არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საბჭოთა კავშირის თავდასხმის მთავარი სამიზნე

საბჭოთა კავშირის თავდასხმის მთავარი სამიზნე

საბჭოთა კავშირის თავდასხმის მთავარი სამიზნე

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოსაპოვებლად საბჭოთა კავშირი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გარკვეულ დათმობებზე წავიდა, მის საქმიანობაზე კონტროლს ინარჩუნებდა. ამიტომ, როგორც 1999 წელს სუკ-ის (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნ „მახვილსა და ფარში“ („The Sword and the Shield“) შეინიშნებოდა, «სუკ-ს იმ ქრისტიანების „დანაშაულებრივი“ საქმიანობა უფრო აფიქრებდა, რომლებიც მის უშუალო კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ». რომელი რელიგიური ჯგუფებით ინტერესდებოდნენ ისინი?

ყველაზე დიდი იყო უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (ამჟამად უკრაინის კათოლიკური ეკლესია). მას დაახლოებით 4 000 000 მიმდევარი ჰყავდა. „მახვილისა და ფარის“ თანახმად, „მისი ათი ეპისკოპოსიდან ორის გამოკლებით ყველა, ათასობით მღვდელსა და მორწმუნესთან ერთად, თავისი რწმენის გამო ციმბირის შრომა-გასწორების ბანაკებში დაიღუპა“. სუკ-ის სამიზნეს წარმოადგენდნენ არარეგისტრირებული პროტესტანტული ეკლესიებიც, რომლებსაც აგრეთვე უშუალოდ სახელმწიფო არ აკონტროლებდა. XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსთვის სუკ-ი ვარაუდობდა, რომ ამ პროტესტანტულ ჯგუფებს მთლიანობაში 100 000-მდე წევრი უნდა ჰყოლოდა.

იეჰოვას მოწმეებს სუკ-ი პროტესტანტულ დაჯგუფებად თვლიდა. 1968 წელს სუკ-ში ვარაუდობდნენ, რომ მოწმეთა რიცხვი საბჭოთა კავშირში დაახლოებით 20 000 იყო. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროისთვის მოწმეები რიცხობრივად ცოტანი იყვნენ. ამიტომაც, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდნენ. მაგრამ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, როდესაც საბჭოთა კავშირში მოულოდნელად ათასობით მოწმე აღმოჩნდა. როგორ მოხდა ეს?

იწყება საოცარი ზრდა

უოლტერ კოლარზმა თავის წიგნში „რელიგია საბჭოთა კავშირში“, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა, ამ გასაოცარი ზრდის ხელშემწყობ ორ ფაქტორს გაუსვა ხაზი. ერთი, როგორც მან აღნიშნა, იყო ის, რომ „1939—40 წლებში საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე“ — ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და მოლდავეთში — მრავლად იყო „იეჰოვას მოწმეთა აქტიური ჯგუფები“. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის გარკვეული ტერიტორიებიც, რომლებზეც ათასზე მეტი მოწმე ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირმა ძალით მიიერთა და უკრაინის ნაწილად აქცია. ამგვარად, ყველა ეს მოწმე მოულოდნელად საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა.

შემდგომი ზრდა, „რა დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს ეს, — წერს კოლარზი, — გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების არსებობამ განაპირობა“. ნაცისტებმა ათასობით მოწმე დააპატიმრეს იმის გამო, რომ უარი თქვეს ჰიტლერისა და მისი დაპყრობითი ომისთვის მხარდაჭერაზე. კოლარზმა ახსნა, რომ ამ ბანაკებში მოხვედრილი რუსი ტყვეები „მოწმეების სიმამაცემ და სიმტკიცემ აღაფრთოვანა და, შესაძლოა, ამის გამო მათი თეოლოგია მათთვის მიმზიდველი გახდა“. შედეგად, ბევრი ახალგაზრდა რუსი ამ ბანაკებიდან იეჰოვა ღმერთისა და დედამიწისადმი მისი შესანიშნავი განზრახვების შესახებ ახალშეძენილი რწმენით დაბრუნდა საბჭოთა კავშირში (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3, 4).

ამ ფაქტორების გამო საბჭოთა კავშირში მალე მოწმეთა რიცხვმა ათასებს მიაღწია. 1946 წლის დასაწყისისთვის იქ, სულ მცირე, 1 600 მოწმე იყო, ხოლო ამ ათწლეულის დასასრულს კი — 8 000-ზე მეტი. ამ ზრდას დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალყურს სუკ-ი, რომელსაც, როგორც ადრე იყო აღნიშნული, განსაკუთრებით აფიქრებდა „იმ ქრისტიანების საქმიანობა, რომელნიც მის უშუალო კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ“.

