ენით აუწერელ ტრაგედიასთან გამკლავება
ენით აუწერელ ტრაგედიასთან გამკლავება
მოგვითხრო ჯეიმზ ჯიარანომ
შვილიშვილის ყოლა ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი სიხარულია. მე და ჩემი მეუღლე, ვიკი, პირველი შვილიშვილის დაბადებას სულმოუთქმელად ველოდით. ჩვენი შვილი ტერეზა და მისი ქმარი იონათანი 2000 წლის ოქტომბრის დასაწყისში მშობლები უნდა გამხდარიყვნენ. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მალე ენით აუწერელი ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდებოდით.
მე და ჩემი მეუღლე შვილსა და რძალთან ერთად კვირას, 23 სექტემბერს, დასასვენებლად წავედით ნათესავებთან, ჩრდილოეთ კაროლინას ოუტერ ბენკში, ერთი კვირით. ტერეზამ და იოანათანმა გადაწყვიტეს, ჩვენთან ერთად არ წამოსულიყვნენ, რადგან ტერეზა მეცხრე თვეში იყო; ჩვენი შტატიდან კი, ოჰაიოდან, კაროლინამდე საკმაოდ დიდი მანძილი — 11 საათის სავალი იყო.
გვინდოდა, გადაგვედო დასასვენებლად წასვლა, მაგრამ ტერეზამ დაჟინებით გვთხოვა, წავსულიყავით. დაგვარწმუნა, რომ მას არაფერი გაუჭირდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. გარდა ამისა, მისი ექიმიც ფიქრობდა, რომ ორსულობა ჩვეულებრივ გაუგრძელდებოდა და ორ კვირაზე ადრე არ იმშობიარებდა.
2000 წლის 27 სექტემბერი, ოთხშაბათი, მშვენიერი დღე იყო. გამახსენდა, რატომ ირჩევდა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ოჯახი ამ ადგილას დასასვენებლად ჩამოსვლას. რას წარმოვიდგენდი, თუ დღის ბოლომდე ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.
„ტერეზა დაიკარგა!“
იმ საღამოს ოჰაიოდან ჩემმა ძმამ დამირეკა. ის იმდენად განერვიულებული იყო, რომ ენა ებმოდა. ბოლოს კი ორიოდე სიტყვა ძლივს ამოღერღა: „ტერეზა დაიკარგა!“. საქმეში პოლიცია ჩაერია, რადგან მისი გაქრობა ძალიან საეჭვო ჩანდა. შუადღისას შინ დაბრუნებულ იონათანს სახლის კარი ღია დახვდა. ტერეზას საუზმე მაგიდაზე ხელუხლებლად იდო; იქვე ეგდო მისი საფულეც. საოცარი იყო კიდევ ერთი რამ — მისი, ერთადერთი ფეხსაცმელი, რომლის ტარებაც მას ორსულობის მეცხრე თვეში შეეძლო, კართან იდო.
იონათანმა სახლში დილის ათის ნახევრისთვის დარეკა. მაშინ ტერეზამ უთხრა, რომ დაურეკა ერთმა ქალმა, რომელსაც მათი გასაყიდი მანქანის ნახვა სურდა. შემდეგ ის საყიდლებზე წასვლას აპირებდა. სადილობისას იონათანმა ისევ დარეკა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. სადილის შემდეგ განუწყვეტლივ რეკავდა, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც ხუთის თხუთმეტ წუთზე სახლში დაბრუნდა, შენიშნა, რომ მანქანა იქ აღარ იყო. საავადმყოფოში დარეკა იმ იმედით, რომ ტერეზა სამშობიაროში იქნებოდა, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა. იოანათანმა ახლო ნათესავებსაც დაურეკა, მაგრამ იმ დღეს ტერეზა არავის ენახა. გაგიჟებულმა პოლიციას მიმართა. დაახლოებით საღამოს ექვსი საათისთვის პოლიციამ მანქანა ჩვენი სახლიდან
არც ისე მოშორებით იპოვა. მაგრამ ტერეზა კვლავ არსად ჩანდა.შორს, ჩრდილოეთ კაროლინაში, მყოფებს თავზარი დაგვცა ამ ამბავმა. ჩვენ, მე, ჩემმა მეუღლემ, ჩვენმა ვაჟმა და რძალმა, ჩანთები ჩავალაგეთ და სახლისკენ გავეშურეთ. წინ დიდი გზა გვქონდა გასავლელი და სანამ ჩავედით ნერვებიც დაგვაწყდა. მთელი ღამე ვიმგზავრეთ და დილით უკვე ოჰაიოში ვიყავით.
