არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სმასთან დაკავშირებული პრობლემები რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს?

სმასთან დაკავშირებული პრობლემები რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს?

სმასთან დაკავშირებული პრობლემები რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს?

მან ყველაფრის გაკეთება სცადა, რათა ბევრი აღარ დაელია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როდესაც კრებაში დანიშნულ უხუცესებს შეხვდა, ისინი ძალზე შეწუხდნენ მისი პრობლემით და საღვთო წერილზე დაფუძნებული რჩევა მისცეს ზომიერებასთან დაკავშირებით. მაგრამ მათმა ძალისხმევამ უკვალოდ ჩაიარა. მისი პრობლემა გაიზარდა. ის ალკოჰოლიკი გახდა.

ეს შემთხვევა ძალზე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს სმასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე სულიერი და-ძმების დასახმარებლად?

ცხადია, საღვთო წერილი არც ერთ შემთხვევაში არ ამართლებს ლოთობას. სახელდობრ, ქრისტიან უხუცესებს აქვთ იმის პასუხისმგებლობა, რომ გამოუსწორებელი, მოუნანიებელი ლოთები ქრისტიანულ კრებაში არ დაუშვან; ასეთები უნდა გაირიცხონ (1 კორინთელთა 5:11—13; გალატელთა 5:19—21). მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უხუცესებს უნდა სურდეთ, დახმარება გაუწიონ იმ მომნანიებელ ადამიანებს, რომლებიც ზედმეტს სვამენ. რა უნდა გააკეთოს უხუცესმა, როდესაც დასახმარებლად სმასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე ძმა ან და მიმართავს?

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს განსხვავება ზედმეტი სმის შედეგად ერთხელ უნებლიე დათრობასა და ლოთობას შორის — რაც ჩვევაში გადასული სიმთვრალეა. დაფიქრდით ნოეს მაგალითზე, რომელმაც ერთხელ ზედმეტი დალია და დათვრა (დაბადება 9:20, 21). რა თქმა უნდა, ნოე გამოუსწორებელი ლოთი არ ყოფილა. საღვთო წერილში სხვაგან არსად მოიხსენიება იმის შესახებ, რომ ნოე ოდესმე კიდევ დამთვრალიყო (შეადარეთ ებრაელთა 11:7).

ასე რომ, უხუცესს, ვისაც მიმართეს, კარგი იქნებოდა, დაედგინა: იყო თუ არა ეს ერთეული შემთხვევა? მტკიცედ აქვს თუ არა ადამიანს გადაწყვეტილი, ფრთხილად იყოს და იგივე აღარ გაიმეოროს? გულახდილად აღიარებს თუ არა, რომ არასწორად მოიქცა და სურს თუ არა ღვთისგან პატიება? არის თუ არა ეს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს მკაცრი გაკიცხვა არ დაუმსახურებია? თუკი ეს და სხვა ფაქტორები საშუალებას იძლევა, უხუცესის მხრიდან შეიძლება საკმარისი იყოს „თავმდაბლობის სულით“ სიყვარულით აღსავსე რჩევის მიცემა ზომიერებასთან დაკავშირებით. ამით ის განუმტკიცებს გადაწყვეტილებას, აღარ გაიმეოროს არასწორი საქციელი (გალატელთა 6:1).

მაგრამ რის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი განუწყვეტლივ თვრება ან როცა სახელი აქვს გატეხილი. ასეთ შემთხვევებში საკითხი სამართლებრივმა კომიტეტმა უნდა განიხილოს. მაგრამ ადამიანის დასახმარებლად კარგი იქნებოდა, უხუცესებს სცოდნოდათ, ნამდვილად არსებობს თუ არა ასეთი პრობლემა.

ალკოჰოლიზმი

არსებობს რაიმე სხვაობა ლოთობასა და ალკოჰოლიზმს შორის? დიახ, და თანაც დიდი! როგორც სტატიის დასაწყისში მოყვანილი შემთხვევიდან ჩანს, თუკი ადამიანი ალკოჰოლიკია, შეიძლება აზრი არ ჰქონდეს იმ რჩევას, რომ ზომიერად დალიოს. რატომ? იმიტომ რომ ალკოჰოლიზმის პრობლემების შემსწავლელი სპეციალისტების უმრავლესობა ალკოჰოლიკებს ურჩევს, საერთოდ არ გაეკარონ სპირტიან სასმელებს. ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც კი დალევას იწყებენ, ჩვეულებრივ, ვეღარ საზღვრავენ, თუ რამდენს სვამენ.

ამასთანავე, ბევრი ალკოჰოლიკი პრობლემის არსებობის ფაქტს უარყოფს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ისინი მოუნანიებელი, გამოუსწორებელი ლოთები არიან? მაინცდამაინც არა. გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლიკებს, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობის რეალურად შეფასება. ალკოჰოლიზმი მათ ჯანმრთელობაზე, გონებაზე, ემოციებსა და სულიერობაზე ახდენს გავლენას, და ეს ფაქტორები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ასე რომ, არ არის ადვილი, ალკოჰოლიკს დაანახვოთ, რომ სმის პრობლემა აქვს.

ასეთ შემთხვევებს რომ გაართვან თავი, კარგი იქნებოდა, უხუცესები დაფიქრებულიყვნენ შემდეგ საკითხებზე.

როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რომ ალკოჰოლიზმთან გაქვთ საქმე? შეგიძლიათ მიმართოთ სტატიების სერიას „დახმარება ალკოჰოლიკებისა და მათი ოჯახებისთვის“, რომელიც მოცემულია 1997 წლის აპრილ-ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ში. მასში მოკლედ არის მოთხრობილი ალკოჰოლიზმის სიმპტომების შესახებ.

გაფრთხილდით, ალკოჰოლიზმი ზოგჯერ შეიძლება საფუძვლად ედოს რაიმე პრობლემას. მაგალითად, ერთ კრებაში ერთმა დამ უხუცესებს მიმართა და მძიმე დეპრესიასთან გასამკლავებლად დახმარება სთხოვა. მაგრამ, მათი გულმოდგინე მცდელობების მიუხედავად, დეპრესიიდან ვერ გამოდიოდა. მოგვიანებით კი უხუცესებმა გაიგეს, რომ ამ დას სმასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა. დახმარებისთვის გამიზნული შემდგომი მცდელობებისას გამომჟღავნდა, რომ და ალკოჰოლიკი იყო. მას შემდეგ, რაც უხუცესები ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში დაეხმარნენ, სრულიად გამოკეთდა.

როგორ შეგიძლიათ დაანახვოთ ალკოჰოლიკს, რომ მისი პრობლემა სმაა? მოერიდეთ მსგავსი აზრების გამოთქმასა და დასკვნების გაკეთებას: „ვფიქრობთ, რომ ზედმეტს სვამ“. ასეთმა შენიშვნებმა ალკოჰოლიკი შეიძლება თავის გასამართლებლად განაწყოს. უკეთესი იქნებოდა, მისთვის აგეხსნათ, თუ რა თავისებურებები ახასიათებს სმას და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ხმის ტონით თანაგრძნობა გამოიხატებოდეს: „ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის, რაც გემართება, და ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია, ცხადს გახდის შენთვის, თუ რატომ ვართ ასე შეფიქრიანებული“.

ერთი უხუცესი, რომელმაც თავად წარმატებით დასძლია ალკოჰოლიზმი, შემდეგ რჩევებს იძლევა: «აღმოვაჩინე, რომ დამხმარეა იმის გაგება, თუ რა პრობლემებს შეიძლება აწყდებოდეს ადამიანი სახლსა თუ სამსახურში. შემდეგ მისახვედრი კითხვების მეშვეობით იმის დანახვაში ვეხმარები, რომ ალკოჰოლი შეიძლება მისი პრობლემების სათავე იყოს. მახსოვს ერთი საუბარი, რომელიც დაახლოებით ასე წარიმართა:

— სმამ თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე ხომ არ იქონია გავლენა?

— არა.

— გიკამათია ცოლთან?

— კი.

— ამაში სმა ხომ არ იყო დამნაშავე?

— არა.

— კეთილი. ხომ არ სვამდი იმ დროს, როცა ცოლთან კამათობდი?“

— ოჰ. . . იცით. . . კი.

სხვადასხვა პრობლემაზე მსჯელობის შემდეგ შევძელი დამენახვებინა მისთვის, რომ პრობლემების წარმოშობის თითქმის ყველა შემთხვევაში ის ნასვამი იყო».

რა შეიძლება ითქვას პროფესიული დახმარების შესახებ? განსაკურნავად ალკოჰოლიკს შეიძლება ასეთი დახმარება ესაჭიროებოდეს. უხუცესები, რასაკვირველია, არ ისურვებენ, რომ ადამიანს მკურნალობის ესა თუ ის ფორმა ურჩიონ — ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. და თუკი ადამიანი პროფესიული დახმარების მიღებაზე უარს განაცხადებს, ავტომატურად არც ეს უნდა ჩაითვალოს იმის ნიშნად, რომ პიროვნება არ ინანიებს. მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია სიმტკიცის გამოვლენა. ადამიანმა კარგად უნდა გაიგოს, რომ, უპირველეს ყოვლისა, წყდება ის საკითხი, კვლავ ექნება თუ არა იეჰოვას კეთილგანწყობილება და მოიწონებს თუ არა მას ღმერთი, როგორც ქრისტიანული კრების ერთ-ერთ წევრს.