იწყება იერიში

მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა რიცხვი საბჭოთა კავშირში შედარებით მცირე იყო, მათ თავგამოდებულ სამქადაგებლო საქმიანობაზე მალე საბჭოთა ხელისუფლებამ იერიში მიიტანა. ესტონეთში შემოტევა დაიწყო 1948 წლის აგვისტოში, როდესაც ხუთი ადამიანი, რომლებიც ხელმძღვანელობას უწევდნენ საქმიანობას, დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. „მალე გამოაშკარავდა, რომ სუკ-ს ყველას დაპატიმრება სურდა,“ — შენიშნა ესტონელმა მოწმემ ლემბით ტოუმმა. სადაც უნდა ეცხოვრათ მოწმეებს საბჭოთა კავშირში, ეს ყოველ მათგანს ეხებოდა.

საბჭოთა კავშირში მოწმეებს ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედებად და ათეისტური საბჭოთა სახელმწიფოსთვის უდიდეს საშიშროებად წარმოადგენდნენ. ამიტომაც მათ ყველგან დევნიდნენ, აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. „მახვილსა და ფარში“ ნათქვამია: „სუკ-ის აკვიატებული აზრები იეღოველებზე შეიძლება იმის აშკარა მაჩვენებელი იყო, რომ სუკ-ს ზომიერების არანაირი გრძნობა არ გააჩნდა, როდესაც სხვაგვარი აზროვნების თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ფორმას აწყდებოდა“.

ამ აკვიატებული აზრის არსებობა ნათლად გამოაშკარავდა 1951 წლის აპრილში მოწმეების წინააღმდეგ მიმართული კარგად დაგეგმილი იერიშით. ორიოდე წლის წინათ, 1999 წელს, პატივცემულმა რუსმა რელიგიათმცოდნემ, პროფესორმა სერგეი ივანენკომ, თავის წიგნში „ხალხი, რომელიც არასდროს შორდება ბიბლიას“ აღნიშნა, რომ 1951 წლის აპრილის დასაწყისში „იეჰოვას მოწმეთა 5 000-ზე მეტი ოჯახი უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან და ბალტიისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკებიდან მუდმივად გადაასახლეს ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და ყაზახეთში“.

ამის დავიწყება შეუძლებელია

შეგიძლიათ ამ იერიშის დროს გამოვლენილი ძალისხმევის წარმოდგენა — ასეთი დიდი ტერიტორიიდან მოწმეთა ათასობით ოჯახის თავშეყრა ერთ დღეში? წარმოიდგინეთ ასობით ან ათასობით ადამიანის ორგანიზება და შეთანხმებული მოქმედება იმისათვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაედგინათ მოწმეების ვინაობა და შემდეგ, ღამის წყვდიადში, ერთსა და იმავე დროს მათ სახლებს მოულოდნელად თავს დასხმოდნენ, ურმებით, საზიდრებითა და სხვა გადამზიდი საშუალებებით რკინიგზის სადგურებამდე მიეყვანათ და სატვირთო ვაგონებით გაემგზავრებინათ.

მსხვერპლთა ტანჯვაზეც დავფიქრდეთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი უნდა ყოფილიყო იძულებით მგზავრობა ათასობით კილომეტრზე — სამი ან მეტი კვირის განმავლობაში — გადაჭედილი, ბინძური სატვირთო ვაგონით, სადაც საპირფარეშოს მაგივრად მხოლოდ ვედრო იყო? და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს, როდესაც ციმბირის უდაბურ ადგილას ჩამოგსვამენ და იცი, რომ ამ მკაცრ პირობებში სიცოცხლის შესანარჩუნებლად უკანასკნელი ძალ-ღონის დაძაბვა მოგიწევს.

წინა თვეში 1951 წლის აპრილში იეჰოვას მოწმეთა გადასახლებიდან 50-ე წლისთავი შესრულდა. ათწლეულების განმავლობაში დევნა-შევიწროების მიუხედავად, მოწმეების მიერ გამოვლენილი ერთგულების შესახებ ისტორიის გადმოსაცემად, ვიდეოფირზე აღიბეჭდა იმ ადამიანების მონათხრობი, რომლებმაც ის პერიოდი გამოიარეს. ამით გამოაშკარავდა ის, რომ — ისევე როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანების შემთხვევაში — ღვთისგან ადამიანთა ჩამოშორების მცდელობები, საბოლოო ჯამში, წარუმატებელია.

