა და გამათბობლისგან ალმოდებული ფარდისგან მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში შეუძლია დახმარების გაწევა. სწრაფი რეაგირების იარაღის მსგავსად, მათი დანიშნულებაც ის არის, რომ ეს ულმობელი მტერი ძალის მოკრებამდე შეაჩეროს.

რადგან ხანძარი შეიძლება სხვადასხვა მასალაზე ან ნივთიერებაზე გაჩნდეს, მაგალითად, ხეზე, ნავთობსა და გაზზე, აგრეთვე ელექტრომოწყობილობაზე, მის ჩასაქრობად სხვადასხვა პორტატიული ცეცხლსაქრობი გამოიყენება. რასაკვირველია, გექნებათ იმის სურვილი, რომ იცოდეთ თქვენი მტრისა და თქვენს ხელთარსებული იარაღების შესახებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიონალი მეხანძრის ცოდნა გვქონდეს, მაგრამ სახანძრო დაცვის რამდენიმე ძირითადი პრინციპი კი აუცილებელია ვიცოდეთ. მაგალითად, როგორ მოიქცეოდით შემდეგ სიტუაციაში?

პურის მცხობელი 20 ახალ, კარგად ზეთწასმულ ფორმას აცხელებდა ჰაერღუმელში და პურის გამოსაცხობად ემზადებოდა. თერმოსტატმა უმტყუნა, ტემპერატურამ მკვეთრად იმატა და ზეთმა წვა იწყო. მზარეულმა ხელთათმანებით სწრაფად გააღო ღუმლის კარი, ფორმები გამოიღო. ჰაერის დიდ ნაკადში მათი მოხვედრის გამო თვითაალებული ცეცხლი აბრიალდა და ჭერისკენ ავარდა. უვნებელმა მზარეულმა თვალის დახამხამებაში მომართა ნახშირორჟანგიანი ცეცხლსაქრობი და სწრაფად ჩააქრო ცეცხლი. მაგრამ იმავე წუთს უფრო მეტი ბოლი გაჩნდა და ზეთი კვლავ აბრიალდა. ასე გამეორდა ოთხჯერ. მზარეულს ეშინოდა, რომ ცეცხლსაქრობი მალე დაიცლებოდა, ამიტომ გამოიღო ყუთიდან აზბესტის (ცეცხლსაწინააღმდეგო) ტილო და ცეცხლმოდებულ პურის საცხობ ფორმებს გადააფარა. ხანძარი საბოლოოდ ჩაქრა და მეპურემ შვებით ამოისუნთქა.

ცხადია, ჩვენც გვინდა, რომ შედარებით მცირე, მაგრამ საშიში ხანძრის ჩასაქრობად ჩვენთვის ხელმისაწვდომი საუკეთესო საშუალება გამოვიყენოთ. მზარეულს რომ სცოდნოდა კვამლის არსებობის შემთხვევაში თვითაალების დიდი შესაძლებლობის შესახებ, ის, უბრალოდ, გამორთავდა ჰაერღუმელს, კარს არ გამოაღებდა და მასში მოთავსებული ფორმები თავისთავად გაგრილდებოდა. ანდა შეეძლო ჯერ აზბესტის ტილო, შემდეგ კი, აუცილებლობის შემთხვევაში, ნახშირორჟანგიანი ცეცხლსაქრობი გამოეყენებინა. როგორც უნდა იყოს, გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდად ფასობს ძირითადი პრინციპების ცოდნა იმის შესახებ, თუ რა უწყობს ცეცხლის წარმოშობას ხელს და როგორ უნდა ჩავაქროთ ის.

ცეცხლის შემადგენელი „სამკუთხედი“

ცეცხლის სამკუთხედს იმ ცნობილ ფორმულას უწოდებენ, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა უწყობს წვას ხელს. ესენია: საწვავი ნივთიერება, ჟანგბადი და სიმხურვალე. ჩამოაშორეთ ერთ-ერთი კომპონენტი და არა მხოლოდ ცეცხლს ჩააქრობთ, არამედ მისი ხელახლა გაჩენის შესაძლებლობასაც მოსპობთ. მოდი ვნახოთ, როგორ ხდება ეს.

