არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზის განსაკუთრებული თავისებურებები

მზის განსაკუთრებული თავისებურებები

მზის განსაკუთრებული თავისებურებები

ამ სტატიის კითხვისას, შესაძლებელია, მზე ანათებს ან მალე გაანათებს. ნუთუ ეს მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა! მზის ნათების გარეშე ვერ იარსებებდა დედამიწაზე მცხოვრები ტრილიონობით ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ვერც თქვენ. აღარ იარსებებდა ცოცხალი ორგანიზმების მილიონობით სახეობაში არსებული მრავალფეროვნება, ერთუჯრედიანი ბაქტერიებით დაწყებული და უზარმაზარი ვეშაპებით დამთავრებული.

მართალია, ჩვენი პლანეტა მზის ენერგიის დაახლოებით ნახევარმემილიარდედ ნაწილს იღებს, მაგრამ მზის „სუფრიდან“ გადმოცვენილი ეს „ნამცეცებიც“ საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, მზის ენერგიის ამ მცირე ნაწილის ეფექტურად გამოყენება რომ შეიძლებოდეს, ის არა მარტო დააკმაყოფილებდა, არამედ გადააჭარბებდა კიდეც ენერგიაზე ჩვენი თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებებს.

ასტრონომიისადმი მიძღვნილ მრავალ წიგნში ნათქვამია, რომ მზე რიგითი ვარსკვლავია, „ჩვეულებრივი ციური სხეული“. მაგრამ ნუთუ მზე ყოველმხრივ „ჩვეულებრივი ციური სხეულია“? გილიერმო გონსალესმა, ასტრონომმა ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტიდან (სიეტლი), თქვა, რომ მზე განსაკუთრებულია. უნდა მოახდინოს ამან რაიმე გავლენა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ძიებაზე? გონსალესი პასუხობს: „ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად მცირეა იმ ვარსკვლავთა არსებობის ალბათობა, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ინტელექტუალური სიცოცხლის არსებობას“. ის დასძენს: „თუ ასტრონომები არ შეზღუდავენ მზისმაგვარი განსაკუთრებული ვარსკვლავების ძიებას, ისინი ძალიან ბევრ დროს დაკარგავენ“.

სიცოცხლის შენარჩუნების ხელშემწყობი რა თავისებურებები აქვს მზეს? ამ ფაქტორების განხილვისას უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალი განაცხადი სამყაროს ფიზიკის დარგში მხოლოდ თეორიული ხასიათისაა.

საინტერესო თავისებურებები

მარტოხელა ვარსკვლავი: ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ჩვენი მზის მეზობლად არსებული ვარსკვლავების 85% წარმოადგენს ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი ან მეტი ვარსკვლავისგან შემდგარ დაჯგუფებას. ასეთ ვარსკვლავებს ერთმანეთთან გრავიტაციული ძალა აკავშირებს.

მზე კი მარტოხელა ვარსკვლავია. „ის, რომ მზე მარტოხელა ვარსკვლავია, ძალიან უჩვეულოა“, — წერს ასტრონომი კენეთ ფილიპსი თავის წიგნში („Guide to the Sun“). მზის ეს მარტოხელობა იძლევა იმის საშუალებას, რომ დედამიწას უფრო სტაბილური ორბიტა აქვს, რაც, გონსალესის აზრით, თავის მხრივ, ხელს უწყობს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს.

მძიმე ვარსკვლავი: გონსალესის განაცხადისამებრ, მზის სხვა დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ „მზე ერთ-ერთი მძიმე ვარსკვლავია თავის მეზობელ ყველაზე მძიმე ვარსკვლავთა შორის, რომელთა რაოდენობაც ამ სამეზობლოში 10%-ს შეადგენს“, — იტყობინება ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“. ფილიპსი აღნიშნავს: „მზეზე მოდის მზის სისტემის მასის 99,87%, რის შედეგადაც ის გრავიტაციით აკონტროლებს ყველა სხეულს თავის სისტემაში“.

ეს თავისებურება ხელს უწყობს იმას, რომ დედამიწა შედარებით შორს არის მზისგან — 150 მილიონი კილომეტრის მანძილზე — მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ განიზიდება მისგან. ეს შედარებით დიდი მანძილი კი დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს იცავს მზეზე მიმდინარე საზიანო ამოფრქვევების გავლენისგან.

