ომის ნაცვლად მშვიდობის განდიდება
ომის ნაცვლად მშვიდობის განდიდება
მოგვითხრო დოროთი ჰორლმა
დავიბადე 1919 წელს, უილმინგტონში (დელავერის შტატი, აშშ.), იტალიურ კათოლიკურ ოჯახში. ჩემი მშობლები არასდროს ესწრებოდნენ საეკლესიო მსახურებას, მაგრამ მე და ჩემს ორ დას მაინც გვაგზავნიდნენ იქ. ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენდა გრანდიოზული ეკლესიები, როგორც შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები თავისი ქანდაკებებითა და პროცესიების ბრწყინვალებით.
წლები გადიოდა და კათოლიციზმისადმი ინტერესს ვკარგავდი. ეკლესია განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ბიბლიას, რომელსაც მამაჩემი ძალიან აფასებდა და რეგულარულად კითხულობდა. შეშფოთებული ვიყავი იმის გამო, რომ ეკლესია ბიულეტენს (ცნობებს) უშვებდა, რომლებიც შემწირველების ვინაობასა და მათ მიერ შეწირული თანხის ოდენობას იტყობინებოდა. ამავე დროს, ხმები დადიოდა გზასაცდენილი მღვდლების შესახებ. 15 წლის ასაკში უკვე აღარ ვიყავი კათოლიციზმის მიმდევარი, რის გამოც უფრო მეტი დრო მქონდა იმისათვის, რომ გავწაფულიყავი ხელოვნებაში.
ხელოვანის კარიერა
1940 წელს 21 წლის ასაკში ახალგაზრდა მამაკაცზე, უილიამ ჰორლზე, გავთხოვდი, რომელიც ხატავდა ყველაფერს, რაც სამხედრო სამსახურთან იყო დაკავშირებული — თვითმფრინავებს, ჯარისკაცებს, ქვემეხებსა და გემებს. ბილს (უილიამის შემოკლებული სახელი) მოსწონდა, რომ ხელოვანი ვიყავი და პირველად მან მიყიდა ზეთის საღებავების კომპლექტი. იმ დროიდან ძველად მცხოვრები დიდებული მხატვრების მიერ გამოყენებული მეთოდების ათვისება დავიწყე.
გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ ბილს ახალი ჰობი გაუჩნდა; მან ტყვიისგან მინიატურული სამხედრო ფიგურების ჩამოსხმა დაიწყო. მაგრამ ის, უბრალოდ, სათამაშო ჯარისკაცებს აკეთებდა? რასაკვირველია არა. მას დიდი სურვილი ჰქონდა, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები შეექმნა. სხვა ოსტატები პლასტიკურ მასაზე, ხეზე ან თაბაშირზე მუშაობდნენ, მაგრამ ბილისთვის, როგორც გამოცდილი მექანიკოსისთვის, ზუსტად შესაფერისი იყო ტყვიაზე მუშაობა.
თავდაპირველად მას ფიგურის მონახაზი უნდა გაეკეთებინა, შემდეგ — შესაბამისი ყალიბი და ბოლოს, ტყვიისგან ჩამოესხა. დროთა განმავლობაში ის საკმაოდ დახელოვნდა ჩამოსხმული ნაწილების აწყობაში, ლითონების ნაწილების ერთმანეთთან შეკავშირებაში, მოქლიბვასა და გაპრიალებაში. მოგვიანებით ის თაბაშირის ყალიბის ნაცვლად სპეციალური სტომატოლოგიური ნაერთით სარგებლობდა. ამან საშუალება მისცა, უფრო დაეხვეწა ნაკეთობა.
მას შემდეგ, რაც ლითონის თითოეული ნაჭერი მზად იყო, საქმე მე უნდა მიმეყვანა ბოლომდე. ყველაფრის საგულდაგულოდ გამოკვლევის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ ძველი სამხედრო ფორმის თავისებურებები, მათ შორის ისიც, თუ როგორ ღილებს, დაწნულ თასმებს, რანგის განმსაზღვრელ სამკერდე ნიშნებსა და ფერებს იყენებდნენ ადრე.