საწვავი ნივთიერება: როგორც ჩვენ ვკვდებით საკვების გარეშე, ცეცხლიც ასევე ქრება საწვავი ნივთიერების გარეშე. მეხანძრეები ამ პრინციპს მაშინ იყენებენ, როდესაც ხანძარი ტყესა და ბუჩქნარს უჩნდება. ამ დროს, ძირითადი ცეცხლის ირგვლივ მამხოლოებელ შრეს ქმნიან; სამზარეულოში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში საკმარისია, გაზი გადაიკეტოს და საწვავი ნივთიერების მიწოდება შეწყდება. სხვა შემთხვევებში კი, შესაძლოა, ძნელი — ან საერთოდ შეუძლებელი — იყოს ცეცხლის ამ შემადგენელი ნაწილის — საწვავი ნივთიერების — მიწოდების შეწყვეტა.

ჟანგბადი: როგორც ჩვენ, ცეცხლსაც სჭირდება სუნთქვა. დააყარეთ მას ერთი ნიჩაბი მიწა ან გადააფარეთ აზბესტის ტილო და შეძლებთ მის ჩაქრობას. სხვათა შორის, ამისთვის ჟანგბადის დონის ნულამდე დაცემა სულაც არ არის აუცილებელი. თუ ჰაერში არსებული ჟანგბადის ნორმალურ დონეს — 21 პროცენტს — 15-  პროცენტამდე შეამცირებთ, მაშინ მრავალი ნივთიერება, მაგალითად, ადვილაალებადი სითხეები და ზოგიერთი მყარი საგანიც კი შეწყვეტს წვას.

სიმხურვალე: ცეცხლის გაჩენის ხელშემწყობი ეს კომპონენტი, შესაძლოა, ოთახის ელექტროგამათბობელმა, ჰაერღუმელმა, გადატვირთულმა როზეტმა, ნაპერწკალმა, ნაკვერჩხალმა ან ელვამ წარმოქმნას. ის აგრეთვე, შესაძლოა, გაჩნდეს ხრწნადი მცენარეულობისგან წარმოშობილი სიმხურვალისგან, მალაქროლადი ქიმიური ნივთიერებებისგან და ასე შემდეგ. გახსოვდეთ, თუ ხედავთ ბოლს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გახურებულ ცხიმს ან მცენარეულ ზეთს ასდის, თვითაალება ყოველ წამსაა მოსალოდნელი.

შედარებით მცირე ხანძრისთვის განკუთვნილი

მაშინ როდესაც ოჯახების უმეტესობას ცეცხლსაქრობები არა აქვს, ქარხნების, ოფისებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებებისგან კანონი ხშირად მოითხოვს, რომ მათით აღიჭურვონ. ძირითად ცეცხლსაქრობ საშუალებებად წყალი, თხევადი ქიმიური ნივთიერებები, ქაფი, მშრალი ფხვნილი და ნახშირორჟანგი გამოიყენება. თანდათანობით სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ფრეონს, ანალოგიური დანიშნულების მქონე ნივთიერებას, რადგან ის, როგორც ვარაუდობენ, დედამიწის ატმოსფეროში ოზონის ფენას ანადგურებს. ხანძრის შემთხვევაში სათანადო ცეცხლსაქრობის შერჩევაში დასახმარებლად, მოდელების უმეტესობას ზედ სიმბოლოები და სურათები, ხანძრის კლასიფიკაციის მაჩვენებელი ასოები A, B ან C აქვს გამოსახული, რომლებიც გვიჩვენებენ, სად შეიძლება მათი გამოყენება და სად — არა. აპარატის ბერკეტზე დაჭერისას მასში მოთავსებული შეკუმშული ჰაერი აიძულებს ცეცხლასქრობ ნივთიერებას, დიდი სიჩქარით ამოიფრქვას საცმის საფრქვეველადან. რადგან ეს მექანიზმი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, აუცილებელია მისი დროდადრო შემოწმება. აგრეთვე ცეცხლსაქრობები ყოველთვის გასასვლელთან ახლოს და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა იყოს მოთავსებული. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ფხვნილიანი ცეცხლსაქრობები, რომლებსაც ცეცხლის თითქმის უნივერსალური შემჩერებელიც შეიძლება ეწოდოს, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით აალებას უშლის ხელს. ეს აპარატი არა მხოლოდ A და B, არამედ C კლასის (ხანძარი ელექტრომოწყობილობაზე) ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველადაც ეფექტურია. ცხადია, ეს უნივერსალური ცეცხლსაქრობი თქვენი სახლის საუკეთესო დამცველი საშუალებაა. მართალია, ფხვნილი ტოვებს თავის კვალსა და ჭუჭყს, მაგრამ ეს არაფერია იმ ზარალთან შედარებით, რომლის მოყენებაც ხანძარს შეუძლია.

