არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლებისგან მიტოვებული, მაგრამ იეჰოვასთვის საყვარელი

მშობლებისგან მიტოვებული, მაგრამ იეჰოვასთვის საყვარელი

მშობლებისგან მიტოვებული, მაგრამ იეჰოვასთვის საყვარელი

მოგვითხრო ბერნადეტ ფინმა

ოთხი წლისაც არ ვიყავი, როდესაც სამ უფროს დასთან ერთად ქალთა მონასტერში დამტოვეს. 12 წლის ბერდი, 8 წლის ფილესი, და 7 წლის ანემა იხსენებენ, რომ განუწყვეტლივ გულამომჯდარი მივტიროდი მშობლებს. რატომ დაგვტოვეს იქ?

დავიბადე დიდ კათოლიკურ ოჯახში 1936 წლის 28 მაისს. ჩვენ, ბავშვები, მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით პატარა სახლში უექსფორდის საგრაფოს ქალაქ დენკორმიკში (ირლანდია). დედმამიშვილებში მერვე ვიყავი და შვიდ და-ძმასთან ერთად ერთ დიდ საწოლში ვიწექი. ჩემს და-ძმას, რომლებიც ცოტა მოგვიანებით დაიბადნენ, გარდერობის უჯრებში ეძინა.

მამა ფერმის შრომისმოყვარე მუშა იყო. მას ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდა, რის გამოც ჩვენი ოჯახი ცუდად იკვებებოდა. დედას იშვიათად შეეძლო ჩემი უფროსი და-ძმებისთვის წასახემსებელი მოემზადებინა სკოლაში წასაღებად. ჩვენი ასეთი მდგომარეობა გამოწვეული იყო იმ დროს მთელ ირლანდიაში საყოველთაო სიღარიბითა და კათოლიკური ეკლესიის სასტიკი ბატონობით.

ჩვენი ოჯახი რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, თუმცა დედაჩემი დიდად არ იყო დაინტერესებული სულიერი საკითხებით. მიუხედავად ამისა, ჩემს დებს ახსოვთ, რომ, როცა ის ბუხრის წინ იჯდა, ამა თუ იმ რელიგიურ ლიტერატურას კითხულობდა და შემდეგ ცდილობდა, აეხსნა ჩვენთვის წაკითხულიდან ზოგი რამ.

„სად არის დედაჩემი?“

არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა ქალთა მონასტერში წამიყვანეს. ჩემი მშობლები დერეფანში იდგნენ და სერიოზულად ესაუბრებოდნენ მონაზონს; ამ დროს იქ მყოფ სხვა პატარა გოგონებთან სიხარულით დავიწყე თამაში, რადგან არ ვიცოდი, რის შესახებ საუბრობდნენ. მოულოდნელად, როცა მიმოვიხედე, ჩემდა სამწუხაროდ, დედ-მამა ვეღარსად დავინახე. „სად არის დედაჩემი“? — მოვრთე ყვირილი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კვირების განმავლობაში გულამომჯდარი ვტიროდი.

ჩემი სამი უფროსი დის გვერდით ყოფნა გარკვეულწილად მანუგეშებდა. მაგრამ, როცა ისინი მონასტრის სხვა ზონაში იყვნენ, აღარ მქონდა მათთან ურთიერთობა. რადგან ისინი ჩვენთან, პატარებთან, შედარებით ორი საათით გვიან წვებოდნენ, არ ვიძინებდი, სანამ არ გავიგებდი, რომ დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ გავიპარებოდი ჩემი საწოლი ოთახიდან და კიბის ბოლო საფეხურამდე ავდიოდი, ჩემს დებს ხელი რომ დაექნიათ ჩემთვის. ყოველდღე მხოლოდ ამ ძვირფასი წუთებისთვის ვცხოვრობდი.

