ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?
ახალგაზრდების შეკითხვები
ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?
„მე ყველაფრის შესახებ ვესაუბრები იეჰოვას ლოცვის დროს, რადგან ის ჩემი მეგობარია და ვიცი, რომ, თუ პრობლემა მექნება, დამეხმარება“ (ანდრია).
ახალგაზრდა ანდრია დარწმუნებულია, რომ ღმერთი ისმენს მის ლოცვებს. მაგრამ ყველა ახალგაზრდა როდია ამაში დარწმუნებული. ზოგის აზრით, ღმერთი მიუწვდომელია და წარმოუდგენელია მასთან მიახლოება. მათ შესაძლოა აინტერესებთ კიდეც: თუ ღმერთი მართლაც ზრუნავს მათზე, ღირს საერთოდ მისადმი ლოცვით მიმართვა?
რა იგულისხმება ლოცვაში? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ღმერთთან ნამდვილი მეგობრობა. ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“ (ფსალმუნი 9:11). რა შეიძლება ითქვას შენზე? იცნობ ღმერთს იმდენად კარგად, რომ შეგიძლია მიმართო ლოცვით და დარწმუნებული იყო, რომ მოგისმენს? სანამ სტატიის კითხვას განაგრძობდე, შეეცადე უპასუხო ჩარჩოში, სათაურით „რამდენად კარგად იცნობ ღმერთს?“, მოცემულ შეკითხვებს. რამდენ შეკითხვაზე შეგიძლია უპასუხო?
რამდენად კარგად იცნობ ღმერთს? იხილე პასუხები 29-ე გვერდზე.
1. რა ჰქვია ღმერთს და რას ნიშნავს მისი სახელი?
2. ღვთის რომელი ოთხი ძირითადი თვისებაა მოხსენიებული ბიბლიაში?
3. რა იყო კაცობრიობის მიმართ ღვთის სიყვარულის ყველაზე ძლიერი გამოვლინება?
4. როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ღმერთთან მეგობრობა?
5. როგორი სწორი აზროვნება უნდა გვქონდეს ლოცვისას?
შეგიძლია, სულ მცირე, რამდენიმე შეკითხვას მაინც გასცე პასუხი ახლა, სანამ სტატიის კითხვას განაგრძობდე? შეიძლება შენ უფრო მეტი რამ იცი ღვთის შესახებ, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობამ. მაგრამ შენმა პასუხებმა შეიძლება დაგანახვოს, რომ ღვთის უფრო უკეთ გასაცნობად საჭიროა, უფრო მეტი რამ იცოდე მის შესახებ (იოანე 17:3). ამიტომ, დაფიქრდი სწორედ იმ რამდენიმე საკითხზე, რომლებსაც ბიბლია ‘ლოცვების მომსმენის’ შესახებ აშუქებს (ფსალმუნი 64:3).
ღმერთი რეალური პიროვნებაა
უპირველეს ყოვლისა ბიბლია გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ღმერთი არ არის უპიროვნო ძალა. ის არის პიროვნება, რომელსაც ჰქვია იეჰოვა (ფსალმუნი 83:18, აქ [82:19, სსგ). ებრაულად ეს სახელი ნიშნავს „აქცევინებს“. მას შეუძლია თავისი განზრახვის შესასრულებლად რადაც უნდა, იმად იქციოს თავი. უპიროვნო, დაგროვილი ენერგია ვერ შესძლებდა ამის გაკეთებას. ამიტომ, როცა ლოცულობ, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ რაღაც აბსტრაქტულ ძალას არ ესაუბრები ან ჰაერში არ ლაპარაკობ. შენ ესაუბრები ისეთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია მოგისმინოს და გიპასუხოს კიდეც ლოცვებზე (ეფესელთა 3:20).
ახალგაზრდა დაიანა ამბობს: „მე ვიცი, რომ სადაც უნდა ვიყო, იეჰოვა მომისმენს“. ასეთი რწმენა რომ გქონდეს, ღმერთი რეალური უნდა იყოს შენთვის. „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს“, — ნათქვამია ბიბლიაში (ებრაელთა 11:6).
სიბრძნისა და სიძლიერის წყარო
რადგან ღვთის ძალა მოკრძალებულ შიშს იწვევს ჩვენში, მას ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს. მისი ძალა განუზომელია, რასაც რთულად შექმნილი მატერიალური სამყარო და მისი უდიდესი მასშტაბები ცხადყოფს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით ვარსკვლავი არსებობს, იეჰოვამ ყველას სახელი იცის. უფრო მეტიც, ის არის ამ ვარსკვლავებში არსებული ყველანაირი ენერგიის წყარო (ესაია 40:25, 26). ნუთუ არ არის ეს გასაოცარი? ამავე დროს, ამ ფაქტებთან ერთად ჩვენს გაოგნებას შეიძლება ისიც იწვევდეს, რაც ბიბლიაშია ნათქვამი: „ეს მისი ძალის მხოლოდ მცირე ნაწილია!“ (იობი 26:14, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).
