სასწაულებრივი სისხლის მიმოქცევის სისტემა
სასწაულებრივი სისხლის მიმოქცევის სისტემა
წარმოიდგინეთ სახლი რთული წყალგაყვანილობის სისტემით, რომლის მილებში გამდინარე სითხე საკვების, წყლის, ჟანგბადისა და ნარჩენი ნივთიერებების ტრანსპორტირებას ახდენს. უფრო მეტიც, ეს მილები ისეა მოწყობილი, რომ თვითონ შეუძლიათ საკუთარი თავის შეკეთება და გამრავლება იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროებამ მოითხოვა. რა დიდებული მოწყობილობაა!
მაგრამ თქვენი სხეულის „წყალგაყვანილობის“ სისტემას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. გარდა იმისა, რომ სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში ეხმარება თქვენს ორგანიზმს, ის ახდენს საოცრად ბევრი ჰორმონის, ანუ ქიმიური მაცნეების, და დაავადებისაგან ძლიერი დამცველების ტრანსპორტირებას. მთელი ქსელი აგრეთვე რბილი და დრეკადია, რაც მათ ამორტიზაციისა და სხეულის სხვა ნაწილებთან თანაარსებობის საშუალებას აძლევს. ვერც ერთი ინჟინერი ვერ შექმნიდა ასეთ სისტემას, მაგრამ ეს გააკეთა შემოქმედმა, როდესაც ადამიანის ვენები, არტერიები და კაპილარები გამოძერწა.
სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემა, ფაქტობრივად, ორი ერთობლივად მომუშავე სისტემისგან შედგება. ერთი მათგანი გულ-სისხლძარღვთა სისტემაა, რომელშიც გული, სისხლი და ყველა სისხლძარღვი შედის. მეორეა ლიმფური სისტემა; ის მოიცავს ლიმფური ძარღვების ქსელს, რომელიც ლიმფის სახელწოდებით ცნობილ ჭარბ სითხეს ორგანიზმის ქსოვილებიდან უკან, სისხლის ნაკადში, აბრუნებს. თუ ზრდადასრულებული ადამიანის სისხლძარღვებს ერთ მწკრივად დავალაგებდით, მათი სიგრძე დაახლოებით 100 000 კილომეტრი იქნებოდა, რაც დედამიწას ორ-ნახევარჯერ შემოსწვდებოდა! ეს ვრცელი სისტემა სიცოცხლის მომცემ სისხლს აწვდის მილიარდობით უჯრედს; სისხლი კი სხეულის 8 პროცენტს შეადგენს.
კარდიოვასკულარული ანუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მამოძრავებელი, რა თქმა უნდა, გულია. ეს მუშტის ზომის ორგანო ყოველდღიურად, სულ მცირე, 9 500 ლიტრ სისხლს გადატუმბავს, რაც დაახლოებით ყოველ 24 საათში ერთი ტონა ტვირთის 10 მეტრ სიმაღლეზე ატანის ეკვივალენტია!
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მარშრუტი
რა გზებით მოძრაობს სისხლი? მოდი დავიწყოთ ჟანგბადით ღარიბი სისხლით, რომელიც გულში ორი დიდი ვენის, ზემო და ქვემო ღრუ ვენების, საშუალებით ჩაედინება (იხილეთ
დიაგრამა). ეს ვენები იხსნება გულის პირველ ღრუში, რომელსაც მარჯვენა წინაგული ეწოდება. მარჯვენა წინაგული შემდეგ სისხლს უფრო კუნთოვან ღრუში, მარჯვენა პარკუჭში, გადაისვრის. აქედან სისხლი ფილტვის ღეროსა და ფილტვის არტერიების გავლით ფილტვებისკენ მიემართება; ფილტვის არტერიები არტერიებიდან ერთადერთია, რომლებიც ჟანგბადით ღარიბი სისხლის ტრანსპორტირებას ახდენს. ჩვეულებრივ, ჟანგბადით ღარიბი სისხლის ტრანპორტირება ვენების საშუალებით ხდება.ფილტვებში სისხლი ნახშირორჟანგისგან თავისუფლდება და ჟანგბადით მდიდრდება. შემდეგ ეს სისხლი ფილტვის ოთხი ვენის გავლით — ჟანგბადით მდიდარი სისხლის მატარებელი ერთადერთი ვენებით — მარცხენა წინაგულში ჩაედინება. მარცხენა წინაგული მარცხენა პარკუჭში, გულის უძლიერეს ღრუში, იხსნება; მარცხენა პარკუჭი ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს აორტის გავლით სხეულში გადაისვრის. ორი წინაგულის შეკუმშვის შემდეგ, ორი პარკუჭი იკუმშება; ამ ორი წყვილი ღრუს მორიგეობითი შეკუმშვა გულისცემას განაპირობებს. ოთხი შიგნითა სარქველი გულში სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას განაპირობებს.
