არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ადამიანის საუკეთესო მეგობარი?

როგორც მეხიკოში გამომავალი გაზეთი („El Universal“) იტყობინება, პატარა ბავშვების ძაღლთან ერთად უყურადღებოდ დატოვება საშიშია, რადგან ძაღლმა შეიძლება უკბინოს მათ. „შეტევას თითქმის ყოველთვის ბავშვი იწყებს და ძაღლი მხოლოდ თავს იცავს“, — ნათქვამია ამ ცნობაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მექსიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ძაღლისგან დაკბენილი 426 ბავშვი მკურნალობდა. ამ ბავშვებიდან 12% სამუდამოდ დასახიჩრდა. ეს სტატია მოუწოდებდა მშობლებს, ესწავლებინათ შვილებისთვის ნებისმიერ ძაღლთან ურთიერთობის ძირითადი წესები: კარგად მოქცეოდნენ მათ სათამაშოებს, სახლს და იმ ჭურჭელს, საიდანაც ისინი ჭამენ; არ მისულიყვნენ ძაღლთან ახლოს, როცა ჭამდა ან ეძინა; არ მოჭიდებოდნენ კუდზე ან არ ეცადათ ზურგზე შემოჯდომა და გასეირნება.

თვითმკვლელობის პრობლემა იაპონიაში

ალბათ, ერთ ადგილზე გაყინული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, „ეტყობა, იაპონიამ მიზანი დაკარგა“ და „დინებას მიჰყვა“, — ამბობს ბევრი იაპონელი. ამის შედეგია ბოლო ათწლეულის მანძილზე „თვითმკვლელობების გახშირება“, — იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“. „ხალხზე დიდ გავლენას ახდენს მოსალოდნელი შერცხვენა და თავის მოჭრა, რომელიც დაკავშირებულია ფართოდ გავრცელებულ უმუშევრობასთან და ბევრი მამაკაცის გულგატეხილობის მიზეზია. ისინი დღისით დაეხეტებიან, მთელი დღე სახლში არ შედიან და თავი ისე მოაქვთ, თითქოს სარფიანი სამუშაო აქვთ“. შეწუხებული და დარცხვენილი, ზოგი თავის მოკვლაზე ფიქრობს. „ხალხი უიმედოდაა, — აბობს დოქტორი იუკიო საიტო. — მომავალზე არც კი ოცნებობენ და ეჩვენებათ, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდის. . .  თვითმკვლელობა ეპიდემიასავით გავრცელდა“. მატარებლის ქვეშ შევარდნა, როგორც ჩანს, სულ უფრო პოპულარული ხდება. რკინიგზის ერთმა კომპანიამ მათ შესაჩერებლად ქუჩის გადამკვეთი რკინიგზის ხაზები თვალისმომჭრელი მწვანე ფერით შეღება, რომ გონს მოეგოს ადამიანი, რომელიც თავის მოკვლას ფიქრობს; გარდა ამისა, ამ კომპანიამ რკინიგზის ბაქნების ორივე მხარეს სარკეები დააყენა, რომ მატარებლის ქვეშ შევარდნის მსურველები როგორმე შეაჩეროს და დააფიქროს. ამ კომპანიამ აგრეთვე გაკაფა რკინიგზის ხაზთან არსებული მცენარეულობა, რათა თვითმკვლელობის მსურველებმა არ იფიქრონ, რომ ვერავინ ხედავს მათ. თუმცა ექსპერტების აზრით, ეკონომიური სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ეს მცდელობები ამაო იქნება.

კამათი და ოჯახი

ლოს-ანჯელესში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლის ენდრიუ კრისტენსენის მიერ ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ „წყვილებს, რომლებიც ნაკლებად კრიტიკულები და უფრო შემწყნარებლები არიან თავიანთი თავისებურებების მიმართ, უფრო წარმატებული ოჯახები აქვთ“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“. მეორე მხრივ, კამათი ხშირად უფრო მეტ კამათს იწვევს.

გამოძინება

„ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ძილის კრიზისია“, — აბობს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სტენლი კორენი. გამოუძინებლობასაც რაღაც ბრალი მიუძღოდა „თრი-მაილ აილენდის“ ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიასა და „ექსონ ვალდიზიდან“ ზღვაში ნავთობის ჩაღვრაში. როგორც კანადური გაზეთი „მაკლინზი“ იუწყება, საჭესთან თვლემა ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი საგზაო შემთხვევის მიზეზი ხდება ჩრდილოეთ ამერიკაში. სტანფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრი უილიამ დემენტი გვაფრთხილებს: „ადამიანები სინამდვილეში ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენ ხანს საჭიროებენ ძილს“. უკეთესად რომ დავიძინოთ, მკვლევარები გვირჩევენ: საჭმელი დაძინებამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე ვჭამოთ. დავიძინოთ და ავდგეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. საწოლ ოთახში არ დავდგათ ტელევიზორი ან კომპიუტერი. მოვერიდოთ კოფეინს, ალკოჰოლსა და თამბაქოს. ჩავიცვათ წინდები, რომ საწოლში ფეხები თბილად გვქონდეს. ძილის წინ მივიღოთ თბილი შხაპი. ვივარჯიშოთ ყოველდღე — მაგრამ არა ძილის წინ. ბოლოს, ნათქვამია „მაკლინზში“: „თუ არ შეგვიძლია დაძინება, ავდგეთ და რამე გავაკეთოთ. დავწვეთ მაშინ, როდესაც დაღლილობას ვიგრძნობთ, დილით კი იმ დროს ავდგეთ, როგორც ყოველთვის ვდგებით“.

დაიცავით სისუფთავე სამზარეულოში

„[ჩვეულებრივი] ქლორკირი არის საუკეთესო დამცველი“ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისგან, რომლებიც თქვენს სამზარეულოშია მოდებული, ამბობს კანადური გაზეთი „ვანკუვერ სანი“. მასში მოცემულია შემდეგი რჩევები: ყოვედღიურად მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 4 ლიტრ თბილ, და არა ცხელ, წყალში გახსენით 30 მილილიტრი ქლორკირი. ცხელი წყალი ქლორკირს ააორთქლებს. ამ ხსნარში დასველებული სუფთა ტილოთი გაწმინდეთ სამზარეულოს ყველა მოწყობილობისა თუ ავეჯის ზედაპირი. შემდეგ გაანიავეთ სამზარეულო, რომ სველი ზედაპირი შეშრეს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება შრობის პროცესი, მით უკეთესად კლავს ქლორკირი მიკროორგანიზმებს. ჭურჭელი დარეცხეთ ცხელ საპნიან წყალში. შემდეგ კი დეზინფიცირება გაუკეთეთ ქლორკირიანი ხსნარით. გამშრალების შემდეგ ჭურჭელზე არავითარი ქიმიური ნარჩენი არ დარჩება. ყოველდღე გარეცხეთ და დაქლორეთ სამზარეულოს ღრუბელი, ჭურჭლის ტილო და სახეხი ჯაგრისი. საჭმელში მიკრობების მოხვედრას თავი რომ აარიდოთ, კარგად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით კი ფრჩხილების სისუფთავეს მიაქციეთ ყურადღება.