რა მოიტანა გადასახლებამ

საბჭოთა ხელისუფლება მალე მიხვდა, რომ მოწმეების მოწყვეტა იეჰოვას თაყვანისმცემლობისგან გაცილებით რთული უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეგონათ. თავიანთი დამტყვევებლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოწმეები გზად იეჰოვას სადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ და მატარებლის ვაგონებზე აბრებს ჰკიდებდნენ: „მატარებელში იეჰოვას მოწმეები არიან“. ერთმა მოწმემ გაიხსენა: „რკინიგზის სადგურებზე, რომლებსაც გზად გავდიოდით, ვხვდებოდით სხვა მატარებლებს, რომლებსაც გადასახლებულები გადაჰყავდა, და ვაგონებზე ჩამოკიდებულ აბრებს ვხედავდით“. ეს დიდად ამხნევებდა მოწმეებს!

მაშასადამე, გულგატეხილობის ნაცვლად, გადასახლებულები ავლენდნენ იმ სულს, რომელიც იესოს მოციქულებს ჰქონდათ. ბიბლია მოგვითხრობს, რომ მას შემდეგ, რაც გაამათრახეს და ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს, ისინი „დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ . . . ქრისტე იესოს“ (საქმეები 5:40—42). მართლაც, როგორც კოლარზმა თქვა გადასახლების შესახებ, „ეს არ იყო მოწმეების აღსასრული რუსეთში. ეს მათი პროზელიტური საქმიანობის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. ციმბირისკენ მიმავალ გზაზე, როდესაც მატარებლები ჩერდებოდა, ისინი სადგურებშიც კი ცდილობდნენ თავიანთი რწმენის ქადაგებას“.

სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ მორჩილებისა და მუყაითად შრომის გამო მოწმეებს კარგი რეპუტაცია შეექმნათ. მაგრამ, ამავე დროს, ისინი, ქრისტეს მოციქულების მსგავსად, ფაქტობრივად, ეუბნებოდნენ თავიანთ მჩაგვრელებს: ‘ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვილაპარაკოთ ჩვენი ღვთის შესახებ’ (საქმეები 4:20). ბევრი ისმენდა იმას, რასაც მოწმეები ასწავლიდნენ, და შეუერთდნენ მათ ღვთისათვის მსახურებაში.

შედეგი იყო ზუსტად ის, რასაც კოლარზი ამბობდა: „მოწმეების გადასახლებით საბჭოთა მთავრობამ საუკეთესოდ შეუწყო ხელი მათი რწმენის გავრცელებას. სოფლის იზოლაციიდან [დასავლეთში მდებარე საბჭოთა რესპუბლიკებიდან] მოწმეები უფრო ფართო სამყაროში იქნენ გადაყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკონცენტრაციო და შრომა-გასწორების ბანაკების საშინელი სამყარო იყო“.

ზრდის საწინააღმდეგო მცდელობები

დროთა განმავლობაში, იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობის შესაჩერებლად საბჭოთა მთავრობამ სხვა მეთოდებს მიმართა. ვინაიდან და რადგანაც სასტიკმა დევნა-შევიწროებამ სასურველი შედეგები არ გამოიღო, ცრუ პროპაგანდის კარგად შემუშავებული პროგრამა აამოქმედეს. გამოუშვეს წიგნები, ფილმები, რადიოპროგრამები, სუკ-ის გაწვრთნილი აგენტებიც შეაპარეს კრებებში — ყველა ხერხს მიმართეს.

მოწმეების შესახებ ფართოდ გავრცელებული არასწორი წარმოდგენის გამო ბევრი შიშითა და უნდობლობით უყურებდა მათ, როგორც 1982 წლის აგვისტოს „რიდერზ დაიჯესტში“ (კანადური გამოცემა) გამოქვეყნებული ერთი სტატიიდანაც ჩანს. სტატიის ავტორი, რუსი მამაკაცი, ვლადიმერ ბუკოვსკი, რომელსაც 1976 წელს ინგლისში იმიგრირების უფლება მისცეს, წერდა: „ერთ საღამოს ლონდონში ერთ-ერთ შენობაზე შევამჩნიე აბრა წარწერით: იეჰოვას მოწმეები . . . მეტი ვეღარაფერი წავიკითხე, გავშტერდი, თითქმის პანიკაში ჩავვარდი“.

