არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩერაპუნჯი ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილი დედამიწაზე

ჩერაპუნჯი ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილი დედამიწაზე

ჩერაპუნჯი ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილი დედამიწაზე

ჩვენი კორესპონდენტისგან ინდოეთში

ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილი დედამიწაზე? კი მაგრამ, როგორ არის ეს შესაძლებელი? ინდოეთში წყლის უკმარისობა ჩვეულებრივი მოვლენაა და, უმეტეს შემთხვევაში, არც კი გჭირდებათ ქოლგა. რომელ ცნობისმოყვარეობის აღმძვრელ ადგილს აღვწერთ? — ჩერაპუნჯის — ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მეგჰალიაში მდებარე ქალაქს, რომელიც ბანგლადეშს ესაზღვრება. მეგჰალია იმდენად ლამაზია, რომ მას „აღმოსავლეთ შოტლანდია“ უწოდეს. ამ შტატის სახელწოდება „ღრუბელთა სადგომს“ ნიშნავს. მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში რატომ მიიჩნევენ ჩერაპუნჯის ერთ-ერთ ყველაზე ტენიან ადგილად დედამიწაზე? მოდი თვალი შევავლოთ ამ ცნობისმოყვარეობის აღმძვრელ ბუნების საოცრებას *.

მოგზაურობა შილონგიდან, მეგჰალიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრიდან, დავიწყეთ და ტურისტული ავტობუსით სამხრეთისკენ გავემგზავრეთ. როდესაც ბორცვიან გორაკებსა და ტრიალ მინდვრებს ჩავუარეთ, ჩვენ წინ „მომლოდინე“ ღრუბლები გამოჩნდა, რამაც მაშინვე შეგვახსენა, რომ სახელწოდება მეგჰალია მართლაც შეეფერებოდა ამ ადგილს.

აღმართს ავუყევით, ღრმა ხეობისკენ გადავუხვიეთ და მის კიდეს გავუყევით, რომელიც ხეებით იყო დაბურული. დიდი სიმაღლიდან დაშვებული ჩანჩქერები წყლით ამარაგებს მდინარეს, რომელიც ველის გასწვრივ მიედინება. როდესაც ჩვენი ავტობუსი მაუდეკში გაჩერდა, დავინახეთ, რომ სხვადასხვა ფორმის ღრუბლები ძალიან დაბლა, პირდაპირ გორაკებს შორის, მოძრაობდნენ. მოულოდნელად მათ დაფარეს ჩვენ თვალწინ გადაშლილი მთლიანი ხედი და შემდეგ ისე სწრაფად აიჭრნენ ზემოთ, რომ მთელი ხედი გამოჩნდა. შემდეგ, მომენტალურად ღრუბლის მასაში გავეხვიეთ და ამ რბილმა თეთრმა საფარმა დაგვფარა. მაგრამ მალე ღრუბლები გაიფანტნენ და მზის სინათლემ ეს გასაოცარი ხედი გამოკვეთა.

ჩერაპუნჯი ზღვის დონიდან 1 300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. როდესაც ქალაქამდე მივაღწიეთ, არც მოღრუბლული იყო და არც ქოლგას ატარებდა ვინმე; მხოლოდ ჩვენ, დამთვალიერებლები ვიყავით მომზადებული კოკისპირული წვიმისთვის! როდის მოდის წვიმა ამ რეგიონში?

ტროპიკულ რეგიონებში კოკისპირული წვიმა მაშინ მოდის, როცა ოკეანის შედარებით თბილი ადგილების ზედაპირიდან მზე დიდი რაოდენობით აორთქლებს წყალს. როდესაც ინდოეთის ოკეანედან ნოტიო ქარი ჰიმალაის მთის სამხრეთ ფერდობებს ურტყამს და უფრო ძლიერდება, კოკისპირულად წვიმს. უმთავრესად მეგჰალიის პლატოზე მოდის წვიმები. გარდა ამისა, რადგან ამ მაღალ ადგილს მცხუნვარე მზის სინათლე უხვად ეფინება, ღრუბლები ზემოთ იწევს, ლივლივებს და საღამოს, ჰაერის გაგრილებამდე, პლატოს ზემოთ ჩამოწვება. შეიძლება სწორედ ეს იყოს ღამით ამ რეგიონში კოკისპირული წვიმების მიზეზი.

