როგორ განვავითარო უფრო ახლო ურთიერთობა ჩემს პაპა-ბებიასთან?
ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ განვავითარო უფრო ახლო ურთიერთობა ჩემს პაპა-ბებიასთან?
„ჩემს პაპასაც და ბებიასაც უყვართ ისტორიების მოყოლა. მათი მონათხრობი მეხმარება, გავერკვე საკუთარ გრძნობებში“ (ჯოშუა).
ოდესღაც ჩვეულებრივი რამ იყო რამდენიმე თაობის ოჯახის წევრების ერთმანეთთან ახლოს ცხოვრება, ხშირად ერთ სახლშიც კი. ოჯახის წევრებს პაპა-ბებიასთან ახლო ურთიერთობა ჩვევაში ჰქონდათ.
დღესდღეობით ახალგაზრდებს შესაძლოა დიდი მანძილი აშორებთ თავიანთი პაპა-ბებიებისგან. გარდა ამისა, განქორწინების გამო დანგრეულ ოჯახთა რიცხვი იზრდება. „ტორონტო სტარი“ იუწყებოდა, რომ „განქორწინების მსხვერპლი პაპა-ბებიებიც კი ხდებიან, რაც არ აძლევთ მათ თავიანთი საყვარელი შვილიშვილების ნახვის საშუალებას“. სხვა შემთხვევებში პრობლემას ის იწვევს, რომ ბევრ ახალგაზრდას უარყოფითი წარმოდგენა აქვს მოხუცებზე; მათი აზრით, ისინი ძველ ყაიდაზე აზროვნებენ, მათი შეხედულებები, ფასეულობები და ინტერესები სრულიად განსხვავებულია. რა არის ამის შედეგი? ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ისეთი ახლო ურთიერთობა თავიანთ პაპა-ბებიებთან, როგორიც შეეძლოთ, ჰქონოდათ.
ეს ძალზე სამწუხარო ფაქტია. ამ სერიის წინა სტატიაში ნაჩვენები იყო, რომ პაპა-ბებიებთან ახლო ურთიერთობა — განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ღვთისმოშიში ადამიანები არიან — კეთილმოქმედი, სასარგებლო, და სასიამოვნოა *. ერთი მოზარდი, სახელად რებეკა, თავის პაპასა და ბებიაზე ამბობს: „ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ერთად ვიცინოთ“. ახალგაზრდა პიტერიც იგივეს ამბობს: „არ მეშინია მათთვის იმის თქმა, თუ რას ვგრძნობ ან რის გაკეთება მაქვს განზრახული. ზოგჯერ მათთან უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიდრე მშობლებთან. ვფიქრობ, რომ ჩემს პაპა-ბებიასთან ნებისმიერ საკითხზე შემიძლია ვისაუბრო“.
რა შეიძლება ითქვას შენზე? ალბათ, პატარაობაში ახლოს იყავი შენს პაპა-ბებიასთან. მაგრამ ახლა, როცა წამოიზარდე, შეიძლება აღარ ცდილობ, უწინდელივით განამტკიცო ურთიერთობა. თუ ასეა, 2 კორინთელთა 6:11—13-ში ჩაწერილი ბიბლიური რჩევის გამოყენება, კერძოდ, „იყავით. . . გაფართოებულნი“ [აფ] მათ მიმართ სიყვარულში, შეიძლება მართლაც დროული იყოს. იბადება კითხვა: როგორ?
ინიციატივის გამოვლენა
‘გაფართოება’ ინიციატივის გამოვლენას გულისხმობს. ბოლოს და ბოლოს ბიბლიაში ხომ ნათქვამია: „ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება“ (იგავნი 3:27). როდესაც შედარებით პატარა იყავი, არ გქონდა იმდენი ძალა, რომ რაღაც შეგეცვალა შენს პაპა-ბებიასთან ურთიერთობაში. მაგრამ ახლა, როცა გაიზარდე და შესაძლოა ჩამოყალიბდი კიდეც, შეიძლება აღმოაჩინო, რომ შეგიძლია გარკვეული ნაბიჯების სწორად წარმართვა.
მაგალითად, თუ შენი პაპა და ბებია ახლოს ცხოვრობენ, შეგეძლო ჩვეულებად გაგეხადა მათთან ხშირად სტუმრობა. ეს მომაბეზრებელი ხომ არ იქნებოდა? შესაძლოა ასეც იყოს, თუ უხერხულად იგრძნობ თავს და ამის გამო ჩუმად იქნები. ამიტომ დაიწყე საუბარი! რის შესახებ შეგიძლია ისაუბრო? ამ მხრივ ფილიპელთა 2:4-ში ჩაწერილი ბიბლიური პრინციპი დაგეხმარება. მასში აღნიშნულია, რომ ‘მარტო საკუთარ თავზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ სხვებზეც’. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოავლინე პაპა-ბებიისადმი ინტერესი. მიეცი საშუალება, ისეთ საკითხებზე ისაუბრონ, რაც მათ აფიქრებთ. მაგალითად, როგორ გრძნობენ თავს? რით არიან დაკავებული? მათთვის შეიძლება სასიამოვნო იყოს წარსულის გახსენება. ამიტომ შეეკითხე, როგორი ცხოვრება იყო მათი ახალგაზრდობის დროს? ან როგორები იყვნენ შენი მამა ან დედა მოზარდობისას? თუ შენი პაპა-ბებია ქრისტიანები არიან, ჰკითზე, როგორ დაინტერესდნენ ბიბლიური ჭეშმარიტებით.
ხშირად პაპა-ბებიებმა ოჯახის ისტორია ზედმიწევნით კარგად იციან და შესაძლოა არა მხოლოდ მზადყოფნით, არამედ მთელი გულით მოგიყვნენ ბევრი ძალიან საინტერესო რამ. სინამდვილეში შესაძლოა შენს პაპა-ბებიასთან დროის გატარება მართლაც რომ სასიამოვნო აღმოჩნდეს შენთვის. დაუსვი კითხვები მათ; შეგიძლია მათი პასუხები ჩაიწერო ან მათი საუბრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გააკეთო. თუ არ იცი, რა ჰკითხო, სთხოვე შენს მშობლებს, დაგეხმარონ სათანადო კითხვების მომზადებაში. შენ ალბათ ბევრ რამეს ისწავლი, რაც დაგეხმარება უკეთ გაუგო შენს პაპა-ბებიას, მშობლებსა და საკუთარ თავსაც კი. „ჩემს პაპასაც და ბებიასაც უყვართ ისტორიების მოყოლა, — ყვება ჯოშუა. — მათი მონათხრობი მეხმარება, გავერკვე საკუთარ გრძნობებში“.
ნუ დაგავიწყდება ისიც, რომ შენი პაპა და ბებია ძალიან არიან დაინტერესებული შენი ცხოვრებითა და საქმიანობით. როდესაც უყვები, თუ რით ხარ დაკავებული, ამით საშუალებას აძლევ, შენი ცხოვრების ნაწილი გახდნენ. ეს, უეჭველად, ხელს შეგიწყობთ ერთმანეთთან დაახლოებაში. ერთი ფრანგი ახალგაზრდა, სახელად ეგორი, ამბობს: „მე და ბებიას გვიყვარს კაფეში ერთად ჩაის სმა და იმის შესახებ საუბარი, თუ რას ვსაქმიანობდით ამას წინათ“.
რის გაკეთება შეგვიძლია ერთად?
თუ ოდესღაც დაიწყეთ საუბარი, შესაძლოა რაღაცის ერთად გაკეთებაც გამოგივიდეთ. მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველანაირი სახის საქმიანობაში შეგიძლიათ ერთად მიიღოთ მონაწილეობა. ახალგაზრდა დარია იხსენებს: „ჩემი ორივე ბებია მასწავლიდა საჭმლის მომზადებას, დაკონსერვებას, ცხობას, მცენარეების გაზრდასა და მებაღეობას“. ემი თავის პაპა-ბებიასთან ერთად ესწრებოდა საოჯახო წვეულებებს და მათთან ერთად ატარებდა არდადეგებს. ზოგი პაპა-ბებია თავიანთი ასაკიდან გამომდინარე საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. აარონს თავის ბებიასთან უყვარს გოლფის თამაში. ჯოშუა თავის პაპებთან ერთად დადის სათევზაოდ და მათთან ერთად სახლის შეკეთებაში იღებს მონაწილეობას.
თუ შენი პაპა და ბებია იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან, განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება, გაუზიარო მათ იეჰოვას თაყვანისცემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი; მაგალითად, როგორიცაა სხვებთან ბიბლიის შესახებ საუბარი. ეგორი თავის ბებიასთან ერთად იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრა პოლონეთში. „კონგრესზე ჩვენი ერთად დასწრება იმდენად დაუვიწყარი მოვლენა იყო, რომ დღესაც ხშირად ვიხსენებთ იმ დროს“, — ამბობს ის. მართალია, ყველა პაპა-ბებიას არ შეუძლია ამგვარად ერთი ქვეყნიდან მეორეში გამგზავრება, მაგრამ ღირს მათთან დროის გატარება.
