არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნიაგარის ჩანჩქერი შიშის მომგვრელი სანახაობა

ნიაგარის ჩანჩქერი შიშის მომგვრელი სანახაობა

ნიაგარის ჩანჩქერი შიშის მომგვრელი სანახაობა

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, პირველად მომეცა შესაძლებლობა, ახლოდან მეხილა ნიაგარის ჩანჩქერი. გარწმუნებთ, რომ ნამდვილად შიშის მომგვრელი სანახაობაა. მეგობრებთან ერთად ამ ჩანჩქერის კანადაში მდებარე ნაწილის, ჩანჩქერ ჰორსშუს (ნალი), სანახავად წავედი, რომელსაც ეს სახელი თავისი ფორმის გამო ეწოდა. 1958 წლის შემდეგ იქ რამდენიმეჯერ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ერთი რამ მაინც არასდროს მეცადა — არასდროს მემოგზაურა კატერით მდინარის დინების საწინააღმდეგოდ, პირდაპირ ჩანჩქერისკენ. ასეთი ექსკურსიები კატერით „ნისლის ფერია“ 1848 წლიდან იმართება. მილიონობით ადამიანს მიუღია მონაწილეობა ამ ამაღელვებელ მოგზაურობაში. და აი, ჩემი დროც დადგა.

კატერები რეგულარულად გადიან მდინარის ორივე — როგორც ამერიკის, ისე კანადის — ნაპირიდან. კატერით მოგზაურობის მსურველები ყოველთვის მრავლად არიან. ყველა ასაკის ადამიანებს, პატარა ბავშვებსაც კი, იხილავთ წყლის შხეფებისგან დამცავ ცისფერ მოსასხამებში. (მათ, ვინც მეორე ნაპირიდან ჩანჩქერის ამერიკული ნაწილის სანახავად მიდის, ყვითელი მოსასხამები აცვიათ). კატერ „ნისლის ფერიას“ 582 მგზავრი გადაჰყავს. მისი წონა 132 მეტრული ტონაა; სიგრძე 24 მეტრია, სიგანე კი — 9 მეტრი. ამჟამად ხალხს ოთხი კატერი ემსახურება — „ნისლის ფერია“ IV, V, VI, და VII.

ჩვენი გალუმპვის დრო დგება

ნაპირზე მყოფ ჯგუფს ვუერთდებით, და როგორც კი „ნისლის ფერია VII“-დან თავიდან ფეხებამდე სველი ტურისტები ჩამოდიან, მაშინვე სხვებთან ერთად კატერზე ავდივართ. მეტად ამაღელვებელი მოგზაურობა გველის. ჩვენგან დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში წყალი 52 მეტრის სიმაღლიდან დიდი გრუხუნით ეცემა 55 მეტრი სიღრმის აუზში. ჩვენი კატერი მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით მიცურავს ამერიკული ნაწილისკენ და აზვირთებულ წყალს მიაპობს ამერიკის ჩანჩქერის ძირში, რომლის საერთო სიმაღლეც 54 მეტრია *. ყველაზე საინტერესო მომენტები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

დაძაბულობა მატულობს, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ამ შიშის მომგვრელ ჩანჩქერს. უკვე შეუძლებელი ხდება სურათის გადაღება ქარისა და წყლის შხეფების გამო. გვეჩვენება, რომ დრო საოცრად ნელა გადის, როდესაც ჩვენს ლოცმანს კატერი ჩანჩქერთან უფრო და უფრო ახლოს მიჰყავს. ყოველ წუთში 168 000 კუბურ მეტრზე მეტი წყალი ეხეთქება პირდაპირ ჩვენ წინ! გამაოგნებელი ხმაურია. საკუთარი ყვირილის ხმის გაგონებაც კი გაგიჭირდება. გული ძლიერ მიცემს. ნიაგარის ცივი და სუფთა წყლის გემოს ვგრძნობ. არასდროს განმიცდია მსგავსი რამ!

თითქოს საუკუნე გავიდა, სანამ ლოცმანი ჩვენს „ფერიას“ სახიფათო ზონიდან მოაშორებდა და დინების მიმართულებით გავცურავდით. შვებით ამოვისუნთქე. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. კომპანიას, რომელსაც ეს კატერები ეკუთვნის, არ ჰქონია არც ერთი უბედური შემთხვევა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იმილ ბენდიმ, დაგვარწმუნა, რომ ყველა კატერზეა მაშველი ჟილეტები და ნავები, რომლებიც მგზავრთა მაქსიმალურ რაოდენობაზეა გათვლილი. „ტიტანიკის“ უბედური შემთხვევა გაკვეთილი იყო. „ფერიაზე“ მიღებულია უსაფრთხოების ზომები!

ჩანჩქერი უკან იხევს!

