ომმა ქადაგება ვერ შეგვაწყვეტინა
ომმა ქადაგება ვერ შეგვაწყვეტინა
მოგვითხრო ლეოდეგარიო ბარლაანმა
1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონია და შეერთებული შტატები ფილიპინების, ჩემი სამშობლოს, გულისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს. მე მთებში მდებარე სოფელ თაბონანში ვიყავი, სადაც იაპონელების წინააღმდეგ მებრძოლმა ადგილობრივმა პარტიზანებმა დამატყვევეს. მცემეს, ჯაშუშობა დამაბრალეს და დამემუქრნენ, რომ სიკვდილით დამსჯიდნენ. ნება მომეცით მოგითხროთ, თუ როგორ აღმოვჩნდი ამ ვითარებაში და როგორ გადავრჩი.
დავიბადე 1914 წლის 24 იანვარს პატარა ქალაქ სან-კარლოსში (პანგასინანი). 30-იან წლებში მამამ გამაგზავნა სასწავლებელში სასოფლო სამეურნეო განათლების მისაღებად. კვირაობით მესას ვესწრებოდი; იქ მღვდელი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების შესახებ საუბრობდა. ამიტომ ამ წიგნების წაკითხვის სურვილი გამიჩნდა.
ერთ დღეს ქალთა მონასტერში წავედი, რომ მეყიდა სახარება იმ შეგროვილი ფულით, რომელიც ბოსტნეულის გაყიდვით ვიშოვე. მაგრამ იქ მომცეს ბუკლეტი სათაურით „გზა ზეცისკენ“, რომელშიც სახარებები არ იყო. ამან გული დამწყვიტა. მოგვიანებით სახარების შოვნის დიდმა სურვილმა აღმძრა, მანილაში წავსულიყავი. იქ ბიძაჩემმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, მთლიანი ბიბლია მომცა.
მანილაში შევხვდი რამდენიმე მოწმეს; მათ მიერ საღვთო წერილის გამოყენების უნარმა ძალიან გამაოცა. მათ ბევრ ჩემს კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხები გამცეს. ბოლოს კი ბიძაჩემმა, რიკარდო იუსონმა, იეჰოვას მოწმეთა ფილიალში კრების შეხვედრაზე წამიყვანა. როდესაც შენობას მივუახლოვდით, სიგარეტს მოვუკიდე. „გადააგდე, — მითხრა ბიძაჩემმა, — იეჰოვას მოწმეები არ ეწევიან“. მე გადავაგდე სიგარეტი და მას შემდეგ აღარასდროს გავკარებივარ. აქ მე გავიცანი ფილიალის კოორდინატორი ჯოზეფ დოს სანტოსი და ზოგიერთი სხვა მოწმე. დღეს, ათწლეულების შემდეგ, კვლავ მახსოვს ის შესანიშნავი ქრისტიანი ძმები.
ღვთისათვის მსახურების დიდი სურვილი
1937 წლის ოქტომბრისთვის, როდესაც ლოს-ბანიოს სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში ვსწავლობდი, აღარ ვესწრებოდი მესას, ნაცვლად ამისა, ბიბლიას ვკითხულობდი იმ ლიტერატურასთან ერთად, რომელსაც ბიძაჩემი მაძლევდა. ჩვენს კოლეჯში მოდიოდა იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი და მათგან ერთ-ერთთან, ელვირა ალინსოდთან, საუბრების შემდეგ იეჰოვა ღმერთისათვის მსახურების სურვილი გამიძლიერდა.
როდესაც ჩემს მასწავლებლებს ვუთხარი, რომ კოლეჯის მიტოვებას ვაპირებდი, მათ მკითხეს: „მერე ვინ შეგინახავს?“. მე ავუხსენი, რომ დარწმუნებული ვიყავი, თუ იეჰოვას მსახური ვიქნებოდი, ის იზრუნებდა ჩემზე. კოლეჯის დატოვების შემდეგ წავედი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ოფისში, მოხალისედ წარვუდგინე თავი და ვუთხარი: «წავიკითხე პუბლიკაციები: „ერთგულება“, „სიმდიდრე“ და „სად არიან მიცვალებულები?“. ახლა მსურს, სრული დროით ვემსახურო იეჰოვას». მთხოვეს წავსულიყავი სებუში და იქ სამ პიონერთან (ასე ეწოდებათ სრული დროით მომსახურე იეჰოვას მოწმეებს) მეთანამშრომლა.
ქადაგების დაწყება
1938 წლის 15 ივლისს, როდესაც კუნძულ სებუზე ჩავედი, სალვადორ ლიუაგი დამხვდა ნავსადგურში. მეორე დღეს კარდაკარ მსახურება დავიწყე. არავის არაფერი უსწავლებია ჩემთვის. მობინადრეს მხოლოდ სამქადაგებლო ბარათს ვაჩვენებდი, რომელიც ჩვენს საქმიანობას აცნობდა. ფაქტობრივად, მხოლოდ ორი სიტყვა ვიცოდი ადგილობრივ სებუურ ენაზე. ამგვარად დაიწყო მსახურებაში ჩემი პირველი დღე.
როდესაც ახალ ქალაქში ვიწყებდით ქადაგებას, პირველ რიგში ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაში მივდიოდით. ძმა ლიუაგი ქალაქის მერს უქადაგებდა ხოლმე; პაბლო ბაუტისტა — პოლიციის უფროსს; კონრადო დაკლანი — მოსამართლეს; მე კი საფოსტო განყოფილების უფროსს ვესაუბრებოდი. შემდეგ ვინახულებდით ავტოვაგზალს, პოლიციის შენობებს, მაღაზიებსა და სკოლებს. ბოლოს სახლებში ვაკითხავდით ადამიანებს. ბიბლიის შესწავლას ვთავაზობდით პუბლიკაცია „მტრის“ საშუალებით. რადგან ჩემს პარტნიორებს ვბაძავდი, ნელ-ნელა ვისწავლე სებუური ენა და დავიწყე წიგნების გავრცელება. სამ თვეში სებუს პროვინციის — 54 ქალაქის — შემოვლა მოვასწარით. ამის შემდეგ ძმა ლიუაგს ვკითხე: „შემიძლია ახლა მოვინათლო?“.
„ჯერ არა, ძმაო“, — მიპასუხა მან. შემდეგ წავედით კუნძულ ბოჰოლზე, სადაც თვენახევარი ვქადაგებდით და 36 ქალაქი შემოვიარეთ. კვლავ ვითხოვე მონათვლა. „ჯერ არა, ძმაო ბარლაან“, — მითხრეს კვლავ. როდესაც ბოჰოლზე და შემდეგ კუნძულ კამიგინზე მოვრჩით ქადაგებას, მინდანაოს დიდ კუნძულზე წავედით და ქალაქ კაგაიან-დე-ოროში ვქადაგებდით.
ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფს ვირჰინიო კრუზი შემოუერთდა. ის საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო და სკოლაში მუშაობა პიონერად მსახურების გამო მიატოვა. ჩვენ სხვადასხვა ქალაქში გადავდიოდით და ბოლოს მივედით ლანაოს ტბასთან. აქ ყოფნისას მე კვლავ ვიკითხე, შემეძლო თუ არა მოვნათლულიყავი. ბოლოს, 1938 წლის 28 დეკემბერს, თითქმის ექვსი თვის პიონერული მსახურების შემდეგ, ლანაოს ტბაში ქალაქ ლუმბატანთან მომნათლა ძმა კრუზმა.
ღმერთზე მინდობისთვის დაჯილდოებული
მოგვიანებით შევუერთდი სამ პიონერს ნეგროს-ოქსიდენტალში. ესენი იყვნენ: ფულჰენსიო დე ჰესუსი, ესპერანზა დე ჰესუსი და ნათივიდად სანტოსი, რომელსაც ნათის ვეძახდით. ამ პროვინციის ბევრ ქალაქში ჩვენ ერთად ვქადაგებდით. ნამდვილად სრულიად იეჰოვაზე უნდა ვყოფილიყავით
მინდობილნი, რადგან ხანდახან ჩვენი ფინანსები მწირი იყო. ერთხელ თევზის ყიდვა გვინდოდა, რომ ბრინჯთან ერთად გვეჭამა. სანაპიროზე ერთ მამაკაცს შევხვდი და ვკითხე, თევზს ხომ არ ყიდდა, მაგრამ რაც კი ჰქონდა, ბაზარში წაეღო. მან კი ერთი თევზი მომცა, რომელიც თავისთვის გადაენახა. ვკითხე, თუ რამდენი უნდა გადამეხადა. „ნუ წუხდები, — მითხრა მან. — აიღე, შენი იყოს“.მადლობა გადავუხადე; მაგრამ გზაში, მივხვდი, რომ ერთი თევზი ოთხი კაცისთვის საკმარისი არ იქნებოდა. პატარა ყურის სანაპიროს გასწვრივ უნდა გამევლო და გავოცდი, როდესაც დავინახე, რომ ქვებზე ჯერ კიდევ სველი თევზი ეგდო. „შეიძლება მკვდარია“, — გავიფიქრე მე. ასაღებად დავიხარე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თევზი ცოცხალი იყო. დავიჭირე ეს თევზი და მაგრა მეჭირა; იმწუთშივე გამახსენდა იესოს დანაპირები: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33).
ომის ქარცეცხლში ქადაგება
როდესაც ჩვენი პიონერთა ჯგუფი ცხრა კაცამდე გაიზარდა, ორ ჯგუფად გავიყავით. ჩვენი ჯგუფი სებუში გაიგზავნა. 1941 წლის დეკემბერი იდგა და ფილიპინებზე მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ქალაქ ტუბურანში ყოფნის დროს, ერთხელ, შუაღამისას ერთი ფილიპინელი ლეიტენანტი მოვიდა ჩვენთან. „აბა გაიღვიძეთ, ბიჭებო, — თქვა მან. — სამხედროები გეძებენ“. ჩვენ იაპონელთა მხრიდან ჯაშუშობაში ვიყავით ეჭვმიტანილი და მთელი ღამე დაკითხვაზე ვყავდით.
ამის შემდეგ ქალაქის ციხეში გადაგვიყვანეს. სებუში დისლოცირებულმა შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ჩვენი წიგნების თითოეული ეგზემპლარი მოგვთხოვა, რათა გაეგოთ, ვიყავით თუ არა იაპონელთა ჯაშუშები. ბევრი ადგილობრივი მოსახლე მოდიოდა ჩვენს სანახავად ციხეში, აინტერესებდათ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, ვისაც იაპონელთა ჯაშუშობაში ედებოდა ბრალი. ზოგი შეკითხვებს გვაძლევდა, ჩვენ კი ღვთის სამეფოს შესახებ ვუმოწმებდით.
მეხუთე დღეს ციხეში პოლიციის უფროსმა შეერთებული შტატების არმიის მთავარი სამმართველოდან ტელეგრამა მიიღო, რომ იეჰოვას მოწმეები გაენთავისუფლებინა. მან გვიბრძანა, აღარ გვექადაგა, რადგან ქვეყანაში ომი იყო გაჩაღებული. ჩვენ ავუხსენით, რომ არ შეგვეძლო ქადაგების შეწყვეტა, რადგან ღვთისგან გვქონდა ამის გაკეთება დავალებული (საქმეები 5:28, 29). უფროსი გაბრაზდა და თქვა: „თუ არ შეწყვეტთ ქადაგებას, ხალხს ნებას მივცემ, რომ დაგხოცონ“.
მომდევნო დღეებში პოლიციის უფროსი ცდილობდა, რამენაირად კვლავ დავეპატიმრებინეთ. ბოლოს შეერთებული შტატების არმიის მცირე რაზმმა გაგვაჩერა და ლეიტენატმა სორიანომ და სანტოსს ჰკითხა:
— შეწყვეტთ თუ არა ქადაგებას?
— არა, — უპასუხა დამ.
— დამხვრეტ რაზმის წინ რომ დაგაყენოთ, მაშინ? — იკითხა მან.
— ეს არ შეცვლიდა ჩვენს გადაწყვეტილებას“, — გასცა პასუხი დამ.
ამის შემდეგ სატვირთო მანქანაში ჩაგვსხეს და ქალაქ სებუში პოლკოვნიკ ედმუნდთან მიგვიყვანეს. პოლკოვნიკმა სორიანომ შემდეგი სიტყვებით წარგვადგინა: „ესენი იეჰოვას მოწმეები არიან; ესენი იაპონელთა ჯაშუშები არიან!“.
„იეჰოვას მოწმეები? — იკითხა პოლკოვნიკმა. — ამერიკაში ყოფნისას კარგად ვიცნობდი იეჰოვას მოწმეებს. ისინი ჯაშუშები არ არიან! ისინი ნეიტრალიტეტს იცავენ“. შემდეგ მოგვიბრუნდა და
გვითხრა: „და რადგან ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ხართ აქ, ამიტომ არ გაგანთავისუფლებთ“. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ხნით გამოგვკეტეს საწყობში, პოლკოვნიკმა ედმუნდმა კვლავ გვკითხა:— ისევ იცავთ ნეიტრალიტეტს?