ვლადიმერმა ახსნა, თუ რატომ იყო ის ასე შეშინებული: „ისინი სექტანტები არიან, რომლებითაც ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს აშინებს . . . ნამდვილ მოწმეებს სსრკ-ში მხოლოდ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში შეხვდებით. და აი ახლა მე ამ აბრის პირისპირ ვიდექი. შევიდოდა კი ვინმე შიგნით და მიესალმებოდა მათ მეგობრულად?“ — იკითხა მან. თავისი შეშფოთების მიზეზის ხაზგასასმელად ვლადიმერმა დასძინა: „ჩვენს ქვეყანაში მოწმეებს ისეთივე გააფთრებით დასდევენ, როგორც მაფიას, და ისინი საიდუმლოების იმავე ბურუსით არიან მოცული, როგორითაც — მაფიოზები“.

სასტიკი დევნისა და ცრუ პროპაგანდის მიუხედავად, მოწმეები გულმოდგინედ განაგრძობდნენ საქმიანობას და რიცხობრივად იზრდებოდნენ. საბჭოთა პერიოდში გამოცემულ ისეთ წიგნებში, როგორიცაა, მაგალითად, 1978 წელს გამოქვეყნებული წიგნი «იეჰოვას მოწმეთა „ჭეშმარიტებანი“», რომლის ტირაჟიც რუსულ ენაზე 100 000 ეგზემპლარს ითვლიდა, მოწმეების წინააღმდეგ მიმართული გაძლიერებული პროპაგანდის წამოწყება იყო შემოთავაზებული. ავტორი ვ. კონიკი, რომელმაც აღწერა, თუ როგორ ქადაგებდნენ მოწმეები მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, რჩევას იძლეოდა: „საბჭოთა რელიგიათმცოდნეებმა იეჰოვას მოწმეთა სწავლებების უარსაყოფად უფრო ეფექტური მეთოდები უნდა გამოძებნონ“.

რატომ არიან მიზანში ამოღებული?

მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვას მოწმეები საბჭოთა ხელისუფლების მთავარი სამიზნე იყვნენ იმის გამო, რომ იესოს ადრინდელ მიმდევრებს ჰბაძავდნენ. პირველ საუკუნეში მოციქულებს უბრძანეს, ‘არ ესწავლებინათ [იესოს] სახელით’. მაგრამ მოგვიანებით მათმა მდევნელებმა უსაყვედურეს მოციქულებს: „აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი“. მოციქულებს არ უარუყვიათ, რომ, აკრძალვის მიუხედავად, ქადაგებდნენ, მაგრამ პატივისცემით უპასუხეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:27—29).

დღესაც, იეჰოვას მოწმეებს გულთან ახლოს მიაქვთ ის ბრძანება, რომლითაც იესომ თავის მიმდევრებს მიმართა, რომ ‘ექადაგათ ხალხისთვის და დაემოწმებინათ’ (საქმეები 10:42). თავის წიგნში „The Kremlin’s Human Dilemma“ მორის ჰინდესი ამბობდა, რომ მოწმეები „თავგამოდებული ქადაგების გამო მოსკოვისთვის განსაკუთრებით მძიმე ტვირთად“ იქცნენ და „საბჭოთა მილიციასთან მუდმივი კონფლიქტი შეექმნათ“. მან დასძინა: „მათ ვერაფერი შეაჩერებს. ერთ ადგილას თუ აფერხებდნენ მათ, მოულოდნელად სხვაგან ჩნდებოდნენ“.

„რამდენადაც ვიცი, — წერდა რუსი ისტორიკოსი სერგეი ივანენკო, — იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია იყო ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია სსრკ-ში, რომელიც, აკრძალვისა და დევნის მიუხედავად, რიცხობრივად გაიზარდა“. რასაკვირველია, არსებობას სხვა რელიგიებიც განაგრძობდნენ, რომელთა შორისაც ყველაზე მეტად რუსული მართლმადიდებლური ეკლესია გამოირჩევა. თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ როგორ გადაურჩნენ საბჭოთა კავშირის შემოტევას ეკლესია და მოწმეები.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

„უსასტიკესად დევნილნი“

1964 წელს გამოცემულ წიგნში „მოკლე ენციკლოპედია რუსეთზე“ ნათქვამი იყო, რომ იეჰოვას მოწმეები „პროზელიტურ საქმიანობას ძალიან აქტიურად ეწეოდნენ“ და რომ „საბჭოთა კავშირში უსასტიკესად დევნილ რელიგიურ საზოგადოებას“ წარმოადგენდნენ.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

ათასებიდან ერთ-ერთი ფიოდორ კალინი აღწერს თავისი ოჯახის გადასახლებას

ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა დასავლეთ უკრაინაში მდებარე სოფელ ვილშანიცაში. 1951 წლის 8 აპრილს დილით, გათენებულიც რომ არ იყო, თავს დაგვადგნენ მილიციელები ძაღლებით, გაგვაღვიძეს და გვითხრეს, რომ, მოსკოვის მთავრობის დადგენილებით, ციმბირში უნდა გავეგზავნეთ. მაგრამ, თუ ხელს მოვაწერდით დოკუმენტს, რომლითაც იეჰოვას მოწმეობაზე უარს განვაცხადებდით, შეგვეძლო დავრჩენილიყავით. ჩვენმა შვიდკაციანმა ოჯახმა, მათ შორის ჩემმა მშობლებმა და და-ძმებმა, ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. მაშინ 19 წლის ვიყავი.

ერთმა მილიციელმა გვითხრა: „თან წაიღეთ ლობიო, სიმინდი, ფქვილი, მწნილი, კომბოსტო — ბავშვებს აბა რა უნდა აჭამოთ?“. ღორისა და რამდენიმე ქათმის დაკვლისა და ხორცის თან წაღების უფლებაც მოგვცეს. ყველაფერი ორ ცხენშებმულ ურემზე დავტიეთ და ქალაქ ხრიპლინში ჩავიტანეთ. იქ ჩვენი ხალხიდან 40 თუ 50 კაცი სატვირთო ვაგონში შეგვყარეს და კარი ჩაგვიკეტეს.

საწოლის ნაცვლად, ვაგონში სულ რამდენიმე ფიცარი იყო, ეს კი ყველასთვის არ იყო საკმარისი; იყო აგრეთვე ღუმელი ცოტაოდენი ნახშირითა და შეშით. საჭმელს ღუმელზე ვაკეთებდით და ამისათვის თან წამოღებულ ჭურჭელს ვიყენებდით. მაგრამ იქ არ იყო საპირფარეშო — ჩვენ, უბრალოდ, ვედროს უნდა დავჯერებოდით. შემდგომ, იატაკზე მრგვალი ამონაჭერი გავაკეთეთ, ვედრო შიგ ჩავამაგრეთ და იმისათვის, რომ ეს ადგილი თვალს მოფარებოდა, მის გარშემო საბნები დავკიდეთ.

ძალიან ვიწროდ ვიყავით ამ სატვირთო ვაგონში და ასეთ მდგომარეობაში ნელ-ნელა მივუყვებოდით გზას, რომელიც ათასობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული და რომელსაც უცნობი დანიშნულების ადგილისკენ მივყავდით. თავიდან ცოტა გულგატეხილები ვიყავით, მაგრამ როგორც კი სამეფო სიმღერების ერთად მღერა დავიწყეთ — თანაც ისეთი შემართებითა და ძალით, რომ მოგვიანებით ძლივსღა ვლაპარაკობდით — სიხარული ვიგრძენით. მეთაური შემოაღებდა ხოლმე კარს და გვეუბნებოდა, რომ სიმღერა შეგვეწყვიტა, მაგრამ სანამ ბოლომდე არ ვიმღერებდით, არ ვჩერდებოდით. გზად, სადგურებზე გაჩერებისას, ბევრმა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებს ასახლებდნენ. ბოლოს, სატვირთო ვაგონით 17 თუ 18 დღის მგზავრობის შემდეგ გადმოგვსხეს ციმბირში, ბაიკალის ტბის მახლობლად.

[სურათი]

ვდგავარ უკან, მარჯვნივ.

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

„არმაგედონი“ საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმი

იეჰოვას მოწმეებისადმი უნდობლობის გაჩენის მიზნით საბჭოთა კავშირში გამოუშვეს ფილმი, სახელწოდებით „არმაგედონი“. მასში საბჭოთა ჯარში მომსახურე ბიჭისა და მოწმეებში შეტყუებული გოგონას მოგონილი სასიყვარულო ისტორია იყო აღწერილი. ფილმის დასასრულს გოგონას უმცროსი და იღუპება უბედური შემთხვევით, რომელშიც მოწმე უხუცესს მიუძღვის ბრალი. უხუცესი ფილმში ამერიკის ჯაშუშად არის წარმოდგენილი.

მაყურებლებში აღელვებისა და აღშფოთების გამომწვევი ფილმის კომენტირებისას უკრაინული გაზეთის, „წითელი ალმის“, 1963 წლის 14 მაისის გამოცემაში ნათქვამი იყო: „ამგვარად წარმოდგენილი ათეისტური პროპაგანდა ეფექტური და დამაჯერებელია, და ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის სხვადასხვა სოფელში, სადაც მსგავს ფილმებს უჩვენებენ“.

[სურათი 6 გვერდზე]

ათასობით მოწმე სატვირთო მატარებლებით გადაასახლეს ციმბირში.