არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

უბედურ შემთხვევათა უმაღლესი მაჩვენებელი 2000 წელს

ქალაქ მიუნხენის ერთ-ერთი მსხვილი კვლავდამზღვევი კომპანიის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა 2000 წელს ახალ უმაღლეს რიცხვს მიაღწია. აღირიცხა 850-ზე მეტი უბედური შემთხვევა, რომლებმაც 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 30 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიურ უბედურებათა რიცხვი გაიზარდა, ეკონომიკური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი წინა წელთან შედარებით ნაკლები იყო. კომპანიის პრეს-რელიზი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობა ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიებზე მოხდა. ქარიშხლებზე მოდის დაზღვეული საკუთრებიდან ზარალის 73 პროცენტი, წყალდიდობებზე — 23 პროცენტი. კომპანიის ანგარიშის თანახმად, მოსახლეობისა და ქონების ზრდის გამო „მომავალში მოსალოდნელია სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალის ზრდა“.

გამჭვირვალე კონვერტები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა კომპანიამ შექმნა აეროზოლური ნივთიერება, რომელიც შესხურების შემდეგ ყოველგვარი კვალის გარეშე „გაუხსნელ კონვერტებს გამჭვირვალედ აქცევს“, —ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. ამ ნივთიერების გამოყენება ნებისმიერი ფერის კონვერტზე შეიძლება; „გაუმტარი, არატოქსიკური და ეკოლოგიურად სუფთა სითხეა“, — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ბობ შლაგელი. — მხოლოდ სუნს ტოვებს 10—15 წუთის განმავლობაში; „კონვერტზე არც მელნისა და წყლის ლაქა და არც არავითარი კვალი არ რჩება“. ეს ნივთიერება კანონდამცავი ორგანოების დასახმარებლად შექმნეს კონვერტში დამონტაჟებული ბომბებისა და სხვა სახიფათო ამანათების აღმოსაჩენად. მაგრამ მისი გამოყენება გაუხსნელი წერილების წასაკითხავადაც შეიძლება, რის გამოც ერთ-ერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ამ ნივთიერებას, ეთიკური თვალსაზრისით, საეჭვო უწოდა.

ფუტკრების ორიენტაცია

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფუტკრებს სკიდან ყვავილებისკენ გზის გაკვლევისა და კვლავ სკაში დაბრუნების უნარი შესწევთ. მაგრამ ფუტკრების გუნდები ასამიდან (ჩრდილოეთ ინდოეთი), როგორც ჩანს, ასობით კილომეტრით შორს მიფრინავენ და მერე არა მხოლოდ იმავე ხეს უბრუნდებიან, არამედ — იმავე ტოტს, რომელზეც ორი წლის წინათ თავიანთი ოჯახი ბუდობდა! ამაში გასაკვირი ის არის, რომ მუშა ფუტკრები მხოლოდ სამ თვემდე თუ ცოცხლობენ. ასე რომ, დაბრუნებული ფუტკრები რამდენიმე თაობით არიან დაშორებული იმ ფუტკრებისგან, რომლებმაც ბუდე ააშენეს. ის, თუ როგორ იგნებენ გზას, საიდუმლოებით არის მოცული. სიდნეიში გამომავალ გაზეთ „სიდნეის დილის მაცნეში“ ნათქვამია, რომ ეს შეიძლება ყნოსვით ხდებოდეს. ისიც დასაშვებია, რომ დედა ფუტკარი, რომელიც რამდენიმე წელს ცოცხლობს, ცეკვით ანიშნებს მუშა ფუტკრებს იმას, თუ რომელი მიმართულებით გაფრინდნენ.

ენა და ტვინი

„საიენს ნიუზის“ ცნობის თანახმად, ტვინის ორი ზონა, რომლებსაც სმენის მქონე ადამიანები ნათქვამის აღქმისას და ლაპარაკისას იყენებენ, ყრუებსაც სჭირდებათ ჟესტების ენაზე საუბრისას. ტვინის ტომოგრაფიამ ცხადყო, რომ „ნერვული ქსოვილის ეს ზონები დაუყოვნებლივ იწყებენ მოქმედებას, როდესაც ყრუები ჟესტების ენაზე ლაპარაკობენ“, — ნათქვამია ცნობაში. გამოკვლევის ხელმძღვანელის, მაკ-გილის უნივერსიტეტის (მონრეალი) თანამშრომელ ლაურა-ენ პეტიტოს სიტყვების თანახმად, აქედან ჩანს, რომ ტვინის ეს ზონები აკონტროლებენ „ენის ძირითად თავისებურებებს, რომლებიც მეტყველებით ან ჟესტებით შეიძლება გამოიხატოს“. ეს კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ კვლავაც საჭიროა ადამიანის ტვინის მოქნილობის გამოკვლევა ენასთან მიმართებაში. „მნიშვნელოვანი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს ტვინის იმ ზონებს შორის, რომლებიც სალაპარაკო და ჟესტების ენებთან არიან დაკავშირებული“, — ნათქვამია „საიენს ნიუზში“.

პროსტიტუციის გამართლება

გერმანიის ერთ-ერთი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „პროსტიტუცია, ძირითადად, არ არის ამორალური“, თუ მას ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს („Frankfurter Allgemeine Zeitung“). ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დადგენილება მიიღო, რომ ბერლინ-ვილმერსდორფის კაფეს შეუძლია განაგრძოს ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა, რომ მას მეძავები იყენებენ კლიენტების საშოვნელად და შემდეგ იქვე ოთახებს ქირაობენ. მსაჯულები ამბობენ, რომ თავიანთი განაჩენი პროსტიტუციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ცვლილების შესაბამისია. 1 002 გამოკითხულთაგან 62 პროცენტზე მეტის აზრით, პროსტიტუცია ჩვეულებრივ საქმიანობად უნდა იქნეს მიჩნეული. მსაჯულთა სიტყვების თანახმად, სხვა გამოკითხვისას უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სექსუალური მომსახურება დიდი ხნის წინათ დამკვიდრდა გერმანიის ცხოვრებაში.