სტუმრად სამოთხეში
სტუმრად სამოთხეში
ჩვენი კორესპონდენტისგან ესპანეთში
სპილოები, ვეფხვები და ქურციკები, ჩვეულებისამებრ, მიტოვებული მაღაროების გარშემო არ ხეტიალობენ. ცნობილია, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად ჩატარებული სამუშაოები ამახინჯებს და ავერანებს ლანდშაფტს, რის გამოც ეს ადგილი აღარ არის შესაფერისი თავშესაფარი ეგზოტიკური ცხოველებისთვის.
მაგრამ ესპანეთის პროვინცია კანტაბრიაში მდებარე კაბარსენოს ნაკრძალში ჩატარებულმა უნიკალურმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ადგილებიც კი შეიძლება გალამაზდეს და სამოთხის მსგავს ადგილად იქცეს.
დაახლოებით 3 000 წლის განმავლობაში კაბარსენო სახელგანთქმული იყო თავისი მაღალხარისხოვანი რკინის მადნით. კელტმა მეშახტეებმა აღმოაჩინეს, რომ რკინის ჟანგეული, რომელიც ამ ადგილებში ბუნებრივად მოიპოვება, ადვილად შეიძლებოდა რკინად ქცეულიყო, რომელიც მეტად საჭირო ლითონი იყო კელტური სამუშაო და საომარი იარაღის დასამზადებლად. საუკუნეების მანძილზე რომაელებიც იყენებდნენ სასარგებლო წიაღისეულს.
მას შემდეგ, რაც ძველმა მეშახტეებმა დედამიწის ზედაპირთან ახლოს აღმოაჩინეს მადანი, წერაქვებითა და ნიჩბებით დიდი შრომის ფასად ამოიღეს მსხვილმარცვლოვანი მინერალების დანალექები და უკან ჩამოიტოვეს კოშკის მსგავსი ასობით გრანიტის კლდოვანი შვერილები, რომლებშიც აღარ იყო არანაირი მადანი. ამგვარად მათ შემთხვევით საოცარი კარსტული ფორმა მისცეს ამ ადგილს, რაც, ჩვეულებისამებრ, კირქვის შვერილებზე წყლის ზემოქმედებით და არა ადამიანის ხელით წარმოიქმნება.
მაგრამ სამრეწველო გადატრიალების შემდეგ თანამედროვე აღჭურვილობა მთის დარჩენილი ნაწილის დასანგრევად გამოიყენეს ჯერ კიდევ იქ არსებული ძვირფასი მადნის ამოსაღებად. საბოლოოდ, როდესაც ბულდოზერებით მთაში არსებული ყველა სასარგებლო წიაღისეული ამოიღეს, 1989 წელს მაღარომ თავისი ფუნქციის შესრულება შეწყვიტა. კაბარსენოს შესასვლელთან მდგარი მხოლოდ რამდენიმე ჟანგმოდებული მანქანა ადასტურებს მის სამრეწველო მემკვიდრეობას.
მთვარისებრი ხედი შესანიშნავი ლანდშაფტით იცვლება
უდავოდ, უფრო ადვილია ლანდშაფტის დამახინჯება, ვიდრე მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. ამისდა მიუხედავად, კანტაბრიის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა რთული ამოცანა დასახეს — გადაწყვიტეს, ზოოლოგიური პარკი გაეშენებინათ ამ ტერიტორიაზე, რომელიც უფრო მთვარისებრ პეიზაჟზს წააგავდა.
მათი წარმატება, უმთავრესად, იმით იყო განპირობებული, რომ ნიადაგს ბუნებრივად ახასიათებს თვითგანახლების უნარი, თუ საკმარისი დროის განმავლობაში არ გამოიყენება. გარდა ამისა, მებაღეები ბევრს შრომობდნენ საუკუნეების მანძილზე ექსპლუატაციისა და დაუდევარი მოპყრობის შედეგად მიყენებული ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად. რამდენიმე წელიწადში ამ ადგილას ათასობით ხე დარგეს, ნიადაგის ზედა ფენა აღადგინეს; იქ, სადაც ულამაზო ღრმულები იყო, მიმზიდველი ტბები გაჩნდა და ძველი სარკინიგზო გზა საცალფეხო ბილიკად იქცა. საბოლოოდ, ამ დიდ შემოღობილ ადგილას საგულდაგულოდ შერჩეული ცხოველების გაშვებით დასრულდა იქაურობის გალამაზება.
ყოველწლიურად კაბარსენოს ნაკრძალს 600 000 ადამიანი ინახულებს და, როგორც ჩანს, ისინი მართლაც ფიქრობენ, რომ ამ ადგილის აღდგენა ღირდა ძალისხმევად. ბევრმა მათგანმა აღფრთოვანებულმა წამოიძახა: „ეს სამოთხეა!“. „სამოთხე“ კარგად შერჩეული სიტყვაა, რადგან მას ძველი სპარსელები და ბერძნები ფართო, კარგად მორწყულ, ხელშეუხებელ მშვენიერ ბაღს უწოდებდნენ, სადაც ცხოველებს შეეძლოთ თავისუფლად ეძოვათ ბალახი.
მაშინ, როცა ბუნების უამრავი ხედია დამახინჯებული, აღმაფრთოვანებელია ისეთი ადგილის მონახულება, რომელსაც თავისი პირვანდელი მშვენიერება და სილამაზე დაუბრუნეს. გარდა ამისა, ის, რის მიღწევაც შესაძლებელი გახდა მცირე მასშტაბებით კაბარსენოს ტერიტორიაზე, ცხადყოფს, რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს სასწაულებრივ დედამიწას.
ამჟამად მურა დათვები იმ ფრიალო კლდეებზე დაბობღავენ, რომლებსაც ოდესღაც რომაელი მეშახტეები ანგრევდნენ. სპილოები და ქურციკები იკვებებიან ხასხასა საძოვრებზე, სადაც უწინ ექსკავატორებით მუშაობის შედეგად მოშიშვლებული და გამოფიტული მიწები იყო. ახალგაზრდა ვეფხვები ანცობენ გრანიტის შვერილებთან, რომლებიც კელტებმა წერაქვებითა და ნიჩბებით თავისდა უნებურად გამოკვეთეს. რელიეფის ასეთი ძირეული შეცვლა სულ რამდენიმე წელიწადში მოხდა!
ბიბლია გვპირდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (დაბადება 1:28; 2:15; ესაია 65:17, 22—25; ლუკა 23:42, 43). ისეთი ნაკრძალები, როგორიცაა კაბარსენო, არა მხოლოდ წარმოდგენას გვიქმნის მომავალ სამოთხეზე, არამედ შეგვახსენებს კიდეც, რომ ჩვენს შემოქმედს შესწევს ამ დანაპირების შესრულების უნარი.
[გვერდი 23 დათმობილი აქვს სურათს]
[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]
All pictures: Parque de la Naturaleza de Cabárceno