არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სარწმუნოა ბიბლიური ისტორია?

სარწმუნოა ბიბლიური ისტორია?

სარწმუნოა ბიბლიური ისტორია?

ისინი კიცხავდნენ მმართველებს; ისინი განსჯიდნენ მღვდლებს; ისინი ამხელდნენ ხალხს მათ ბოროტებაში;. ისინი არც საკუთარ ნაკლოვანებებსა და ცოდვებს ფარავდნენ; მათ დევნიდნენ და ავიწროებდნენ, ზოგ მათგანს სიმართლის თქმისა და წერისთვის სიცოცხლესაც კი ასალმებდნენ. ვინ იყვნენ ისინი? ბიბლიური დროის წინასწარმეტყველები, რომელთა შორისაც მრავალს თვით საღვთო წერილის დაწერაში აქვს მიღებული მონაწილეობა (მათე 23:35—37).

თავის წიგნში „ისტორიკოსი და ისტორია“, პეიჯ სმითი წერს: „[ებრაელები] ერთნაირი გულახდილობით იტყობინებოდნენ თავიანთი გმირებისა და მათ შორის მცხოვრები ბოროტმოქმედების, საკუთარი თავისა და თავიანთი მტრების შესახებ, რადგან ყოველივე ამას ღვთის მეთვალყურეობით წერდნენ; ფაქტების შენიღბვითა თუ შელამაზებით არაფერი შეემატებოდათ, ბევრს კი დაკარგავდნენ“. სმითმა ისიც აღნიშნა, რომ „სირიისა და ეგვიპტის მეომარი მეფეების მოსაწყენი ქრონოლოგიური ჩანაწერების გვერდით მონათხრობი ღვთის რჩეული ხალხის გასაჭირისა და ტრიუმფის შესახებ. . . საინტერესო ისტორიად გვევლინება. ებრაელმა მემატიანეებმა ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი აღმოაჩინეს — კერძოდ ის, რომ ნამდვილ ისტორიულ პიროვნებებს ნაკლოვანებებიც ჰქონდათ და შეცდომებსაც უშვებდნენ“.

ბიბლიის დამწერები ზედმიწევნით იცავდნენ სიზუსტეს. ისტორიული და არქეოლოგიური კუთხით ბიბლიის შეფასების შემდეგ მწერალმა ვერნერ კელერმა თავისი წიგნის „ბიბლია როგორც ისტორია“ წინასიტყვაობაში აღნიშნა: «ამჟამად ხელმისაწვდომი უამრავი სარწმუნო და კარგად დასაბუთებული მასალის მხედველობაში მიღების შემდეგ. . . თავში ეს ერთი წინადადება მიტრიალებს: „რაც უნდა იყოს, ბიბლია მაინც მართალია!“».

სარწმუნო ისტორია მნიშვნელოვანი გაკვეთილებით

ბიბლიის დამწერები, უმთავრესად, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ — მიწადმოქმედები, მწყემსები, მეთევზეები. მაგრამ იმან, რაც მათ დაახლოებით 1600-წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩაწერეს, უფრო მეტ ადამიანზე იქონია გავლენა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ჩანაწერმა, ძველმა თუ თანამედროვემ. გარდა ამისა, მათ ნაწერს ყველა მხრიდან უტევდნენ, მაგრამ უშედეგოდ (ესაია 40:8; 1 პეტრე 1:25). დღეს მთლიანი ბიბლიის ან მისი ნაწილების წაკითხვა თითქმის 2 200 ენაზეა შესაძლებელი — არც ერთი სხვა წიგნი არ არის ამდენ ენაზე ნათარგმნი! ასე რატომ განსხვავდება ბიბლია სხვა წიგნებისგან? შემდგომი განაცხადები დაგვეხმარება ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში.

„მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

„ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4).

„ყოველივე ეს მათ [ისრაელებს] დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს [ქრისტიანების] დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს“ (1 კორინთელთა 10:11).

დიახ, როგორც ღვთის მიერ შთაგონებული და მის მიერ შემონახული ჩანაწერი ნამდვილი ადამიანების შესახებ, რომელთაგანაც ზოგი ღმერთს ასიამოვნებდა, ზოგი კი — არა, ბიბლია ყველა სხვა წიგნს აღემატება. ის არ არის კანონებისა და წესების მშრალი ნუსხა, რომელშიც ლაპარაკია იმის შესახებ, თუ რა აკეთო და რა არა; ბიბლია არც პატარა საინტერესო საბავშვო მოთხრობების კრებულია. მართალია, ღმერთმა დამწერებად ადამიანები გამოიყენა, მაგრამ ეს ბიბლიას მხოლოდ მატებს ფასეულობას, რადგან ის თბილია, მიმზიდველია და ყველა თაობის მკითხველთა გულს ეხება. არქეოლოგმა უილიამ ოლბრაიტმა თქვა: „ბიბლია, რომელიც კაცობრიობისათვის ღვთისგან გადაცემული უნიკალური გამოცხადებაა, და რომელიც ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზეა შედგენილი, შეიცავს ღრმა ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ორი ან სამი ათასი წლის წინათ“.

ბიბლიის წარუვალი აქტუალობის გასაგებად, მოდი დავუბრუნდეთ იმ წერტილს, საიდანაც კაცობრიობის ისტორია დაიწყო — და სადაც მხოლოდ ბიბლიას შეუძლია გადაგვიყვანოს — და ვნახოთ, თუ რა მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის წიგნი „დაბადება“.

დროული გაკვეთილები უძველესი მონათხრობიდან

სხვა ყველაფერთან ერთად, „დაბადებაში“ მოთხრობილია ადამიანთა ოჯახის წარმოშობის შესახებ — ნახსენებია ამ ოჯახის წევრების სახელები და კიდევ მრავალი სხვა რამ. ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი სხვა ისტორიული წყარო არ არის ასე ზუსტი. „მაგრამ რა აზრი აქვს დღეს იმის ცოდნას, თუ ვინ იყვნენ ჩვენი პირველი წინაპრები?“ — შეიძლება იკითხოთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან „დაბადება“ გვაგებინებს, რომ ყველა ადამიანი — კანის ფერის, ტომისა და ერის მიუხედავად — ერთი და იმავე მშობლების შთამომავლები ვართ და ამით რასიზმს ყოველგვარ საძირკველს აცლის (საქმეები 17:26).

„დაბადება“ ზნეობის საკითხებშიც გვთავაზობს ხელმძღვანელობას. ის შეიცავს ცნობას სოდომის, გომორისა და მათ მეზობლად მდებარე ქალაქების შესახებ, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა იქ მცხოვრებთა სქესობრივი უკუღმართობის გამო (დაბადება 18:20—19:29). ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „იუდას“, მე-7 მუხლში ნათქვამია: «სოდომი და გომორი და მოსაზღვრე ქალაქები, . . რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის [„ჩვენთვის გამაფრთხილებელ“, აქ] მაგალითებად არიან დადგენილი». სოდომსა და გომორში მცხოვრებ ხალხს ღვთისგან არანაირი ზნეობრივი კანონი არ მიუღია; მაგრამ, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს, მათ ღვთისგან ბოძებული სინდისი ჰქონდათ. ამიტომაც ღმერთს სამართლიანად შეეძლო ამ ადამიანებისგან პასუხი მოეთხოვა მათი საქმეებისთვის (რომაელთა 1:26, 27; 2:14, 15). ასევე დღესაც, ღმერთი პასუხს მოსთხოვს ყველა ადამიანს მათი საქმეების გამო, მიუხედავად იმისა, აღიარებენ ისინი მის სიტყვას, წმინდა ბიბლიას, თუ არა (2 თესალონიკელთა 1:8, 9).

გადარჩენასთან დაკავშირებული ისტორიული გაკვეთილი

რომში, ტიტუსის თაღის რელიეფზე გამოსახული არიან რომაელი ჯარისკაცები, რომლებიც ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ტაძრის წმინდა ჭურჭელს ეზიდებიან. იმ დროს მილიონზე მეტი იუდეველი დახოცეს. მაგრამ გადარჩნენ ის ქრისტიანები, ვინც ყურად იღო იესოს წინასწარი გაფრთხილება: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში. ვინაიდან ეს შურისგების დღეებია“ (ლუკა 21:20—22).

იერუსალიმის განადგურების ამბავი მხოლოდ ისტორია როდია, ის უფრო იმ დიდი გასაჭირის პირველსახე იყო, რომელიც მალე მთელ მსოფლიოს დაატყდება. მაგრამ მაშინაც იქნებიან გადარჩენილები. ისინი აღწერილი არიან, როგორც „უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“. ისინი „არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები“, ვინაიდან გამოამჟღავნეს რწმენა იესოს დაღვრილი სისხლისადმი — რწმენა, რომელიც ბიბლიურ ისტორიასა და წინასწარმეტყველებაზეა დაფუძნებული (გამოცხადება 7:9, 14).