დიახ, ეროზიამ ჩანჩქერსაც დაამჩნია თავისი კვალი. გამოთვლილია, რომ უკანასკნელი 12 000 წლის განმავლობაში ნიაგარის ჩანჩქერმა დაახლოებით 11 კილომეტრით დაიხია უკან. იყო დრო, როდესაც ეროზიის სიჩქარე წელიწადში 1 მეტრი იყო. დღეს კი ის ათ წელიწადში 36 სანტიმეტრამდე შემცირდა. რა არის ეროზიის მიზეზი?

წყალი მიედინება კირქვის დოლომიტურ მყარ ზედა შრეებზე, რომელთა ქვეშაც ქვიშაქვებისა და თიხოვანი ფიქლების რბილი ფენებია. ქვედა ფენები ირეცხება, რის შემდეგაც კირქვის კლდის ზედა ფენა იმტვრევა და ნატეხები წყალსატევში ცვივა.

წყალი ფუჭად არ იღვრება

ნიაგარის მოკლე მდინარეს (56 კმ.) წყლით, ძირითადად, ამერიკის ხუთი დიდი ტბიდან ოთხი ამარაგებს. ნიაგარა სათავეს ერის ტბიდან იღებს, ჩრდილოეთით მიედინება და ონტარიოს ტბას ერთვის. ამ მცირე მონაკვეთში მისი წყლის რესურსებს კანადა და შეერთებული შტატები ჰიდროენერგიისთვის იყენებენ. ნიაგარა მსოფლიოში ჰიდროენერგიის ერთ-ერთ უდიდეს წყაროდ ითვლება. შეერთებული შტატები და კანადა ერთად 4 200 000 კილოვატ ელექტროენერგიას აწარმოებენ. ჰიდროტურბინები ნიაგარაზე ჩანჩქერამდეა დამონტაჟებული.

თაფლობის თვე და ღამის განათებები

ნიაგარის ჩანჩქერი ახალდაქორწინებულთა საყვარელი ადგილია, განსაკუთრებით კი 1953 წლიდან, როდესაც ფილმი „ნიაგარა“ გამოვიდა. ღამით ჩანჩქერი ფერადი პროჟექტორებით ნათდება, რაც ახლებურად წარმოაჩენს ჩვენი პლანეტის ამ საოცარი ადგილის სილამაზესა და დიდებულებას. კანადასა და შეერთებულ შტატებში თქვენს მოგზაურობას ნამდვილად რაღაც დააკლდება, თუ მსოფლიოს ამ მშვენიერ ადგილს არ ეწვევით. და, თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, არ დაგავიწყდეთ ექსკურსია კატერით! არ ინანებთ — შთაბეჭდილება ნამდვილად დაუვიწყარი იქნება (გამოგზავნილია).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 “ამერიკის ჩანჩქერის წყლები 21—34 მეტრის სიმაღლიდან ეცემა ჩანჩქერის ძირში მდებარე კლდეებზე“ (Ontario’s Niagara Parks).

[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]

ესპანური საბაგირო გზა ნიაგარაზე

ჩანჩქერიდან ოთხ-ნახევარ კილომეტრში მდინარის დინების მიმართულებით უზარმაზარი მორევია, რომელიც „იქ იქმნება, სადაც ჭორომები მთავრდება და გრეიტ-გორჯი უეცრად ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ უხვევს. სწორედ აქ ჩნდება ზურმუხტისფერი მორევი, რომელიც ხან მეტად ტრიალებს, ხან ნაკლებად, რათა გრეიტ-გორჯის ყველაზე ვიწრო ყელს გაეცალოს“ (Ontario’s Niagara Parks).

ამ საოცარი აუზის მთელი სიგრძე-სიგანის აღსაქმელად საუკეთესო საშუალება ესპანური საბაგირო გზით მის თავზე გადავლაა. იქიდან, როგორც ზედა, ისე ქვედა დინების შთამბეჭდავი ხედები იშლება. მაგრამ რატომ უწოდებენ ამ საბაგირო გზას ესპანურს? ის დაპროექტებული და აგებულია დახელოვნებული ესპანელი ინჟინრის, ლეონარდო ტორეს კევედროს (1852—1936), მიერ და 1916 წლიდან ფუნქციონირებს. ასეთი საბაგირო გზა სხვაგან არსად გვხვდება.

[დიაგრამა⁄სურათი 26 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ეროზიის გამო ჩანჩქერმა 1678 წლიდან, როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 330 მეტრით მაინც დაიხია უკან.

1678

1764

1819

1842

1886

1996

[საავტორო უფლება]

Source: Niagara Parks Commission

[რუკები 26 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

კანადა

აშშ

კანადა

აშშ

ერის ტბა

ნიაგარის ჩანჩქერი

მდინარე ნიაგარა

ონტარიოს ტბა

[სურათი 24 გვერდზე]

ამერიკის ჩანჩქერი

კანადის ჩანჩქერი „ჰორსშუ“ (ნალი)

[სურათი 25 გვერდზე]

განათებული ჩანჩქერი (ღამით, ზამთარში).