ქალთა მონასტერი არ იყო ის ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობდა მშობლებთან ჩვენს ურთიერთობას და ამგვარად ჩვენს გამხნევებას. ამიტომ იშვიათად თუ მოვკრავდით თვალს მშობლებს. ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა მათთან განშორებამ. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა მშობლებმა მოგვინახულეს; მე არ მივკარებივარ მათ და არც ისინი მოსულან ჩემთან ახლოს. მაგრამ ჩემი უფროსი დები მათ რამდენიმე სტუმრობას იხსენებდნენ.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩემთვის ქალთა მონასტერი ოჯახად, სახლად და ჩემს სამყაროდ იქცა. მე იქ 12 წლის განმავლობაში ვიყავი და მხოლოდ ორჯერ გავბედე მის ფარგლებს გარეთ გასვლა. მეზობელი ქალაქგარეთა ტერიტორიის დათვალიერებისას ხეებისა და ცხოველების ნახვამ აღგვაფრთოვანა. ამავე დროს, ჩვენ, გოგონებს, არასდროს გვენახა მანქანები, ავტობუსები ან მაღაზიები და იშვიათად ვხედავდით მამაკაცებს; გამონაკლისები ამ მხრივ მხოლოდ მღვდლები იყვნენ.

ქალთა მონასტერში გატარებული წლები

მონასტრის ცხოვრებას აქვს რამდენიმე დადებითი, მაგრამ უმეტესობა — უარყოფითი მხარე. ერთი შესანიშნავი ახალგაზრდა მონაზონი თავის ცოდნას ღვთის შესახებ მაქსიმალურად გვიზიარებდა. მან გვითხრა, რომ ღმერთი იყო მოსიყვარულე მამა. ეს მესიამოვნა და იმ დღიდან გადავწყვიტე, ღმერთზე მეფიქრა, როგორც ჩემს მამაზე, რადგან ის უფრო მოსიყვარულე და კეთილი იყო, ვიდრე ჩემი ღვიძლი მამა. მას შემდეგ ღმერთს უბრალო სიტყვებით ბევრს ვესაუბრებოდი და ბავშვურ გულუბრყვილო ლოცვებს წარმოვთქვამდი. როდესაც ამ მონაზონმა მონასტერი დატოვა, ძალიან მენატრებოდა ხოლმე.

მადლობელი ვარ იმ პერიოდში მიღებული დამაკმაყოფილებელი განათლებისთვის. მახსოვს, ის ბავშვები, რომლებსაც „დღის გოგონებს“ ეძახდნენ, უპირატესობით სარგებლობდნენ, როდესაც მონასტერში განათლების მისაღებად მოდიოდნენ. ისინი მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ. მათი მოსვლისას, ჩვენ საკლასო ოთახები უნდა დაგვეტოვებინა. მონაზვნები გამუდმებით გვახსენებდნენ, რომ ჩვენ ობლები ვიყავით და ამიტომ ჩვენი ადგილი უნდა გვცოდნოდა.

მონასტერში უამრავი წესის დაცვა მოითხოვებოდა. ზოგი მათგანი გონივრული იყო და უმეტესობას გვესმოდა მათი დაცვის აუცილებლობა. სასარგებლო იყო ქცევის ნორმებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული გაკვეთილების მოსმენა. არასდროს დამავიწყდება ეს გაკვეთილები, რამაც მთელ ჩემს ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედა. მაგრამ ზოგი წესი არაფრისმომცემი და უმართებულო ჩანდა, ზოგი რთული შესასრულებელი და ძალზე გამაღიზიანებელიც კი იყო. ერთი ასეთი წესის თანახმად, ის, ვინც ლოგინში ჩაისველებდა ან ღამით საპირფარეშოში გასვლა მოუნდებოდა, ისჯებოდა.

ერთ დღეს, როცა კიბეზე ავდიოდი, ჩემს გვერდით მყოფ გოგონას დავუწყე ლაპარაკი. ერთმა მონაზონმა დამიძახა და ლაპარაკისთვის დამსაჯა. რა სასჯელი მელოდა? ირლანდიის მკაცრი ზამთრის განმავლობაში საზაფხულო ტანსაცმლით უნდა მევლო. სუსტი ჯანმრთელობა მქონდა და ხშირად ასთმითა და ტონზილიტით ვიტანჯებოდი. მაშინ ძალიან ავად გავხდი და როგორც ბევრი სხვა მონასტერში მცხოვრები გოგონა, ტუბერკულოზით დავავადდი. თუმცა იზოლირებულ საერთო საძინებელ ოთახებში მოგვათავსეს, არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ, რის გამოც რამდენიმე მათგანი მოკვდა კიდეც, მათ შორის, ჩემი უახლოესი მეგობარი.

