არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება ჰოლოკაუსტი გამეორდეს?

შეიძლება ჰოლოკაუსტი გამეორდეს?

შეიძლება ჰოლოკაუსტი გამეორდეს?

ჩვენი კორესპონდენტისგან შვედეთში

ორიათასი წლის 26—28 იანვარს ქვეყნის მეთაურები და 48 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები შვედეთის დედაქალაქში ჰოლოკაუსტისადმი მიძღვნილ სტოკჰოლმის საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბნენ. ტრიბუნიდან წარმოთქმულ ზოგ განაცხადში მსოფლიო ლიდერთა შიში გამოსჭვიოდა ნაციზმის კვლავ აღორძინების შესაძლებლობის გამო. ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა: „ეს კონფერენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველას მოუწოდებს: აღარასდროს, არავინ უნდა დაუშვას დედამიწის რომელიმე კუთხეში ისეთი რეჟიმის არსებობა, რომელსაც რელიგიურ, რასობრივ ან კანის ფერის საფუძველზე ბოროტება, მკვლელობა და დისკრიმინაცია სდევს თან“.

არა მარტო ებრაელთა საფიქრალი

მსოფლიოში მრავალი ადამიანი სიტყვა „ჰოლოკაუსტს“ მხოლოდ ებრაელებს უკავშირებს, მაგრამ მისი მსხვერპლი სხვებიც იყვნენ. ფორუმის მსვლელობის დროს სტოკჰოლმის დიდ სინაგოგაში ებრაელთა ჰოლოკაუსტის ხსოვნისადმი მიძღვნილი გახმაურებული ცერემონიის დროს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა წინადადება წამოაყენა, პირობა დაედოთ, რომ გახსნილიყო არქივები მთელ მსოფლიოში, რათა საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო ჰოლოკაუსტის შესახებ. „უნდა ვიცოდეთ, — განაცხადა მან — ბოშათა გენოციდის, ინვალიდთა მასობრივი ხოცვისა და ჰომოსექსუალისტთა, დისიდენტთა და იეჰოვას მოწმეთა დევნისა და მკვლელობების შესახებ“.

შვედეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ჰოლოკაუსტისადმი მიძღვნილი წიგნი, სათაურით „მოუყევით თქვენს შვილებს“, რომელიც უფასოდ დაურიგდა ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ბავშვიან ოჯახს. ამ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ იეჰოვას მოწმეები „უარს ამბობდნენ ჰიტლერისა და ნაცისტური გერმანიისთვის ერთგულების ფიცის მიცემაზე. ასეთი სიმტკიცე არაჩვეულებრივია, რადგან ერთგულების შესახებ დოკუმენტზე, უბრალოდ, ხელის მოწერით მათი დევნა შეწყდებოდა; მაგრამ მხოლოდ მცირედმა თუ გააკეთა ეს არჩევანი“.

ჰოლოკაუსტი და იეჰოვას მოწმეები

1933 წელს გერმანიაში დაახლოებით 25 000 იეჰოვას მოწმე იყო. ათასობით მათგანი პირველები იყვნენ იმ ადამიანთა შორის, ვინც ნაცისტურ ბანაკებსა და ციხეებში მოხვდნენ. ისინი ნებისმიერ პოლიტიკურ და სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებით თავიანთი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შესახებ აცხადებდნენ. ისინი არ ესალმებოდნენ ჰიტლერს; უარყოფდნენ ნაცისტების რასისტულ იდეოლოგიას და უარს ამბობდნენ ჰიტლერის ომის მანქანისთვის მხარდაჭერაზე. დაახლოებით 2 000 მათგანი დაიღუპა, მათგან 350-ზე მეტი სიკვდილით დასაჯეს.

გარდა ამისა, დაპატიმრებული მოწმეები სხვა პატიმრებსაც — მათ შორის ებრაელებსა და სხვებს — ეხმარებოდნენ გაძლებაში. ისინი ამას მათთვის ბიბლიაზე დაფუძნებული იმედის ჩანერგვით აკეთებდნენ. აგრეთვე ავადმყოფებსა და დაუძლურებულებს უწილადებდნენ იმას, რაც გააჩნდათ, ხშირად კი ეს პურის უკანასკნელი ნაჭერი იყო. ნაცისტებისგან დევნის პირველ წლებში მათ ცნობებიც გაავრცელეს საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის შესახებ და იმის თაობაზე, რაც იქ ხდებოდა. მას შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით გავრცელებულ თავიანთ ჟურნალებში — „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში — მათ მრავალი სტატია გამოაქვეყნეს ნაცისტების მხეცური მოქმედებების შესახებ, დაიბეჭდა გადარჩენილთა ბიოგრაფიებიც.

სტოკჰოლმის ჰოლოკაუსტისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე აშკარად შეიმჩნეოდა დელეგატების შეშფოთება ნაციზმის კვლავ აღორძინების გამო. ისრაელის თანამედროვე ებრაელობის ინსტიტუტში არსებული ჰოლოკაუსტის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა იეჰუდა ბაუერმა თქვა: „რადგან ეს ერთხელ უკვე მოხდა, შეიძლება კვლავაც განმეორდეს, მაგრამ არა ისეთივე სახით და არა აუცილებლად იმავე ხალხის მიმართ და იმავე ხალხის მიერ, იგივე შეიძლება ვინმემ ვინმეს გაუკეთოს. ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს პრეცედენტი“.

[სურათი 24 გვერდზე]

იისფერი სამკუთხედი ბანაკებში იეჰოვას მოწმეთა ამოსაცნობი ნიშანი იყო.

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

1. იეჰოვას მოწმე იულიუს ენგელჰარდტი ნაცისტებმა 1944 წლის 14 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს ბრანდერბურგში.

2. იეჰოვას სამი მოწმე 1945 წელს ზაქსენჰაუზენიდან გათავისუფლების შემდეგ სახლისკენ მიემართება.

3. ელზა აბტი — მოწმე, რომელიც თავის პატარა ქალიშვილს დააშორეს და დაახლოებით სამი წლის მანძილზე დაპატიმრებული იყო.

[საავტორო უფლება]

Nordrhein-Westfälisches Hauptstaatsarchiv, Düsseldorf

[სურათები 25 გვერდზე]

გადარჩენილი მოწმეები ამ ვიდეოფილმებში მოგვითხრობენ თავიანთ ისტორიებს.