ვინაიდან უფრო კუნთოვანი მარცხენა პარკუჭი სისხლს მთელ სხეულში გადაისვრის, მას მარჯვენასთან შედარებით ექვსჯერ მეტი ძალა აქვს. ამის შედეგად წარმოქმნილ წნევას ადვილად შეეძლო ანევრიზმის (არტერიის კედლის გაგანივრება) ან ტვინში სასიკვდილო სისხლის ჩაქცევის გამოწვევა, რომ არა მარჯვედ კონსტრუირებული მექანიზმი, რომელიც უეცრად მომატებულ წნევას უძლებს.
ელასტიკური არტერიები
თქვენს ორგანიზმში უდიდესი არტერია, აორტა, და მისი ძირითადი ტოტები ელასტიკური არტერიებია. მათი სანათური დიდია, რაც სისხლს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. მათ აგრეთვე აქვთ სქელი, კუნთოვანი და კონცენტრულ შრეებად დალაგებული ელასტინისგან (ელასტიკური ცილა) შემდგარი კედლები. როდესაც მარცხენა პარკუჭი სისხლს ამ არტერიებში გადაისვრის, ისინი იჭიმება, უძლებს მაღალ წნევას და სისხლს შემდგომი ტიპის არტერიებში, კუნთოვან ანუ რეგიონალურ არტერიებში, გადაისვრის, რომელთა კედლებშიც არის ელასტინი. ამ საოცარი მექანიზმის წყალობით *.
სისხლის წნევა სტაბილურია, როდესაც ის კაპილარებამდე აღწევსრეგიონალური არტერიების სანათურის დიამეტრი დაახლოებით 1—0,3 მილიმეტრია. დილატაციის ან შეკუმშვის წყალობით, რომელსაც სპეციალური ნერვული ბოჭკოების მოქმედება უწევს კონტროლს, სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის რეგულირება ხდება, რაც სისხლის მიმოქცევის სისტემას ძალზე დინამიკურს ხდის. მაგალითად, ტრავმული ან სხვა საგანგაშო შემთხვევების დროს არტერიების სენსორული უჯრედებიდან, რომლებიც წნევის ცვალებადობაზე რეაგირებენ, სიგნალები მიეწოდება ტვინს, რომელიც, თავის მხრივ, სიგნალს აწვდის შესაბამის არტერიებს, რათა მაქსიმალურად შეზღუდონ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან (მაგალითად, კანი) არეებში სისხლის მიწოდება და მეტი სისხლი გადაისროლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში. ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ აღნიშნავს: «თქვენს არტერიებს შეუძლიათ „იგრძნონ“, თუ როგორია მათში სისხლის ნაკადი და შესაბამისად იმოქმედონ». განა გასაკვირია, რომ არტერიებს „გონებამახვილ მილებს“ უწოდებენ?
იმ დროისთვის, როდესაც სისხლი უმცირეს არტერიებს, არტერიოლებს, ტოვებს, მისი წნევა მდგრადია და დაახლოებით ვერცხლისწყლის სვეტის 35 მილიმეტრია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არტერიოლებში წნევა მდგრადი და დაბალია, რადგან არტერიოლები შემდეგ უმცირეს სისხლძარღებში, კაპილარებში, გადადის.
წითელი უჯრედები ერთმწკრივად
კაპილარები, რომელთა დიამეტრიც 8—10 მიკრომეტრია (მეტრის მემილიონედი ნაწილი), იმდენად ვიწროა, რომ მათში სისხლის წითელი უჯრედები ერთმწკრივადღა ეტევიან და ისე გადიან. მიუხედავად იმისა, რომ კაპილარების კედლები უჯრედების ერთი შრისგან შედგება, ისინი მიმდებარე ქსოვილებს საკვებ ნივთიერებებსა (ისინი პლაზმაში ან სისხლის თხევად ნაწილებში არიან გახსნილი) და ჟანგბადს
(რომელიც წითელ უჯრედებს გადააქვთ) აწვდიან. ამავე დროს ნარხშირორჟანგი და ნივთიერებათა ცვლის სხვა ნარჩენი პროდუქტები ქსოვილებიდან კაპილარებში ბრუნდება. პაწაწინა მარყუჟისმაგვარი კუნთოვანი ბოჭკოების — რომელთაც სფინქტერებს უწოდებენ — საშუალებით კაპილარებს შეუძლიათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების მოთხოვნილებების შესაბამისად არეგულირონ სისხლის ნაკადის მდინარება.ვენულებიდან ვენებამდე და შემდეგ გულამდე
სისხლი კაპილარებიდან ვენულებად წოდებულ პატარა ვენებში გადადის. მათი დიამეტრი 8—100 მიკრომეტრია; ვენულები უერთდებიან ვენებს, რომლებიც სისხლს გულში აბრუნებენ. ვენებში მისულ სისხლს უკვე თითქმის დაკარგული აქვს მთელი საწყისი წნევა, ამიტომაც ვენების კედლები არტერიების კედლებთან შედარებით უფრო თხელია. მათში ნაკლებია ელასტინის შემცველობაც. მაგრამ ვენის სანათური უფრო დიდია, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მთელი სხეულის სისხლის 65 პროცენტი ვენებშია.
მათში არსებული დაბალი წნევის საკომპენსაციოდ ვენებს აქვთ საოცარი გზა, რომლის საშუალებითაც ისინი სისხლს გულში აბრუნებენ. 1) ისინი აღჭურვილი არიან სპეციალური ფიალისებრი სარქველებით, რომლებიც ხელს უშლის გრავიტაციის ძალის ზემოქმედებით გულიდან სისხლის უკან დაბრუნებას. 2) ამას ხელს უწყობს თქვენი სხეულის ჩონჩხის კუნთების მუშაობა. როგორ? როდესაც თქვენი კუნთები იკუმშება, მაგალითად, ფეხის კუნთების მოძრაობისას, ისინი ახლომდებარე ვენებს აწვებიან. ეს, თავის მხრივ, სარქველების დახმარებით სისხლს აიძულებს, ერთი მიმართულებით, გულისკენ, იმოძრაოს. ბოლოს, მუცლისა და გულმკერდის ღრუში არსებული წნევა, რომელიც სუნთქვის პროცესითაა განპირობებული, ვენებს ეხმარება სისხლის პირდაპირ გულის წინაგულში გადატანაში.
კარდიოვასკულარული სისტემა იმდენად ეფექტურია, რომ, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ისვენებს, ეს სისტემა წუთში დაახლოებით 5 ლიტრ სისხლს აბრუნებს გულში! სიარულისას ამ სისხლის რაოდენობა დაახლოებით 8 ლიტრამდე იზრდება, ხოლო მარათონისას კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მორბენალის გული წუთში დაახლოებით 35 ლიტრ სისხლს აბრუნებს, რაც შვიდჯერ აღემატება მოსვენების მდგომარეობაში გულის მიერ გადასროლილი სისხლის რაოდენობას.
ზოგ შემთხვევაში მემკვიდრეობითი მიდრეკილების ან სიმსუქნის, ორსულობისა თუ დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომის გამო შეიძლება ვენის სარქველები არ ფუნცქიონირებდეს. როდესაც ვენის ეს სარქველები ვეღარ ფუნქციონირებს, სისხლი ვენებში გუბდება და ვითარდება პროცესი, რომელსაც ვენების ვარიკოზული გაგანივრება ეწოდება. მსგავსად ამისა, დაძაბვამ, მაგალითად, მშობიარობის ან კუჭში გასვლის დროს, შეიძლება გაზარდოს მუცლის ღრუში არსებული წნევა, რაც ხელს უშლის ანუსისა და მსხვილი ნაწლავების ვენებიდან სისხლის გამოტანას. ასეთ შემთხვევებში შეიძლება ვარიკოზული ვენები ჰემოროიდული გახდეს.
ლიმფური სისტემა
როდესაც კაპილარები ქსოვილებთან საკვებ ნივთიერებებს ტოვებენ და ცხოველქმედების პროდუქტებს იბრუნებენ, დაბრუნებული სითხის რაოდენობა ცოტათი უფრო ნაკლებია, ვიდრე გაცემულის. ქსოვილებში გადის ძალზე მნიშვნელოვანი სისხლის ცილები. ამგვარად, იქმნება ლიმფური სისტემის აუცილებლობა. ეს სისტემა აგროვებს მთელ ჭარბ სითხეს, რომელსაც ლიმფა ეწოდება, და გულმკერდის სადინარი — რომელსაც კისრის ფუძესთან მდებარე დიდ ვენაში ჩართვის მახლობლად სხვა ლიმფური ღეროებიც ერთვის — ლიმფას სისხლის ნაკადში აბრუნებს.
არტერიებისა და ვენების მსგავსად, ლიმფურ სისხლძარღვებშიც გარკვეული კლასიფიკაცია არსებობს. უმცირეს ლიმფურ მილაკებს ლიმფური კაპილარები ეწოდება და ისინი სისხლძარღვთა კაპილარებთან ერთად გვხვდება. ამ ძარღვებში ადვილად იჟონება სითხე, რის გამოც ლიმფური ძარღვები იწოვს ჭარბ სითხეს და მას უფრო დიდ ლიმფურ ძარღვებში აგროვებს, რომლებსაც ლიმფა ლიმფურ ღეროებში მიაქვს. ამ ღეროების გაერთიანებით მიიღება ლიმფური სადინარები, რომლებიც, თავის მხრივ, ვენებს ერთვის.
ლიმფა გადაადგილდება მხოლოდ ერთი მიმართულებით — გულისკენ. მაშასადამე, კარდიოვასკულარული სისტემისგან განსხვავებით, ლიმფურ სისტემას არ ახასიათებს წრიული მოძრაობა. ლიმფურ ძარღვებში სუსტი კუნთოვანი მოქმედება, რომელსაც მახლობლად მდებარე არტერიების პულსაცია და კიდურების მოძრაობა ემატება, სისტემაში ლიმფის მოძრაობას უწყობს ხელს. ლიმფურ ძარღვებში წარმოქმნილი ნებისმიერი ბარიერი მიმდებარე რეგიონში სითხის დაგუბებას უწყობს ხელს, და იქმნება შეშუპება, რომელსაც ედემა ეწოდება.
ლიმფური ძარღვები შეიძლება დაავადების გამომწვევმა აგენტებმაც გამოიყენოს. ამიტომ შემოქმედმა ლიმფური სისტემა ძლიერი დაცვით უზრუნველყო; ეს არის ლიმფოიდური ორგანოები: ლიმფური კვანძები — რომლებიც მთელი შემკრები ლიმფური ძარღვების გასწვრივ არის განლაგებული — ელენთა, თიმუსი, ნუშისებრი ჯირკვალი, აპენდიქსი და თეძოს ნაწლავის შეჯგუფებული ლიმფური ფოლიკულები („პეიერის ფოლაქები“). ამ ორგანოებში ხდება ლიმფოციტების, იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების, წარმოქმნა და დაგროვება. ამიტომ ჯანსაღი ლიმფური სისტემა მთელი ორგანიზმის ჯანმთრელობას უწყობს ხელს.
აქ მთავრდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში ჩვენი მოგზაურობა. მაგრამ ამ მოკლე ექსკურსიდანაც ნათელი გახდა, რომ ის საოცრად რთული აგებულებისაა და მახვილგონივრულად არის შექმნილი. გარდა ამისა, ეს სისტემა თავის დაუსრულებელ სამუშაოს ჩუმად ასრულებს და, თუ ავად არ გავხდით, საკუთარი თავის შესახებ არც კი გვახსენებს. ასე რომ, მიხედეთ თქვენს სისხლის მიმოქცევის სისტემას, ის კი, თავის მხრივ, თქვენ მოგხედავთ.