საქმე გაიხსნა
ამასობაში იონათანი და რამდენიმე ჩვენი ნათესავი, ახლო მეგობრები და სხვები პოლიციას მთელი ღამის განმავლობაში ტერეზას ძებნაში ეხმარებოდნენ. ძებნა ხუთი აუტანელი დღე გაგრძელდა. ბოლოს, 2 ოქტომბერს, ორშაბათს, საქმე გაიხსნა. იმ დროისთვის პოლიციამ მიაგნო ტელეფონის კვალს, საიდანაც ოთხშაბათ დილით ტერეზას დაურეკეს. გაირკვა, რომ მობილური ტელეფონით დაურეკავს ქალს, რომელიც რამდენიმე კვარტლის მოშორებით ცხოვრობდა.
ამ ქალის დაკითხვამ პოლიცია დააეჭვა. მოგვიანებით, იმავე საღამოს, პოლიცია ისევ მივიდა მასთან სახლში. მაგრამ როგორც კი კარებს მიუახლოვდნენ, სროლის ხმა შემოესმათ. კარები შეამტვრიეს და ქალი მკვდარი იპოვეს; მან ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. თავისდა გასაოცრად პოლიციამ სახლის მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში ახალშობილი ბიჭი იპოვა. საოცარი იყო, რომ მთელი ამ არეულობის დროს ბავშვს მშვიდად ეძინა!
ტერეზას კვალი კი ისევ არსად ჩანდა. რამდენიმე საათში პოლიციამ სახლი გაჩხრიკა, რათა მისი იქ ყოფნის რაიმე დამადასტურებელი ნიშანი ეპოვა. სამშაბათ დილით გარაჟში ტერეზას გვამს მიაგნეს. მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მისთვის რაღაც ჩაურტყამთ და ტერეზას გონება დაუკარგავს. მერე ზურგში უსვრიათ და ის მაშინვე გათავებულა; ბავშვი კი მუცლიდან ამოუყვანიათ. როდესაც ყოველივე ამას ვიხსენებთ, გარკვეეულწილად გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ჩვენი გოგონა არ უწამებიათ.
ახალშობილი საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გამოირკვა, რომ მას ბრწყინვალე ჯანმრთელობა ჰქონდა და სხეულზე პატარა ნაკაწრიც კი არ ეტყობოდა! დნმ-ზე ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ის მართლაც ჩვენი შვილიშვილი იყო. იონათანმა ბავშვს ტერეზასა და მის მიერ არჩეული სახელი, ოსკარ გავინი, დაარქვა. საავადმყოფოში ბავშვი დიდხანს არ დაუტოვებიათ. ჩვენი შვილიშვილი, რომელიც დაახლოებით სამ-ნახევარ კილოგრამს იწონიდა, 5 ოქტომბერს, ხუთშაბათს, მამას მიუყვანეს. გულის ფანცქალით შევხვდით შვილიშვილს, მაგრამ ძნელია სიტყვებით გადმოვცე, რამდენად განადგურებულად ვგრძნობდით თავს იმის გამო, რომ ტერეზა იქ აღარ იყო და მას არ ეჭირა ხელში საკუთარი შვილი.
საზოგადოების რეაქცია
მე და ჩემი ოჯახის წევრებს თვალები ცრემლებით გვევსებოდა, როდესაც ვხედავდით უდიდეს თანაგრძნობას, ძალიან ხშირად სრულიად უცხო ხალხისგან. იმ დღეებში, როდესაც დაკარგულ ტერეზას ვეძებდით, ასობით მოხალისე მოვიდა ჩვენს დასახმარებლად. ბევრმა მათგანმა ფული შეგვიგროვა. რამდენიმე ადგილობრივმა ოფისმა ათასობით ფურცელზე უფასოდ დაბეჭდა ექსპრეს-ინფორმაცია, რითაც ხალხს ტერეზას ძებნაში დახმარებას სთხოვდნენ. მოხალისეებმა ეს ფურცლები ტერეზას უბანში გაავრცელეს.
