არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის ანტიქრისტე?

ვინ არის ანტიქრისტე?

ბიბლიის თვალსაზრისი

ვინ არის ანტიქრისტე?

„როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე“ (1 იოანე 2:18).

რას გააკეთებდით, თუ გაგაფრთხილებდნენ, რომ თქვენს უბანში საშიში ბოროტმოქმედი დადის? ალბათ, დაწვრილებით გამოიკითხავდით, როგორ გამოიყურება და როგორ მოქმედებს. ერთი სიტყვით, ფხიზლად იქნებოდით.

მსგავსი სიტუაციაა დღესაც. მოციქულმა იოანემ გაგვაფრთხილა: „ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე წუთისოფელშია“ (1 იოანე 4:3). არსებობს დღეს ანტიქრისტე, — ღვთის მტერი და ადამიანების მაცდუნებელი, — რომელიც საფრთხეს უქმნის კაცობრიობის კეთილდღეობას?

იოანემ თავის ორ წერილში სიტყვა „ანტიქრისტე“ ხუთჯერ გამოიყენა. ის მიუთითებს არსებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება იესოს შესახებ ღვთის სწავლებას; ის შეიძლება იყოს ისიც, ვინც საკუთარ თავს ქრისტეს უწოდებს ან ქრისტეს წარმოგზავნილად მიიჩნევს. ბიბლია ანტიქრისტეს შესახებ სანდო ინფორმაციას გვაწვდის. მაგრამ, როგორც ზოგჯერ ბოროტმოქმედის შემთხვევაში ხდება ხოლმე, მის შესახებ იდუმალებით მოცულ დაუსაბუთებელ ცნობებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ჭეშმარიტებას.

ვინაობას არასწორად ადგენენ

მოციქულ იოანეს დღეებიდან მოყოლებული გავრცელებულია აზრი, რომ ანტიქრისტეს შესახებ იოანეს სიტყვები ერთ კონკრეტულ პიროვნებას ეხება. ხალხი ანტიქრისტედ სხვადასხვა პიროვნებას ასახელებს. საუკუნეების წინათ მრავალი ფიქრობდა, რომ რომის იმპერატორი ნერონი იყო ანტიქრისტე. მოგვიანებით ჰიტლერის მიერ გამოვლენილმა უსაზღვრო სიძულვილმა და ტერორმა მრავალი დაარწმუნა, რომ ის იყო ანტიქრისტე. გერმანელ ფილოსოფოს ფრიდრიხ ნიცშესაც კი უწოდეს „ანტიქრისტე“. სხვებს სწამთ, რომ ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა, მაგრამ გამოჩნდება როგორც გონებამახვილი, უმოწყალო პოლიტიკოსი, რომელიც მთელი მსოფლიოს მმართველი იქნება. მათთვის გამოცხადების მე-13 თავში აღწერილი მხეცია ანტიქრისტე. ისინი ამბობენ, რომ მისი ნიშანი 666 ექნება იოანეს მიერ მოხსენიებულ ანტიქრისტეს, რომელიც მომავალში გამოჩნდება.

ვინც ასეთ მოსაზრებებს იზიარებს, სწამთ, რომ იოანე ერთადერთ ანტიქრისტეზე მიუთითებდა. მაგრამ განვიხილოთ 1 იოანეს 2:18-ში ჩაწერილი სიტყვები: „როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე, და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები“. დიახ, პირველ საუკუნეში „მრავალი ანტიქრისტე“ იყო სავალალო სულიერი მდგომარეობის მიზეზი და არა ერთადერთი. დღესაც არსებობს მრავალი ანტიქრისტესგან შემდგარი ანტიქრისტეს კლასი. კოლექტიურად ისინი სულიერად ანადგურებენ კაცობრიობას (2 ტიმოთე 3:1—5, 13). ვინ შეადგენს ანტიქრისტეს კლასს?