[სქოლიო]
^ აბზ. 12 სისხლის წნევას კიდურებზე ზომავენ. ის ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით იზომება. მაქსიმალური და მინიმალური წნევა გულის შეკუმშვითა და მოდუნებით არის განპირობებული და, შესაბამისად, სისტოლური და დიასტოლური წნევა ეწოდება. სისტოლური და დიასტოლური წნევა სხვადასხვა პირებში ცვალებადობს და დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, გონებრივ და ფიზიკურ სტრესსა თუ დაღლილობაზე. სისხლის წნევა, ჩვეულებრივ, ქალებში უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებში, ბავშვებში უფრო დაბალია, ვიდრე მოზრდილებში. თუმცა ამასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად, განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ჯანმრთელი ახალგაზრდის სისტოლური წნევა შეიძლება ვერცხლისწყლის სვეტის 100—140 მმ იყოს, ხოლო დიასტოლური 60—90.
[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]
მიხედეთ თქვენს არტერიებს!
არტერიოსკლეროზი ანუ არტერიის კედლის გამკვრივება-გასქელება მრავალ ქვეყანაში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. არტერიოსკლეროზის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ათეროსკლეროზი, რაც არტერიებში ცხიმოვანი ფაფისებური ჩალაგების უბნების (ათერომების) წარმოქმნის შედეგად ვითარდება. როდესაც აღნიშნული ჩანართები კრიტიკულ ზღვარს აღწევს და იშლება, არტერიების სანათურს მთლიანად ახშობს. მთლიანი დახშობა შეიძლება ამ უბანში თრომბების გაჩენის ან თვით არტერიის კედლის კუნთოვანი შრის სპაზმის გამოც იყოს გამოწვეული.
განსაკუთრებით საშიშია ათეროსკლეროზული ფოლაქების კორონარული არტერიის კედლებზე არსებობა, რომლებიც გულის კუნთის მკვებავი არტერიებია. მაშასადამე, ამ შემთხვევაში გულის კუნთი არასაკმარისი რაოდენობით იღებს სისხლს, რაც გულის ანგინით ვლინდება; იგი მძაფრი ზეწოლის ან მოჭერითი ტკივილის მწვავე შეტევით გამოიხატება, რაც ხშირად ფიზიკურ დაძაბულობას მოსდევს. კორონარული არტერიის სრულმა ბლოკირებამ, შესაძლოა, გულის შეტევა და გულის კუნთის კვდომა, ნეკროზი, გამოიწვიოს. სერიოზულ შეტევას შესაძლოა გულის სრული გაჩერება მოჰყვეს.
ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორებში შედის: მოწევა, ემოციური სტრესი, დიაბეტი, სიმსუქნე, უმოძრაობა, სისხლის მაღალი წნევა, ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება და მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
[სურათები]
ჯანსაღი.
შუალედური სტადია.
დაცობის შორს წასული ფორმა.
[დიაგრამა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კორონარული არტერია.
[დიაგრამა 24, 25 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ჟანგბადით მდიდარი სისხლი
→ ფილტვები →
გული გული
მარჯვენა პარკუჭი მარცხენა პარკუჭი
↑ ↓
ვენები არტერიები
↑ ↓
ვენულები არტერიოლები
← კაპილარები ←
ჟანგბადით ღარიბი სისხლი
ჟანგბადით ღარიბი სისხლი
სხეულიდან სხეულიდან
ზემო ღრუ ვენა ქვემო ღრუ ვენა
↓ ↓
მარჯვენა პარკუჭი
↓
მარჯვენა წინაგული
სარქველები
↓
ფილტვებისკენ
ფილტვის არტერია
ჟანგბადით მდიდარი სისხლი
ფილტვებიდან
↓
მარცხენა წინაგული
სარქველები
↓
მარცხენა პარკუჭი
↓
აორტა
↓
სხეულში
[დიაგრამა 25 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
როგორ ცემს გული
1. მოდუნების ფაზაში
2. შეკუმშული წინაგულები
3. შეკუმშული პარკუჭები
[სურათი 25 გვერდზე]
სისხლის უჯრედები სისხლძარღვებში 100 000 კილომეტრს გადიან.
[სურათი 26 გვერდზე]
კაპილარების ფოტოსურათი, რომლებშიც სისხლის წითელი უჯრედები ერთმწკრივად მოძრაობენ.
[საავტორო უფლება]
Lennart Nilsson
[საავტორო უფლებები დაცულია]
Blood cell background on pages 24-6: Lennart Nilsson