ერთ-ერთი ჩვენი ქრისტიანი და ადგილობრივ ადვოკატთან მუშაობს; როდესაც მან ამ ადვოკატს ჩვენი ტრაგედიის შესახებ მოუთხრო, მან დახმარება შემოგვთავაზა. ჩვენ მივიღეთ მისი წინადადება, რაც უზარმაზარი კურთხევა აღმოჩნდა. ადვოკატი დაგვეხმარა გარკვეული იურიდიული და მას-მედიასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. გარდა ამისა, რეკომენდაცია გაუწია ორ კერძო დეტექტივს, რომლებიც დიდად დაგვეხმარნენ. მათ მიერ გულწრფელად გამოვლენილმა მზრუნველობამ, გული მადლიერებით აგვივსო.
საავადმყოფოდან შვილიშვილის გამოყვანის შემდეგ, მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა. რამდენიმე მაღაზიამ საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები გამოგვიგზავნა. მრავალმა ოსკარს ტანსაცმელი, ბავშვის საჭმელი, ამოსაფენები და სათამაშოები გამოუგზავნა. იმაზე ბევრად მეტი საჩუქარი მივიღეთ, ვიდრე მის გამოყენებას ოსკარი ოდესმე შესძლებდა; ამიტომ ყველაფერი, რაც ზედმეტი იყო ადგილობრივი საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას გადავეცით. რადგან მომხდარი შემთხვევა მას-მედიის საშუალებით გადაიცა, ათასობით ბარათი და წერილი მივიღეთ არა მარტო ჩვენი ქვეყნიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან.
განსაკუთრებით აშკარა იყო დიდი მხარდაჭერა ტერეზას სიკვდილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც 8 ოქტომბერს, კვირას, შედგა. ვიცოდით, რომ ბევრს უნდოდა მოსვლა, მაგრამ დამსწრეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ მახლობლად მდებარე უმაღლესი
სასწავლებლის დარბაზი გამოგვეყენებინა, სადაც 1 400-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. იქ იყვნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიციის თანამშრომლები, ქალაქის მერი და მრავალი სხვა, ვინც ჩვენი წუხილი გაიზიარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მას-მედიის თანამშრომლებიც და ადგილობრივმა ტელე-კომპანიებმა სამგლოვიარო მოხსენება გადაიღეს; ყოველივე ეს პარალელურად ინტერნეტის საშუალებით გადაიცემოდა. გარდა ამისა, ასობით ადამიანი იყო სასწავლებლის ვესტიბიულში, ხოლო გარეთ სიცივისა და წვიმის მიუხედავად მრავალი ქოლგებით იდგა და ისმენდა მოხსენებას. ეს მოხსენება, ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი რწმენის შესახებ, ფართო მასშტაბის დამოწმება იყო.ასობით ადამიანი იდგა და მოთმინებით ელოდა თავის რიგს, რათა სამძიმარი ეთქვათ. დაახლოებით სამი საათი დავრჩით იქ, რათა თითოეული იქ მოსული გულში ჩაგვეკრა და მადლიერება გამოგვეხატა. შემდეგ ადგილობრივმა სასტუმრომ დიდსულოვნად მოამზადა სადილი 300-ზე მეტი ადამიანისთვის —ჩვენი ოჯახის წევრების, ახლო მეგობრებისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენი შვილიშვილის დაბრუნებაში დაგვეხმარა.
სიტყვები არ გვყოფნის, რათა მადლობა ვუთხრათ ჩვენს დასახმარებლად მოსულ ადამიანებს; მათი უმეტესობა ხომ უცხონი იყვნენ ჩვენთვის. ამ შემთხვევამ კიდევ უფრო განგვიმტკიცა ქრისტიანულ მსახურებაში სრული მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კეთილი გულის ადამიანია, რომლებსაც ვუსურვებთ, სასიხარულო ცნობას გამოეხმაურონ (მათე 24:14).