1861 წლის ივლისში ჩერაპუნჯიში ნალექების რაოდენობა 9 300-მმ-მდე იყო. და 12 თვის განმავლობაში, 1860 წლის 1 აგვისტოდან 1861 წლის 31 ივლისამდე, ნალექების რაოდენობა 26 460-მმ-ს აღწევდა. დღესდღეობით ჩერაპუნჯიში წელიწადში 180 დღე წვიმს. კოკისპირულად ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით წვიმს. რადგან უმთავრესად ღამით წვიმს, დამთვალიერებლებს ისე, რომ თავსხმაში არ მოყვნენ, შეუძლიათ დატკბნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებით.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ რეგიონში, სადაც ასე ხშირად წვიმს, შეიძლება ოდესმე წყლის უკმარისობა ყოფილიყო. მაგრამ ეს ხშირად ზამთრის თვეებში ხდება. პერიოდული წვიმების დროს საით მიედინება ნიაღვარი? დიდ ფართობებზე გაჩანაგებული ტყეების გამო ჩერაპუნჯის გვერდის ავლით წვიმის წყალი, უმთავრესად, მაღალი პლატოდან ქვემოთ მიედინება და ვაკის მდინარეებს ავსებს, რომლებიც ძირითადად ბანგლადეშში ჩაედინება. მართალია, წყლის ნაკადის დამაგუბებელი საშუალებებისა და წყალსაცავების პროექტების შედგენას გეგმავენ, მაგრამ მაუსინრემის ტომის ბელადის, გ. ს. მანგიანგის თქმით, „სინამდვილეში არავინ ცდილობს უწყლოობის პრობლემის გადაჭრას“.

რასაკვირველია, ჩერაპუნჯის დათვალიერება აღმაფრთოვანებელი და სასარგებლოა. რა საოცარი ხედი იშლება ამ ადგილიდან! აქ მშვენიერი ყვავილები ხარობს — მათ შორის დაახლოებით 300 ჯიშის ორქიდეა და განსაკუთრებული ჯიშის მწერიჭამია მცენარე იზრდება. გარდა ამისა, თვალწარმტაცია მრავალფეროვანი ცოცხალი ბუნების ხილვა; აგრეთვე საინტერესოა კირქვის გამოქვაბულებისა და მეგალითების დათვალიერება. ამ რეგიონში ვრცელ ტერიტორიაზე ფორთოხლის კორომია გადაჭიმული, რაც იქაურ მცხოვრებლებს წვნიანი ხილის მოსავლის აღების საშუალებას აძლევს; აგრეთვე ისინი ფორთოხლის ძალიან გემრიელ თაფლს ამზადებენ. დამთვალიერებლებს შეუძლიათ ეს ყველაფერი იხილონ მეგჰალიაში, რომელსაც „ღრუბლების სადგომს“ უწოდებენ და ჩერაპუნჯიში, რომელსაც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ტენიან ადგილად მიიჩნევენ.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 დროდადრო ჰავაის კუნძულ კაუაის ცენტრში აღმართული ვაიალეალეს მთაზე და მაუსინრემში — სოფელი, რომელიც ჩერაპუნჯიდან 16 კილომეტრით არის დაშორებული — ნალექის რაოდენობა საშუალო დონეს სჭარბობს, ვიდრე ჩერაპუნჯიში.

[რუკა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ინდოეთი

ჩერაპუნჯი

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათი 23 გვერდზე]

ჩანჩქერები წყლით ამარაგებს მდინარეს, რომელიც ველის გასწვრივ მიედინება.

[სურათი 23 გვერდზე]

ამ ჯიშის მწერიჭამია მცენარე ერთადერთია დედამიწის ამ კუთხეში.

[საავტორო უფლება]

Photograph by Matthew Miller