ჩემი მოვალეობა იყო, გამადიდებლის გამოყენებით სპეციალურად დამზადებული ზეთითა და საღებავით შემეღება ლითონი. ეს ჩვენს ფიგურებს უფრო ცოცხალს ხდიდა. ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი), ჩვენს პატარა სარდაფში ამერიკელი ინდიელების, სამოქალაქო ომში მონაწილე ჯარისკაცების, აშშ-ის ფლოტის მეზღვაურების, ნაპოლეონის
ცხენოსნებისა და ცხენების, ეგვიპტელთა მამლუქების, ალჟირელი ზუავებისა და სხვების ფიგურები გავაკეთეთ.მოგვიანებით, ბილს ამერიკის საზღვაო ფლოტის კორპუსმა შესთავაზა, პეკინში 1939 წლამდე არსებული პირველი საზღვაო-საკავალერიო რაზმის სტატუა გაეკეთებინა. ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობდით ამ პროექტზე და 1954 წელს ვაშინგტონში, კოლუმბიის ფედერალურ ოლქში არსებულ სმითსონის ინსტიტუტში წარვადგინეთ. რამდენიმე წლის შემდეგ პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა გვკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისი გადატანა თეთრ სახლში. რასაკვირველია, ჩვენ დავთანხმდით.
არასდროს გაგვიყიდია ფიგურები, მაგრამ ბილმა ასობით გააჩუქა. ჩვენ განსაკუთრებულად მოგვიხსენიებდნენ ჯარისკაცების ფიგურებზე დაწერილ ბევრ წიგნში. 1965 წელს ჩვენი ნამუშევარი ნიუ-იორკში, კუინზის რაიონში მდებარე ფლეშ-მედოუს გარეუბანში, საერთაშორისო გამოფენაზე გაიტანეს. მუზეუმები ჩვენს ნაკეთობებს ითხოვდნენ. აშშ-ის სამოქალაქო ომის ისტორიკოსმა, ბრიუს კატონმა, თავისი წიგნები ჩვენი სტატუებითა და რამდენიმე დიორამით დაასურათა.
სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით მეტი ინტერესი მიჩნდება
როცა 40 წლის გავხდი, ჩემთვის ბევრმა რამემ სახე იცვალა. ბევრს ვფიქრობდი ღმერთზე. შობის დღეს ხუთი კათოლიკე ბავშვი დაიწვა საკუთარ სახლში, სანამ მათი მშობლები ეკლესიაში იყვნენ. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა, ღმერთს დაეშვა ასეთი რამ თავის დაბადების დღეს? ამავე დროს, ერთი წიგნი წავიკითხე, რომელშიც მოთხრობილი იყო ებრაელთა მასობრივ განადგურებასთან დაკავშირებულ საშინელებათა შესახებ. ამ და სხვა შემაძრწუნებელი მსოფლიო მოვლენების გამო კითხვა დამებადა, თუ სად იყო ღმერთი. ის არ აკეთებდა იმას, რასაც მოელოდნენ მისგან!
მამის მაგალითიდან ვიცოდი, რომ პასუხი ბიბლიაში უნდა ყოფილიყო. ამიტომ ფილადელფიაში ჩვენს სახლთან ახლოს ადგილობრივი ეკლესიის მღვდელს ვესტუმრე სახლში და შევთანხმდით, რომ ბიბლიის განსახილველად შევხვდებოდით. მე დიდხანს ველოდე მას დათქმულ დროს, მაგრამ არ გამოჩნდა. ოთხი კვირის განმავლობაში ყოველკვირა მივდიოდი იქ, მაგრამ მღვდლებთან არასდროს შემდგარა საუბარი.