მძიმე ელემენტები: გონსალესი აღნიშნავს, რომ მზეში არის 50%-ით მეტი მძიმე ელემენტები — ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, მაგნიუმი, სილიციუმი და რკინა — ვიდრე მისი ასაკისა და ტიპის სხვა ვარსკვლავებში. ამით ჩვენი მზე გამოირჩევა მათგან. „მძიმე ელემენტების რაოდენობა მზეში ძალიან მცირეა, — ამბობს ფილიპსი, — მაგრამ ზოგ ვარსკვლავში. . . მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა“. სინამდვილეში, ვარსკვლავებს, რომლებიც მძიმე ელემენტების შემცველობით მზეს უტოლდება, აკუთვნებენ ვარსკვლავთა I პოპულაციად წოდებულ სპეციფიკურ კატეგორიას.

რა კავშირი აქვს ამას დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან? როგორც ასეთი, მძიმე ელემენტები აუცილებელია სიცოცხლის არსებობისთვის. მაგრამ ისინი სამყაროში იშვიათად გვხვდება და შეადგენს მთელი სამყაროს წონის 1%-ზე ნაკლებს. ჩვენი დედამიწა კი თითქმის მთლიანად შედგება ამ მძიმე ელემენტებისგან. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ასტრონომები ამბობენ, დედამიწა მოძრაობს უჩვეულო ვარსკვლავის, მზის გარშემო.

ნაკლებად ელიფსური ორბიტა: მზე რომ I პოპულაციის ვარსკვლავია, ამას სხვა სარგებლობაც მოაქვს. „საერთოდ, I პოპულაციის ვარსკვლავებს თითქმის წრიული ორბიტები აქვთ გალაქტიკის ცენტრის გარშემო“, — ნათქვამია ზემოხსენებულ წიგნში („Guide to the Sun“). მზეს, მისი ასაკისა და ტიპის სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ნაკლებად ელიფსური ორბიტა აქვს. რატომ მოახდენდა ეს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობაზე გავლენას? იმიტომ, რომ მზის წრიული ორბიტა არ უშვებს მას გალაქტიკის შიგნით, სადაც ხშირია ზეახალი (ფეთქებადი) ვარსკვლავები.

სტაბილური მზე: ამ მხრივ სხვა საინტერესო ფაქტი არსებობს ჩვენი სისტემის ვარსკვლავთან — მზესთან — დაკავშირებით. მსგავს ვარსკვლავებს თუ შევადარებთ, მზე აშკარად განსხვავდება მათგან სტაბილური გამოსხივებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი ნათება უფრო სტაბილური და უცველელია.

ასეთი, შედარებით სტაბილური, ნათება აუცილებელი ფაქტორია სიცოცხლის არსებობისთვის დედამიწაზე. „ამ პლანეტაზე ჩვენი არსებობა იმას ამტკიცებს, რომ მზის ნათება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გარემოებითი ფაქტორია“, — ამბობს მეცნიერი და ისტორიკოსი კარლ ჰუფბაუერი.

ორბიტის დახრილობა: მზის ორბიტა მხოლოდ ოდნავ არის დახრილი გალაქტიკა ირმის ნახტომის სიბრტყის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის ორბიტისა და ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეებს შორის არსებული კუთხე ძალიან მცირეა. ეს როგორღა უწყობს ხელს სიცოცხლეს დედამიწაზე?

ძალიან შორს, ჩვენი მზის სისტემის ყველაზე განაპირა ნაწილში ჩვენს ირგვლივ მოძრაობს ოორტის ღრუბლად წოდებული კომეტების უზარმაზარი სფერული გროვა *. დავუშვათ, მზის ორბიტასა და გალაქტიკის სიბრტყეს შორის არსებული დახრილობა ჩვეულებრივზე უფრო დიდია. მაშინ მზე უეცრად გადაკვეთდა ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეს, რაც არეულობას შეიტანდა ოორტის ღრუბელში. რა იქნებოდა ამის შედეგი? როგორც ასტრონომები ამბობენ, დედამიწა კომეტების კატასტროფულ თავსხმაში მოექცეოდა.

რაზე მეტყველებს მზის დაბნელება?

ჩვენს მზის სისტემაში, სულ ცოტა, 60 მთვარეა, ანუ თანამგზავრი. ისინი მოძრაობენ ამ სისტემის ცხრა პლანეტიდან შვიდის გარშემო. მაგრამ, როგორც ჩანს, მზის სისტემის პლანეტებიდან მხოლოდ დედამიწაზე შეინიშნება მზის სრული დაბნელებები. რატომ არის ეს ასე?

