ნარკოტიკები ვინ იყენებს მათ ბოროტად?
ნარკოტიკები ვინ იყენებს მათ ბოროტად?
ჩვენი კორესპონდენტისგან სამხრეთ აფრიკაში
„ყველა სვამს ან იკეთებს წამალს“. ამ ზოგადი ფრაზით შეიძლება მიამიტ ადამიანებს კანონით აკრძალული ნივთიერებების გამოყენებისკენ უბიძგონ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რას შევიყვანდით ამ წამლებში, აღნიშნულ სიტყვებში არის ჭეშმარიტების მარცვალი.
მაგალითად, სიტყვა ნარკოტიკი ასე განიმარტება: „ნებისმიერი ქიმიური საშუალება, იქნება ეს ბუნებრივი თუ სინთეზური, რომელიც აღქმაზე, გუნება-განწყობილებასა და სხვა ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს“. ეს არის ფსიქოტროპულ საშუალებებად წოდებული ნივთიერებების ზოგადი დახასიათება, თუმცა ეს განმარტება არ მოიცავს მრავალ სამედიცინო საშუალებას, რომლებსაც ფიზიკური დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.
მოყვანილი აღწერილობის თანახმად, ალკოჰოლიც შეიძლება ნარკოტიკად ჩაითვალოს. მისი ჭარბად გამოყენება საშიშროებას ქმნის, რაც დღესდღეობით აშკარად იზრდება. დასავლეთში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში დაკვირვების შედეგად, დაინახეს, რომ „კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება ყველაზე სერიოზული პრობლემაა“. გამოკვლევამ ცხადყო, რომ სტუდენტების 44 პროცენტი ალკოჰოლურ სასმელებს ჭარბად იღებდა *.
ალკოჰოლის მსგავსად, თამბაქოს შეძენაც ლეგალურად შეიძლება, თუმცა ის ძლიერ შხამს, ნიკოტინს, შეიცავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობის თანახმად, მოწევის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი კვდება. მაგრამ თამბაქოს მაგნატები მდიდრები და საზოგადოების პატივდებული წევრები არიან. სიგარეტის მოწევამაც შეჩვევა იცის და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე კანონით აკრძალული მრავალი ნარკოტიკის გამოყენებამ.
გასულ წლებში მრავალ ქვეყანაში აიკრძალა თამბაქოს რეკლამირება; აგრეთვე სხვა შეზღუდვებიც იქნა დადებული. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანი მოწევას
საზოგადოებისთვის მისაღებ საქმიანობად მიიჩნევს. ფილმებში ის კვლავაც რომანტიკულად არის წარმოდგენილი. კალიფორნიის შტატის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, 1991—1996 წლებში ყველაზე შემოსავლიანი ფილმების 80 პროცენტში მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცები მწეველებად არიან წარმოდგენილი.რა შეიძლება ითქვას მედიკამენტების შესახებ?
სამკურნალ-წამლო საშუალებებმა მრავალს ნამდვილად არგო, მაგრამ მათი გამოყენებაც შეიძლება ბოროტად. ზოგჯერ ექიმები ძალიან ადვილად უწერენ პაციენტებს რეცეპტებს ან პაციენტები ახდენენ მათზე ზეწოლას, გამოუწერონ ისეთი მედიკამენტები, რომელთა მიღებაც აუცილებელი არ არის. ერთმა ექიმმა აღნიშნა: «ექიმები ყოველთვის არ უთმობენ დროს იმას, რომ დასხდნენ და პაციენტის დაავადების სიმპტომების მიზეზი გამოიკვლიონ. უფრო ადვილია თქმა: „დალიეთ ეს წამალი“. მაგრამ მთავარი პრობლემა ხელშეუხები რჩება».
ისეთი წამლების ბოროტად გამოყენებამაც კი, რომელთა საყიდლად რეცეპტი არ არის საჭირო, მაგალითად, ასპირინი და პარაცეტამოლი (ტილენოლი, პანადოლი), შეიძლება ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გაგვიჩინოს. ყოველწლიურად მსოფლიოში 2 000-ზე მეტი ადამიანი კვდება პარაცეტამოლის არასწორად გამოყენების შედეგად.