წყლის ცეცხლსაქრობი საუკეთესო საშუალებაა ქაღალდზე, ხეზე, პლასტმასაზე, ნაგავზე ან ქსოვილზე გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად. ასეთი ცეცხლი A კლასის ხანძარს ეკუთვნის. ცეცხლის ჩასაქრობად წყალი იმიტომაა ეფექტური, რომ ის სიმხურვალეს სწრაფად შთანთქავს. სათანადო რაოდენობის წყალი უფრო სწრაფად შთანთქავს სიმხურვალეს, რადგან ცეცხლი ვერ ახდენს მის კომპენსირებას და, ამგვარად, ქრება. ნუ გამოიყენებთ წყალს აალებად სითხეებზე. ამით კიდევ უფრო შეუწყობთ ხელს ხანძრის გავრცელებას! გარდა ამისა, სადაც ელექტროგაყვანილობაა, იქ ნუ ისარგებლებთ წყლის შემცველი ცეცხლსაქრობით, რადგან წყალი ელექტრობას ატარებს.

ქიმიური ცეცხლსაქრობები, რომლებიც ტუტე მარილების შეკუმშულ წყალხსნარს შეიცავს, განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმებისა და მცენარეული ზეთების, მაგრამ არა ნავთობპროდუქტების, აალების სალიკვიდაციოდ. ეფექტურად გამოიყენება აგრეთვე A კლასის ხანძრის ჩასაქრობადაც.

ქაფიანი ცეცხლსაქრობები კარგად ზემოქმედებს არა მხოლოდ A, არამედ B კლასის ხანძრის ჩაქრობაზეც, რომელსაც ძირითადად განეკუთვნება აალებადი სითხეები (სამრეწველო საპოხი ნივთიერებები, საწვავი, საღებავები). არსებობს ორი სახის ქაფიანი ცეცხლსაქრობი. ამიტომ შეამოწმეთ, რომელი უფრო აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. როდესაც სითხე იწვის, ქაფი მას შეუღწევადი ფენით ფარავს და ალს გავრცელების საშუალებას არ აძლევს, აგრეთვე გზას უხშობს ჟანგბადს. ეს საშუალება უფრო მეტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული, ისე რომ ქაფმა სითხეში კი არ შეაღწიოს, არამედ ზემოდან გადაეფაროს მას. იფრთხილეთ, ელექტრობასთან ახლოს ეს ცეცხლსაქრობი არ გამოიყენოთ.

ნახშირორჟანგიანი ცეცხლსაქრობები აირისგან გაჩენილი ხანძრის გარდა ნებისმიერი ხანძრის წინააღმდეგ გამოიყენება. მათი მუშაობის პრინციპი ნახშირორჟანგით ჟანგბადის გამოდევნაში მდგომარეობს. მაგრამ, როგორც უკვე შევიტყვეთ, თუ საწვავი ნივთიერება სიმხურვალეს ინარჩუნებს, თვითაალება შესაძლებელია. ნახშირორჟანგი აირია და ამიტომ ღია ადგილზე მისი გამოყენება ნაკლებად ეფექტურია. ეს ცეცხლსაქრობი საშუალება სისუფთავით გამოირჩევა და საუკეთესოა ფაქიზ მექანიზმებსა და ელექტრომოწყობილობაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. იმ შემთხვევაში, თუ ნახშირორჟანგიან ცეცხლსაქრობს პატარა, ჩაკეტილ სივრცეში იყენებთ, გაგუდვის თავიდან ასაცილებლად, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ აუცილებლად დატოვეთ შენობა და კარი გამოიხურეთ.