რა შეიძლება ითქვას გარიცხვაზე? პასუხი უნდა გაეცეს ასეთ კითხვებს: რა დამოკიდებულება აქვს სმის მიმართ? ხომ არ ხდება ისე, რომ თქვენი მოთმინებით აღსავსე, მაგრამ მტკიცე მცდელობების მიუხედავად, რომლებიც გამიზნული იყო იმისთვის, რომ მისთვის სინამდვილე დაგენახვებინათ, ის სმას მაინც ჯიუტად განაგრძობს? ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რა რჩევას სთავაზობენ წიგნში „ანონიმური ალკოჰოლიკები“ იმ საწარმოთა დამსაქმებლებს, სადაც ალკოჰოლიკები მუშაობენ:

„თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ამ ადამიანს არ სურს სმის შეწყვეტა, უყოყმანოდ შეგიძლიათ სამსახურიდან დაითხოვოთ. . . ასეთი ადამიანისთვის სასჯელი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ეს შეიძლება ზუსტად ის ბიძგი იყოს, რომელიც მას ესაჭიროება“. მსგავსად ამისა, თუკი სმის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება ისეთია, რომ კრების სიწმინდის დასაცავად მისი გარიცხვაა საჭირო, ეს შეიძლება ზუსტად ის „ბიძგი“ იყოს, რომელიც მას ესაჭიროება.

რის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ მას ნამდვილად სურს სმისთვის თავის დანებება? თუ ადამიანს დახმარების მიღება სურს, შეიძლება დიდი დრო გავიდეს, ვიდრე დაანახვებ, მიაღწევს თუ არა რეალურ შედეგებს. შესაძლოა, მკურნალობა დასჭირდეს. მაგრამ მას, რასაკვირველია, უნდა ესმოდეს, რომ მკურნალობა პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება არ არის.

ჩვეულებრივ, ისე ხდება, რომ ალკოჰოლიკს განუწყვეტლივ ესაჭიროება დახმარების აღმოჩენა, განსაკუთრებით კი სულიერობის განსამტკიცებლად. წარსულში ის შეიძლება ალკოჰოლით ცდილობდა, გამკლავებოდა დეპრესიას, გულისწყრომას, პრობლემებს სამსახურში და ასე შემდეგ. ასე რომ, მას ამჟამად შეიძლება თქვენი დახმარება ესაჭიროებოდეს იმისათვის, რომ სინამდვილეს სხვა თვალით შეხედოს. გარდა ამისა, მას შეიძლება დიდი ხნის მანძილზე აწუხებდეს ისეთი უარყოფითი გრძნობები, როგორიცაა დანაშაულის გრძნობა ან საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. ის შეიძლება თავს უღირსად გრძნობდეს იეჰოვასთან ლოცვით მისაახლოებლად და, შესაძლოა, ღმერთზე მინდობა ისევ რომ შეძლოს, თქვენი დახმარება დასჭირდეს. თქვენმა ლოცვებმა, რომლებიც მასთან ერთად და მისთვის იქნება წარმოთქმული, და ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულმა მანუგეშებელმა შეხსენებებმა მომნანიებელ ადამიანს შეიძლება შიში გაუქარწყლოს და ეჭვები გაუფანტოს (იაკობი 5:14—16).

ფეხმოტეხილ ადამიანს შეიძლება დროებითი დახმარების აღმოჩენა დასჭირდეს. ასევეა იმ ადამიანის შემთხვევაშიც, რომელიც სმის შეწყვეტას ცდილობს — მას თანაგრძნობა სჭირდება, უნდა, ვინმეს დაეყრდნოს და მოუსმინონ. გსურთ დაეხმაროთ?

„მაკითხავდნენ როგორც უხუცესები, ისე სხვა ძმები, — იხსენებდა ძმა, რომელიც მთელი ძალით იბრძოდა, რომ სმისთვის თავი დაენებებინა, — შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე, თუ რამდენად მადლიერი ვარ მათი დიდი სიყვარულისა და გაგებისთვის. რა მშვენიერია, რომ ახლა კვლავ შემიძლია მივმართო იეჰოვას ლოცვით. რა შვებაა!“.