სტატიის დასაწყისში მოყვანილი აღწერილობის თანახმად, ჩაისა და ყავის შემცველობაში შემავალი კოფეინიც შეიძლება ნარკოტიკად ჩაითვალოს, თუმცა, როდესაც საუზმეზე ჩვენს საყვარელ ჩაის ან ყავას მივირთმევთ, სულაც არ მივიჩნევთ მას ასეთად. და აბსურდი იქნებოდა საზოგადოებაში მიღებული სასმელების, მაგალითად, ჩაისა და ყავის, იმავე შუქზე განხილვა და ისეთ ძლიერ ნარკოტიკად ჩათვლა, როგორიც ჰეროინია. ეს იგივე იქნებოდა, კნუტი მრისხანე ლომთან რომ შეგვედარებინა. მიუხედავად ამისა, ზოგი მედიცინის მუშაკის აზრით, თუ, ჩვეულებრივ, ყოველდღიურად ხუთ ფინჯან ყავაზე ან ცხრა ფინჯან ჩაიზე მეტს სვამთ, ამან შეიძლება გავნოთ. გარდა ამისა, თუ ერთბაშად შეწყვეტთ მათ დალევას, შეიძლება ისეთივე სიმპტომები აღგენიშნოთ, როგორიც ერთ ჩაის მოყვარულ ქალს ჰქონდა: ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი და სინათლისადმი მეტისმეტი მგრძნობელობა.
რა შეიძლება ითქვას მედიკამენტების უკანონო გამოყენებაზე?
უფრო მეტად სადისკუსიო საკითხი სპორტული მიზნების მისაღწევად მედიკამენტების გამოყენებაა. ამას ხაზი გაესვა 1998 წელს ჩატარებულ შეჯიბრება „ტურ დე ფრანსზე“, რომლიდანაც საუკეთესო ველოსიპედისტთა ჯგუფიდან დოპინგის გამოყენების გამო 9 კაცი იქნა გაძევებული. სპორტსმენებმა ათასგვარ ხერხს მიმართეს იმ მიზნით, რომ ტესტირებისას არ გამოვლენილიყო მათ მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტი. ჟურნალ „ტაიმის“ ცნობით, ზოგი იქამდე მივიდა, რომ «„შარდის გადასხმას“ იკეთებს ანუ ვიღაცის [დოპინგისგან თავისუფალ] სუფთა შარდს კათეტერის გამოყენებით თავის შარდის ბუშტში ისხამს; ეს პროცედურა კი ხშირად მტკივნეულია“.
ჩვენ ჯერ არაფერი გვითქვამს ნივთიერებათა გარკვეული ჯგუფის, კერძოდ კი ნარკოტიკების, იმ უკანონო გამოყენებაზე, რომლებსაც „გასართობად“ და გამაბრუებელ საშუალებად იყენებენ. ამ ნივთიერებებში შედის მარიხუანა, ექსტაზი (მეთილენდიოქსი-მეთამფეტამინი, მდმა) ლსდ (ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი), სტიმულატორები (კოკაინისა და ამფეტამინის მსგავსი), ბარბიტურატები (ტრანქვილიზატორების მსგავსი დეპრესანტები) და ჰეროინი. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს სხვადასხვა შესასუნთქი საშუალებები, მაგალითად, წებო და ბენზინი, რაც ახალგაზრდებს იზიდავს. რა თქმა უნდა, ეს ისეთი ნივთიერებები არ არის, რომელთა გაყიდვა კანონით აკრძალულია და მათი შოვნა ადვილად არის შესაძლებელი.
ნარკომანების შესახებ ისეთი ზოგადი წარმოდგენა, რომ ისინი გამხდარი ადამიანები არიან, რომლებიც ჩაბნელებულ ოთახებში სხედან და ნემსს იკეთებენ, შეიძლება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს. მრავალი მათგანი შეიძლება შედარებით ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას
ეწევა, თუმცა ნარკოტიკების გამოყენება, ეჭვგარეშეა, მეტ-ნაკლებად მოქმედებს მათ ყოფაზე. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია შევამციროთ ნარკოტიკების გამოყენების საზიანო შედეგები. ერთი მწერალი აღწერს კოკაინის ზოგ გამომყენებელს როგორ „შეუძლია დროის შედარებით მოკლე პერიოდში ინიექციის ძალიან ბევრჯერ გაკეთება, რაც მათ სხეულს ნემსებით დაჩხვლეტილი, სისხლმდენი, დაბეჟილი ხორცის მასის შესახედაობას აძლევს“.მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ნარკოტიკების გამოყენების მოჩვენებითი შემცირების შემდეგ, მსოფლიოში მათმა არაკანონიერმა გამოყენებამ კვლავ იმატა. ჟურნალი „ნიუსუიკი“ აღნიშნავდა: „ხელისუფლებას უძნელდება, გაუმკლავდეს ნარკოტიკების კონტრაბანდის მძლავრ იერიშს, თითქმის ყოველგვარი ნარკოტიკების გამოყენების ზრდასა და იმ თანხებისა თუ ინფორმაციის ნაკლებობას, რაც ნარკომანიასთან საბრძოლველად არის საჭირო“. იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკა) ერთ-ერთი გაზეთი (the star) იუწყებოდა, რომ მთავრობის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, „სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ოთხი ადამიანიდან ერთი ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს“.
გაეროს სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით „ნარკოტიკების დამამზადებლებმა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა. . . საკუთარ საქმეს მსოფლიო მასშტაბით გაუწიეს ორგანიზება და მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ დიდ ფინანსურ ცენტრებში შეიტანეს, რომლებმაც საიდუმლო მომსახურების გარანტია და ინვესტირებული კაპიტალის ამონაგებიდან სასურველი თანხის მიცემა შესთავაზეს. . . ნარკოტიკებით მოვაჭრეებს ახლა არაკანონიერი გზით მოგების მიღება კომპიუტერების გამოყენებით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თანხების გადარიცხვით შეუძლიათ, ისე რომ სახელმწიფომ ამას კონტროლი მაინცდამაინც არ გაუწიოს“.
როგორც ჩანს, მრავალ ამერიკელს ყოველდღიურად უწევს კოკაინთან შეხება, თუმცა ამის შესახებ თავად არაფერი იცის. ერთ-ერთ ჟურნალში (Discover) ახსნილი იყო, რომ ამერიკული ბანკნოტების უმეტესობაზე დარჩენილია ნარკოტიკების კვალი.
ფაქტი ის გახლავთ, რომ მედიკამენტებისა თუ ნარკოტიკების გამოყენება — მათ შორის, უკანონოდ — მრავალი ადამიანისთვის მისაღები და ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა. როდესაც პრესის საშუალებით ფართოდ ვრცელდება ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელსაც ნარკოტიკების, თამბაქოსა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება იწვევს, წამოიჭრება კითხვა — რატომ იყენებენ ადამიანები ამ ნივთიერებებს ბოროტად? ამ საკითხზე ფიქრის დროს კარგი იქნებოდა ასეთ ნივთიერებებთან დაკავშირებით საკუთარ თვალსაზრისზეც გვეფიქრა.
[სქოლიო]
^ აბზ. 5 ალკოჰოლური საშუალებების ჭარბ რაოდენობად მიჩნეული იყო „მამაკაცებისთვის ერთი მეორეზე მიყოლებით ხუთი ან მეტი ჭიქა სპირტიანი სასმელების დალევა, ხოლო ქალებისთვის — ოთხი ან მეტი“.
[სურათი 3 გვერდზე]
ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მიღება მრავალი სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლის დიდი პრობლემაა.
[სურათი 5 გვერდზე]
სიგარეტის მოწევასა და ნარკოტიკების „გასართობად“ გამოყენებას მრავალი უვნებლად მიიჩნევს.