არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღიური სანდო მეგობარი

დღიური სანდო მეგობარი

დღიური სანდო მეგობარი

დღიური შეიძლება სანდო და თანამგრძნობ მეგობრად იქცეს ამ გულცივ წუთისოფელში. დღიური „შესაძლებლობას გვაძლევს, თავი მოვუყაროთ სურათებს, რომლებიც ჩვენი განვლილი ცხოვრების გზას ასახავენ“, — ამბობს მწერალი კრისტინა ბოლდუინი. ფოტოალბომის მსგავსად, რომელიც სურათებით გვახსენებს ჩვენს წარსულს, დღიური წერილობით „ფოტოსურათებს“ გვაწვდის ჩვენი ცხოვრებიდან.

ბიბლიურ დროში მმართველები ხშირად ადგენდნენ ხოლმე მნიშვნელოვან მოვლენათა მატიანეებს. თავად ბიბლიაშიც მოხსენიებულია რამდენიმე ასეთი ჩანაწერი (რიცხვნი 21:14, 15; იესო ნავეს ძე 10:12, 13). ბერძნებმა შექმნეს კრებული „ეფემერიდები“ *, სადაც ვარსკვლავებისა და პლანეტების ყოველდღიურ მოძრაობას აღწერდნენ. საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ რომაელებმაც შემოიღეს ასეთი კრებულები და პრაქტიკული თავისებურებაც შემატეს — ისინი საზოგადოებრივ მოვლენებსაც აღრიცხავდნენ. ასეთ ჩანაწერებს „დიარიუმს“ უწოდებდნენ, რაც მომდინარეობდა ლათინური სიტყვიდან „დიას“, ანუ „დღე“.

დასავლეთის ქვეყნებში დღიურის ფართოდ გამოყენება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენების აღსაწერად მე-17 საუკუნიდან დაიწყეს, როდესაც ინგლისელი სამუელ პიპსის ყოველდღიური შემთხვევების ამსახველი კრებული დაიწერა. პიპსის დღიური, რომელშიც უჩვეულოდ არის აღწერილი, როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრება, ისტორიკოსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმომცველი ცნობაა ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის მმართველობის პერიოდის შესახებ.

იმ დროიდან მოყოლებული, სულ უფრო პოპულარული ხდებოდა დღიურების წერა. ბევრი დღიური მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტადაც კი იქცა. ერთ-ერთი ­მათგანი დაწერა ახალგაზრდა ებრაელმა გოგონამ, რომელიც ნაცისტებს ემალებოდა. „ანა ფრანკის დღიური“ ადამიანთა ­არაჰუმანურობის მწარე სინამდვილეს აღწერს.

რით არის დღიური მიმზიდველი?

დღიურის წერა, როგორც ჩანს, ადამიანის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნილებას — საკუთარი აზრების გამოხატვას — უკავშირდება. იმისდა მიუხედავად, ბავშვის პირველი სიტყვებით გამოწვეულ სიხარულს აღვწერთ, თუ ძლიერ სიყვარულს, დღიური იმ მოვლენებზე დაფიქრების შესაძლებლობას გვაძლევს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ქმნიან. ჩანაწერების ხელახლა მოგვიანებით წაკითხვით წარსულის ძვირფას წუთებსა და გრძნობებს ვუბრუნდებით.

დღიურის წერას იმ მხრივაც მოაქვს დიდი სარგებლობა, რომ საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. მწერალი ტრისტინ რეინერი მას უწოდებს „ფსიქოლოგიური ხასიათის პრაქტიკულ დამხმარე საშუალებას, რომელიც გრძნობების თავისუფლად გამოხატვაში გვეხმარება“.

ბიბლიური წიგნის, „იგავნის“, 12:25-ში ნათქვამია: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს“. თუ ვინმეს არ უყვარს საკუთარ „სადარდებელზე“ სხვასთან ლაპარაკი, მისთვის შეიძლება წერა იყოს გამოსავალი. დღიურის წერას ხშირად ემოციურ ტკივილთან გამკლავებაში დამხმარე საშუალებად მიიჩნევენ. დღიურის დახმარებით შეიძლება დაფიქრდე ცხოვრებაზე, დაისახო მიზნები ან იმსჯელო პრობლემების გადამჭრელ მეთოდებზე. საკუთარ პრობლემებსა და გრძნობებზე წერა საკითხების რეალურად დანახვასა და ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარება.