ისტორია, რომელიც არასოდეს განმეორდება

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის მმართველობის დროს, რომელიც უკანასკნელია ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში. იმის საფუძველზე, რაც ისტორიიდან ვიცით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მანამდე არსებულ სხვა მსოფლიო მპყრობელთა მსგავსად, მანაც უნდა მიაღწიოს თავის აღსასრულს. მაგრამ როგორ? ბიბლიის თანახმად, ამ მპყრობლის აღსასრული ნამდვილად განსაკუთრებული იქნება. დანიელის 2:44-ში მინიშნებულია ახ. წ. 1914 წელზე და ნათქვამია მმართველი პოლიტიკური ძალების ანუ „სამეფოების“ შესახებ: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“.

დიახ, ღვთის სამეფო — მისი ზეციერი მთავრობა, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში — ზემოხსენებული „დიდი გასაჭირის“ კულმინაციურ წერტილში, არმაგედონში, ადამიანთა უსამართლო მმართველობის ყოველგვარ ნაკვალევს წაშლის. ამის შემდეგ ეს სამეფო „სხვა ხალხში არ გადავა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არასოდეს დაემხობა და ძალაუფლება არ წაერთმევა. თავის ბატონობას ის „დედამიწის კიდემდე“ განავრცობს (ფსალმუნი 71:8).

დაბოლოს, ცრუ რელიგიის, უსამართლო პოლიტიკისა და ხარბი კომერციული სისტემის გაუთავებელ პარპაშსაც ბოლო მოეღება. ფსალმუნის 71:7-ში შემდეგი აღთქმაა მოცემული: „გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“. აღარ იარსებებს ეგოიზმი და სიამაყე. ღვთის აღმატებული თვისება — სიყვარული — მთელ პლანეტას მოიცავს (1 იოანე 4:8). იესომ თქვა: „გიყვარდეთ ერთმანეთი“. ამის თაობაზე ისტორიკოსმა უილ დიურანტმა თქვა: „ის საბოლოო დასკვნა, რაც ისტორიიდან გამომაქვს, ისეთივეა, როგორიც იესომ გამოიტანა. . . სიყვარული ყველაზე სასარგებლო რამ არის მსოფლიოში“.

ადამიანებისადმი სიყვარულმა ღმერთი აღძრა, რომ ბიბლიის დაწერა შთაეგონებინა მათთვის. მხოლოდ ეს წიგნი აშუქებს სწორად წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ სიცოცხლის მომცემი მისი ცნობა. ამის გაკეთება კი იმით შეგიძლიათ, რომ შეძლებისდაგვარად გარკვეული დრო გამოუყოთ ბიბლიის შესწავლას. ამ მიზნით, იესოს მითითების თანახმად, იეჰოვას მოწმეები ხალხს უზიარებენ ‘სახარებას სასუფეველზე [„სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას“, აქ]’. მალე ეს კეთილი ცნობა მხოლოდ წინასწარმეტყველება აღარ იქნება, ის ცოცხალი ისტორიის ნაწილი გახდება (მათე 24:14).

[ჩანართი 9 გვერდზე]

„რაც უნდა იყოს, ბიბლია მაინც მართალია!“. ვერნერ კელერი

[ჩანართი 11 გვერდზე]

„ბიბლია, რომელიც კაცობრიობისათვის ღვთისგან გადაცემული უნიკალური გამოცხადებაა, და რომელიც ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზეა შედგენილი, შეიცავს ღრმა ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ორი ან სამი ათასი წლის წინათ“. უილიამ ოლბრაიტი, არქეოლოგი.

[სურათები 9 გვერდზე]

მოაბური ქვა: შეიცავს მეფე მეშას ვერსიას ისრაელსა და მოაბს შორის კონფლიქტის შესახებ (4 მეფეთა 3:4—27), სხვადასხვა ბიბლიური ადგილის სახელწოდებასა და ძველი ებრაული ასოებით დაწერილ ღვთის სახელს.

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris.

ვერცხლის დინარი: მასზე გამოსახულია ტიბერიუს კეისარი და მისი სახელია წარწერილი (მარკოზი 12:15—17).

ნაბონიდის ქრონიკა: ქვის ფილა, რომელზე შესრულებული ლურსმული წარწერებიც კიროსის მიერ ბაბილონის უეცარ დაპყრობას გვამცნობს (დანიელის მე-5 თავი).

[საავტორო უფლება]

Photograph taken by courtesy of the British Museum.

ქვის ფილა: მასზე პონტოელი პილატეს სახელია წარწერილი ლათინურად.

Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority.

მკვდარი ზღვის ხელნაწერები ფონზე: ესაიას ტექსტის შემოწმებამ ცხადყო, რომ ეს წიგნი თითქმის უცვლელი დარჩა 1000 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხელით გადაწერისას.

[საავტორო უფლება]

Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem.

[სურათები 10 გვერდზე]

ტიტუსის თაღის რელიეფი ადასტურებს ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების ფაქტს.

[საავტორო უფლება]

Soprintendenza Archeologica di Roma