კრების რეაქცია
ამ საშინელი განსაცდელის დაწყებისთანავე ქრისტიანი ძმებისა და დების მხრიდან მხარდაჭერის უწყვეტი ნაკადი წამოვიდა. ეს მხარდაჭერა, რომელსაც თითქოს ბოლო არ უჩანდა, მოდიოდა იეჰოვას მოწმეთა როგორც ჩვენი, ისე მეზობელი კრებებიდან.
ჩრდილოეთ კაროლინადან ჩვენს ჩამოსვლამდეც კი, ჩვენი კრების უხუცესები იონათანის გვერდით იდგნენ და მასთან ერთად ეძებდნენ ტერეზას. მრავალმა ძმამ და დამ სამსახურიდან გარკვეული ხნით თავი გაითავისუფლა, რათა ჩვენი ქალიშვილის ძებნაში მიეღოთ მონაწილეობა. ზოგმა თავის უფროსს უთხრა, რომ სამსახურში არ ყოფნის დროის საფასური ხელფასიდან დაექვითათ, მაგრამ ზოგმა ისე გაათავისუფლა ჩვენი და-ძმები, რომ ხელფასიდან არაფერი დაუქვითავთ. იმ დღეებში, როდესაც ტერეზას ვეძებდით, ზოგი სულიერი ძმა იონათანთან რჩებოდა, რათა ის მარტო არ ყოფილიყო. მრავალი და-ძმა მოდიოდა და სახლის სუფთად და კოხტად შენარჩუნებაში გვეხმარებოდა. სხვები მოხალისეებს საკვებს უმზადებდნენ და ტელეფონის ზარებზე პასუხობდნენ.
ტერეზას სიკვდილიდან დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ ჩემი მეუღლე და იოანათანი საშინლად რთული ამოცანის წინაშე დადგნენ — მათ ტერეზას ნივთები უნდა გადაერჩიათ და სახლი გულმოდგინედ დაელაგებინათ. იოანათანი გრძნობდა, რომ ვეღარ იცხოვრებდა იმ სახლში, სადაც ის და ტერეზა ერთად ცხოვრობდნენ, ამიტომაც მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ტერეზას ნივთების გადარჩევა ძალიან მტკივნეული იყო, რადგან ვიკისა და იონათანს ყველაფერი ტერეზას ახსენებდა და გრძნობდნენ, თუ როგორ აკლდათ ის. მაგრამ მაშინაც ჩვენი ძმები და დები ამოგვიდგნენ მხარში. ისინი ჩვენი გოგონას ნივთების ყუთებში ჩალაგებასა და სახლის სათანადოდ შეკეთებაში დაგვეხმარნენ.
და რაც ყველაზე მთავარია, ძმებმა და დებმა ჩვენს ოჯახს სულიერი და ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინეს. გვირეკავდნენ და სტუმრად მოდიოდნენ ჩვენს გასამხნევებლად. მრავალმა გულის ამაჩუყებელი ბარათი და წერილი გამოგვიგზავნა. სიყვარულით აღსავსე ასეთ მზრუნველობას არა მხოლოდ პირველ ხანებში ვგრძნობდით, არამედ მრავალი თვის განმავლობაში.
ძალიან ბევრმა ძმამ და დამ გვთხოვა, რომ აუცილებლად მიგვემართა მათთვის, როცა დახმარება დაგვჭირდებოდა, — თუნდაც მხოლოდ მოსმენაც კი, — და ჩვენც ვსარგებლობდით მათი გულთბილი დახმარებით. რამდენად გამშვიდებს ადამიანს ის ფაქტი, რომ შეგიძლია შენი გრძნობები გაუზიარო მეგობრებს, რომლებიც გიყვარს და რომლებსაც ენდობი! მართლაც, ასეთ ადამიანებზეა ბიბლიურ იგავში ნათქვამი: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17; 18:24).
ოჯახის გულისტკივილი
უნდა აღვნიშნო, რომ ტერეზას მკვლელობა ადვილი გადასატანი არ ყოფილა არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის. ამ ამბავმა ნამდვილად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. არის წუთები, როდესაც მამწარებს მის გარეშე ცხოვრება. ძალიან მაკლია მისი ჩახუტება და მოფერება.
