ნარკომანია გამოსავალი არსებობს!
ნარკომანია გამოსავალი არსებობს!
„კონტრაბანდით შეტანილ ღვინის ბოთლებში დიდი რაოდენობით კოკაინი იპოვეს“. ამ სათაურით დაბეჭდილ საგაზეთო სტატიაში ახსნილი იყო, თუ როგორ დააკავა იოჰანესბურგის (სამხერთ აფრიკა) პოლიციამ კონტეინერი, რომელიც გემით გადაჰქონდათ და რომელშიც 11 600 ბოთლი სამხრეთ ამერიკული ღვინო გახლდათ. ღვინოში 150—180 კილოგრამი კოკაინი იყო გახსნილი. ფიქრობდნენ, რომ აქამდე კოკაინის ასეთი დიდი პარტია ამ ქვეყანაში არასოდეს შეუტანიათ.
თუმცა ამ მონაცემების მიხედვით კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა წარმატებულად მოგვეჩვენოს, ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ მთელ მსოფლიოში პოლიცია ნარკოტიკების კონტრაბანდის მხოლოდ დაახლოებით 10—15 პროცენტს აკავებს. სამწუხაროდ, ეს ბოსტანში დიდი ზიანის მომტანი სარეველა ბალახებისთვის ფოთლების შემოცლისა და ფესვების მიწაში დატოვების მსგავსია.
უზარმაზარი მოგება, რომელსაც ნარკოტიკებით ვაჭრობა იძლევა, მთავრობას მათი წარმოებისა და გაყიდვის აღმოფხვრაში უშლის ხელს. სავარაუდო მოგება, რომელსაც მხოლოდ შეერთებულ შტატები ყოველწლიურად ნარკობიზნესით იღებს, მრავალ მილიარდ დოლარს შეადგენს. როდესაც საქმე ასეთ დიდ თანხებს ეხება, გასაკვირი არ არის, რომ პოლიცია და სხვა სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის დიდი თანამდებობის მქონენიც კი, ადვილად ებმებიან კორუფციის მახეში.
ყოველკვირეული „გარდიანის“ კორესპონდენტი, ალექს ბელო, ბრაზილიიდან იტყობინებოდა, რომ პარლამენტის მიერ შეკრებილი ცნობების თანახმად, „სამი კონგრესმენი, მთავრობის აპარატის 12 წარმომადგენელი და სამი ქალაქის მერი მოხსენიებული იყვნენ. . . დაახლოებით 800-ზე მეტი კაცისგან შემდგარ სიაში; ამ ადამიანებს ორგანიზებულ დამნაშავეობასა და ბრაზილიაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში მიუძღოდათ წვლილი“. სიაში შედიოდნენ აგრეთვე „27 შტატიდან 17-ის პოლიციელები, იურისტები, ბიზნესმენები და ფერმერები“. აღნიშნული ფაქტის შესახებ ბრაზილიის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკის დარგში თქვა: „ეს არის ბრაზილიის საზოგადოების ნებისმიერი ფენის მასობრივი დადანაშაულება“. იგივე შეიძლება ითქვას მრავალ საზოგადოებაზეც, რომლებშიც ნაკრომანია კარგად არის ფეხმოკიდებული. ამ არასასურველ ვითარებას კი მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო კანონები იწვევს.
ვინაიდან აკრძალვებს უმნიშვნელო წარმატებები მოაქვს, ზოგი გარკვეული ნარკოტიკის ლეგალიზაციის მომხრედ გამოდის. ზოგადი კონცეფცია ის გახლავთ, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პირადი გამოყენებისთვის ჰქონდეთ მათი მცირე რაოდენობა. ფიქრობენ, რომ ამგვარად მთავრობა უფრო ადვილად შესძლებს მდგომარეობის გაკონტროლებას და ნარკობოსებს უზარმაზარი შემოსავალი შეუმცირდებათ.
ზოგის მცდელობა წარმატებით სრულდება
დეტოქსიკაციამ შესაძლოა თავიდან ნარკომანს ნარკოტიკების მიღება შეაწყვეტინოს, რის შემდეგაც მისი ფიზიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ ნარკომანი მისთვის ჩვეულ გარემოში მოხვდება, მოსალოდნელია, რომ ის კვლავ ნარკოტიკების მიღების ცდუნების წინაშე აღმოჩნდება. მწერალი ლუიჯი ზოია ამის მიზეზს გვეუბნება: „უბრალოდ, შეუძლებელია ჩვევის მოშორება, თუ პაციენტი მთლიანად არ შეიცვლის აზროვნებას“.
