როგორ ვუთხრა მას უარი?
ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ ვუთხრა მას უარი?
„ამ ზაფხულს ჩვენს კრებაში ერთ ძმას შევუყვარდი. მე ის არასდროს მომწონდა, მაგრამ სირთულეს ის ქმნიდა, რომ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა უარი ტკივილის მიუყენებლად“ (ელიზაბეთი) *.
„რას ფიქრობ, უკეთ რომ გაგვეცნო ერთმანეთი?“. როდისმე შენთვის თუ მოუმართავს ახალგაზრდა მამაკაცს ამ კითხვით? როგორც ახალგაზრდა ქალი, ამან შეიძლება გაგახარა, კმაყოფილება მოგგვარა და აღგაფრთოვანა კიდეც *. მეორე მხრივ, შეიძლება ისე შეგაცბუნა, რომ არც კი იცი, რა უპასუხო.
როცა ვინმე რომანტიკულ გრძნობებს გამოხატავს შენდამი, ეს შეიძლება შენთვის ემოციური მღელვარების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დაქორწინებისთვის შესაფერისი ასაკი გაქვს და შეგიძლია გამოეხმაურო ასეთ ყურადღებას *. მაგრამ ის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენ, დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გამოავლენს შენდამი ინტერესს. თუ ის ემოციურად მოწიფული პიროვნებაა და გრძნობ, რომ გიზიდავს, შეიძლება ადვილი იყოს დადებითი პასუხის გაცემა. მაგრამ როგორ მოიქცევი, თუ აშკარად ხედავ, რომ მას არა აქვს ისეთი თვისებები, შენთვის შესაფერისი თანამგზავრი რომ იყოს? ან, თუ, მისი შესანიშნავი თვისებების მიუხედავად, უბრალოდ, არა გაქვს მის მიმართ რომანტიკული გრძნობები?
აგრეთვე დაფიქრდი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობაზე, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ხვდებოდა ვინმეს, მაგრამ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არ სურს დარჩენილი სიცოცხლის მასთან ერთად გატარება. იმის ნაცვლად, რომ გაწყვიტოს კავშირი, მასთან შეხვედრას განაგრძობს. „როგორ ვუთხრა უარი?“ — ასეთ კითხვას სვამს ის.
როცა არ გაგაჩნია რომანტიკული გრძნობები
პატრიარქალურ დროში, როგორც ჩანს, მშობლების მიერ შერჩეულ ადამიანებზე ქორწინდებოდნენ (დაბადება 24:2—4, 8). დასავლეთის ქვეყნებში ქრისტიანების უმეტესობას შეუძლია თავისუფლად აირჩიოს ცხოვრების თანამგზავრი. ბიბლიაში მოცემულია ერთი პირობა — ქრისტიანები ქორწინდებიან მხოლოდ „უფალში“ (1 კორინთელთა 7:39).
ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ თანამორწმუნეზე უნდა დაქორწინდე, რომელიც ინტერესს ავლენს შენ მიმართ ან რომელსაც ცოტა ხნის მანძილზე
ხვდებოდი? ამისათვის განვიხილოთ შუა აღმოსავლეთში მდებარე სოფელ შუნემში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის მაგალითი. სოლომონმა, მისმა მეფემ, შენიშნა ის და გულში ჩაუვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მეფე ამ ქალის გულის მოგებას ცდილობდა, მან არა მხოლოდ მას უთხრა უარი, არამედ დაჟინებით სთხოვა სამეფო კარზე მომსახურე სეფექალებს: „არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს“ (ქებათა-ქება სოლომონისა 2:7). ამ გონიერ ქალწულს არ სურდა, რომ სხვების ზეგავლენით ემოციებს აჰყოლოდა და ისე მიეღო გადაწყვეტილება. მას არ ჰქონდა რომანტიკული გრძნობები სოლომონის მიმართ, რადგან ერთი თავმდაბალი მეცხვარე უყვარდა.ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია მათთვის, რომლებიც დღესდღეობით ქორწინებაზე ფიქრობენ: შეუძლებელია, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ გაგიჩნდეს რომანტიკული გრძნობები. ამგვარად, მაშინაც კი, როცა გარკვეული დროის განმავლობაში ახალგაზრდა ქალი ვინმეს ხვდება, შეიძლება მიხვდეს, რომ არა აქვს მის მიმართ ინტერესი. შესაძლოა მისი ასეთი გრძნობები გამოწვეული იყოს მეორე პიროვნებისთვის დამახასიათებელი ზოგი აშკარად შესამჩნევი ნაკლოვანებით ან შეიძლება ფიქრობს, რომ ის არ არის მისთვის მიმზიდველი. ასეთი გრძნობების უკუგდება უგუნურება იქნებოდა, რადგან, უბრალოდ, მათი უგულებელყოფით შეუძლებელია მათი გულიდან ამოშლა *. „გონებაში უამრავი ეჭვი მიტრიალებდა მასთან დაკავშირებით“, — თქვა თამარმა იმ ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელსაც ხვდებოდა. „მხოლოდ უბრალო ეჭვები კი არა, საფუძვლიანი ეჭვებიც, რომლებიც იმდენად მტანჯავდა, რომ, სინამდვილეში, დაძაბულად ვგრძნობდი თავს და აღელვებული ვიყავი მასთან ერთად ყოფნის დროს“. მოგვიანებით ის მიხვდა, რომ ასეთი ეჭვების გამო საუკეთესო იქნებოდა, ურთიერთობა გაეწყვიტათ.