აზბესტის ტილო * მოსახერხებელია და ისეთ შედარებით მცირე ხანძართან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, რომლის გაჩენაც სამზარეულოს გაზქურის ზედა ნაწილზე ანდა ხალიჩის მცირე მონაკვეთზეა შესაძლებელი. გამოიღეთ ცეცხლსაწინააღმდეგო ტილო კედელზე მიმაგრებული ყუთიდან, თქვენ წინ გაშალეთ ისე, რომ ალისგან დაიცვათ თავი და გადააფარეთ ცეცხლს. მის გამოყენებამდე, თუ საერთოდ შესაძლებელია, დაუყოვნებლივ გამორთეთ ხანძრის კერა.

ცეცხლსაწინააღმდეგო ტილოებს ტანსაცმელზე ცეცხლის მოკიდების დროსაც შეუძლიათ გიხსნან. თუ ასეთი რამ მოხდა, გახსოვდეთ უმთავრესი პრინციპი: „შეჩერდით, დაწექით და იკოტრიალეთ“. არასოდეს გაიქცეთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ალი უფრო გაძლიერდება. თუ თქვენ თვითონ ან სხვისი დახმარებით, ბრუნვის დროს ცეცხლსაწინააღმდეგო ტილოს შემოიხვევთ, უფრო სწრაფად ჩააქრობთ ცეცხლს.

ცეცხლსაქრობებზე უკეთესი

რა თქმა უნდა, ხანძრისგან დაცვის საუკეთესო საშუალება კეთილგონიერების გამოჩენა და მისი გაჩენისგან თავის არიდებაა. ბავშვებისგან მოშორებით შეინახეთ ასანთი და სანთებელა. გაზქურის ახლოს ნუ დააწყობთ ადვილაალებად საგნებს. არასოდეს მოამზადოთ საჭმელი, როდესაც თავისუფალი, ჩამოშვებულსახელოიანი ტანსაცმელი გაცვიათ. შესაძლოა, მას ადვილად მოეკიდოს ცეცხლი. დაამონტაჟეთ სახლში კვამლის დეტექტორი.

აი კიდევ რამდენიმე რჩევა: ნურასოდეს გადატვირთავთ როზეტებს ან დამაგრძელებელ ელექტროზონრებს, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ გაზქურაზე ცხელ ტაფაში ცხიმსა და ზეთს. ფრთხილად შეარჩიეთ ოთახის გამათბობლის მოსათავსებელი ადგილი. თუ სახლის მახლობლად აირით სავსე ბალონები გაქვთ, მისი დამცავი სარქველები, რომლებიც ხანძრის შემთხვევაში პოტენციურ საფრთხეს ქმნის, უსაფრთხოების მიზნით შენობის საპირისპირო მიმართულებით შეაბრუნეთ. წესისამებრ გამოიყენეთ დნობადი მცველები და გამოცვალეთ დაზიანებული ელექტროზონრები.

ისწავლეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ სახლში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში? ამას ნამდვილად შეუძლია შეგინარჩუნოთ სიცოცხლე. შეკრიბე ოჯახის ყველა წევრი ისეთ უსაფრთხო ადგილზე, რომელსაც დღისით თუ ღამით ადვილად მიაგნებთ. გადააანაწილეთ პასუხისმგებლობები: ვინ დაეხმარება ბავშვებსა და ავადმყოფებს, უსაფრთხო ადგილამდე რომ მიიყვანოს? ვინ გამოიძახებს მეხანძრეებს? დიახ, ასეთი ვარჯიშების წყალობით ავტომატურად და სწრაფად მოქმედებას ისწავლით. ეს კი სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ.