წინა სტატიაში მოხსენიებულმა დარენმა ‘აზროვნება შეიცვალა’, რასაც მისი ცხოვრების შეცვლაც მოჰყვა. ის განმარტავს: „ვამბობდი, რომ ათეისტი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში, თუმცა დილიდან საღამომდე ნარკოტიკების გავლენის ქვეშ ვიყავი, მივხვდი, რომ ღმერთი უნდა არსებულიყო. ორი თუ სამი თვის განმავლობაში ვცდილობდი, შემეწყვიტა ნარკოტიკების მიღება, მაგრამ მეგობრებმა არ მომცეს ამის საშუალება. თუმცა ნარკოტიკებს ჯერ კიდევ ვიღებდი, ძილის წინ ბიბლიის რეგულარულად კითხვა დავიწყე. მეგობრებთან უფრო ნაკლები ურთიერთობა მქონდა. ერთ საღამოს მე და ოთახში ჩემთან ერთად მცხოვრებმა ბიჭმა ძალიან დიდი დოზით მივიღეთ ნარკოტიკული საშუალება. მასთან საუბარში ბიბლია ვახსენე. მომდევნო დილით მან თავის ძმას დაურეკა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. მან ჩვენს ქალაქში მცხოვრებ მოწმესთან მიგვაგზავნა; მეც წავედი.
„ღამის 11 საათამდე ვსაუბრობდით, და შინ ბიბლიის შესასწავლად დამხმარე პუბლიკაციებით დატვირთული დავბრუნდი. ამ მოწმესთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. შევწყვიტე ნარკოტიკების გამოყენება და მოწევა. დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი“.
ნარკოტიკების მიღების შეწყვეტა ადვილი არ არის. წინა სტატიაში მოხსენიებულმა მაიკლმა შენიშნა, რომ მისთვის რთული იყო 11 წლის განმავლობაში ნარკოტიკების მიღების შემდეგ მათთვის თავის დანებებება: „ჭამა არ შემეძლო, რის გამოც წონაში დავიკელი. დაბუჟების შეგრძნება მქონდა, ვოფლიანობდი და ადამიანებს ნორმალურად ვერ ვხედავდი. უდიდესი სურვილი მქონდა, დავბრუნებოდი ნარკოტიკებს, მაგრამ ლოცვის საშუალებით იეჰოვასთან დაახლოება და ბიბლიის შესწავლა სიწმინდის შენარჩუნებაში დამეხმარა“. ამ ყოფილი ნარკომანების აზრით, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი ყოფილ მეგობრებთან ურთიერთობის აბსოლუტური გაწყვეტა იყო.
რატომ მთავრდება კრახით ადამიანთა მცდელობები
კანონით აკრძალული ნარკოტიკების გამოყენება გლობალური პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. მთელი წუთისოფელი ბოროტების, ძალადობისა და სისასტიკის მარწუხებშია მოქცეული. ბიბლია ამბობს: «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს [„ბოროტის ძალაუფლებაშია“, აქ]» (1 იოანე 5:19). ეს „ბოროტი“ არსება მოციქულ იოანეს გამოცხადების 12:9-ში ასე არის აღწერილი: „გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“.
საკუთარი სისუსტეების გარდა, ადამიანი თავის ძლიერ მტერსაც ებრძვის. სატანა არის ის, ვინც თავდაპირველად გამოიწვია ადამიანის დაცემა. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო მეტად გამოუთხაროს ძირი კაცობრიობას და ადამიანები ღმერთს ჩამოაშოროს. ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, როგორც ჩანს, მისი სტრატეგიის ნაწილია. ეშმაკი გამძვინვარებულია, რადგან იცის, რომ „დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12).
როგორ გადაჭრის ღმერთი ამ პრობლემას?
ბიბლია გვამცნობს, რომ შემოქმედს უყვარს კაცობრიობა და ამიტომ ცოდვილი მდგომარეობისგან მათი გათავისუფლება აქვს განზრახული. 1-ლი კორინთელთა 15:22 გვეუბნება: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“. იესო უყოყმანოდ მოვიდა დედამიწაზე, როგორც სრულყოფილი ადამიანი, და თავისი მიწიერი სიცოცხლე ცოდვისა და სიკვდილის გავლენისგან ადამიანების გამოსახსნელად გაიღო.
სიკვდილის მიზეზისა და ადამიანთა პრობლემების გადაჭრის შესახებ ცოდნამ მრავალი აღძრა, უარი ეთქვა ნარკომანიაზე და ამის გასაკეთებლად გამბედაობაც მისცა. მაგრამ ბიბლია დღეს თითოეულს მხოლოდ ნარკომანიის პრობლემასთან გამკლავებაში როდი გვეხმარება. ის გვამცნობს დროის შესახებ, როცა სატანის გავლენა აღმოიფხვრება და წუთისოფელში არსებული ყოველგვარი გასაჭირი, მათ შორის ნარკომანიაც, საბოლოოდ მოისპობა.
წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილია „სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით ჭვირვალი, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა“ (გამოცხადება 22:1). ეს სიმბოლური მდინარე მიგვითითებს ღვთის ღონისძიებაზე — იესო ქრისტეს მეშვეობით ადამიანებს დაუბრუნოს სრულყოფილი სიცოცხლე და ისინი დედამიწაზე სამოთხეში აცხოვროს. „გამოცხადება“ მდინარის გასწვრივ ჩამწკრივებულ ჯანსაღ ხეებსაც აღწერს და ამბობს: „ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა“ (გამოცხადება 22:2). ეს სიმბოლური ფოთლები იეჰოვას მიერ ადამიანების სულიერ და ფიზიკურ სრულყოფილებამდე მიმყვანი გამომაჯანსაღებელი ღონისძიებების ამსახველია.