სულიერი მემკვიდრეობა
ბიბლიურ დროში ერთმა მანდილოსანმა, სახელად ლოისმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მისი შვილიშვილი ტიმოთე ღვთის კაცად ყოფილიყო ცნობილი (2 ტიმოთე 1:5). არ არის გასაკვირი, რომ ბევრი ქრისტიანი პაპა-ბებიაც მსგავს როლს ასრულებს დღეს. ჯოშუა თავის პაპა-ბებიის შესახებ ამბობს: „ისინი უფრო დიდი ხნის მანძილზე ემსახურებიან იეჰოვას, ვიდრე მე, საერთოდ, ვცხოვრობ, ამიტომ ღრმა პატივს ვცემ არა მხოლოდ როგორც ჩემს პაპა-ბებიას, არამედ როგორც ერთგულების შემნარჩუნებლებს“. ემი ამბობს: „ჩემი პაპა-ბებია ყოველთვის მეუბნებიან, თუ როგორ ამხნევებთ და აბედნიერებთ იეჰოვასთვის ჩემი ერთგული მსახურება. მათი, როგორც პიონერების [სრული დროით მქადაგებლების], შესანიშნავი მაგალითი და იეჰოვასათვის თავგამოდებული მსახურება, პიონერული მსახურების გაგრძელების სტიმულს მაძლევს“.
კრისი თავის ბებიაზე ამბობს: „მან სწავლისკენ აღმძრა და ხელი შემიწყო, რომ მოწიფული ქრისტიანი
გავმხდარიყავი“. ის დასძენს: „არასდროს დამავიწყდება მისი ნათქვამი, რომ იეჰოვასთვის საუკეთესო უნდა ვაკეთოთ“. პედროს პაპამ და ბებიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს მის სულიერ წინსვლაში. ის ამბობს: „მათი გამოცდილება ბევრ რამეში დამეხმარა. ბებიაჩემს ყოველთვის დავყავდი საქადაგოდ, რისთვისაც ძალიან ვაფასებ“. დიახ, ღვთისმოშიშ პაპა-ბებიასთან ახლო ურთიერთობა დაგეხმარება იმაში, რომ უფრო სრულყოფილად ემსახურო ღმერთს.პაპა-ბებიები, რომლებიც შორს ცხოვრობენ
რის გაკეთება შეიძლება, თუ შენი პაპა და ბებია შორს ცხოვრობენ? თუ შესაძლებელია, ეცადე, რომ ხშირად მოინახულო. მონახულებების შუალედებში ძალ-ღონე არ დაიშურო მათთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ორნანი თავის პაპასა და ბებიას წელიწადში მხოლოდ სამჯერ ინახულებს, მაგრამ ამბობს: „მე მათ ყოველ კვირა დღეს ვურეკავ“. დარია, რომელიც ასევე შორს ცხოვრობს თავისი პაპა-ბებიისგან, ამბობს: „ისინი დაინტერესებული არიან ჩემი ცხოვრებით და თითქმის ყოველ კვირას ვურეკავთ ხოლმე ან ელექტრონული ფოსტით ვუკავშირდებით ერთმანეთს“. ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით სარგებლობა შეიძლება მათთვის მოხერხებული იყოს, მაგრამ ნუ უგულებელყოფ იმ ეფექტს, რომელსაც, ძველებურად, საკუთარი ხელით დაწერილი წერილი ახდენს. უამრავი ახალგაზრდა გააოცა იმის გაგებამ, რომ პაპა-ბებიას თავიანთი შვილიშვილების მიერ პატარაობიდანვე დაწერილი ყველა წერილი შენახული ჰქონდა. ასეთი წერილების წაკითხვა, გადაკითხვა და შენახვა შესაძლებელია. ამიტომ წერე წერილები!
პაპა-ბებიებს ხშირად განსაკუთრებულად უყვართ თავიანთი შვილიშვილები (იგავნი 17:6). უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ განავითარო და შეინარჩუნო შენს პაპა-ბებიასთან ახლო ურთიერთობა, იმის მიუხედავად ახლოს ცხოვრობენ თუ შორს. ყველანაირად ეცადე, რომ ყოველი ღონე იხმარო ამის გასაკეთებლად.
[სქოლიო]
^ აბზ. 6 იხილე სტატია „რატომ უნდა გავიცნო უკეთ ჩემი პაპა და ბებია?“, რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“, 2001 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში.