არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტაძრები ღმერთს განადიდებენ თუ ადამიანებს?

ტაძრები ღმერთს განადიდებენ თუ ადამიანებს?

ტაძრები ღმერთს განადიდებენ თუ ადამიანებს?

ჩვენი კორესპონდენტისგან საფრანგეთში

მოსკოვში აღდგომის მსგავსი რამ მოხდა. „ქრისტე მაცხოვრის ტაძარი“, რომელიც 1931 წელს სტალინმა მიწასთან გაასწორა, დღეისათვის აღდგენილია და მისი მოოქროვილი გუმბათები რუსეთის ცის ფონზე კვლავ ბრწყინავს. პარიზის მახლობელ ქალაქ ევრიში მუშებმა საფრანგეთში XX საუკუნეში აშენებული ერთადერთი ტაძრის უკანასკნელი სამშენებლო სამუშაოები დაასრულეს. სულ რამდენიმე წლის წინათ მადრიდში ალმუდენას ტაძრის მიძღვნა გაიმართა. იგივე ვითარებაა ქალაქ ნიუ-იორკში წმინდა იოანეს ტაძარში. რადგან ას წელზე მეტია, რაც გრძელდება მის მშენებლობა, ამ ტაძარს ხშირად „წმინდა იოანეს დაუმთავრებელ“ ტაძარს უწოდებენ. მიუხედავად ამისა, ეს ტაძარი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია, რომელიც 11 000-ზე მეტ კვადრატულ მეტრს იკავებს.

უზარმაზარმა ტაძრებმა ქრისტიანული სამყაროს ბევრ ქალაქში დაიწყეს დომინირება. მორწმუნეთა თვალში ისინი ღვთისადმი რწმენის გამომხატველი ძეგლებია. ურწმუნოებიც კი აფასებენ მათ, როგორც ხელოვნების ნიმუშებსა და ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლებს. მიუხედავად ამისა, რთული და ხშირად ძალზე ძვირი საკულტო ნაგებობების არსებობა სერიოზულ კითხვებს ბადებს: რატომ და როგორ ააგეს ისინი? რა მიზანს ემსახურებიან?

რა არის საკათედრო ტაძარი?

იესოს სიკვდილის შემდეგ მისმა მოწაფეებმა ჩამოაყალიბეს კრებები, რომელთაგან უმეტესობას კერძო სახლებში ატარებდნენ (ფილიმონი 2). ათწლეულების განმავლობაში ამ კრებებზე ზრუნავდნენ სულიერი „უხუცესები“ (საქმეები 20:17, 28; ებრაელთა 13:17). მაგრამ მოციქულების სიკვდილის შემდეგ ქრისტიანებში განდგომილება დაიწყო (საქმეები 20:29, 30). დროთა განმავლობაში მოხდა ის, რის შესახებაც იესო აფრთხილებდა თავის მოწაფეებს: ზოგიერთი უხუცესი გაამპარტავნდა და თავს ეპისკოპოსს უწოდებდა. ისინი უკვე რამდენიმე კრებას ხელმძღვანელობდნენ (მათე 23:9—12). ამის შემდეგ „ეკლესიას“ უწოდებდნენ არ მარტო ქრისტიანულ კრებას, როგორც ეს თავდაპირველად იყო, არამედ თაყვანისცემის ადგილს, თავად შენობას. მალე ზოგიერთმა ეპისკოპოსმა მოისურვა, რომ თავიანთი წოდებების შესაფერისი ტაძრები ჰქონოდათ. მაშინ წარმოიშვა ახალი ტერმინი — ტაძარი, საკათედრო ტაძარი, ანუ ადგილი, სადაც ეპისკოპოსი ასრულებს ღვთისმსახურებას.

ტერმინი „საკათედრო“ წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან „კათედრა“, რომელიც „ადგილსამყოფელს“ ნიშნავს. ამგვარად, საკათედრო ტაძარი იყო ეპისკოპოსის ტახტი, მისი სიძლიერის სიმბოლო დედამიწაზე. თავისი კათედრიდან ეპისკოპოსი საკუთარ იურისდიქციას დაქვემდებარებულ ეპარქიას ხელმძღვანელობდა.

„ტაძრების ეპოქა“

ახ. წ. 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებამ ოფიციალურად სცნო ქალაქებში საეპისკოპოსოების დაარსება. ეპისკოპოსები, რომლებსაც რომის იმპერია უჭერდა მხარს, ხშირად ხელისუფლებისგან დიდ მიწებს იღებდნენ საჩუქრად. ისინი წარმართთა თაყვანისცემის ადგილებსაც ითვისებდნენ. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ საეკლესიო სტრუქტურამ არსებობა განაგრძო და შუა საუკუნეებში უფრო დიდი გავლენა მოიპოვა. ფრანგი ისტორიკოსი ჟორჟ დიუბი ამ პერიოდს „ტაძრების ეპოქას“ უწოდებს.

VII—XIV საუკუნეებში ევროპის მოსახლეობა გასამმაგდა. ასეთმა დემოგრაფაიულმა ზრდამ, უმთავრესად, ქალაქების აყვავება განაპირობა. ყველაზე მდიდარი ქალაქები, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ, თანდათანობით განსაკუთრებულად შესაფერისი ადგილები ხდებოდა დიდი საკათედრო ტაძრების ასაშენებლად. რატომ? იმიტომ რომ ასეთი გრანდიოზული ნაგებობების აშენებასა და შენახვას მუდმივი ფულადი შემოსავალი სჭიდებოდა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც საკათედრო ტაძრების მშენებლობა განაპირობა, ქალწულ მარიამისა და რელიგიური რელიქვიებისადმი თაყვანისცემის გავრცელებაა. ამ თაყვანისმცემლობამ თავისი პოპულარობის პიკს განსაკუთრებით XI—XII საუკუნეებში მიაღწია. ასეთ თაყვანისმცემლობას ეპისკოპოსები ავრცელებდნენ და ამგვარად ცდილობდნენ ტაძრების მრევლის რიცხობრივ გაზრდას. იმ დროს საფრანგეთში ტაძრებს ხშირად არქმევდნენ ქალწული მარიამის პატივსაცემად „ნოტრ-დამს“ („ღვთისმშობელი“). „რამდენად ბევრია ისეთი ქალაქი, სადაც მისთვის არ მიეძღვნათ ტაძარი?“, — კითხვას სვამს კათოლიკური ენციკლოპედია „თეო“ („Théo“). პარიზში „ღვთისმშობელს“ სენტ-ეტიენის ტაძარი მიუძღვნეს. ნოტრ-დამის ტაძარი, რომელიც შარტრიში (საფრანგეთი) მდებარეობს, ერთ-ერთი მოწინავე ტაძარი გახდა ჩრდილოეთ ევროპაში. «არც ერთი პიროვნება — თვით იესო ქრისტეც კი — ისე ძლიერ არ მოქმედებდა ტაძრის მშენებლების ცხოვრებასა და გონებაზე, როგორც „ქალწული მარიამი“», — აღნიშნავს გრანდიოზული ტაძრების შესახებ დაწერილი ერთი წიგნი („The Horizon Book of Great Cathedrals“).

„ისეთ უზარმაზარ ტაძრებს ავაგებთ. . .“

რატომ იყო ამ შენობათა უმეტესობა უზარმაზარი? IV საუკუნეში აგებულ ტაძრებს ტრირსა (გერმანია) და ჟენევაში (შვეიცარია) ვეებერთელა ფართობები ეკავათ მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირე მრევლი ჰყავდათ. XI საუკუნეში შპაიერში (გერმანია) მდებარე უზარმაზარ ტაძარს მთელი ქალაქის მოსახლეობაც ვერ შეავსებდა. ზემოხსენებული წიგნი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „[ტაძრების] გრანდიოზულობა და ფუფუნება იმაზე მეტყველებდა, რომ ადამიანები ხშირად რელიგიური მისწრაფებებით არ ყოფილან აღტყინებული“. საამისოდ არცთუ იშვიათად აღძრავდა „იმ ეპისკოპოსებისა და აბატების სიამაყე, რომელთა მფარველობითაც უნდა აშენებულიყო ნაგებობა“.

