მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
უკეთესი ჯანმრთელობა. როგორც მანუალური თერაპიის სპეციალისტი და კვალიფიცირებული ფიზიოთერაპევტი, 21 წელია ჯანმრთელობის დაცვას ვემსახურები და ასობით პაციენტს ვეხმარები. ძალიან მაწუხებს ის, რომ ბევრმა, ვინც კითხულობს სტატიების სერიას, სათაურით „უკეთესი ჯანმრთელობა — რა არჩევანი არსებობს?“ (8 ნოემბერი, 2000), მკურნალობის მეთოდების არჩევისას შეიძლება არ მიმართოს მანუალურ თერაპიას, მოსალოდნელი საშიშროების გამო.
ა. კ. (შეერთებული შტატები)
თქვენ ამბობთ, რომ მანუალური თერაპიით კისერზე მანიპულირება შეიძლება ინსულტის მიზეზი გახდეს. უკვე 50 წელზე მეტია მანუალური თერაპიის სპეციალისტად ვმუშაობ და არასდროს მინახავს ან მსმენია ასეთი რამ.
ბ. დ. ბ. (შეერთებული შტატები).
ჩვენი მიზანი არ ყოფილა ის, რომ მკითხველისთვის გადაგვეფიქრებინებინა მანუალური თერაპიით მკურნალობა, თუ მათ ეს სურთ. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ იუწყებოდა: „აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ექიმის მიერ ჩატარებულ მანუალურ თერაპიას ნაკლებად ახლავს გვერდითი მოვლენები“. აგრეთვე, ჟურნალი „Archives of Internal Medicine“ (1998 წლის 9 ნოემბერი, ტომი 158) ამგვარი მანიპულირების შესახებ აღნიშნავდა, რომ „სერიოზული გართულებების რაოდენობა ჯერ კიდევ სადავოა“ და რომ „ვარაუდობენ, ასეთი რამ ემართება 400 000-იდან ერთს და 10 მილიონიდან 3—6-ს“. უნდა განგვემარტა, რომ გართულებები მანუალური თერაპიის შედეგად, მათ შორის ინსულტის საშიშროებაც, როგორც ჩანს იშვიათია (რედ.).
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ სტატიების სერიისთვის. მე ტრადიციული მედიცინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ანტიბიოტიკებზე ძალიან ცუდად რეაგირებს. ხანდახან ექიმებს, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით მკურნალობენ პაციენტებს, არ შეუძლიათ ჩემთვის დიაგნოზის დასმა, ამიტომ ალტერნატიულ მედიცინას მივმართავ. ამ სტატიებმა ნამდვილად გამამხნევა, რადგან ზოგი დამცინის ჩემი არჩევნის გამო.
ს. ჰ. (ანტიგუა).
დეპრესია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტატიისათვის „უნდა ვუთხრა ვინმეს, დეპრესიაში რომ ვარ?“, რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (2000 წლის 8 ნოემბერი). ეს სტატია დროული აღმოჩნდა ჩემთვის, როდესაც ძლიერ დეპრესიაში ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. სტატიის წაკითხვისას, ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ესმოდა ჩემი. გული გადავუშალე ჩემს მშობლებს, საუკეთესო მეგობარს და, რაღა თქმა უნდა, იეჰოვას. ის ძალიან დამეხმარა. არასდროს მინდა დავკარგო იეჰოვასთან ახლო, პირადი ურთიერთობა.
ა. ფ. (გერმანია).