მზის დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება. მთვარემ რომ მთლიანად დაფაროს მზე, მზისა და მთვარის ხილვადი ზომები დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. და ეს ზუსტად ასეც არის! თუმცა მზის დიამეტრი მთვარის დიამეტრზე 400-ჯერ დიდია, ის მთვარესთან შედარებით დაახლოებით 400-ჯერ უფრო შორსაც არის დედამიწისგან.

მზესა და დედამიწას შორის არსებული მანძილი და, შედეგად, მზის ხილვადი ზომა სრული დაბნელების ხელშემწყობ ფაქტორზე უფრო მეტია. ის აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის. „ეს მანძილი ოდნავ ნაკლები ან მეტი რომ ყოფილიყო, დედამიწა ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი, ესე იგი საცხოვრებლად გამოუსადეგარი, იქნებოდა“.

უფრო მეტიც, დედამიწის უჩვეულოდ დიდი მთვარე ხელს უწყობს სიცოცხლეს ამ პლანეტაზე, რადგან თავისი მძლავრი გრავიტაციის წყალობით დედამიწას, საკუთარი ღერძის გარშემო, ძლიერი რყევის საშუალებას არ აძლევს. ასეთი რყევა გამოიწვევდა კლიმატის კატასტროფულ ცვლილებებს. მაშასადამე, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ხელშემწყობ მზის სხვა ყველა თავისებურებასთან ერთად, რომლებიც ზემოთ იყო განხილული, საჭიროა მზესა და დედამიწას შორის მანძილის, აგრეთვე მთვარის ზუსტი ზომის ზედმიწევნით სწორი კომბინაცია. ყოველივე ამის ურთიერთდამთხვევის რა ალბათობა არსებობს?

დამთხვევაა?

დავუშვათ, თქვენი ავტომობილი წესრიგში მოსაყვანად კარგ ხელოსანს მიუყვანეთ. ის ყველაფერს კეთილსინდისიერად აკეთებს და ბოლოს ხედავთ, რომ ყველაფერი რიგზეა. როგორ ფიქრობთ, რას იტყვის იგი, თუ მოგვიანებით იმის მტკიცებას დაიწყებთ, რომ თქვენი ავტომობილის წესრიგში მოსაყვანად საჭირო სიზუსტე, უბრალოდ, შემთხვევითობის შედეგია?

ამავე კითხვის დასმა არც მზის განსაკუთრებულ თავისებურებებთან დაკავშირებით იქნებოდა ურიგო. ზოგი მეცნიერი კი შეეცდება თქვენს დარწმუნებას იმაში, რომ მზის სტრუქტურა, მისი ორბიტა, დედამიწასა და მას შორი მანძილი და სხვა თავისებურებანი, უბრალოდ, იღბლიანი დამთხვევაა. მაგრამ გონივრულია ეს? თქვენი აზრით, ეს ლოგიკური დასკვნაა?

როგორც წესრიგში მოყვანილი ავტომობილი მეტყველებს ხელოსნის ცოდნასა და უნარზე, ისე ჩვენი მზეც — სხვა ციურ სხეულებთან ერთად — გვეუბნება რაღაცას. დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ხელშემწყობი მზის განსაკუთრებული თავისებურებანი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ვარსკვლავი გონიერი და ძლიერი კონსტრუქტორისა და შემოქმედის მიერ არის შექმნილი. პავლე მოციქული ამას შემდეგნაირად ამბობს: „მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“ (რომაელთა 1:20).

[სქოლიო]

^ აბზ. 17 ოორტის ღრუბელთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1999 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 18.

[ჩანართი 17 გვერდზე]

ჩვენს პლანეტამდე მზის ენერგიის დაახლოებით ნახევარმემილიარდედი ნაწილი აღწევს.

[სურათი 16 გვერდზე]

მანძილი დედამიწასა და მზეს შორის დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს მზეზე მიმდინარე საზიანო ამოფრქვევების გავლენისაგან იცავს.

[საავტორო უფლება]

Pages 2, 15, and 16: NASA photo

[სურათი 17 გვერდზე]

დამთხვევაა? მზისა და მთვარის ხილვადი ზომები საოცარ დაბნელებათა ხილვის შესაძლებლობას იძლევა.

[სურათი 18 გვერდზე]

მზის ორბიტა სხვანაირი რომ ყოფილიყო, დედამიწა კომეტების კატასტროფულ თავსხმაში მოექცეოდა.