არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რის სწავლა შეგვიძლია წარსულიდან?

რის სწავლა შეგვიძლია წარსულიდან?

რის სწავლა შეგვიძლია წარსულიდან?

„ისტორიკოსებისთვის არ არსებობს მიზეზისა და შედეგის აღწერაზე მნიშვნელოვანი რამ“. ჯერალდ შლაბეკი, დოცენტი-ისტორიკოსი.

ისტორიკოსები ხშირად სვამენ კითხვას, როგორ და რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა? მაგალითად, ისტორიიდან ვიცით, რომ რომის იმპერია დაეცა. მაგრამ რატომ დაეცა? კორუფციამ და სიამოვნებათა ძიებამ ხომ არ გამოიწვია ეს? სამართავად ძალზე რთული ხომ არ გახდა იმპერია და მისი არმიის შენახვაც ძალიან ძვირი ხომ არ ჯდებოდა? ძალიან ხომ არ მომრავლდნენ და გაძლიერდნენ რომის მტრები?

ჩვენს დღეებში, აღმოსავლეთ ევროპაში გაბატონებული კომუნიზმი, რომელიც ერთ დროს დასავლეთისთვის საფრთხედ მიაჩნდათ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით თითქოსდა თვალის დახამხამებაში დაეცა. მაგრამ რატომ? რას ვსწავლობთ აქედან? ისტორიკოსები ცდილობენ, გასცენ პასუხები ასეთ კითხვებს. მაგრამ პასუხების გაცემისას, როდესაც ისინი მოვლენების შეფასებას ცდილობენ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს მათზე პირადი აზრი?

შეიძლება ვენდოთ მატიანეს?

ისტორიკოსები გამომძიებლებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მეცნიერებს. ისინი იკვლევენ ძველ ჩანაწერებს, ეჭვი შეაქვთ მათში და კამათობენ მათ გამო. მათი მიზანია, დაადგინონ სიმართლე, მაგრამ ხშირად მათი მიზანი გაურკვეველია. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ მათი შრომა, უმეტესწილად, ადამიანებთანაა დაკავშირებული, ხოლო ისტორიკოსებს არ ძალუძთ აზრების ამოკითხვა — განსაკუთრებით კი გარდაცვლილთა აზრების. გარდა ამისა, ისტორიკოსებს შეიძლება წინასწარშექმნილი და მიკერძოებული აზრები ჰქონდეთ. ამიტომაც ზოგჯერ საუკეთესო ისტორიული ნაშრომი, სინამდვილეში, წარმოადგენს მოვლენების თავისებურ ინტერპრეტაციას, რომელიც ავტორმა საკუთარი თვალთახედვიდან გამომდინარე შექმნა.

რა თქმა უნდა, ისტორიკოსს რომ საკუთარი თვალსაზრისი გააჩნია, მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნაშრომი უზუსტოა. ბიბლიური ამბავი, რომელიც „მეფეთა“ და „ნეშტთა“ წიგნებში გვხვდება, პარალელურ ცნობებს შეიცავს. ეს ცნობები ხუთი სხვადასხვა ადამიანის მიერ არის დაწერილი, მაგრამ ჩანს, რომ მათში არ არის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა ან უზუსტობები. იგივე შეიძლება ითქვას ოთხ სახარებაზე. ბიბლიის ბევრი მწერალი საკუთარი ნაკლოვანებებისა და შეცდომების შესახებაც კი წერდა — რასაც ქვეყნიურ ჩანაწერებში იშვიათად თუ შევხვდებით (რიცხვნი 20:9—12; მეორე რჯული 32:48—52).

გარდა შესაძლო წინასწარშექმნილი აზრისა, ისტორიული მონათხრობის კითხვისას სხვა დამაფიქრებელ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დამწერის მოტივი. „ნებისმიერ ისტორიას, რომელსაც ძალაუფლების მქონენი, დიდების მაძიებლები ან მათი მეგობრები ჰყვებიან, უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“, — ამბობს მაიკლ სტანფორდი თავის წიგნში „მოკლე ცნობარი ისტორიის შესასწავლად“. საეჭვო მოტივები ნათელი ხდება მაშინაც, როცა ისტორიულ ნამუშევრებში ოდნავ ან აშკარადაც კი გამოსჭვივის ნაციონალისტური და პატრიოტული ხასიათის მოწოდებები. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს სკოლის სახელმძღვანელოებსაც ეხება. ერთ-ერთი ქვეყნის სახელმწიფო დადგენილებაში სრულიად დაუფარავად იყო თქმული, რომ ისტორიის საგნის შესწავლის მიზანი „ადამიანების გულებში ნაციონალისტური და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაა. . . ვინაიდან ერის წარსულის ცოდნა პატრიოტული მოქმედებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია“.