როდესაც მდგომარეობა მწვავდება

გახსოვდეთ, რომ საგნების ხელახლა შეძენა შესაძლებელია, მაგრამ სიცოცხლის — არა. ცეცხლთან ბრძოლისას ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. თუ უსაფრთხოა თქვენთვის ცეცხლთან მისვლა და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ისეთი ადგილი შეარჩიეთ, რომ ადვილად გახვიდეთ გასასვლელში. თუ ეჭვობთ, რომ თქვენი ცეცხლსაქრობი ამ სიტუაციაში არ გამოდგება, ან შიშობთ, რომ ხანძარი მეტისმეტად დიდია, სწრაფად დატოვეთ იქაურობა და მეხანძრეები გამოიძახეთ.

გახსოვდეთ, რომ ჩვეულებრივი, განსაკუთრებით კი სინთეზური მასალის მომწამვლელი ბოლი უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ცეცხლის ალი — კვამლს ორ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს. ასე რომ, როდესაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან თავის დახსნას ცდილობთ, ეცადეთ იატაკს გაეკრათ, რადგან მის ზედაპირზე კვამლიც უფრო ნაკლებია და ჰაერიც გრილია. თუ შესაძლებელია, პირზე სველი ნაჭერი მიიდეთ. კარის გაღებამდე მას ხელის ზურგი მიადეთ. თუ კარი ცხელი აღმოჩნდა, სხვა გასასვლელი მოძებნეთ, რადგან მის იქით ცეცხლია. გასვლიასას ყველა კარი დახურეთ. ასე ცეცხლს ჟანგბადს შეუმცირებთ. არ შეიძლება ხანძრის დროს ლიფტის გამოყენება, რადგან ის, შესაძლოა, გაიჭედოს და გახურებულ ღუმელს დაემსგავსოს.

ასე რომ, თუ თქვენი სახლისთვის, მანქანისა თუ სამსახურისთვის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალების შეძენას აპირებთ, უკეთესი იქნებოდა, ადგილობრივი სახანძრო განყოფილების მუშაკებისთვის მიგემართათ. შესაძლოა, ბევრი რამ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული იყოს და ამიტომ ისინი ამ სტატიის მიღმა დარჩეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მდუმარე, პატარა „გუშაგს“ შენიშნავთ, შეჩერდით და კარგად გაეცანით. ერთ დღესაც, შესაძლოა, მისგან ძალზე დავალებულიც კი იყოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 18 თუ თქვენს ქვეყანაში მიღებულია აზბესტის ტილოს გამოყენება, ისწავლეთ მისი მოხმარების წესი. შეერთებული შტატების სახანძრო დაცვის ეროვნული ასოციაცია აღნიშნავს: „ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ცეცხლსაწინააღმდეგო ტილოები მეორადი მნიშვნელობისაა. ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ხელის გაწვდენაზეა. თუ მათ იმ დროს გამოვიყენებთ, როდესაც ბოლი პირდაპირ სახეში გვცემს ან, თუ ცეცხლის ჩაქრობისთანავე არ მოვაცილებთ, შესაძლოა, ბოლმა იმატოს და დამწვრობის მიღების საშიშროება გაიზარდოს“.

[დიაგრამა⁄სურათები 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ხანძარი

საწვავი ნივთიერება

სიმხურვალე

ჟანგბადი

[სურათები]

A კლასი

B კლასი

[საავტორო უფლება]

Chubb Fire Safety

[დიაგრამა 26 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

თუ ტანსაცმელზე ცეცხლი მოგეკიდა, ნუ გაიქცევი

1. შეჩერდი

2. დაწექი

3. იკოტრიალე

[საავტორო უფლება]

© Coastal Training Technologies Corp. Reproduced by Permission

[სურათი 24 გვერდზე]

არსებობს მრავალმხრივი დანიშნულების სხვადასხვაგვარი ცეცხლსაქრობი

[საავტორო უფლება]

Above illustration: Reprinted with permission from NFPA 10 - 1998, Portable Fire Extinguishers, Copyright © 1998, National Fire Protection Association, Quincy, Massachusetts 02269. This reprinted material is not the complete and official position of the NFPA on the referenced subject which is represented only by the standard in its entirety.