არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გვმართებს ეკლესიაში სიარული?

გვმართებს ეკლესიაში სიარული?

ბიბლიის თვალსაზრისი

გვმართებს ეკლესიაში სიარული?

„ერთ დროს ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ ახლა აღარ დავდივარ“. „ჩემი აზრით, ღმერთს არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ, სურვილისამებრ, ყველგან შეგიძლია სცე თაყვანი“. „მჯერა ღმერთის და ბიბლიის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეკლესიაში სიარული არ არის აუცილებელი“. გსმენიათ მსგავსი გამონათქვამები? დღესდღეობით სულ უფრო მეტი ადამიანი, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებენ თავს, გამოთქვამს მსგავს თვალსაზრისს, რაც განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში შეიმჩნევა. ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ეკლესიაში დადიოდნენ, ფიქრობენ, რომ აღარ არის ეს აუცილებელი. რა არის ნათქვამი ბიბლიაში ეკლესიაში სიარულთან დაკავშირებით?

სიტყვა „ეკლესია“ სხვადასხვა გრამატიკული ვარიაციით ქართულ ბიბლიაში 105-ჯერ გვხვდება. სხვა თარგმანებშიც გამოიყენება ეს სიტყვა. „ეკლესიად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით „მოხმობას“ ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხის თავმოყრას ნიშნავს. მაგალითად, „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ თანახმად, საქმეების 7:38-ში მოსეს შესახებ ნათქვამია, რომ ის „უდაბნოდ ეკლესიაში“ იყო, ანუ შეკრებილ ისრაელიანთა შორის იმყოფებოდა. სხვა ადგილას საღვთო წერილში ნათქვამია, რომ ‘ეკლესიის დიდი დევნა მოხდა’, რაც იერუსალიმში მყოფ ქრისტიანულ საზოგადოებაზე მიუთითებს (საქმეები 8:1). პავლე ერთ-ერთ თავის წერილში მოიკითხავს ‘[ფილიმონის] სახლის ეკლესიას’, ანუ ადგილობრივ კრებას, რომლის წევრებიც იქ იკრიბებოდნენ (ფილიმონი 2, სსგ).

ნათელია, რომ ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ეკლესია“ თაყვანისმცემლობის ადგილზე კი არ მიუთითებს, არამედ თაყვანისმცემლებისგან შემდგარ ჯგუფზე. II საუკუნის თეოლოგმა, კლემენტ ალექსანდრიელმა, რომელიც აღიარებდა ამას, დაწერა: „ეკლესიას ადგილს კი არა, რჩეულთა კრებას ვუწოდებ“. და მაინც, მოეთხოვებათ თუ არა ქრისტიანებს განსაკუთრებულ ადგილებში ან შენობებში შეკრება იმისათვის, რომ მათი თაყვანისცემა მისაღები იყოს ღვთისთვის?

თაყვანისმცემლობა ისრაელში

მოსეს რჯულის თანახმად მოითხოვებოდა, რომ ყველა ებრაელი მამაკაცი სამ ყოველწლიურ დღესასწაულზე განსაზღვრულ ადგილებში მისულიყო. იქ აგრეთვე უამრავი ქალი და ბავშვი იყრიდა თავს (მეორე რჯული 16:16; ლუკა 2:41—44). ზოგჯერ მღვდლები და ლევიანები ღვთის რჯულს უკითხავდნენ და ასწავლიდნენ თავმოყრილ ხალხს. ისინი „განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული“ (ნეემია 8:8). შაბათის წლებთან დაკავშირებით ღვთის მითითება ასეთი იყო: „შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა“ (მეორე რჯული 31:12).

მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში შეიძლებოდა ღვთისთვის მსხვერპლის შეწირვა და მღვდლებისგან მითითებების მიღება (მეორე რჯული 12:5—7; მეორე ნეშტთა 7:12). დროთა განმავლობაში ისრაელში თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი სხვა შენობები — სინაგოგები — დაარსდა. ამ ადგილებში საღვთო წერილი იკითხებოდა და ლოცვები წარმოითქმებოდა. მიუხედავად ამისა, იერუსალიმის ტაძარი თაყვანისმცემლობის ძირითადი ადგილი იყო. ამას ცხადყოფს ბიბლიის მწერლის, ლუკას ცნობა. ის ისხენიებს ხანში შესულ ქალს, სახელად ანას, რომელიც „არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ“ (ლუკა 2:36, 37). ანასთვის უმთავრესი სხვა ერთგულ მსახურებთან ერთად ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღება იყო. სხვა ღვთისმოშიში იუდეველებიც მის მსგავსად იქცეოდნენ.

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ქრისტეს სიკვდილის შემდეგ

იესოს სიკვდილის შემდეგ მის მიმდევრებს აღარც მოსეს რჯულისადმი მორჩილება მოეთხოვებოდათ და აღარც თაყვანისსაცემად ტაძარში სიარული (გალატელთა 3:23—25). მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ იკრიბებოდნენ, რათა ელოცათ და ღვთის სიტყვა შეესწავლათ. ისინი განსაკუთრებულ შენობებში კი არ იყრიდნენ თავს, არამედ — კერძო სახლებსა და საზოგადოებრივ ადგილებში (საქმეები 2:1, 2; 12:12; 19:9; რომაელთა 16:4, 5). პირველი საუკუნის ქრისტიანული შეხვედრები, რომელთა დროსაც არ მოითხოვებოდა გარკვეული წეს-ჩვეულებების დაცვა და ცერემონიების ჩატარება, ძალიან უბრალო და მიმზიდველი იყო.

უზნეობის წყვდიადში ჩაძირული რომის იმპერიის ფონზე ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ქრისტიანულ შეხვედრებზე ისწავლებოდა, ბრილიანტებივით კაშკაშებდა. ზოგ ურწმუნოს, რომლებიც პირველად ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს, შეეძლო წამოეძახა: „ჭეშმარიტად თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორინთელთა 14:24, 25). დიახ, მართლაც მათ შორის იყო ღმერთი. ამიტომ „ეკლესიები მტკიცდებოდა რწმენით და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი“ (საქმეები 16:5).

იქნებოდა თუ არა ქრისტიანი იმ დროს ღვთისთვის მოსაწონი, წარმართულ ტაძრებში ან როგორც თავად სურდა, ისე რომ ეცა ღვთისთვის თაყვანი? ბიბლია გასაგებ მითითებას იძლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლები ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის ანუ კრების — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან შემდგარი ‘ერთი სხეულის’ — ნაწილი უნდა გამხდარიყვნენ. ამ სხეულს შეადგენდნენ იესოს მოწაფეები, რომლებიც ქრისტიანებად იყვნენ ცნობილი (ეფესელთა 4:4, 5; საქმეები 11:26).

რა ვითარებაა დღეს?

ბიბლია იმისკენ კი არ მოგვიწოდებს, რომ ეკლესიაში ვცეთ თაყვანი ღმერთს, არამედ ეკლესიასთან, ‘ცოცხალი ღვთის ეკლესიასთან’ ანუ იმ ხალხთან ერთად, რომელიც მას ‘სულითა და ჭეშმარიტებით სცემს თაყვანს’ (1 ტიმოთე 3:15; იოანე 4:24). ღვთისმოსაწონ რელიგიურ შეხვედრებზე ხალხს უნდა ასწავლიდნენ ‘წმინდა ქცევასა და ღვთისმოსაობას’ (2 პეტრე 3:11). ეს შეხვედრები უნდა ეხმარებოდეს იქ დამსწრეთ ‘კეთილისა და ბოროტის გარჩევის’ უნარის მქონე მოწიფულ ქრისტიანებად გახდომაში (ებრაელთა 5:14).

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მიჰბაძონ პირველი საუკუნის ქრისტიანებს. მთელ მსოფლიოში 91 400-ზე მეტ კრებაში რეგულარულად იკრიბებიან ადამიანები სამეფო დარბაზებში, კერძო ბინებსა და სხვა ადგილებში ბიბლიის შესასწავლად და ერთმანეთის გასამხნევებლად. ეს შეესაბამება პავლე მოციქულის სიტყვებს: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელთა 10:24, 25).