გადაკეთებული ისტორია

ზოგჯერ ისტორია არა მხოლოდ წინასწარშექმნილი აზრის მიხედვით იწერება, არამედ გადაკეთებულიცაა ხოლმე. ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგალითად, „ტროცკის სახელი მატიანედან ამოშალეს, ისე რომ კომისრის არსებობის ფაქტიც კი მიჩქმალეს“, — ნათქვამია წიგნში „სინამდვილე ისტორიაში“. ვინ იყო ტროცკი? ის რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერი და ლენინის შემდეგ პირველი კაცი იყო. ლენინის სიკვდილის შემდეგ ტროცკის შეხლა-შემოხლა ჰქონდა სტალინთან, ის გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, მოგვიანებით კი მოკლეს. მისი სახელი საბჭოთა ენციკლოპედიებიდანაც კი წაიშალა. ისტორიული მოვლენების ამნაირად დამახინჯებას და ამასთანავე არასტანდარტული წიგნების დაწვასაც კი რეგულარულად მიმართავდნენ ბევრ სახელმწიფოში დიქტატორული რეჟიმის დროს.

მაგრამ ისტორიის დამახინჯების პრაქტიკას ძველადაც მიმართავდნენ. იგი თავის სათავეს, სულ მცირე, ეგვიპტისა და ასურეთის დროიდან იღებს. ამაყი და პატივმოყვარე ფარაონები, მეფეები და იმპერატორები დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ისტორიულ ჩანაწერებში მათი სახე და მმართველობის ხანა შელამაზებული ყოფილიყო. ასე რომ, მათ მიღწევებს სისტემატიურად აზვიადებდნენ, მაშინ როცა იმას, რაც უხერხული ან სამარცხვინო იყო — მაგალითად, ომში დამარცხება — გაკვრით მოიხსენიებდნენ, ჩქმალავდნენ ან ზოგჯერ საერთოდაც არ იხსენიებდნენ. ამის მკვეთრ კონტრასტს წარმოადგენს ბიბლიაში ჩაწერილი ისტორია ისრაელი ერის შესახებ, რომელიც როგორც მეფეების, ისე ქვეშევრდომების დაცემასა და აღმავლობზე მოგვითხრობს.

როგორ ამოწმებენ ისტორიკოსები ძველი ჩანაწერების სიზუსტეს? ისინი ადარებენ მათ ძველ საგადასახადო ჩანაწერებს, კანონთა კრებულებს, მონათა ბაზრისთვის გაკეთებულ განცხადებებს, საქმიან და კერძო წერილებსა და ჩანაწერებს, წარწერებს ჭურჭლის ნატეხებზე, გემების სავახტო ჟურნალებში, აკლდამებსა და საფლავებში ნაპოვნ მასალებს. ეს მოძიებული მასალა ოფიციალურ წერილობით ცნობებს ხშირად დამატებით ან განსხვავებულ შუქს ჰფენს. როდესაც ხარვეზებს ან გაურკვევლობას აწყდებიან, პატიოსანი ისტორიკოსები, ჩვეულებრივ, აღიარებენ მათ არსებობას მაშინაც კი, როცა ამ ხარვეზების შესავსებად საკუთარი თეორიების შემოთავაზება შეუძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, გონიერი მკითხველი ერთზე მეტ ნაშრომს მიმართავს, თუკი ისტორიული მოვლენების შესახებ ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაციის მიღება სურს.

მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რომელსაც ისტორიკოსი ხვდება, მისი შრომის შედეგად სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება. ერთ ისტორიულ წიგნში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ისტორია ძნელი დასაწერია, . . ის მნიშვნელოვანია, არსებითად მნიშვნელოვანიც კია ჩვენთვის“. გარდა იმისა, რომ წარსულში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს, ისტორიას შეუძლია უფრო უკეთ გაგვარკვიოს ადამიანების ამჟამინდელ მდგომარეობაში. მაგალითად, სულ მალე დავინახავთ, რომ ძველად მცხოვრები ხალხი იგივე თვისებებს ავლენდა, რასაც — დღევანდელი ადამიანები. იმ ფაქტმა, რომ სხვადასხვა თაობაში ეს თვისებები მეორდებოდა, ისტორიულ მოვლენებზე უდიდესი გავლენა იქონია. შესაძლოა, ამით აიხსნება იმ გამოთქმის გაჩენა, რომ ისტორია მეორდება. მაგრამ ეყრდნობა კი ეს დასკვნა ფაქტებსა და ლოგიკურ მსჯელობას?

მეორდება ისტორია?

შეგვიძლია თუ არა წარსულზე დაყრდნობით ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი? გარკვეული სახის მოვლენები მართლაც მეორდება. მაგალითად, შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა, თქვა: „ყოველი ცივილიზაცია, რომელსაც ოდესღაც უარსებია, საბოლოო ჯამში, განადგურებულა“. მან დასძინა: „ისტორია არის მონათხრობი წარუმატებელი მცდელობებისა და განუხორციელებელი მისწრაფებების შესახებ. . . ასე რომ, ისტორიკოსს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ტრაგედია გარდაუვალია“.

არც ერთი იმპერიის დაცემა არ მომხდარა ერთნაირად. ბაბილონი ერთ ღამეში დასცეს მიდიელებმა და სპარსელებმა ძვ. წ. 539 წელს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთი რამდენიმე სამეფოდ გაიყო და, საბოლოოდ, გზა დაუთმო რომს. მაგრამ რომის დაცემის მიზეზი სადავოა. ისტორიკოსი ჯერალდ შლაბეკი სვამს კითხვას: „როდის დაეცა რომი? ნამდვილად დაეცა ის? ახ. წ. 400-სა და 600 წლებს შორის დასავლეთ ევროპაში რაღაც შეიცვალა, მაგრამ უამრავი რამ უცვლელი დარჩა“ *. ნათელია, რომ ზოგი ისტორიული მოვლენა მეორდება, მაშინ როცა სხვები — არა.

ერთი რამ, რაც განუწყვეტლივ მეორდება ისტორიაში, არის ადამიანური მმართველობის წარუმატებლობა. როგორი კარგიც უნდა ყოფილიყო მთავრობა, ყველა დროში მასში განუწყვეტლივ იჩენდა თავს ანგარება, წინდაუხედაობა, სიხარბე, კორუფცია, ნათესავ-ახლობელთა მფარველობა და, განსაკუთრებით, ძლიერი სწრაფვა ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისკენ. ამიტომაც წარსულში მრავლად იყო გამალებულ შეიარაღებაში შეჯიბრებები, დარღვეული ხელშეკრულებები, ომები, სოციალური მღელვარებები და ძალადობა, სიმდიდრის დატაცება და ეკონომიკური კრახი.

მაგალითისთვის ვნახოთ რა არის ნათქვამი წიგნში „The Columbia History of the World“ იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია დასავლურმა ცივილიზაციამ მსოფლიოზე: „მას შემდეგ, რაც კოლუმბმა და კორტესმა დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ხალხს მათთვის მიცემული ახალი შესაძლებლობების შესახებ აცნობეს, ხალხში აღიძრა უცხოტომელთა მოქცევის, მოგების მიღებისა და სახელის მოხვეჭის სურვილი, რის შედეგადაც დასავლურმა კულტურამ თითქმის მთელ მსოფლიოში მოიკიდა ფეხი და უმთავრესად — ძალისმიერი გზით. თავიანთი სამფლობელოს გაფართოების დაუცხრომელი სურვილით აღძრულმა და უფრო ძლიერი იარაღით აღჭურვილმა დამპყრობლებმა მსოფლიოს დარჩენილი ნაწილი იძულებით დაუქვემდებარეს ევროპის დიდ მმართველ ძალებს. . . ამ კონტინენტებზე [აფრიკა, აზია და ამერიკა] მცხოვრები ხალხი, მოკლედ რომ ვთქვათ, უმოწყალო და შეუბრალებელი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა“. რამდენად ჭეშმარიტია ბიბლიაში, ეკლესიასტეს 8:9-ში, ნათქვამი სიტყვები: «კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა [„მისდა“, აქ] საზიანოდ»!

შესაძლოა, ამ სავალალო მდგომარეობის აღმწერმა ჩანაწერმა აღძრა ერთი გერმანელი ფილოსოფოსი იმის სათქმელად, რომ ერთადერთი რამ, რასაც ისტორიიდან ვსწავლობთ, არის ის, რომ ადამიანები არაფერს სწავლობენ ისტორიიდან. იერემიას 10:23-ში ნათქვამია: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა. . . მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ის ფაქტი, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ნაბიჯების წარმართვა, დღეს განსაკუთრებით უნდა გვაფიქრებდეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს, რომელთაც რაოდენობითა და მასშტაბით ვერაფერი შეედრება. მაშ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ?

უპრეცედენტო პრობლემები

კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არასდროს ყოფილა ისეთი დრო, მთელ დედამიწას ერთსა და იმავე დროს რომ დამუქრებოდა უტყეობა, ნიადაგის ეროზია, გაუდაბნოება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების მასობრივი გადაშენება, ატმოსფეროში ოზონის ფენის შეთხელება, დაბინძურება, გლობალური დათბობა, ოკეანეებში სიცოცხლის თანდათანობითი გაქრობა და მოსახლეობის უსწრაფესი ზრდა.

„სხვა სირთულე, რომელსაც დღევანდელი საზოგადოება აწყდება, ცვლილებების აშკარა სისწრაფეა“, — ნათქვამია წიგნში „A Green History of the world“. ჟურნალ „უორლდ უოჩის“ რედაქტორი, ედ არზი, წერს: «ის, რის პირისპირაც ჩვენ ახლა ვდგავართ, იმდენად სცილდება ჩვენი ცნობიერების საზღვრებს, რომ, სინამდვილეში, ვერ ვხვდებით, თუ რამდენად სერიოზული საშიშროების წინაშე ვიმყოფებით მაშინაც კი, როცა ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცება არსებობს. ეს „რაღაც“ არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ და ფიზიკურ პროცესებში მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე უზარმაზარი ცვლილებები».

ამ და ამასთან დაკავშირებული პრობლემების მხედველობაში მიღებით, ისტორიკოსი პარდონ ტილინგჰესტი ამბობს: „საზოგადოების მიერ აღებული კურსი უკიდურესად გართულდა, და ბევრ ჩვენგანში ეს გართულებული მდგომარეობა შიშს ბადებს. დღეს რა ხელმძღვანელობის შეთავაზება შეუძლიათ პროფესიონალ ისტორიკოსებს დაბნეული ხალხისთვის? როგორც ჩანს, ისინი მათ ბევრს ვერაფერს შესთავაზებენ“.

პროფესიონალი ისტორიკოსებისთვის შეიძლება რთულ ამოცანას წარმოადგენდეს რაიმეს გაკეთება ან ადამიანებისთვის რამე რჩევის მიცემა, მაგრამ, უეჭველია, ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ჩვენი შემოქმედისთვის. სინამდვილეში, ბიბლიაში მან იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში მსოფლიოს „საზარელი ჟამი“ დაუდგებოდა (2 ტიმოთე 3:1—5). მაგრამ ღმერთმა ბევრი ისეთი რამ მოიმოქმედა და გააკეთა, რის გაკეთებაც ისტორიკოსებს არ ძალუძთ; როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, მან არსებული მდგომარეობიდან ხსნის გზა გვიჩვენა.

[სქოლიო]

^ აბზ. 16 შლაბეკის დაკვირვება ეთანხმება დანიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ რომის იმპერიის წიაღშივე აღმოცენდებოდა მისი მემკვიდრე. იხილეთ წიგნის „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ მე-4 და მე-9 თავები (გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ).

[ჩანართი 5 გვერდზე]

„ნებისმიერ ისტორიას, რომელსაც ძალაუფლების მქონენი. . . ჰყვებიან, უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“. მაიკლ სტანფორდი, ისტორიკოსი.

[სურათი 4 გვერდზე]

იმპერატორი ნერონი

[საავტორო უფლება]

Roma, Musei Capitolini

[სურათები 7 გვერდზე]

ყველა ეპოქაში «კაცი კაცზე მძლავრობდა მისდა საზიანოდ».

[საავტორო უფლება]

“The Conquerors,” by Pierre Fritel. Includes (left to right): Ramses II, Attila, Hannibal, Tamerlane, Julius Caesar (center), Napoléon I, Alexander the Great, Nebuchadnezzar, and Charlemagne. From the book The Library of Historic Characters and Famous Events, Vol. III, 1895; planes: USAF photo