ბოლოს კი, ადამიანები გათავისუფლდებიან არა მარტო ნარკომანიისგან, არამედ ყველა სხვა დაავადებისა და პრობლემისგან, რომლითაც სავსეა დღევანდელი დეგრადირებული სისტემა!
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
რამდენად უვნებელია მარიხუანა?
რამდენიმე ქვეყანაში მარიხუანის, ძირითადად, სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების კანონიერად დაშვებაზე მსჯელობენ. ეს ნივთიერება ამცირებს გულისრევის შეგრძნებას, რომელიც ავადმყოფებს ქიმიოთერაპიის დროს აღენიშნებათ; ის, როგორც ჩანს, შიდსი-ით დაავადებულთათვის მადის აღმძვრელ საშუალებად გამოიყენება. მარიხუანას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს.
მაშინ როდესაც ამ მონაცემებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები არსებობს, ერთ-ერთ ჟურნალში (New Scientist) აღნიშნული იყო, რომ ცდების შედეგად დადგენილ იქნა ამ ნივთიერების საზიანო ეფექტები.
ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა ცდები; შედარებულ იქნა ადამიანთა ჯგუფები, რომელთაგან ერთნი ყოველდღე ეწეოდნენ მარიხუანას, მეორენი კი შედარებით იშვიათად. მათ გონებაზე ჩატარებული სტანდარტული გამოკვლევის შედეგად, ამ ორი ჯგუფის ადამიანებში მცირეოდენი განსხვავება აღინიშნა. მაგრამ შემგუებლობაზე ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მარიხუანის დიდი რაოდენობით გამომყენებლებს ეს უნარი ბევრად დაბალი ჰქონდათ.
სხვა უნივერსიტეტში 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მარიხუანის რეგულარულად მწეველებსა და სიგარეტის მწეველებს. მარიხუანის მწეველები დღეში სამ-ოთხჯერ ეწეოდნენ, მაშინ როდესაც სიგარეტის მწეველები დღეში 20 ან მეტ სიგარეტს ეწეოდნენ. ორივე ჯგუფის წევრებს თანაბრად აღენიშნებოდათ ხველება და ბრონქიტი. ფილტვების გამოკვლევამ ცხადყო, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლების ფილტვებში ერთი და იმავე სახის უჯრედები იყო დაზიანებული.
თუმცა მარიხუანას მისი მწეველები ბევრად უფრო ნაკლები სიხშირით ეწეოდნენ, აღმოჩნდა, რომ მარიხუანის ერთხელ მოწევისას იმდენივე ფისი გამოიყოფა, რამდენიც სიგარეტის სამი ღერის მოწევის შემთხვევაში. გარდა ამისა, აღნიშნული ჟურნალი იუწყებოდა: „მარიხუანის მწეველები უფრო ღრმად ისუნთქავენ ბოლს და უფრო დიდხანს იკავებენ სუნთქვას“.
გარდა ამისა, მარიხუანის მწეველების ფილტვების იმუნურ უჯრედებს 35 პროცენტით ნაკლებად შეეძლოთ ბაქტერიებთან ბრძოლა, ვიდრე სიგარეტის მწეველთა იმავე უჯრედებს.
[საავტორო უფლება]
U.S. Navy photo
[ჩარჩო 11 გვერდზე]
მშობლებისთვის წაყენებული „მტკივნეული ბრალდება“
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი გაზეთის (Saturday Star) მოწინავე სტატიაში შეშფოთება იყო გამოხატული იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკელ ახალგაზრდებს შორის ნარკომანიის მასშტაბები იზრდება. გაზეთი იუწყებოდა:
„ჩვენი შვილები რომ ამას აკეთებენ [ნარკოტიკებს იღებენ], ხშირად ჩვენთვის, მშობლებისთვის, და საერთოდ საზოგადოებისთვის, წაყენებული მტკივნეული ბრალდებაა. კვირიდან კვირამდე დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად. შვილების მოვლა-პატრონობა გონების დაძაბვასა და ფიზიკურ ძალებს საჭიროებს. მათ საკმარის დროს ვუთმობთ? შედარებით ადვილია მათთვის ფულის მიგდება, რათა აღარ შეგვაწუხონ. დიახ, ეს უფრო ადვილია, ვიდრე იმის მოსმენა, თუ რა აშინებთ, რის იმედი აქვთ ან რა აწუხებთ. დღეს საღამოს, როდესაც რესტორნებში მაგიდებს მივუსხდებით ან ტელეეკრანების წინ მოხერხებულად მოვკალათდებით, გვეცოდინება მაინც, თუ რას გააკეთებენ ამ დროს ჩვენი შვილები?“
ჩვენ კი დავამატებდით: გვეცოდინება რაზე ფიქრობენ ისინი?
[სურათი 10 გვერდზე]
მრავალი აღიძრა, მიეტოვებინა ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება.