არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნარკოტიკები რატომ იყენებს ხალხი მათ ბოროტად?

ნარკოტიკები რატომ იყენებს ხალხი მათ ბოროტად?

ნარკოტიკები რატომ იყენებს ხალხი მათ ბოროტად?

„ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც ერთ საღამოს ჩემი საუკეთესო მეგობრის დამ სახლში მიგვიწვია. ყველამ მარიხუანას მოწევა დაიწყო. თავიდან მე უარი ვთქვი, მაგრამ რამდენიმე შემოთავაზების შემდეგ, ბოლოს, მეც გავსინჯე“. ასე დაიწყო სამხრეთ აფრიკელმა მაიკლმა ნარკოტიკების მიღება.

„მე კონსერვატიულ, პროფესიონალი მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე. ვუკრავდი ორკესტრში; იქ იყო ერთი მუსიკოსი, რომელიც შესვენებების დროს რეგულარულად ეწეოდა მარიხუანას. ერთი თვის განმავლობაში ის დაჟინებით მთავაზობდა, მეც მომეწია. ბოლოს დავთანხმდი; მას შემდეგ რეგულარულად დავიწყე მარიხუანას მოწევა“. ამგვარად დაიწყო კანადელმა დარენმა ნარკოტიკების გამოყენება.

მოხსენიებულმა ორმა პიროვნებამ შემდეგ ისეთი ნარკოტიკების გამოყენება დაიწყო, როგორებიცაა: ლსდ, ოპიუმი და სტიმულატორები. წარსულთან დაკავშირებით ისინი, როგორც ყოფილი ნარკომანები, იმ აზრისანი არიან, რომ თანატოლების გავლენამ შეასრულა ძირითადი როლი მათ მიერ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების დაწყებაში. „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ნარკოტიკების გამოყენებას დავიწყებდი, — ჰყვება მაიკლი, — მაგრამ მხოლოდ ნარკომანი ბავშვები იყვნენ ჩემი მეგობრები და, ბუნებრივია, მეც მათ მივბაძე“.

გართობის სფერო

თანატოლების გავლენა მართლაც რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ მრავალი ნარკომანი ხდება; განსაკუთრებით კი ამ გავლენას ახალგაზრდები ექვემდებარებიან. გარდა ამისა, მათ თვალწინ უდგათ თავიანთი კერპები გართობის სამყაროდან, რომლებიც მათზე დიდ გავლენას ახდენენ.

შოუ-ბიზნესი თითქმის ჩაფლულია ნარკოტიკებში. ტოპ-მუსიკოსები თავიანთი კარიერის რომელიმე საფეხურზე ხშირად ძალიან ძლიერ ნარკოტიკებს იყენებენ. მრავალი კინოვარსკვლავიც, ჩვეულებრივ, ნარკომანია.

ესტრადის მომღერლებს შეუძლიათ ნარკოტიკებს რომანტიკული მიმზიდველობა მიანიჭონ და ამის გამო ახალგაზრდებს უჭირთ მათზე უარის თქმა. 1996 წელს „ნიუსუიკი“ იუწყებოდა: „სიეტლის ქუჩები სავსეა ბავშვებით, რომლებსაც ჰეროინის მიღება სურთ მხოლოდ იმიტომ, რომ მას [როკ-მუსიკოსი] კობანი იღებს“.

ნარკოტიკები მიმზიდველად არის აღწერილი ჟურნალებში, ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებში. მსგავსად ამისა, ზოგი წამყვანი დიზაინერი ისეთ მოდელებს ქმნის, რომ აშკარა უპირატესობა ეძლევა თხელ, მეტისმეტად გამხდარ აღნაგობას, რაც ნარკომანის იმიტაციას ქმნის.

რატომ ხდება ზოგი ნარკომანი?

სხვა მრავალი ფაქტორიც უწყობს ხელს ნარკომანიის ზრდას. მათ შორის არის იმედგაცრუება, დეპრესია და ცხოვრების აზრის უქონლობა. დამატებითი მიზეზებია ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა და მშობლების ცუდი მაგალითი.

ზოგს უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ნარკოტიკებს იყენებს. მათ ჰგონიათ, რომ ნარკოტიკები თავდაჯერებულობას შემატებთ, რადგან ეს საშუალებები ისეთ შეგრძნებას უქმნით, რომ თითქოს ენამოსწრებული და მიმზიდველი ადამიანები ხდებიან. სხვებისთვის კი ნარკოტიკების მიღება, უბრალოდ, უფრო ადვილია, ვიდრე ყოველდღიურ ყოფასთან გამკლავება.

ახალგაზრდებში ნარკოტიკების გამოყენების დაწყების კიდევ ერთი მიზეზი მოწყენილობაა. ერთ-ერთი წიგნი მოწყენილობასა და მშობლების მეთვალყურეობის არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას: „სკოლიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს სახლში არავინ ხვდებათ. გასაკვირი არ არის, რომ ისინი მარტოობას გრძნობენ და არ უნდათ, რომ ეს ასე იყოს. მეგობრები ერთად იკრიბებიან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ხშირად მოწყენილობას გრძნობენ. გაუთავებლად უყურებენ ტელევიზორსა და მუსიკალურ ვიდეოჩანაწერებს ან ინტერნეტში ეძებენ რაიმე ამაღელვებელს. ასეთი ყოფის ნაწილი ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს მოწევა, ნარკოტიკების გამოყენება და სმა“ (The Romance of Risk—Why Teenagers Do the Things They Do).

ზემოთ მოხსენიებულმა მაიკლმა აღნიშნა, რომ სახლში მშობლების მეთვალყურეობა აკლდა: „ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ოჯახის წევრები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ მშობლები მუშაობდნენ და ამიტომ მთელი დღის განმავლობაში უმეთვალყუროდ ვრჩებოდი. აგრეთვე დედ-მამა გვანებივრებდა. არავითარი დასჯა. მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ნარკოტიკებს ვიღებდი“.

მრავალი, მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებს მიეჩვევა, მათ გამოყენებას მხოლოდ ერთი უბრალო მიზეზის გამო განაგრძობს — ამით სიამოვნებას იღებს. მაიკლი, რომელიც ყოველდღიურად იღებდა ნარკოტიკებს, მათი ეფექტის შესახებ ჰყვება: „ოცნებების სამყაროში ვიყავი ჩაძირული. შემეძლო ნებისმიერი ზეწოლის არად ჩაგდება. არასოდეს ვგრძნობდი შიშს. ყველაფერი საუცხოოდ მეჩვენებოდა“.

სამხრეთ აფრიკელი კიდევ ერთი ყოფილი ნარკომანი, დიკი, აღწერს, თუ როგორი გავლენა იქონია მასზე მარიხუანამ 13 წლის ასაკში მისი მოწევის დაწყებისას: „ნებისმიერ ხუმრობაზე ვიცინოდი. ყველაფერი სასაცილო იყო“.

ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შესახებ გაფრთხილებები, როგორც ჩანს, ახალგაზრდებს არ აშინებთ. ისინი, ჩვეულებრივ, ფიქრობენ: „ეს მე არ დამემართება“. წიგნში „ესაუბრეთ თქვენს მოზარდს“ აღნიშნულია, რატომ უგულებელყოფენ მოზარდები ნარკოტიკების ჯანმრთელობაზე საზიანო მოქმედების შესახებ გაფრთხილებებს: «ისინი სიცოცხლითა და ენერგიით იმდენად სავსენი არიან, რომ ვერ წარმოუდგენიათ, თავიანთ ჯანმრთელობას რამე თუ დაემუქრება. „შეუვალობის“ ასეთი გრძნობა ახალგაზრდებისთვის ძალზე დამახასიათებელია. მოზარდების თვალში ფილტვის კიბო, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია უფრო უფროსებს ემუქრებათ, ვიდრე მათ». ნარკოტიკებით გამოწვეული ექსტაზის პოპულარობის გამო მრავალი, უბრალოდ, ვერ ხედავს ამ საშიშროებებს. რატომ?

„ექსტაზი“ და „რეივის“ სამყარო

ამფეტამინიდან მიღებული ნარკოტიკი მდმა, რომელსაც „ექსტაზი“ ეწოდება, ჩვეულებრივ, მთელი ღამის განმავლობაში „რეივის“ ცეკვისას გამოიყენება. გამყიდველები ისეთ რეკლამას უკეთებენ ექსტაზს, თითქოს მას არავითარი ზიანი არ მოაქვს და მისი საშუალებით ეიფორიის განცდა და ენერგიის იმდენად მოზღვავებაა შესაძლებელი, რომ ადამიანს მთელი ღამის განმავლობაში ეყოს საცეკვაოდ ძალა. ნარკოტიკი მოცეკვავეს საათობით ცეკვაში ეხმარება და ბოლოს ნარკომანი აღწევს მდგომარეობას, რომელსაც ერთი მწერალი „ტრანსის მსგავს მდგომარეობად“ აღწერს. ერთმა ახალგაზრდამ ასე გამოხატა „ექსტაზის“ მიმზიდველობა: „გაბრუების გრძნობა ფეხის თითებიდან იწყება, თანდათანობით საოცარი სითბოთი და სიყვარულით გავსებს და ნელ-ნელა თავამდე აღწევს“.

„ექსტაზის“ რეგულარულად გამომყენებელთა ტვინის ავტორადიოგრამა, ამ ნივთიერებებით მოვაჭრეთა მტკიცების საპირისპიროდ, იმის ფიზიკური დადასტურებაა, რომ მისი გამოყენება არ არის უვნებელი. „ექსტაზი“, როგორც ჩანს, აზიანებს ტვინის ნერვულ ბოჭკოებს და ამცირებს სეროტონინის შემცველობას. მიყენებული ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს. დროთა განმავლობაში ამას შეიძლება ისეთი დარღვევები მოჰყვეს, როგორიცაა: დეპრესია და მეხსიერების დაკარგვა. „ექსტაზის“ გამომყენებელთა შორის სიკვდილის რამდენიმე შემთხვევაც აღინიშნა. აგრეთვე მრავალი ვაჭარი მუდმივი კლიენტების მიზიდვის მიზნით ექტსტაზში ჰეროინს ურევს.

რამდენად ადვილია მათი შეძენა?

მრავალ ქვეყანაში, შემოტანილი ნარკოტიკების რაოდენობის ზრდის გამო, მათზე ფასებმა დაიკლო. ეს, ნაწილობრივ, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებით არის განპირობებული. სამხრეთ აფრიკა ამის ტიპობრივი მაგალითია; იქ მოხდა პოლიტიკური ცვლილებები, რომლებსაც შედეგად სხვა ქვეყნებთან ვაჭრობისა და საქონლის ურთიერთგაცვლის ზრდა მოჰყვა. საზღვარზე არცთუ ისე მკაცრმა კონტროლმა ნარკოტიკებით ვაჭრობას შეუწყო ხელი. გაიზარდა უმუშევრობა, რის გამოც ათასობით ადამიანის შემოსავალი ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობაზე გახდა დამოკიდებული. სადაც უხვად არის ნარკოტიკები, იქ არც დამნაშავეობაა იშვიათი. ერთ-ერთი გაზეთის ცნობით, გაუტენგის (სამხრეთ აფრიკა) სკოლებში ბავშვები, რომელთაგან ზოგი მხოლოდ 13 წლისაა, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. იქ რამდენიმე სკოლაში უკვე დაიწყეს მოწაფეებისთვის ანალიზების აღება მათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების გამოსავლენად.

რა არის ძირითადი მიზეზი?

არსებობს იმის მრავალი აშკარა მიზეზი, თუ რატომ მიმართავენ ადამიანები ნარკოტიკებს. მაგრამ ყოველივე ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემის, ძირითადი მიზეზის, სიმპტომებია. მწერალი ვიტეკერი გადაკვრით აღნიშნავს ამას: „დღეს ნარკომანიის ასე ფართოდ გავრცელება მარტოობისა და გულგატეხილობის გარდა, ჩვენი საზოგადოების სისუსტეებისა და ნაკლოვანებების შესახებ გამაფრთხილებელი სიგნალია; თუ ასე არაა, მაშინ რატომ არჩევს მრავალი ნიჭიერი და მაღალი ფენის წარმომადგენელი ადამიანი ნარკოტიკებს თანამედროვე რეალობას?“

ეს, მართლაც რომ, დამაფიქრებელი კითხვაა; ის გვაცნობიერებინებს, რომ მატერიალურ მიზნებსა თუ კარიერას გამოდევნებულ ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ემოციური და სულიერი მოთხოვნილებები გვერდზე რჩება. რელიგიათა უმეტესობაც ვერ ახერხებს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რადგან ისინი თვალს ხუჭავენ კაცობრიობის პრობლემების მთავარ მიზეზზე.

ჩვენ კი, ნარკომანიის პრობლემის სამუდამოდ აღმომფხვრელი საშუალების პოვნამდე, უნდა აღმოვაჩინოთ და გამოსავალი მოვუძებნოთ აღნიშნულ ძირითად მიზეზს. ამაზე კი მომდევნო სტატიაში იქნება საუბარი.

[სურათი 7 გვერდზე]

სახელგანთქმული ადამიანები ნარკომანიას ზოგჯერ ლამაზ ფერებში გვიხატავენ.

[სურათები 7 გვერდზე]

თანამედროვე მუსიკალური სამყარო ნარკოტიკებით არის გაჯერებული.

[სურათები 8 გვერდზე]

ნარკოტიკი „ექსტაზი“, ჩვეულებრივ, „რეივებზე“ იშოვება.

[საავტორო უფლებები]

AP Photo/Greg Smith

Gerald Nino/U.S. Customs