ჩემს მეუღლეს ტერეზასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დღე ისე არ გავიდოდა, რომ, სულ მცირე, ერთმანეთთან ცოტა ხნით მაინც არ ესაუბრათ. ისინი საათობით საუბრობდნენ ხოლმე ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე და ერთად ამზადებდნენ მისთვის ოთახს.
ვიკი ამგვარად აღწერს თავის გრძნობებს: „ძალიან ბევრი რამ მენატრება. მენატრება მასთან ერთად საქადაგებლად წასვლა. საყიდლებზე სიარული. ყველაზე მეტად კი მტანჯავს და გულს მიკლავს ის, რომ ბავშვს მის ხელში ვერ ვხედავ. ვიცი, როგორ უყვარდა მას ჯერ არ დაბადებული ოსკარი. ტერეზამ იცოდა, რომ ბიჭი გაუჩნდებოდა. როდესაც ბავშვისთვის საბანი შევუკერე და მივეცი, ტერეზამ ბარათზე ასეთი სიტყვები დამიწერა:
„საყვარელო დედიკო,
დიდი მადლობა ბავშვის საუცხოო საბნისთვის. ნამდვილად ძალიან ვაფასებ იმ დიდ შრომას, რაც მის მომზადებას მოანდომე. მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადო მადლობა ჩემი ცხოვრების ურთულეს პერიოდებში გამოვლენილი ყველანაირი დახმარებისა და გამხნევებისთვის. ამას არასოდეს დაგივიწყებ და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. გაგონილი მაქვს, რომ ადამიანი როცა იზრდება, მაშინ ხვდება, რომ დედა მისი საუკეთესო მეგობარია. მე კი ყოველდღე დიდად ვმადლობ იეჰოვას, რომ ამის მისახვედრად ძალიან დიდი დრო არ დამჭირვებია. ყოველთვის უზომოდ მეყვარები“.
ჩვენთვის ძალზე მტკივნეული იყო ჩვენი სიძის მდგომარეობის ყურებაც. ოსკარის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში იონათანი კიდევ ერთი რთული დავალების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი, რაც კი ბავშვის ოთახისათვის ჰქონდა ნაყიდი და მომზადებული — ტერეზასთან ერთად — დროებით ჩვენთან უნდა გადმოეტანა, რადგან ცოტა ხნით ჩვენთან აპირებდნენ გადმოსვლას. იონათანმა ჩაალაგა სათამაშო ცხენი, ბავშვის საწოლი, რბილი სათამაშოები და ჩვენთან მოიტანა.
რა დაგვეხმარა ამ ტკივილის ატანაში
როდესაც საყვარელ პიროვნებას ასე ტრაგიკულად კარგავ, მრავალი კითხვა და ემოცია გიჩნდება, რომლებიც საგონებელში გაგდებს. როგორც ქრისტიან უხუცესს არაერთხელ მიცდია სხვების ნუგეშისცემა და მათთვის დახმარების აღმოჩენა, რათა მსგავს კითხვებსა და გრძნობებს გამკლავებოდნენ. მაგრამ, როდესაც მგლოვიარე ხარ, ემოციებმა შეიძლება ნათელი აზროვნება დაგიბინდოს.
მაგალითად, რადგან ვიცოდი ტერეზას მდგომარეობა და ის, რომ ერთი კვირა მისგან შორს ვიქნებოდით, იეჰოვას ლოცვით ვევედრებოდი, დაეცვა ჩემი გოგონა. როდესაც ის მოკლული იპოვეს, უნდა ვაღიარო, რომ თავიდან მიკვირდა, რატომ არ უპასუხა იეჰოვამ ჩემს ლოცვებს; მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, იეჰოვა თავისი თითოეული მსახურის სასწაულებრივად დაცვის გარანტიას არ იძლევა. მაგრამ ლოცვაში იმას მაინც ვთხოვდი ღმერთს, ამ საკითხში გავერკვიე. მანუგეშა იმის ცოდნამ, რომ იეჰოვა თავის ხალხს სულიერად იცავს ანუ გვაძლევს ყოველივეს, რაც მასთან ჩვენი ურთიერთობის შესანარჩუნებლად არის საჭირო. ასეთი დაცვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული მომავალი. ამ გაგებით იეჰოვამ დაიცვა ტერეზა; ის სიკვდილამდე მისი ერთგული მსახური იყო. სულის სიმშვიდეს მანიჭებდა იმის ცოდნა, რომ მისი მომავალი მოსიყვარულე ღვთის ხელშია.