XII—XIII საუკუნეებში ტაძრების სიგრძე, საშუალოდ, 100 მეტრს შეადგენდა და ცდილობდნენ, ასეთივე დიდი სიმაღლის აეშენებინათ. მათ შორის თავიანთი ზომებით გამოირჩევა უინჩესტერის ტაძარი (ინგლისი), რომლის სიგრძეც დაახლოებით 169 მეტრია — და მილანის (იტალია) 145 -მეტრიანი ტაძარი. „ისეთ უზარმაზარ ტაძრებს ავაგებთ, რომ, ვინც კი ნახავს სულელებად შეგვრაცხავს“, — განაცხადა ერთმა სევილიაში მცხოვრებმა ესპანელმა ტაძრის მსახურმა 1402 წელს. ფაქტობრივად, სევილიაში მდებარე ტაძარი მსოფლიოში თავისი სიდიდით მეორედ არის მიჩნეული. მისი გუმბათი 53 მეტრის სიმაღლემდე აღწევს. სტრასბურგის (საფრანგეთი) ტაძრის გუმბათის წვერი 142 მეტრის სიმაღლემდე აღწევს, რის გამოც ტაძარი ორმოცსართულიან სახლს უთანაბრდება. XIX საუკუნეში ულმში (გერმანია) ააშენეს ქვის კოშკთა შორის ყველაზე მაღალი კოშკი მსოფლიოში — 161 მეტრის სიმაღლის გოთური ტაძარი. „ღვთისმსახურების არავითარი მოთხოვნები არ ამართლებს ასეთ გრანდიოზულ ზომებს“, — ამტკიცებს ისტორიკოსი პიერ დე კოლამბია.

XII—XIII საუკუნეებში ტაძრების მშენებლები ხშირად კიდევ ერთი მიზნით იყვნენ აღძრული, რა თქმა უნდა, არა რელიგიურით, არამედ თავისებური ქალაქური პატრიოტიზმით. როგორც ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ აღნიშნავს: „ქალაქები ერთმანეთს ყველაზე მაღალი ტაძრის აღმართვაში ეპაექრებოდნენ“. ქალაქის საკრებულოს წევრები, უბრალო მოქალაქეები და გილდები ტაძრებს ქალაქის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.

ძვირადღირებულნი წარსულშიც და დღესაც

ერთი მწერლის სიტყვების თანახმად, ტაძრების მშენებლობა „თვალჩაუწვდენელი ფინანსური უფსკრულია“. მაშ, ადრე საიდან შოულობდნენ სახსრებს ასეთი ტაძრების ასაშენებლად, თუკი დღეისათვის მათ შესანახად დიდძალი თანხაა საჭირო? ზოგჯერ პრელატები თავიანთი ჯიბიდან იხდიდნენ ამ თანხებს. ერთ-ერთი ასეთი პრელატი იყო პარიზელი მორის დე სიული. ისეც ხდებოდა, რომ თანხის გასტუმრებას პოლიტიკური მოღვაწენი კისრულობდნენ, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო არაგონის მეფე ჰაიმე I. თუმცა, როგორც წესი, ტაძრების დაფინანსება თავიანთი შემოსავლით და ფეოდალური ბაჟით ან თავიანთი მიწების შემოსავლით ხდებოდა. მაგალითად, ბოლონიის (იტალია) ტაძრის ეპისკოპოსს 2 000 მამული ჰქონდა! ეკლესიის ხაზინას ფულადი შესაწირავებიც ავსებდა და ცოდვების მიტევების ინდულგენციების გაყიდვაც. საფრანგეთის ქალაქ რუანში დიდმარხვის დროს რძის ნაწარმის შესაჭმელად ნებართვის შესაძენად შესაწირავი უნდა მიეტანათ ეგრეთ წოდებულ „კარაქის კოშკში“.

