მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ქიმიკატებისადმი მგრძნობელობა. მე 17 წლის ვარ და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ სტატიების სერიისთვის „ქიმიკატები — მოქმედებენ თუ არა ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე?“ (8 აგვისტო, 2000). ამას წინათ ქიმიკატებისადმი მომატებულ მგრძნობელობად (ქმმ) წოდებული დაავადების დიაგნოზი დამისვეს და დიდად დამამშვიდა იმის ცოდნამ, რომ მხოლოდ მე არ ვიტანჯები ასეთი საშინელი სიმპტომებით.
ს. კ. (იტალია).
სტატიებში, რომლებიც ადრე გამოაქვეყნეთ, თემაზე „მოქმედებს გაბინძურება თქვენს ჯანმრთელობაზე?“ (8 ივნისი, 1983, [ინგლ.]) მოცემული იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს საშინელი დაავადება არ გვაძლევს ჩვენი სულიერი ოჯახის გარემოცვაში ყოფნისა და საზოგადოებრივი საქმიანობის შესრულების საშუალებას. თუმცა ეს ისეთი დაავადებაა, რომ არცთუ ისე ადვილია, თანაუგრძნო ავადმყოფს ან შეხვიდე მის მდგომარეობაში. თქვენს ბოლო სტატიებში აღწერილია, თუ, სინამდვილეში, რას გრძნობენ ისინი, რომლებიც ამ დაავადებით იტანჯებიან.
მ. ჟ. (საფრანგეთი).
ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეუძლოდ ვიყავი, სანამ არ ვიპოვე ისეთი ექიმი, რომელმაც შესძლო ჩემი დახმარება. თუმცა ამ ხნის მანძილზე ჩემი მეგობრები კრიტიკულად არ იყვნენ განწყობილი, შემიძლია ვთქვა, რომ, სინამდვილეში, არ ესმოდათ ჩემი. ამიტომ მადლობას გიხდით ამ სტატიებისთვის. შესანიშნავია, იყო ისეთი ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც ამდენ საკითხში ერკვევა.
ს. ბ. (შეერთებული შტატები).
მე ქმმ-თი ვარ დაავადებული და არასდროს წამიკითხავს ამ მდგომარეობისა და მისი შედეგების შესახებ ასეთი საფუძვლიანი და ობიექტური სტატია. ძალიან მომეწონა დაავადებით გამოწვეულ სიძნელეებთან თავის გართმევის მიზნით ავადმყოფისთვის სიყვარულისა და სიცილის „რეცეპტის“ გამოწერის იდეა. აგრეთვე სასარგებლო იყო შეხსენება იმის თაობაზე, რომ მეტისმეტად მომთხოვნი არ ვიყო სხვების მიმართ.
დ. გ. (შეერთებული შტატები).
როგორც იეჰოვას მოწმე, ათი წელია, რაც მიმომსვლელი მსახური ვარ და საკმაოდ ბევრ ისეთ ადამიანს შევხვდი, რომლებიც ქმმ-თი არიან დაავადებული. ფაქტია, რომ ეს დაავადება ნამდვილად არსებობს და მათი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. როგორც ყოველთვის, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მხოლოდ ამ დაავადების აღწერით კი არ შემოიფარგლა, არამედ პრაქტიკული რჩევებიც შემოგვთავაზა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება სიკეთის, სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენა ამ სენით დაავადებულთა მიმართ.
თ. მ. (შეერთებული შტატები).
სხეულის მორთვა. საპასუხო წერილით ვეხმაურები თქვენს სტატიას „სხეულის მორთვა — აუცილებელია კეთილგონიერების გამოვლენა“, რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 აგვისტო, 2000). გემოვნებით მორთული სხეული მშვენიერია — ეს ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია. საზოგადოებამ შეიძლება განმსაჯოს და ჩემი გარეგნობის მიხედვით რომელიმე კატეგორიას მიმაკუთვნოს, მაგრამ ვიცი, რომ ღვთისთვის საყვარელი ადამიანი ვარ. ვიმედოვნებ და ვლოცულობ კიდეც, რომ სხვებმა ჩემი სხეულის ტატუირებულ ადგილებს კი არ მიაქციონ ყურადღება, არამედ ჩემს პიროვნებას.
კ. მ. (შეერთებული შტატები).
ამ სტატიაში გამოთქმული იყო ის აზრი, რომ ადამიანის პირადი გადასაწყვეტია, მოირთავს თუ არა საკუთარ სხეულს. მაგრამ მას თავისი შინაგანი მშვენიერების ჩვენება იმითაც შეუძლია, თუ ‘მორცხვობითა და კლდემამოსილებით შეიმკობს თავს’ (1 ტიმოთე 2:9). ბიბლია აგრეთვე ნათელს ხდის, რომ ქრისტიანმა მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით კი არ უნდა იმოქმედოს, არამედ ‘სხვისი სინდისის’ გათვალისწინებაც მართებს (1 კორინთელთა 10:29) (რედ.).
ენა. მადლობა სტატიისთვის „ენები — ურთიერთობის ხიდები და კედლები“ (8 აგვისტო, 2000). ენები ყოველთვის მხიბლავდა და უკვე ხუთი ევროპული ენა შევისწავლე. ამჟამად სინჰალურ ენას ვსწავლობ. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ ენის შესწავლა სხვა კულტურებთან დამაკავშირებელი ხიდის აგებისა და ბიბლიის სწავლებასთან დაკავშირებული ‘სუფთა ენის’ (აქ) სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა (სოფონია 3:9).
კ. ბ. (იტალია).
მწუხარება. მადლობას გიხდით სტატიისთვის „უნდა გამოვხატოთ მწუხარება?“ (8 აგვისტო, 2000). ეს თემა განსაკუთრებით შეეხო ჩვენს გულებს, რადგან სამი წლის წინათ ვაჟი დავკარგეთ. თუმცა ჯერ კიდევ ვტირით და ვგლოვობთ, მსგავსი სტატიები ძალას გვმატებს, რომ განვაგრძოთ ცხოვრება.
ჯ. ა. (შეერთებული შტატები).