დადგენილი წესების უმნიშვნელო დარღვევის გამო შეუბრალებლად გვცემდნენ. ყველა მოსწავლის ოფიციალურად შეკრების დროს ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავდით, როგორ ურტყამდა ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მონაზონი ერთ გოგონას. ყველანი ვტიროდით. რასაკვირველია, სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მონაზონი არ იყო ასეთი სულმდაბალი. მაგრამ დღემდე გონებას მიღრღნის ის, თუ როგორ შეიძლება ვინმე ასეთ უკიდურეს სისასტიკეს იჩენდეს დაუცველი ბავშვების მიმართ. ამას ვერასოდეს მივხვდები.

გარკვეული დროის შემდეგ ბერდი და ფილესი მონასტრიდან წავიდნენ, ხოლო მე და ანემა იქ დავრჩით. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იყო ერთმანეთთან ურთიერთობა. ანემა მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ერთ დღესაც ჩვენი მშობლები მოვიდოდნენ და მონასტრიდან ისეთ ადგილზე წაგვიყვანდნენ, სადაც მონაზვნები ვერასდროს გვიპოვიდნენ. როდესაც ანემამ მონასტერი დატოვა, ლამის გული გამისკდა. მე იქ კიდევ სამ წელზე მეტი ხნით დავრჩი.

ცხოვრებასთან შეგუება მონასტრის გარეშე

16 წლის ასაკში მონასტრის დატოვება შემაშფოთებელი იყო. არაფერი ვიცოდი, რა ხდებოდა მონასტრის კედლებს გარეთ და ეს მაშინებდა. როდესაც ავტობუსში ავედი და სამგზავრო ბილეთის საფასურის გადახდა მთხოვეს, წარმოდგენაც კი არ მქონდა სამგზავრო ბილეთის არსებობაზე. რადგან ფული მაინც არ მქონდა, მყისვე ჩამოვედი ავტობუსიდან და დანიშნულების ადგილისკენ ფეხით გავემართე. შემდეგ ავტობუსით მგზავრობა გადავწყვიტე, მაგრამ აღარ მოვიდა. არ ვიცოდი, თუ ავტობუსის გაჩერებაზე უნდა დავმდგარიყავი.

ყოველივე ამის მიუხედავად, თითქოს, მცირეოდენი გამბედაობა და ძალა მოვიკრიბე, რამდენადმე თვითრწმენაც ჩავინერგე და თანდათანობით დავიწყე იმაში გარკვევა, თუ რა უნდა გამეკეთებინა. თავდაპირველად ადვილად შესასრულებელი სამუშაოს შოვნა მოვახერხე, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, დედაჩემის მოსანახულებლად სახლში დავბრუნებულიყავი. იქ ჩემი რამდენიმე უმცროსი დედმამიშვილი გავიცანი — იმ დროს სულ 14 და-ძმა მყავდა. რადგან იქ დასარჩენად ჩემთვის არ იყო ადგილი, მშობლებმა საცხოვრებლად ჩემს დასთან, ანემასთან გამგზავნეს უელსში. მამაჩემმა იქამდე მიმაცილა და შემდეგ მყისვე გაუჩინარდა.

შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ღატაკი ვიყავი, მაგრამ როგორღაც ვახერხებდი არსებობას. მოგვიანებით, 1953 წელს ლონდონში გადავედი და „მარიამის ლეგიონს“, რომის კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაციას, შევუერთდი, რომელიც ეკლესიისგან დამოუკიდებლად არსებობდა. იმის მოლოდინი მქონდა, რომ რაღაც სულიერთან მექნებოდა შეხება ასეთ ხალხთან თანამშრომლობისას, მაგრამ მათთან მუშაობამ ძალიან გამიცრუა იმედები. მე მიყვარდა სულიერ საკითხებზე საუბარი, „მარიამის ლეგიონთან“ მუშაობას კი ამქვეყნიური სული დაჰკრავდა და ჩანდა, რომ ამ ორგანიზაციის წევრები არასდროს მსჯელობდნენ სულიერ საკითხებზე.

სანამ ლონდონში ვცხოვრობდი, პატრიკი გავიცანი, რომელიც ჩემი ძმების მეგობარი იყო. ერთმანეთი შეგვიყვარდა და 1961 წელს დავქორწინდით კიდეც. ლონდონში პირველი ორი შვილი, ანჯელა და სტივენი შეგვეძინა. მოგვიანებით, 1967 წელს, ავსტრალიაში გადავედით, სადაც მესამე ბავშვი, ანდრიუ, დაიბადა. ჩვენ ახალი სამხრეთი უელსის სოფელ ბომბალაში დავსახლდით.

საბოლოოდ სულიერი საკვების აღმოჩენა

ავსტრალიაში ჩასვლიდან ცოტა ხანში, ბიბლიის შესახებ სასაუბროდ ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ბილ ლოიდი, გვეწვია ბომბალაში. გული ამითრთოლდა, როდესაც ჩემს კითხვებზე პირდაპირ ბიბლიიდან მივიღე პასუხები. თუმცა მივხვდი, რომ რასაც ბილი ამბობდა, ჭეშმარიტება იყო, ბევრ საკითხზე ვეკამათებოდი, რათა კიდევ ცოტა ხნით შემეყოვნებინა და უფრო მეტი გამეგო ბიბლიიდან. მოგვიანებით ბილმა ბიბლია და რამდენიმე ჟურნალი მომიტანა წასაკითხავად.

დიდი სიამოვნებით წავიკითხე ჟურნალები, მაგრამ შევცბუნდი, როცა გავიგე, რომ ამ პუბლიკაციების გამომცემლებს არ სწამდათ სამება. ამიტომ დავმალე ჟურნალები, რათა მათი წაკითხვით პატრიკს რწმენა არ შერყეოდა. გადავწყვიტე, როცა ბილი მოვიდოდა, უკან დამებრუნებინა ისინი, მაგრამ მისი მომდევნო სტუმრობისას, მან ამიხსნა, რომ ეს დოქტრინა სამ პიროვნებას ერთ ღვთაებად აერთიანებდა, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა ბიბლიურ სწავლებებს. მალე ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იესო ღვთის ძე იყო, რომელიც მისმა მამამ, იეჰოვა ღმერთმა, შექმნა — ამგვარად, მას ჰქონდა დასაწყისი — და რომ მამა იესოზე დიდი იყო (მათე 16:16; იოანე 14:28; კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14).

მალე გავიგე, რომ ის, რაც მასწავლეს, როგორც კათოლიკეს, არასწორი იყო. მაგალითად, ბიბლია არ ასწავლის, რომ ადამიანებს აქვთ უკვდავი სული ან რომ არსებობს ცეცხლოვანი სატანჯველი ჯოჯოხეთი (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4). რამხელა შვება მომგვარა იმან, რაც მაშინ შევიტყვე! ერთ დღეს სიხარულისგან სამზარეულოში ცეკვა დავიწყე; საბოლოოდ ვიპოვე მამა, რომელიც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ არასდროს ვიცნობდი. იმ დროიდან მოყოლებული, სულიერი შიმშილის გრძნობას ვიკმაყოფილებდი. კიდევ უფრო გავიხარე, როცა პატრიკმაც აღფრთოვანებულმა მიიღო ეს ახალაღმოჩენილი მრწამსი.

ბილმა იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე დაგვპატიჟა სხვა ქვეყანაში, ქალაქ ტემორაში. თუმცა ეს ადგილი მრავალი კილომეტრით იყო დაშორებული, სიხარულით გამოვეხმაურეთ მოწვევას და პარასკევ საღამოს ტემორაში ჩავედით. შაბათ დილით საკონგრესო დარბაზში მოწმეები ჯგუფებად შეიკრიბნენ, რათა კარდაკარ მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა. მე და პატრიკი აღფრთოვანებული ვიყავით ამით, რადგან სწორედ ეს იყო ის, რის გაკეთებაც გვსურდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ბილმა გვითხრა, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობას, რამეთუ ორივე ჯერ კიდევ სიგარეტს ვეწეოდით. მიუხედავად ამისა, როცა ბილი წავიდა, მე და პატრიკი სხვა ჯგუფს შევუერთდით. მათ ეგონათ, რომ მოწმეები ვიყავით და ამიტომ თან წაგვიყვანეს.

