არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დამაუძლურებელ დაავადებასთან ბრძოლა

დამაუძლურებელ დაავადებასთან ბრძოლა

დამაუძლურებელ დაავადებასთან ბრძოლა

მოგვითხრო ტანია სალეიმ

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ ძალზე ენერგიული დედა ვიყავი და პატარა ქალაქ ლუვერნში (ალაბამას შტატი) სრული დროით ვმსახურობდი. ცხოვრება აქ მშვიდად და ნელა მიედინება. ჩემი მეუღლე დიუკისა და ვაჟის, დენიელის, ბედნიერებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ უბრალო ოპერაციამ ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

პრობლემები დაგვეწყო 1992 წელს, როცა ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაცია) გავიკეთე. ოპერაციიდან ცოტა ხნის შემდეგ დამეწყო საშინელი, განუწყვეტელი ტკივილები და ხშირი შარდვა (50—60-ჯერ დღეში). პრობლემის მიზეზის დასაზუსტებლად გინეკოლოგმა ბოლოს უროლოგთან გამაგზავნა.

გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში წავედი. ჩემი პირველი ვიზიტის დროს უროლოგმა დამისვა დიაგნოზი — ინტერსტიციალური ცისტიტი (იც), ანუ შარდის ბუშტის ისეთი ქრონიკული ანთება, რომელიც ძალას აცლის ადამიანს. ამ დიაგნოზის დასმა ადვილი არ ყოფილა, რადგან იც-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები საშარდე სისტემის სხვა დაავადებების სიმპტომებსაც წააგავს. გარდა ამისა, არ არსებობს ისეთი ანალიზი, რომლითაც იც-ის ზუსტად დადგენა შეიძლება. ამ მიზეზით, იც-ის დიაგნოზის დასმამდე ექიმებს ყველა სხვა შესაძლო დაავადება უნდა გამოერიცხათ.

ექიმმა პირდაპირ გვითხრა, რომ მკურნალობის მცირე შედეგიანობის გამო, საბოლოო ჯამში, შარდის ბუშტი ამოსაკვეთი იქნებოდა! მან თქვა, რომ სხვა სამკურნალო მეთოდებიც არსებობდა, მაგრამ ყველა უშედეგო იყო. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ ამბავმა თავზარი დაგვცა. მანამდე საკმაოდ ჯანმრთელი ვიყავი. ჩვენი ოჯახი იეჰოვას მოწმეების ოჯახია და წლების მანძილზე მე და დიუკი სრული დროით ვმსახურობდით, ახლა კი ჩვენს ცხოვრებას სულ ერთი ფრაზა, — ‘შარდის ბუშტი ამოსაკვეთი იქნება’, — მნიშვნელოვნად ცვლიდა. სიხარულით ვიხსენებ იმას, რომ ჩემთვის ამ რთულ დროს მეუღლისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი.

გადავწყვიტეთ, სხვა უროლოგი მოგვეძებნა. რამდენიმე ექიმს მივაკითხეთ. სამწუხაროდ, იმ დროისთვის ბევრმა ექიმმა ძალიან ცოტა რამ იცოდა იც-ის შესახებ. გარდა ამისა, იც-ის შესახებ ბევრ უროლოგს საკუთარი თვალსაზრისი გააჩნდა, და მათ მიერ შემოთავაზებული მკურნალობის მეთოდებიც ერთიმეორისგან განსხვავდებოდა. ერთ სამედიცინო ჟურნალში ნათქვამი იყო: „ეს დაავადება ქრონიკული ხასიათის უნდა იყოს“. სხვაგან ეწერა: „მეცნიერებს ჯერ არ აღმოუჩენიათ იც-ის სამკურნალო საშუალება, მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, თუ ვისთვის რა მკურნალობის მეთოდი იქნება საუკეთესო. . . იმის გამო, რომ ექიმებისთვის იც-ის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მკურნალობის მიზანი ამ დაავადების სიმპტომების შემსუბუქებაში მდგომარეობს“.

გაძნელებული და ხშირი შარდვის გამო იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ მზად ვიყავი, თითქმის ყველაფერი გამეკეთებინა, რასაც ექიმები მირჩევდნენ. ვიღებდი 40-ზე მეტ სხვადასხვა სახის მედიკამენტს, გარდა ამისა ვიყენებდი სამკურნალო მცენარეებს, მივმართე აკუპუნქტურას, მიკეთებდნენ ნერვული წნულების არის ბლოკადას, ეპიდურალურ და სპინალურ გაუტკივარებასა და ადგილობრივ ელექტროგაუტკივარებას (TENS), რომლის დროსაც სუსტი ელექტროიმპულსები წუთების ან საათების განმავლობაში ზემოქმედებს ორგანიზმზე. რამდენადაც შემეძლო, მოვიძიე ინფორმაცია ჩემი დაავადების შესახებ, რაც ცოტათი მაინც დამეხმარა იმის გაგებაში, რაც მჭირდა.

ამჟამად, ექვს სხვა მედიკამენტთან ერთად ვიღებ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატ მეთადონს. აგრეთვე ტკივილების გამო რეგულარულად დავდივარ კლინიკაში, სადაც, ჩვეულებრივ, ეპიდურალურ ინიექციებს მიკეთებენ და სტეროიდებით მმკურნალობენ. შარდვის სიხშირის გამო თითქმის ყოველ სამ-ოთხ თვეში მივდივარ საავადმყოფოში პროცედურის ჩასატარებლად, რომლის დროსაც შარდის ბუშტს სითხით ბერავენ. ეს პროცედურა საკმაოდ ბევრჯერ მაქვს ჩატარებული. როგორც წესი, რამდენიმე თვით ეს გარკვეულწილად მიმსუბუქებს მდგომარეობას. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე 30-ზე მეტჯერ მომიწია საავადმყოფოში ყოფნა.

რა შეიძლება ითქვას უკიდურეს საშუალებაზე — შარდის ბუშტის ამოკვეთაზე? ერთი გამოცდილი სპეციალისტი ამბობს: „ბევრ ექიმს არ სურს ოპერაციის გაკეთება, რადგან შეუძლებელია იმის წინასწარი განჭვრეტა, თუ რა შედეგს მოუტანს ის ცალკეულ ავადმყოფს — ზოგი იკეთებს ოპერაციას, მაგრამ დაავადების სიმპტომები კვლავ აქვს“. ასე რომ, ოპერაციისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ.

ზოგჯერ განუწყვეტელი ძლიერი ტკივილის გამო ლამის სასოწარკვეთილებაში ჩავვარდე. თავში თვითმკვლელობის აზრიც კი გამიელვებდა ხოლმე. მაგრამ ჩემთვის იმაზე დაფიქრებაც კი აუტანელია, ასეთი მოქმედებით როგორ შევარცხვენდი იეჰოვას სახელს. ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა და პირადი შესწავლა, ასევე იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარება, რადგან არასოდეს იცი, რა შეიძლება დაგემართოს ისეთი, რაც მთლიანად შეცვლის შენს ცხოვრებას. ამ ურთიერთობამ პირდაპირი გაგებით იხსნა ჩემი სიცოცხლე. ის რომ არა, ვიცი, თავს მოვიკლავდი.

ბოლო ცხრა წელს რომ გადავავლებ ხოლმე თვალს, ვხედავ, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება. ვაფასებ ეკლესიასტეს 12:1-ში ჩაწერილ სიტყვებს: «გახსოვდეს შენი გამჩენი [„შემოქმედი“, აქ] შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?». ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ 15 წლის ასაკიდან სრული დროით მსახურება დავიწყე და ამ მსახურებაში თითქმის 20 წელი გავატარე. ამ ხნის მანძილზე იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა განვავითარე.

ვმადლობ იეჰოვას ჩემი მეუღლისა და ვაჟიშვილის, დენიელისთვის, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან. ძალიან მამხნევებს ისიც, რომ კრების წევრები მირეკავენ და მოდიან ხოლმე ჩემს მოსანახულებლად. ზამთარში გარეთ გასვლა მიჭირს იმის გამო, რომ სიცივისგან უარესი სპაზმები მემართება. ამ დროს ტელეფონით ვმსახურობ ხოლმე. მსახურება მეხმარება იმაში, რომ სამოთხის იმედი ყოველთვის მქონდეს და ის რეალური იყოს ჩემთვის. ველი იმ დროს, როცა ავადმყოფობა და ტანჯვა წარსულს ჩაჰბარდება და არავის გაახსენდება (ესაია 33:24).