დაფიქრდი აგრეთვე იეჰოვას უსაზღვრო სიბრძნეზე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მისი ზრახვები „ფრიად ღრმაა“ (ფსალმუნი 91:6). მან შექმნა ადამიანთა მოდგმა და ამიტომ უკეთესად შეუძლია გაგვიგოს, ვიდრე ჩვენ გავუგებდით საკუთარ თავს (ფსალმუნი 99:3). რადგან ის არსებობს „უკუნითი უკუნისამდე“, მას უსაზღვრო გამოცდილება აქვს (ფსალმუნი 89:1, 2). მისთვის არაფერია ამოუცნობი (ესაია 40:13, 14).
როგორ იყენებს იეჰოვა მთელ თავის ძალასა და სიბრძნეს? მეორე ნეშტთას 16:9-ში ნათქვამია: „რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“. როგორი პრობლემაც უნდა გქონდეს, ღმერთს შეუძლია გადაჭრას ის ან დაგეხმაროს მასთან გამკლავებაში. მოზარდი კეილი იხსენებს: „ამას წინათ, როდესაც მე და ჩემს ოჯახს მძიმე დრო დაგვიდგა, იეჰოვას მივმართე ლოცვით და ვიგრძენი, რომ ის დაგვეხმარა სიცოცხლის შენარჩუნებასა და რთული პირობების, პრობლემებისა და განცდების ატანაში, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა“. როდესაც ელაპარაკები ღმერთს, შენ მიმართავ სიბრძნის წყაროს. არაფერია ისე სასარგებლო, როგორც ღმერთთან საუბარი!
სამართლიანი და მოსიყვარულე ღმერთი
მაგრამ საიდან იცი, რომ ღმერთს სურს, დახმარება აღმოგიჩინოს? იეჰოვამ გადაწყვიტა, ცნობილი გახდეს არა უბრალოდ თავისი განუზომელი ძალით, უზომო სიბრძნით ან ურყევი სამართლიანობით, არამედ, პირველ რიგში, თავისი თვისებით, სიყვარულით. „ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია 1-ლი იოანეს 4:8-ში. იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს. ღმერთმა ყველაზე ძლიერად მაშინ გამოავლინა სიყვარული, როცა თავისი ძე გამომსყიდველურ მსხვერპლად შესწირა იმისათვის, რომ ჩვენ მარადიულად გვეცხოვრა (იოანე 3:16; 1 იოანე 4:9, 10).
რადგან ღმერთი სიყვარულია, ნუ გექნება იმის შიში, რომ ის როდისმე უგულებელგყოფს ან უსამართლოდ მოგექცევა. „სამართლიანია მისი ყოველი გზა“, — ნათქვამია მეორე რჯულის 32:4-ში. ღვთის სიყვარული გვარწმუნებს იმაში, რომ ის ყურადღებით გვისმენს. ეს ნდობას გვივითარებს მის მიმართ და რასაც პირადად ვფიქრობთ და ვგრძნობთ, მას ვუზიარებთ (ფილიპელთა 4:6, 7).
ღმერთთან მეგობრობა
სინამდვილეში, იეჰოვა გვიწვევს თავისთან სალაპარაკოდ. მას არ სურს, რომ უცნობი იყოს ჩვენთვის. პირიქით, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში იეჰოვა იწვევდა ხალხს, რომ მისი მეგობრები ყოფილიყვნენ. იმ ადამიანებში, რომლებიც ღმერთთან მეგობრობდნენ და რომლებისკენაც თავად იეჰოვას უწევდა გული, დიდიან-პატარიანად ყველა შედიოდა. მათ შორის იყვნენ აბრაამი, მეფე დავითი და მარიამი, იესოს დედა (ესაია 41:8; ლუკა 1:26—38; საქმეები 13:22).
შენც შეგიძლია იყო იეჰოვას ერთ-ერთი მეგობარი. რასაკვირველია, ასეთი მეგობრობა არ ნიშნავს, რომ ღმერთი ისეთ ზებუნებრივ ძალად მიიჩნიო, რომელსაც მხოლოდ მაშინ შეგიძლია მიმართო, როცა რაღაც გწადია ან პრობლემა გაქვს. როდესაც ლოცვებს წარმოვთქვამთ, შეუძლებელია, მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე შევაჩეროთ ყურადღება. თუ გვსურს ღმერთთან მეგობრობა, ჩვენ მისი ნება-სურვილი უნდა გავითვალისწინოთ — და არა მხოლოდ საკუთარი — და, ფაქტობრივად, ღვთის ნება შევასრულოთ (მათე 7:21). სწორედ ამიტომ ასწავლიდა იესო თავის მოწაფეებს, რომ თავიანთი ლოცვების წარმოთქმისას ისეთ საკითხებზე შეეჩერებინათ ყურადღება, რომლებიც ღვთისთვის მნიშვნელოვანი იყო. მან თქვა: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). ამავე დროს, ჩვენს ლოცვებში მთელი გულით უნდა შევასხათ ღმერთს ხოტბა და მადლიერება გამოვხატოთ მის მიმართ (ფსალმუნი 55:13; 150:6).
მაგრამ ჩვენ არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი მოთხოვნილებები ან ინტერესები იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ღირს ლოცვის დროს მათ შესახებ საუბარი. „თუმცა, ვცდილობ წრფელი ვიყო ღმერთთან, — ამბობს სტივი. — ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არ უნდა შევაწუხო ის ყოველდღიურ საქმეებზე საუბრით“. როგორც კი ასე დაიწყებ ფიქრს, ეცადე გაიხსენო ის, თუ რა ასწავლა იესომ თავის მოწაფეებს: „განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე. . . ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (ლუკა 12:6, 7). განა არ არის ეს სიტყვები სარწმუნო?
რაც უფრო ახლოს ეცნობი იეჰოვას, მით უფრო ხშირად მიმართავ მას ლოცვით და უფრო მეტად რწმუნდები, რომ იეჰოვას შეუძლია დაგეხმაროს. აქედან გამომდინარე, როგორი აზროვნება უნდა გქონდეს, როცა იეჰოვას მიმართავ ლოცვით? შენ მოკრძალებული, თავმდაბალი და უანგარო უნდა იყო. როგორ ფიქრობ, რომელიმე სახელმწიფო მოხელე მოგისმენდა, თუ მედიდურად და უპატივცემულოდ სთხოვდი ამის შესახებ? ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ იეჰოვაც, სანამ ლოცვებზე გიპასუხებდეს, მოელის შენგან, რომ დააფასებ მას და მის ნორმებს (იგავნი 15:29).
ათასობით ღვთისმოშიშმა ახალგაზრდამ ისწავლა ღვთის წინაშე თავისი გულის გადაშლა (ფსალმუნი 61:9). „როდესაც იეჰოვა მპასუხობს ლოცვებზე, — ამბობს ბრეტი. — მამხნევებს ის ფაქტი, რომ ის კვლავ ჩემი მეგობარია“. რა შეიძლება ითქვას შენზე? როგორ შეგიძლია ასეთი ურთიერთობა განავითარო ღმერთთან? ორი ქრისტიანი ახალგაზრდა ასეთ აზრს გამოთქვამს:
რეიჩელი: „ვფიქრობ, რომ იეჰოვასთან უფრო ახლო ურთიერთობის განსავითარებლად საჭიროა მისი სიტყვის უფრო ღრმად შესწავლა; პირადად მე ვცდილობ, რომ ასეთი შესწავლის დიდი სურვილი განმივითარდეს“ (1 პეტრე 2:2).
ჯენი: „ჩემი აზრით, რაც უფრო ხშირად მონაწილეობ იეჰოვასთვის მსახურებაში, მით უფრო უახლოვდები მას“ (იაკობი 4:8).
ოდესმე თუ დაინტერესებულხარ, სინამდვილეში, შენთვის რამხელა სარგებლობის მოტანა შეუძლია ლოცვას? ერთი ქრისტიანი ახალგაზრდა ამბობს: „მე უფრო დავუახლოვდებოდი ღმერთს, თუ დამელაპარაკებოდა ან წერილს გამომიგზავნიდა“. რადგან ლოცვის დროს იეჰოვა არ გვპასუხობს ხმამაღლა, როგორ შეიძლება ლოცვის შედეგად ნამდვილად მივიღოთ დახმარება? ეს საკითხი განხილული იქნება მომდევნო ნომერში.
[ჩარჩო 29 გვერდზე]
პასუხები 27-ე გვერდზე მოცემულ კითხვებზე
1. იეჰოვა. მისი სახელი ნიშნავს „აქცევინებს“.
2. სიყვარული, ძალა, სამართლიანობა და სიბრძნე.
3. მან თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო, გამოაგზავნა, რომელიც ჩვენთვის მოკვდა.
4. არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე ზრუნვით, არამედ ღვთის ნების გათვალისწინებით და მისი ნების შესრულებით.
5. ჩვენ უნდა ვიყოთ მოკრძალებულები, თავმდაბლები და უანგაროები.
[სურათები 28 გვერდზე]
ბიბლიის შესწავლა და ქმნილებებზეზე დაკვირვება დაგეხმარება ღვთის უკეთესად გაცნობაში.