ჩვენ მალე გავიგეთ, თუ რა ბიბლიური მოთხოვნების შესრულება იყო საჭირო, რათა კეთილი ცნობა გვექადაგა (მათე 24:14). საბოლოოდ, მივატოვეთ წევა და 1968 წელს მე და პატრიკი იეჰოვა ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლეთ.

რწმენის გამოცდები

როდესაც ბიბლიური ცოდნა გავიღრმავეთ და უფრო ახლო ურთიერთობა განვავითარეთ იეჰოვასთან, ღვთის დანაპირებებისადმი ჩვენი რწმენა უფრო მტკიცე გახდა. გარკვეული დროის შემდეგ პატრიკი უხუცესად დაინიშნა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა კრებაში. ჩვენ, რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით, რათა ჩვენი შვილები იეჰოვას მოძღვრებითა და დარიგებით აღგვეზარდა და მოზარდების აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ჩვეული სირთულე გადაგველახა (ეფესელთა 6:4).

სამწუხაროდ, ჩვენი ვაჟი, სტივენი 18 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მწუხარებას გვიმსუბუქებდა და ნამდვილად გვანუგეშებდა ის, რომ სტივენი იეჰოვას სცემდა თაყვანს. ჩვენ ვოცნებობთ კვლავ მის ნახვას, როდესაც იეჰოვა სამარხებიდან აღადგენს მიცვალებულებს (იოანე 5:28, 29). მომდევნო წელს, 1983-ში, ჩემს ქალიშვილს, ანჯელას, შევუერთდი სრული დროით მსახურებაში და მას შემდეგ არ შემიწყვეტია მსახურება. ბიბლიური იმედის სხვებისთვის გაზიარება მეხმარება, ცხოვრებას იმედის თვალით ვუყურო; ეს გულის სატკივარს მიმსუბუქებს. ახლახან ძალიან გამახარა იმის გაგებამ, რომ ჩემმა დამ, ანემამ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან უელსში.

1984 წელს პატრიკს ისეთი დაავადება განუვითარდა, რომლის შესახებაც იმ დროისთვის არაფერი იცოდნენ, მაგრამ მოგვიანებით ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. საბოლოოდ, მას სრულ განაკვეთიანი სამუშაოს დატოვება მოუწია და ქრისტიან უხუცესად მსახურებაზეც უარი თქვა. საბედნიეროდ, ის ნაწილობრივ გამოჯანმრთელდა და ამჟამად მას კვლავ გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია კრებაში.

ადრეული ასაკიდანვე ჩემმა ბავშვობამ წესრიგსა და თავგანწირვას მიმაჩვია, რამაც უბრალოდ ცხოვრება და მცირედით დაკმაყოფილება მასწავლა. მაგრამ ყოველთვის საგონებელში მაგდებდა, ჩვენმა მშობლებმა რატომ დატოვეს ქალთა მონასტერში ოთხი გოგონა და სხვა თერთმეტი დედმამიშვილი — სახლში. მე თავს იმით ვინუგეშებ, რომ წლების წინათ გარდაცვლილ დედ-მამას რისი ძალაც შესწევდათ, ყველაფერი გააკეთეს იმ პირობებში, რა პირობებშიც გვიწევდა ცხოვრება, მაგრამ ყოველივე ამის მიზეზს, ალბათ, ბოლომდე ვერასდროს გავიგებ. მართალია, ძალიან მიჭირდა, როცა რთული გადაწყვეტილებების წინაშე ვდგებოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ სიცოცხლე მიბოძეს და როგორც შეეძლოთ, საუკეთესოდ ზრუნავდნენ ჩემზე. რაც ყველაზე მთავარია, მადლობელი ვარ იეჰოვასი მისი მამობრივი მზრუნველობის გამო.

[სურათი 22 გვერდზე]

როდესაც ახალდაქორწინებულები ვიყავით.

[სურათი 23 გვერდზე]

როცა ჩვენი შვილები პატარები იყვნენ.

[სურათი 23 გვერდზე]

მე და პატრიკი დღეს.