დღიურის წერა სასწავლო მეთოდადაც შეიძლება გამოვიყენოთ. ამერიკის პედაგოგთა კავშირი მშობლებს ურჩევს: „წაახალისეთ შვილები, დღიურები წერონ. ეს მათ ხელწერისა და შემოქმედებითი უნარის გაუმჯობესებაში დაეხმარება“.

როგორ დავიწყო დღიურის წერა?

პირველ რიგში, შეარჩიე წყნარი ადგილი და სათანადო რვეული ან ბლოკნოტი. თავიდან შეიძლება შეგაშინოს შესავსებმა სუფთა ფურცელმა. გამოსავალი ის არის, რომ გულწრფელი იყო და უბრალო სიტყვებით გადმოსცე ის, რასაც იმ წუთში ფიქრობ. შეგიძლია კითხვები დაუსვა საკუთარ თავს: რა გავაკეთე დღეს? როგორ იმოქმედა ამან ჩემზე? რა ვჭამე? ვინ ვნახე? რა ხდება ჩემთვის საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში? ან შეიძლება კონკრეტული მომენტიდან დაიწყო: ცხოვრების გზის რომელ მონაკვეთში ვიმყოფები ამჟამად? რა მიზნები მაქვს? რაზე ვოცნებობ? შემდეგ კი წერისას ნუ იქნები კრიტიკული და გასაქანი მიეცი საკუთარ თავს.

დაწერე იმდენი, რამდენიც გინდა. შენზეა დამოკიდებული, ხშირად დაწერ თუ იშვიათად. იყავი გულახდილი და წრფელი. ზედმეტ ყურადღებას ნუ მიაქცევ გრამატიკასა და მართლწერას. შენს მეტი ვერავინ ნახავს შენს ნამუშევარს. შეგიძლია ჩააკრა ფოტოსურათები, გაზეთიდან ამონაჭრები, ან სხვა რამ, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ეს შენი დღიურია. შენზეა დამოკიდებული ფაქიზად დაწერ თუ გაურკვევლად, დიდი დღიური გექნება თუ პატარა. შენ მხოლოდ მაშინ უნდა წერო, როცა მოგინდება. თუ დღიურის წერა ვალდებულებად იქცევა, იმედგაცრუებული და გულგატეხილი დარჩები (იხილე ჩარჩო).

როგორც მეცნიერი აკეთებს ჩანაწერებს იმისათვის, რომ თვალყური ადევნოს და დააფიქსიროს გამოსაკვლევ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, ისე დღიური დაგეხმარება, თვალყური ადევნო შენს ქცევას და გამოიკვლიო საკუთარი მიდრეკილებები. დღიური დაგანახვებს შენს სიხარულს, ტკივილს, აგრეთვე სუსტსა და ძლიერ მხარეებს. გაგიუმჯობესებს აზრის გამოხატვის უნარს. ცხადია, დღიურის წერა შენი მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს ძალისხმევა ხშირად უხვად ჯილდოვდება (გამოგზავნილია).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ეფემეროს“, რაც „ერთი დღის ხანგრძლივობის პერიოდს“ ნიშნავს.

[ჩარჩო 15 გვერდზე]

რჩევები დამწყებთათვის

◆ შეარჩიე ბლოკნოტი, რომელიც მალე არ გაცვდება და ადვილად სატარებელია.

◆ შეარჩიე მშვიდი დრო და ადგილი, სადაც განმარტოვდები. ყოველი ჩანაწერი დაათარიღე.

◆ თუ რამდენიმე დღეს გამოტოვებ, არ იდარდო; განაგრძე იქიდან, სადაც გაჩერდი.

◆ კრიტიკულად ნუ შეხედავ შენს ნაწერს. თავისუფლად გამოხატე აზრები. დაწერე დაწვრილებით და არა ზოგადად.