„ძმებმა მრავალმხრივი დახმარება გამიწიეს, — თქვა სხვა მოწმემ, რომელსაც ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში დაეხმარნენ, — მათ ისიც კი შემომთავაზეს, რომ შეხვედრებზე მათ გვერდით დავმჯდარიყავი, რადგან მისვლა მერიდებოდა. ერთი ძმა ნამდვილად დამეხმარა. როგორი განრიგიც უნდა ჰქონოდა, ის ყოველთვის მაკითხავდა, როდესაც ეს ყველაზე მეტად მესაჭიროებოდა. დიდად მადლიერი ვარ მისი სიყვარულისა და მოთმინებისთვის“.

ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო იყოს შემდეგი: ის, ვინც სმის შეწყვეტას ცდილობს, დაელაპარაკოს ძმას, რომელმაც ალკოჰოლიზმის დაძლევა შეძლო. რატომ? იმიტომ რომ ასეთი ადამიანი გაგებით დაელაპარაკება, რადგან კარგად იცის, რის გაკეთება უწევს ალკოჰოლიკს ცხოვრების მოსაწესრიგებლად. გარდა ამისა, ასეთ ადამიანთან დალაპარაკებით ალკოჰოლიკი დაინახავს, რომ სმის შეწყვეტა შესაძლებელია. ის ამის ცოცხალ მაგალითს ხედავს. ნათქვამია, მოსმენილს ნანახი სჯობსო, და ალკოჰოლიკისთვის რჩევების მოსმენაზე უკეთესი ის იქნებოდა, რომ ამ რჩევების გამოყენებით მიღწეული შედეგი საკუთარი თვალით ეხილა.

რის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ რეციდივმა ისევ იჩინა თავი? ეს შეიძლება მოხდეს. ისევ დაისმის კითხვა: როგორია ალკოჰოლიკის დამოკიდებულება? ხართ თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ მას ნამდვილად სურს სმის პრობლემის დაძლევა? ხედავს თუ არა იმის აუცილებლობას, რომ ბრძოლა გაორკეცებული ძალით განაგრძოს, თუკი განკურნება სურს? თუ ასეა, მას გაგებით მოპყრობა და დახმარება დასჭირდება.

ასე რომ, ადამიანი არ უნდა გაირიცხოს მხოლოდ იმის გამო, რომ ალკოჰოლიკია. თუკი მას ნამდვილად სურს სმის შეწყვეტა, ამის საშუალება უნდა მიეცეს. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება მაშინ, როცა მისი მოქმედებიდან ჩანს, რომ, სინამდვილეში, არ სურს სმისთვის თავის დანებება? რა უნდა გაკეთდეს, თუკი ბევრჯერ დამთვრალა, და არანაირმა შეგონებამ და დახმარებამ არ გაჭრა? მაშინ, პავლეს სიტყვების თანახმად, რომლებიც 1-ლი კორინთელთა 5:11—13-შია ჩაწერილი, ის უნდა გაირიცხოს.

მათ დასახმარებლად, ვისაც სმის პრობლემა აქვს, დიდი გამჭრიახობა, მოთმინება და სიმტკიცეა საჭირო. საქმეს ის არ უშველის, თუ ძმას ან დას მხოლოდ ასეთ რამეს ეტყვით: „თავს ძალა დაატანე“ ან „თუკი იეჰოვა გიყვარს, შეწყვეტ სმას“.

უკეთესი იქნებოდა, გარკვეულიყავით ალკოჰოლიზმის ბუნებაში, რა არის ის და როგორ მოქმედებს ადამიანებზე. გახსოვდეთ, რომ შეიძლება მოგიწიოთ იმ კედლის დანგრევა, რომელიც ალკოჰოლიკმა თავის გარშემო აიშენა და რომელსაც ამოფარებული უარყოფს თავის პრობლემას და თავს იმართლებს. თქვენ უნდა დაანახვოთ, რომ მის პრობლემას სმა ქმნის და დახმარება ესაჭიროება. მას თქვენი განუწყვეტელი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდება. მაგრამ განა შედეგი არ ღირს ყველანაირ ძალისხმევად?

ერთი და, რომელსაც ალკოჰოლიზმის დასაძლევად დახმარება გაუწიეს, ამბობს: „უხუცესები იმდენად მოსიყვარულენი იყვნენ და ისე კარგად მიგებდნენ, რომ ყოველდღე ვმადლობ იეჰოვას მათი გამოგზავნისთვის. ამჟამად გონება დაბინდული აღარა მაქვს. შემიძლია სუფთა სინდისით ველაპარაკო იეჰოვას. ყველა შეხვედრას ვესწრები და ამით ნამდვილად დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ“. დიახ, ასეთი ადამიანები დიდად მადლიერნი არიან იმ ზედამხედველების, რომლებიც თავს არ ზოგავენ და მზადყოფნით, „გულმოდგინებით“ ზრუნავენ სამწყსოზე (1 პეტრე 5:1, 2).