მოვიყვან რამდენიმე ბიბლიურ მუხლს, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით მანუგეშებელი აღმოჩნდა.
საქმეები 24:15). დიდი ხანია, რაც დედამიწაზე სამოთხეში მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური დანაპირები მწამს, მაგრამ ახლა ეს იმედი ჩემთვის ბევრად უფრო რეალური გახდა. მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ კვლავ შევძლებ მის ჩახუტებას, მაძლიერებს და თითოეული დღის გადატანის ძალას მაძლევს.
„იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ („ღმერთი მკვდრებისა კი არა არის, არამედ ცოცხლებისა“ (ლუკა 20:38). ძალიან მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მკვდრები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს გაცოცხლდებიან, ახლაც კი ‘ცოცხლები’ არიან იეჰოვასთვის. ასე რომ, იეჰოვასთვის ჩვენი საყვარელი ტერეზა უეჭველად ცოცხალია.
ვიკის სურს, გაგიზიაროთ ის ზოგიერთი ბიბლიური მუხლი, რომლებიც მას განსაკუთრებით ეხმარება:
«შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელთა 6:18; ტიტე 1:2). მართლაც შეუძლებელია იეჰოვამ იცრუოს; ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის შეასრულებს თავის დანაპირებს და მკვდრებს აღადგენს.
„ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც [„სამახსოვრო“, აქ] სამარხებში არიან, [იესოს] ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). სიტყვები ‘სამახსოვრო სამარხი’ იმაზე მიანიშნებს, რომ ტერეზა ღვთის მეხსიერებაშია, სანამ მას ღმერთი თავის ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით მკვდრეთით აღადგენს. მე კი ვიცი, რომ მისთვის არ არსებობს იმაზე უსაფრთხო ადგილი, ვიდრე იეჰოვას სრულყოფილი მეხსიერება.
‘ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში’ (ფილიპელთა 4:6, 7). განსაკუთრებით იმისათვის ვლოცულობ, რომ იეჰოვამ მომცეს თავისი სული და ძალა შემმატოს. როდესაც გული მიმძიმდება, იეჰოვას მივმართავ და ვეუბნები: „ღმერთო, უფრო მეტად მჭირდება შენი სული“ და ისიც მეორე დღეს უკვე მეხმარება. ზოგჯერ სიტყვების წარმოთქმაც კი მიჭირს, მაგრამ იეჰოვა მაძლევს ძალას».
იეჰოვა ნამდვილად დაგვეხმარა ამ ენით აუწერელი ტრაგედიის ატანაში. ეჰ, ჩვენ დღემდე გულდამძიმებული ვართ ჩვენი საყვარელი ტერეზას გამო. ვფიქრობთ, რომ ეს მწუხარება ბოლომდე მხოლოდ მაშინ გაგვიქრება, როდესაც იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში კვლავ შევძლებთ ჩვენი გოგონას გულში ჩახუტებას. მანამდე კი, ახლა უფრო მეტად გვაქვს გადაწყვეტილი იეჰოვასთვის ერთგულად მსახურება, ვიდრე ოდესმე. იონათანი ყველაფერს გააკეთებს, რათა ოსკარი ისე აღზარდოს, რომ ბავშვს უყვარდეს იეჰოვა და ემსახუროს მას, ხოლო მე და ვიკი შეძლებისდაგვარად, ყველაფერში დავეხმარებით. ჩვენი გულითადი სურვილია, ვიყოთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, შევხვდეთ ტერეზას და თავისი ბიჭი წარვუდგინოთ, რათა გულში ჩაიკრას საყვარელი შვილი.
[სურათი 19 გვერდზე]
ჩვენი შვილი ტერეზა ბავშვის გულისცემას უსმენს.
[სურათები 20, 21 გვერდებზე]
დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით სიკვდილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
[სურათი 23 გვერდზე]
მე და ჩემი მეუღლე ვიკი ტერეზას ქორწილში.
[სურათი 23 გვერდზე]
ჩვენი შვილიშვილი ოსკარი.