რატომ არის ძნელი უარის თქმა
უფრო ადვილია იმის თქმა, რომ უარს ეტყვი ახალგაზრდა მამაკაცს, ვიდრე გაკეთება. დასაწყისში მოხსენიებული ელიზაბეთის მსგავსად, შეიძლება გაწუხებდეს ის, რომ ტკივილი არ მიაყენო მას. რასაკვირველია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სხვების გრძნობებს. ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ ‘შეიმოსონ მოწყალება’, და ისე მოეპყრონ სხვებს, როგორც თავად ისურვებდნენ, რომ მოპყრობოდნენ (კოლასელთა 3:12; მათე 7:12). მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ისე მოაჩვენო ამ ახალგაზრდა მამაკაცს თავი, რომ არ უწურავ იმედს და გულს არ სტკენ? ადრე იქნება თუ გვიან, ის, უეჭველად, მიხვდება, სინამდვილეში რას გრძნობ და ის, რომ გულახდილი არ იყავი და აყოვნებდი მისთვის ნამდვილი გრძნობების გამხელას, უფრო დიდ ტკივილს მიაყენებს მას. კიდევ უფრო გააუარესებდა მდგომარეობას, თუ ცოლად გაჰყვებოდი მას მხოლოდ სიბრალულის გამო. სიბრალულის გრძნობა არ არის იმისთვის საკმარისი, რომ მყარი საფუძველი ჩაეყაროს ქორწინებას.
მაგრამ შესაძლოა იმაზეც ფიქრობდე, რომ, თუ მას არ გაჰყვები, შეიძლება გათხოვების შესაძლებლობა მეორედ აღარ მოგეცეს. როგორც ნათქვამი იყო ჟურნალ „მოზარდის“ (Teen) ერთ-ერთ სტატიაში, გოგონა შესაძლოა ფიქრობდეს: „ის იდეალური არ არის, მაგრამ, ის არის ადამიანი, რომელზეც შემიძლია გავთხოვდე, — ნამდვილად არ მსურს მარტო ყოფნა“. რასაკვირველია, ვინმესთან მეგობრული ურთიერთობის სურვილი ძალიან ძლიერია. მაგრამ ამ სურვილის მართებულად დაკმაყოფილება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი, ვისაც შეხვდები, შენი ცხოვრების თანამგზავრი გახდეს. ეს ნიშნავს ისეთი ადამიანის მონახვას, რომლის შეყვარებასაც ნამდვილად შესძლებ და რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების შესრულებას შესძლებს (ეფესელთა 5:33). ამიტომ ნაჩქარევად ნუ აირჩევ ცხოვრების თანამგზავრს! ბევრმა ინანა, რომ ნაჩქარევად დაქორწინდა.
ვინმემ შეიძლება მაშინაც კი განაგრძოს პაემანზე სიარული, როცა აშკარად ამჩნევს ახალგაზრდა მამაკაცის ნაკლოვანებებს. „თუ ცოტა მეტ დროს მივცემ, — ფიქრობენ ისინი. — შეიძლება შეიცვალოს“. რამდენად გონივრულია ასეთი თვალსაზრისი? ბოლოს და ბოლოს, ცუდი ჩვევები თუ მანერები ხშირად ხომ იმდენად გამჯდარია ძვალსა და რბილში, რომ ძალიან ძნელია, მათი გამოსწორება. და მაშინაც კი, თუ იგი ძალიან სწრაფად და საოცრად იცვლება, შეგიძლია
ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება? მსგავს სიტუაციაში ახალგაზრდა ქალმა, კარენმა, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და, როდესაც დაინახა, რომ ერთნაირი მიზნები არ ამოძრავებდათ, შეწყვიტა ახალგაზრდა მამაკაცთან შეხვედრა. „ამის გაკეთება რთული იყო, — აღიარებს ის. — რადგან თავისი გარეგნობით მიზიდავდა. მაგრამ ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი“.დიდი სიფრთხილით მოპყრობა
ჩვეულებრივ, ვინმესთვის უარის თქმა არც ისე ადვილია. ასეთ სიტუაციაში ისეთივე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როგორი სიფრთხილითაც შეფუთულ მსხვრევად ნაკეთობას ეპყრობიან. ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს.
განიხილე ეს საკითხი შენს მშობლებთან ან სხვა მოწიფულ თანაქრისტიანებთან კრებაში. ისინი შეიძლება დაგეხმარონ იმის დანახვაში, გადაჭარბებული ხომ არ არის შენი მოლოდინი.
გასაგებად და გულახდილად გამოთქვი საკუთარი აზრი. ეჭვს ნუ დაუტოვებ მას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გრძნობ. უბრალოდ ნათქვამი „არა, გმადლობ“ საკმარისი იქნება მის შესაჩერებლად. თუ საჭიროა, მტკიცედ განუცხადე უარი ისეთი სიტყვებით, როგორიცაა, „ვწუხვარ, მაგრამ სინამდვილეში არ ვარ შენით დაინტერესებული“. ფრთხილად იყავი, ისეთი შთაბეჭდილება არ დაუტოვო, რომ, თუ უფრო მეტ დაჟინებულობას გამოავლენდა, შეიცვლიდი თვალსაზრისს. გასაგებად თქვი, რომ არა გაქვს მის მიმართ რომანტიკული გრძნობები, რაც მას თავგზას არ აუბნევს და უფრო გაუადვილებს იმედგაცრუებასთან გამკლავებას.
გულახდილად საუბრის დროს იყავი ტაქტიანი. იგავნის 12:18-ში აღნიშნულია: „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს“. მართალია, სიმტკიცის გამოვლენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენი სიტყვა ‘მადლიანი, მარილით შეზავებული’ უნდა იყოს (კოლასელთა 4:6).
ნუ შეცვლი გადაწყვეტილებას. კეთილი სურვილებით აღძრულმა მეგობრებმა, რომლებმაც, ალბათ, ცოტა რამ თუ იციან შენი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ, შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ შენზე, რათა კიდევ ერთხელ შეეცადო ურთიერთობის აღდგენას. მაგრამ, საბოლოოდ, საკუთარი გადაწყვეტილების თანახმად ცხოვრება შენ მოგიწევს და არა შენს კეთილმოსურნე მეგობრებს.
იმოქმედე საკუთარი გადაწყვეტილების თანახმად. შეიძლება ადრე კარგი მეგობრები იყავით და ბუნებრივია, გსურდეს, რომ ყველაფერი ადრინდელივით დარჩეს. მაგრამ, ჩვეულებრივ, ეს არც მიზანშეწონილია და არც რეალურად შესაძლებელი. თუ მას შენდამი რომანტიკული გრძნობები გაუჩნდა, განა რეალურია მოელოდე, რომ ის ასე უბრალოდ უკუაგდებს ამ გრძნობებს და ისე მოგაჩვენებს თავს, რომ თითქოს არაფერი მომხდარა? ამრიგად, თუმცა შენთვის აშკარად უმჯობესია, რომ ერთმანეთს უგულოდ არ მოექცეთ, რეგულარულად ტელეფონით საუბარი ან სხვების დასანახავად დროის დიდი ნაწილის ერთად გატარება, ალბათ, უფრო დიდ ტანჯვას მიაყენებდა მეორე ადამიანს. ამით შეიძლება მის გრძნობებზე გეთამაშა, რაც შენი მხრიდან არ იქნებოდა ლამაზი.
პავლე მოციქული ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ერთმანეთს ‘ჭეშმარიტება ელაპარაკონ’ (ეფესელთა 4:25). ასე მოქცევა შეიძლება ძნელი იყოს, მაგრამ ეს ორივეს დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების წარმატებით წარმართვაში.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 4 თუმცა ამ სტატიაში საუბარი ახალგაზრდა ქალებს ეხება, მოცემული პრინციპების გამოყენება ახალგაზრდა მამაკაცებისთვისაც იქნებოდა მიზანშეწონილი.
^ აბზ. 5 ის, თუ რა საშიშროება არსებობს მაშინ, როცა მოზარდები პაემანზე დადიან, განხილულია ამ ჟურნალის 2001 წლის 8 თებერვლის გამოცემაში.
^ აბზ. 10 იხილე სტატია „უნდა შევწყვიტოთ თუ არა ურთიერთობა?“, რომელიც მოცემული იყო „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 იანვარი, 1991, [რუს.]).
[ჩანართი 20 გვერდზე]
შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანის მიმართ გქონდეს რომანტიკული გრძნობები.
[სურათი 21 გვერდზე]
გულახდილად და გასაგებად ისაუბრე საკუთარ გრძნობებზე.