მოდი განვიხილოთ გამოცხადების მე-13 თავში აღწერილი მხეცი შეიძლება თუ არა იყოს ანტიქრისტე. მოციქულმა იოანემ დაწერა: „მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჰგავდა ავაზას. მისი ფეხები, როგორც დათვისა, მისი პირი, როგორც ლომის ხახა“ (გამოცხადება 13:2). რისი მაჩვენებელია ეს თავისებურებები?

ბიბლიოლოგებმა შენიშნეს გამოცხადების მე-13 თავსა და დანიელის მე-7 თავს შორის კავშირის არსებობა. ღმერთმა დანიელს ხილვაში სიმბოლური მხეცი აჩვენა — ავაზის, დათვისა და ლომის სახით (დანიელი 7:2—6). ღვთის წინასწარმეტყველის ახსნის თანახმად, რა დავალება ჰქონდათ მათ? დანიელმა დაწერა, რომ ეს მხეცები მიწიერი მეფეების, ანუ მთავრობების, სიმბოლო იყო (დანიელი 7:17). ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოცხადებაში აღწერილი მხეცები ადამიანთა მთავრობებია. რადგან ისინი ღვთის სამეფოს ეწინააღმდეგებიან, ისინი ანტიქრისტეს კლასის ნაწილს წარმოადგენენ.

კიდევ ვინ შედის ანტიქრისტეს კლასში?

დედამიწაზე ყოფნისას ქრისტეს, ღვთის ძეს მრავალი მტერი ჰყავდა. თუმცა დღეს ფიზიკურად ვერ ეხებიან, მას მაინც ჰყავს თანამედროვე მოწინააღმდეგეები. ვინ არიან ისინი.

მოციქულმა იოანემ განაცხადა: „ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა უარმყოფელი მამისა და ძისა“ (1 იოანე 2:22). განდგომილები და ცრუ მოძღვრები ამახინჯებენ იესოს ნათელ სწავლებებს და რელიგიური სიცრუის ხლართებში ხვევენ. ასეთი ადამიანები უარყოფენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ღვთისა და ქრისტეს სახელით სიცრუეს ავრცელებენ. ამგვარად ისინი უარყოფენ იმ ჭეშმარიტ ურთიერთობას, რომელიც მამასა და ძეს შორის არსებობს, რადგან სამების დოგმატს ქადაგებენ. ამიტომ ისინიც ანტიქრისტეს ნაწილი არიან.

იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა ლუკას 21:12-ში ჩაწერილი სიტყვებით: „ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს. . . ჩემი სახელის გამო“. პირველი საუკუნიდან მოყოლებული ჭეშმარიტი ქრისტიანები საშინელ დევნებს იტანენ (2 ტიმოთე 3:12). მათდამი ასე მოპყრობისკენ წამქეზებლები ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებენ. ისინიც ანტიქრისტეს ნაწილი არიან.

„ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს“ (ლუკა 11:23). აქ იესო აცხადებს, რომ ყველა, ვინც თავად მას და ღვთიურ განზრახვას ეწინააღმდეგება, ანტიქრისტეს კლასში ერთიანდება. რა მოელით მათ?

რა ელოდებათ ანტიქრისტეებს?

„შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან“, — ამბობს ფსალმუნის 5:7. ვრცელდება თუ არა ეს სიტყვები ანტიქრისტეებზე? დიახ. მოციქული იოანე წერდა: „წუთისოფელში შემოვიდა მრავალი მაცდური. რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცდური და ანტიქრისტე“ (2 იოანე 7). თავიანი სიცრუისა და მაცდურობის გამო, ყოვლისშემძლე ღმერთი გაანადგურებს ანტიქრისტეებს.

ამ განაჩენის სისრულეში მოყვანის დრო ახლოვდება და ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა არ უნდა დაუშვან, რომ ანტიქრისტიანულმა ცდუნებებმა და გავლენამ, განსაკუთრებით კი განდგომილთა მოქმედებამ, შეასუსტოს მათი რწმენა. იოანეს გაფრთხილება ახლა ძალზე დროულია: „თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური“ (2 იოანე 8).

[სურათის საავტორო უფლება 12 გვერდზე]

Nero on pages 2 and 12: Courtesy of the Visitors of the Ashmolean Museum, Oxford