მათ, ვინც ძალზე გულუხვად სწირავდა, გამორჩეულ პატივს მიაგებდნენ: მათ სახეებს საეკლესიო ვიტრაჟებსა და ქანდაკებებზე აღბეჭდავდნენ ხოლმე. ქრისტიანული შესაწირავის ანონიმურობის პრინციპი, როგორც ჩანს, დავიწყებული იყო (მათე 6:2). საჭირო იყო მუდმივი და დიდი შემოსავალი, რადგან ხარჯი ხშირად აჭარბებდა სავარაუდო თანხას. გასაკვირი არ არის, რომ შემოსავლის შოვნის დაუცხრომელი სურვილით შეპყრობილი ადამიანები ხშირად უსამართლოდ ისაკუთრებდნენ ან სხვებს სძალავდნენ ქონებას. მაგალითად, მათ, ვისაც ერესში სდებდნენ ბრალს, ხშირად პირადი საკუთრების კონფისკაციას უტარებდნენ. ამან საფუძველი ჩაუყარა იმ ეგრეთ წოდებული ერეტიკოსების ქონების დატაცებას, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ კათარები. ასეთი გზით ნაშოვნი თანხებით აშენდა რამდენიმე ეკლესია *.

რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ხაზინას უშრეტი შემოსავლის წყარო ჰქონოდა, ეკლესიები გარკვეულ ზეწოლას მიმართავდნენ. ზოგიერთი ისტორიკოსი ამახინჯებდა სინამდვილეს, როდესაც აცხადებდა, რომ უზარმაზარი ტაძრების მშენებლობის იდეა ხალხში თავისთავად ჩაისახა. ისტორიკოსი ჰენრი კრაუსი წერს: „თუმცა შუა საუკუნეებში ხალხი ძალიან მორწმუნე იყო, ტაძრების მშენებლობის წამოწყება მათთვის უმთავრესი არ ყოფილა“. ამიტომ ბევრი ისტორიკოსი აკრიტიკებს ეკლესიებს მფლანგველობის გამო. როგორც უკვე ზემოხსენებულ წიგნშია აღნიშნული, „იმ ფულით, რომელსაც ეკლესია ტაძრების მშენებლობისთვის იყენებდა, მშიერთა დაპურება. . . ან სკოლებისა და საავადმყოფოების შენახვა შეიძლებოდა. ამგვარად, ტაძრების მშენებლობა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდა“ („The Horizon Book of Great Cathedrals“).

როგორ აშენებდნენ ტაძრებს

ტაძრები ადამიანთა ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშია. მართლაც საოცარია, რომ ასეთი გრანდიოზული ნაგებობები ააგეს პრიმიტიული ტექნიკის გამოყენებით. თავდაპირველად შენობის დეტალურ ნახაზს ადგენდნენ. ქვის მოპოვებისას ლოდებს ისეთნაირად ამუშავებდნენ, რომ საჭირო ზომის ყოფილიყო და სათანადო დეკორატიულ თავისებურებათა ერთგვარობა უზრუნველეყოთ. ქვის ლოდებს ნიშანს საგულდაგულოდ ადებდნენ, ადვილად რომ მიმხვდარიყვნენ, მომავალ ნაგებობაში რა ადგილი მიეჩინათ მათთვის. ამ ლოდების გადაზიდვა ძვირი ჯდებოდა და დიდი დროც მიჰქონდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფრანგი ისტორიკოსის, ჟანა ჟიმპელიას, სიტყვების თანახმად „1050—1350 წლებში საფრანგეთში უფრო მეტი ქვა შეაგროვეს, ვიდრე ძველ ეგვიპტეში“.

მშენებლები საოცარ ოსტატობას ავლენდნენ, როდესაც იმ დროისთვის არსებულ მხოლოდ მარტივ ტვირთის ამწევ ხელსაწყოს — ჯალამბარს — იყენებდნენ. მათ დროში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ის მათემატიკური ფორმულები, რომლებითაც დღევანდელი ინჟინრები სარგებლობენ. მშენებლებს მხოლოდ თავიანთ ალღოსა და გამოცდილებაზე დაყრდნობა უწევდათ. გასაკვირი არ არის, რომ ბევრჯერ სერიოზული წარუმატებლობებიც ჰქონდათ. მაგალითად, 1284 წელს ქალაქ ბოვეს (საფრანგეთი) ტაძრის გუმბათი განსაკუთრებული სიდიდის გამო ჩამოიქცა. თუმცა ისეთი ახალი არქიტექტურული ელემენტების გამოჩენით, როგორიცაა კრონტფორსი, არკბუტანი, ნერვიურა და კოშკები, მშენებლებმა უფრო ახალი სიმაღლეების დაპყრობა შესძლეს.

მშენებლობა 40 წლიდან, რომელიც ყველაზე მცირე პერიოდი იყო, [სოლსბერში (ინგლისი)] ასწლეულებამდე გრძელდებოდა. ზოგიერთი ტაძარი, მათ შორის ბოვესა და სტრასბურგში (საფრანგეთი), დაუმთავრებელი დარჩა.

„შეცდომა პრიორიტეტების დადგენაში“

როგორც პაპმა ჰონორიუს III-მ თქვა, ამ „ლამაზ და ასე მდიდრულ ნაგებობებთან“ დამოკიდებულება თავდაპირველადვე სადავო იყო. სამღვდელოების ზოგიერთი წევრი გამოდიოდა იმის წინააღმდეგ, რომ ამდენი შრომა და კოლოსალური თანხები არ დაეხარჯათ. პიერ დე შანტრემ, რომელიც XIII საუკუნეში „ნოტრ-დამ დე პარის“ პრელატი იყო, თქვა: „დანაშაულია ისეთი ტაძრების აგება, დღეს რომ აგებენ“.

მაგალითად, დღესაც კი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ევრის ტაძარს, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. როგორც საფრანგეთის გაზეთი „ლამონდე“ იუწყება, ბევრი აღიარებს, რომ უზარმაზარი ტაძრები „პრიორიტეტების დადგენაში შეცდომის დაშვებაზე“ მეტყველებს და რომ ეკლესიებმა „ხალხის საჭიროებებისთვის და ქრისტიანობის გავრცელებისთვის უნდა დახარჯონ თანხები და არა ქვებსა და მდიდრულ მორთულობებზე“.

უეჭველია, ბევრ მათგანს, ვინც ამ გრანდიოზული ნაგებობების მშენებლობაში მონაწილეობდა, ღვთისადმი წრფელი სიყვარული ამოძრავებდა. ასეთებს, ნათელია, რომ ჰქონდათ „გულმოდგინება ღვთისადმი“, „ოღონდ არა შეგნებულად“ (რომაელთა 10:2). იესო ქრისტეს არასოდეს უხსენებია, რომ მის მიმდევრებს თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი რთული ნაგებობა ცისთვის მიებჯინათ. მან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მოუწოდა, ‘თაყვანი ეცათ სულითა და ჭეშმარიტებით’ (იოანე 4:21—24). როგორი ლამაზი და დიდებულიც უნდა აღემართათ ქრისტიანობის ტაძრები, ეს იესოს მიერ მოცემულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეს ტაძრები, შესაძლებელია, განადიდებენ თავიანთ მშენებლებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში — ღმერთს.

[სქოლიო]

^ აბზ. 18 იხილეთ სტატია „კათარები — იყვნენ თუ არა ქრისტიანი წამებულნი?“ 1995 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 27—30 (რუს), გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეთა მიერ.

[სურათი 21 გვერდზე]

სანტიაგო-დე-კომპოსტელაში მდებარე საკათედრო ტაძარი (ესპანეთი).

[სურათები 23 გვერდზე]

სულ ზემოთ: ფანჯარა ვარდისმაგვარი ვიტრაჟით, „ღვთისმშობლის“ ტაძარი შარტრში (საფრანგეთი). ზემოთ: „ღვთისმშობლის“ ტაძრის ორნამენტების მჭრელი (პარიზი).

[სურათი 23 გვერდზე]

XII საუკუნის „ღვთისმშობლის“ ტაძარი (პარიზი).

[სურათი 23 გვერდზე]

ამენის „ღვთისმშობლის“ ტაძრის ინტერიერი, საფრანგეთის საკულტო ნაგებობათა შორის უდიდესია. მისი გუმბათის სიმაღლე 43 მეტრს აღწევს.