— დიახ, სერ, — ვუპასუხეთ ჩვენ.
— მაშ, არ გაგანთავისუფლებთ, — თქვა მან, — რადგან, რომ გაგიშვათ, ქადაგებას გააგრძელებთ და ვისაც მოაქცევთ, ისინიც ნეიტრალიტეტს დაიცავენ. და, თუ ყველა ნეიტრალური გახდება, აღარავინ იბრძოლებს“.
კვლავ გათავისუფლება და ქადაგება
მოგვიანებით ქალაქ სებუს ციხეში გადაგვიყვანეს. 1942 წლის 10 აპრილს ქალაქს იაპონელებმა შემოუტიეს. ყველგან ბომბები ცვიოდა; დიდი ხანძარი გაჩნდა! ციხის ზედამხედველმა დაინახა და სანტოსი, რომლის საკანიც ციხის შენობის წინა ნაწილში მდებარეობდა. „ღმერთო ჩემო! იეჰოვას მოწმეები ისევ ციხეში არიან! — დაიყვირა მან. — გააღეთ კარი და გაუშვით!“. მფარველობისთვის იეჰოვას ვმადლობდით.
ჩვენ დაუყოვნებლივ მთებს მივაშურეთ, რათა თანაქრისტიანები გვეპოვა. ქალაქ კომპოსტელაში ერთ მათგანს მივაგენით. ადრე ის სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი ჰქონდა, ქადაგება შეეწყვიტა, გადასულიყო სებუში და სხვადასხვა საქონლით ევაჭრა. ჩვენ კი გადაწყვეტილი გვქონდა, რაც უნდა მომხდარიყო, ღვთის სამეფოს შესახებ გვექადაგა.
გვქონდა ბუკლეტის „ნუგეში ყველა მგლოვიარისთვის“ ბევრი ეგზემპლარი და მათ გასავრცელებლად ბევრს ვმუშაობდით, თუმცა ბევრი ცდილობდა, დავეშინებინეთ და გვეუბნებოდნენ, რომ, თუ იაპონელები დაგვინახავდნენ, თავებს წაგვაცლიდნენ. მალე ანტიიაპონური პარტიზანული მოძრაობა დაიწყო და ის პიროვნება, რომელმაც ქადაგება შეწყვიტა და სებუში წავიდა ბიზნესის დასატრიალებლად, დააპატიმრეს. ძალიან დაგვამწუხრა იმის გაგებამ, რომ მას იაპონელთა ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და სიკდილით დასაჯეს.
ჯაშუშობაში ბრალის დადება
ამასობაში ჩვენ მთებში განვაგრძობდით ქადაგებას. ერთ დღეს გავიგეთ, რომ ერთი ქალი იყო დაინტერესებული, მაგრამ მასთან რომ მივსულიყავით, პარტიზანების რამდენიმე სადარაჯო პუნქტი უნდა გაგვევლო. მივედით სოფელ მანგაბონში, სადაც ეს ქალი ცხოვრობდა, მაგრამ ჯარისკაცების მცირე ჯგუფმა დაგვინახა და გვიყვირეს: „რატომ მოხვედით აქ?“
„ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ, — ვუთხარი მე. — გინდათ მოისმინოთ ცნობა, რომელსაც ხალხს გრამაფონით ვასმენინებთ?“. დადებითად გამოხმაურების შემდეგ მე ჩავრთე ჩანაწერი „ძვირფასი შემეცნება“. შემდეგ გაგვჩხრიკეს, დაგვკითხეს და წაგვიყვანეს სოფელ თაბონანთან მდებარე
პარტიზანთა შტაბში. იეჰოვას მფარველობას შევთხოვდით, რადგან ცნობილი იყო, რომ თითქმის ყველა, ვინც კი იქ მოხვდა, სიკვდილით დასაჯეს.დარაჯები მიგვიჩინეს; ცუდად გვექცეოდნენ. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც დასაწყისში მოგიყევით — მცემეს და ლეიტენატმა მითხრა: „შენ ჯაშუში ხარ!“. ჩვენი ტანჯვა რამდენიმე ხანს კიდევ გაგრძელდა, მაგრამ სიკვდილით დასჯის ნაცვლად, იძულებით გვამუშავებდნენ.
ჩემი ძმა ბერნაბე, თაბონანში დაპატიმრებულ პიონერთაგან ერთ-ერთი იყო. დილაობით ჩვენ, პატიმრებს, უნდა გვემღერა სიმღერები „ღმერთო აკურთხე ამერიკა“ და „ღმერთო აკურთხე ფილიპინები“. ამის მაგივრად, მოწმეები ვმღეროდით საგალობელს „ვინ არის უფლის მხარეს?“. ერთხელ ოფიცერმა იყვირა: «ვინც არ იმღერებს „ღმერთო აკურთხე ამერიკას“, აკაციის ხეზე ჩამოვკიდებ»! მიუხედავად ასეთი მუქარისა, არც ერთი ჩვენგანი არ მოუკლავთ. ბოლოს სხვა ბანაკებში გადაგვიყვანეს. საბოლოოდ კი, როცა 1943 წლის ივლისით დათარიღებული ჩემი განთავისუფლების საბუთებიც მოვიდა, უკვე რვა თვე და ათი დღე ვიყავი პატიმრობაში.
მთელი ცხოვრება ქადაგებაში
იმის დიდმა სურვილმა, რომ მოგვენახულებინა ის დაინტერესებულები, ვისაც ადრე ვუქადაგეთ, აღგვძრა ფეხით გაგვევლო 60 კილომეტრი ქალაქ ტოლედომდე. აქ კრების შეხვედრების რეგულარული ჩატარება დაიწყო და ბევრიც მოინათლა. ბოლოს 1945 წელს ომი დამთავრდა. ორი წლის შემდეგ, როცა ჩემი მონათვლიდან თითქმის ცხრა წელი გავიდა, შესაძლებლობა მომეცა, პირველად დავსწრებოდი კონგრესს, რომელიც სანტა-ანას იპოდრომზე (მანილა) ჩატარდა. დაახლოებით 4 200 ადამიანი შეიკრიბა საჯარო მოხსენებაზე „ყოველი ერის სიხარული“.
ომის დაწყებამდე ფილიპინებში 380 მოწმე ვიყავით, მაგრამ 1947 წლისთვის აქ 2 700-მდე მოწმე ცხოვრობდა! მას შემდეგ იეჰოვასთვის მსახურებაში ბევრი უპირატესობა მქონდა. 1948—1950 წლებში მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი სურიგაოს რეგიონში. 1951 წელს დავქორწინდი ნათივიდად სანტოსზე, რომელიც ომის დროს თამამად ქადაგებდა ჩვენთან ერთად. ქორწინების შემდეგ, 1954—1972 წლებში, მეუღლესთან ერთად მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი მთელ მინდანაოში.
ხანდაზმულ მშობლებთან ახლოს ყოფნა და მათი დახმარება რომ შეგვძლებოდა, 1972 წელს სპეციალურ პიონერებად დავიწყეთ მსახურება. თუმცა ახლა მე და ჩემმა მეუღლემ 80-ს გადავაბიჯეთ, პიონერულ მსახურებას განვაგრძობთ. დღემდე მე და ჩემმა მეუღლემ ერთად 120 წელზე მეტი ხანი გავატარეთ სრული დროით მსახურებაში. რამდენად სასიხარულო იყო ჩვენთვის ის, რომ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მაუწყებელთა რიცხვმა ფილიპინებში 130 000-ს გადააჭარბა! ძალიან გვსურს, კიდევ უფრო ბევრს დავეხმაროთ იმის გაგებაში, რომ დედამიწაზე ნამდვილი მშვიდობისა და ბედნიერების ერთადერთი იმედი ღვთის სამეფოა.
[ჩანართი 24 გვერდზე]
ჩვენ იაპონელთა მხრიდან ჯაშუშობაში ვიყავით ეჭვმიტანილი და მთელი ღამე დაკითხვაზე ვყავდით.
[სურათი 25 გვერდზე]
ჩვენს მეგობრებთან ერთად კუნძულ ბოჰოლზე (1963 წელი). მე და ჩემი მეუღლე მარჯვნიდან მეოთხე და მეხუთე ვართ.
[სურათი 26 გვერდზე]
მე და ჩემი მეუღლე დღეს.
[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]
Background photo: U.S. Signal Corps photo