ერთ საღამოს უზომოდ დამწუხრებულმა ცაში ავიხედე და ვილოცე: „მე არ ვიცი, ვინ ხარ, რომელ რელიგიასთან ხარ დაკავშირებული, მაგრამ ვიცი, რომ მანდ ხარ. მომეცი უფლება, გიცნობდე!“; ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვას მოწმეები მესტუმრნენ.
დროდადრო ვხედავდი მოწმეებს, რომლებიც სადგომზე აყენებდნენ თავიანთ ავტომობილებს, გადმოდიოდნენ და სხვადასხვა კართან მიდიოდნენ. თუმცა არაფერი ვიცოდი მათ შესახებ, არც ის, თუ რატომ აკაკუნებდნენ, დაინტერესებული ვიყავი მათი საქმიანობით.
იმ დღეს, 1961 წელს, როცა მოწმეები მესტუმრნენ, გულნატკენი ვიყავი იმის გამო, რომ ღვთის ძიებისას ვერსად მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი. როდესაც სახლის წინა კარს ვწმენდდი, შუახნის მანდილოსანი, სახელად მარჯ ბრიონი, კარის პარმაღის საფეხურებზე ამოვიდა და მომესალმა. თავდაპირველად არ მივბრუნებულვარ მისკენ, მაგრამ, როდესაც მითხრა, რომ დედამიწა მშვენიერ სამოთხედ უნდა
გადაქცეულიყო, დიდი ინტერესით მოვისმინე ყველაფერი. ბოლოს მკითხა: „მისმენთ?“.მე გავიმეორე მისი ნათქვამი მის მიერ მოყვანილი ბიბლიური მუხლის, ესაიას 55:11-ის, ჩათვლით. შემდეგ შემოვტრიალდი, ხელი ჩავჭიდე და ვუთხარი: „შემობრძანდით!“. პირველად მან მომცა ბიბლია და ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაცია „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“. მან აგრეთვე შემომთავაზა ბიბლიის რეგულარული შესწავლა — ისეთი ცოდნის შეძენა, რომლის მიღებასაც კათოლიკური ეკლესიისგან მოველოდი.
ბიბლიის შესასწავლად კვირაში ორჯერ შეხვედრის შედეგად სწრაფად წავიწიე წინ. ცოტა ხანში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. ღვთის სახელის, იეჰოვას, გაგება მეტად ამაღელვებელი იყო ჩემთვის (ფსალმუნი 82:19). მხოლოდ წარმოიდგინე — ეს იყო ღმერთი რომლის გაცნობასაც ბავშვობიდანვე ვნატრობდი! იმის შესახებაც გავიგე, რომ მისი ძე, იესო ქრისტე, არ არის საიდუმლოებით მოცული სამპიროვნული ღვთაების ნაწილი (იოანე 14:28 ). მალე იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დავიწყე და დიდი სურვილი გამიჩნდა ბიბლიური ცნობის სრული დროით მაუწყებლად მემსახურა.
მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება
წინ დიდი გამოცდა მელოდა. დაიშლებოდა ჩემ გამო უილიამ და დოროთი ჰორლების მხატვრული ჯგუფი? როგორ შემეძლო მემსახურა მშვიდობის ღმერთისთვის და მისი ძისთვის, მშვიდობის მთავრისთვის, მაშინ როცა ხელოვნებაში ომს განვადიდებდი? (ესაია 9:5). განა იეჰოვამ არ აღგვითქვა, რომ ‘შეწყვეტდა ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე’? (ფსალმუნი 45:10). ამიტომ, რატომ უნდა უკვდავმეყო ისეთი რამ, რასაც ღმერთი ბოლოს მოუღებდა? და განა ესაიას წინასწარმეტყველებაში არ იყო ჩაწერილი, რომ ღვთის ხალხი ‘მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავდა და აღარ ისწავლიდა ომს? (ესაია 2:4). ამის შესახებ დიდხანს ვფიქრობდი და მთელი გულით ვლოცულობდი. „აღარ შემიძლია მათი მოხატვა!“ — ასეთი იყო ჩემი გადაწყვეტილება. 1964 წლის 25 აპრილს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
ბილი ხშირად ამბობდა იმის შესახებ, თუ რა სამწუხარო იქნებოდა, რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი დაგვაშორებდა ერთმანეთს. როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ვეუბნებოდი ხოლმე: „ბილ, ჩვენ შეგვიძლია მარადიულად ვიცხოვროთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში!“ (ესაია 25:8; გამოცხადება 21:4, 5). ის ფიქრობდა, რომ გავგიჟდი. როდესაც ავუხსენი, რატომ აღარ შემეძლო სუფთა სინდისით სამხედრო ფიგურების მოხატვა, ის განრისხდა და დამემუქრა, რომ მიმატოვებდა. მოგვიანებით მან შეასრულა თავისი პირობა.
მრავალი წლის განმავლობაში ბილი დამოუკიდებლად აკეთებდა სამხედრო ფიგურებს. მაგრამ ძალიან არ დაგვშორებია და ყოველთვის გვეხმარებოდა მე და ჩვენს ვაჟს, კრეიგს, რომელიც 1942 წელს შეგვეძინა. 1988 წელს ბილი დაბრუნდა და მის სიკვდილამდე, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ერთად ვიყავით.
ამასობაში კი, 1966 წელს ჩემს მიზანს მივაღწიე, გავმხდარიყავი პიონერი. მას შემდეგ არასდროს მინანია ჩემს წარსულ ცხოვრებაზე. შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, ჩემი უფროსი დისთვის ბიბლია შემესწავლებინა. მან მიიღო ეს სწავლებები და დღემდე აქტიური მოწმეა. მამაჩემმაც მოისმინა ბიბლიური ცნობა და ორ კვირაში შეხვედრებზე დასწრება დაიწყო სამეფო დარბაზში. 75 წლის ასაკში მოინათლა და სიკვდილამდე, 81 წლამდე, ღვთის ერთგული დარჩა. დედაჩემმაც აღიარა იეჰოვა თავის ღმერთად, მაგრამ სანამ მას თავს მიუძღვნიდა, გარდაიცვალა. ის თითქმის 94 წლის იყო.
წლების მანძილზე მშვიდობის ღმერთმა, იეჰოვამ, დიდად მაკურთხა. ამჟამად 81 წლის ვარ და მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს სიარული, ჯერ კიდევ პიონერად ვმსახურობ. ისეთივე გრძნობა მეუფლება, როგორიც პავლე მოციქულს, რომელმაც დაწერა: „ვემადლიერები მას, ვინც ძალა მომცა — ჩვენს უფალს ქრისტე იესოს, რომელმაც სარწმუნოდ მიმიჩნია და განმაწესა მსახურებად“ (1 ტიმოთე 1:12). რა დიდებული მსახურებაა ეს! ბევრმა, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენი გულმოწყალე ღვთისთვის ემსახურათ.
ნამდვილად ვწუხვარ, რომ მთელი ჩემი ოჯახი არ გამოეხმაურა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. შეიძლება დროთა განმავლობაში ეს ასეც მოხდეს. მაგრამ ჩემს შემთხვევაში იესოს სიტყვების ჭეშმარიტება ნათელი გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მოწაფეები ‘ამჟამად ასწილად მიიღებდნენ სახლებს, ძმებსა და დებს, დედებსა და შვილებს’ (მარკოზი 10:30). იეჰოვამ, მართლაც რომ, გამამდიდრა. რამხელა პატივისა და სიხარულის მომტანია სახელგანთქმულობისა და ომის ნაცვლად ღვთისა და მშვიდობის არჩევა!
[სურათი 12 გვერდზე]
გენერალ ლ. შეპერდ უმცროსთან ერთად 1954 წელს.
[საავტორო უფლება]
Defense Dept. photo (Marine Corps)
[სურათი 13 გვერდზე]
(ბუნებრივი ზომა).
[სურათი 14 გვერდზე]
ახლა 81 წლის ვარ და უკვე 30 წელზე მეტია, რაც პიონერად ვმსახურობ.