არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღდგება თვითმკვლელი?

აღდგება თვითმკვლელი?

ბიბლიის თვალსაზრისი

აღდგება თვითმკვლელი?

ნათესავის ან მეგობარის თვითმკვლელობა იწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს: სიბრალულსა და გულისწყრომას, წუხილსა და დანაშაულის გრძნობას. ეს ბადებს კითხვას: შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი მეგობარი, რომელმაც თავი მოიკლა, აღდგება? *.

თუმცა თვითმკვლელობა არასდროს ყოფილა გამართლებული და სწორი, მოციქული პავლე შესანიშნავ იმედზე საუბრობდა, რომელიც ზოგიერთ უმართლო ადამიანსაც კი შეიძლება ჰქონდეს. როგორც მან განაცხადა რომის სასამართლოს წინაშე: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).

მიუხედავად ამისა, მრავალმა თეოლოგმა სრულიად უკუაგდო ნებისმიერი მოსაზრება იმაზე, რომ უკეთურთა აღდგომა შესაძლოა ნიშნავდეს, თვითმკვლელების აღდგომასაც. რატომ?

თეოლოგები ეწინააღმდეგებიან აღდგომის იმედს

უილიამ ტინდალმა მე-16 საუკუნეში თავის გამოცემულ ბიბლიის წინასიტყვაობაში ნაწილობრივ განმარტა პრობლემა: „მიცვალებულთა სულების ზეცაში, ჯოჯოხეთში ან განსაწმენდელში გაგზავნით, თქვენ აბათილებთ იმ არგუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც ქრისტემ და პავლემ აღდგომის რეალურობა დაამტკიცეს“. დიახ, საუკუნეების წინათ, სამღვდელოებამ შემოიღო არაბიბლიური სწავლება, რომლის თანახმად უკვდავი სული, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს ტოვებს სხეულს პირდაპირ მიემართება ზეცაში, განსაწმენდელში, სულთა სამყაროში ან ჯოჯოხეთში. ეს ეწინააღმდეგებოდა ბიბლიის ნათელ სწავლებას მომავალი აღდგომის შესახებ. ბაპტისტმა მოძღვარმა, ჩარლზ ენდრიუსმა დასვა კითხვა: „თუ სული უკვე ზეციურ ნეტარებაშია (ან სამართლიანად იტანჯება ჯოჯოხეთში), მაშ მეტი რაღაა საჭირო?“. მან დასძინა: „ეს შინაგანი წინააღმდეგობა საუკუნეების მანძილზე აწუხებთ ქრისტიანებს“.

ამ მცდარი მოძღვრების შედეგი ის იყო, რომ «თვით ავგუსტინეს დროიდან (ახ. წ. 354—430), ეკლესიამ თვითმკვლელობა მიუტევებელ ცოდვად შერაცხა, — აცხადებს არტურ დროუჯი 1989 წლის დეკემბრის „ბიბლიის მიმოხილვაში“, — ისეთივე ცოდვად, როგორიცაა განდგომილება და მრუშობა».

მიუტევებლად ან ყოვლად უიმედოდ ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის გადაცემის მკაცრი განაჩენი უაღრესად მერყევს ხდიდა სიკვდილისთანავე განსჯის არგუმენტაციას. ერთი პუბლიკაცია აღიარებს: „ორი უდიდესი საეკლესიო მოღვაწე გმობდა თვითმკვლელობას. ავგუსტინემ მას საშინელი და საძაგელი ბოროტება უწოდა, აკვინელი კი მასზე მიუთითებდა, როგორც მიუტევებელ ცოდვაზე ღვთისა და საზოგადოების წინაშე, თუმცა სამღვდელოებიდან ყველა როდი ეთანხმებოდა ამ აზრს“ (National Catholic Reporter).

საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია თავი ავარიდოთ ასეთ „შინაგან წინააღმდეგობას“ ბიბლიის ორი ერთმანეთთან შეთავსებადი ჭეშმარიტების აღიარებით. პირველია ის, რომ „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4). მეორე, ნამდვილი იმედი მიცვალებულებისთვის სიცოცხლის დაბრუნებაა, „როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ აღდგომის მეშვეობით (საქმეები 24:15). ამიტომ რას შეგვიძლია მოველოდეთ მათთან დაკავშირებით, რომლებმაც თავი მოიკლეს?

უმართლო, რომელიც აღდგება

„ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“, — უთხრა იესომ სიკვდილმისჯილ ბოროტმოქმედს. ეს კაცი უმართლო იყო, რომელმაც გულწრფელად აღიარა თავისი დანაშაული; ის კანონის დამრღვევი იყო და არა თვითმკვლელი, რომელსაც ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული (ლუკა 23:39—43). მას არ ჰქონია იესოსთან ერთად ზეცაში მმართველობის იმედი. ასე რომ, სამოთხე, რომელშიც ცხოვრების იმედი ჰქონდა ამ ავაზაკს, იქნება მშვენიერი დედამიწა, რომელსაც იეჰოვა ღმერთის სამეფო უხელმძღვანელებს (მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:1—4).

რა მიზნით გამოაღვიძებს ამ ბოროტმოქმედს ღმერთი? შეუბრალებლად რომ მოჰკითხოს პასუხი მისი წარსული ცოდვების გამო? ძნელი დასაჯერებელია, რადგან რომაელთა 6:7, 23-ში ნათქვამია: „ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია“ და „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. თუმცა თავისი წარსული ცოდვები არ მოეკითხება, მას სრულყოფილების მისაღწევად კვლავაც დასჭირდება გამოსასყიდი.

ამიტომაც თეოლოგი ალბერტ ბარნზი ცდებოდა, როდესაც ამტკიცებდა, რომ „ისინი, ვინც ბოროტება ჩაიდინეს, აღდგენილნი იქნებიან, რათა მსჯავრი დაედოთ ან დაიწყევლონ. ეს იქნება მათი აღდგენის მიზანი; ეს არის ერთადერთი მიზეზი“. როგორ ამცირებს ეს სამართლიანობისა და სიყვარულის ღმერთს! ნაცვლად ამისა, დედამიწაზე სამოთხეში აღდგომა ამ ყოფილ ბოროტმოქმედს (და სხვა უმართლოებს) იმის მიხედვით გასამართლების შესანიშნავ საშუალებას მისცემს, თუ რას გააკეთებს აღდგომის შემდეგ (1 იოანე 4:8—10).

გულმოწყალებიდან მომდინარე შესაძლებლობა

ამგვარად, თვითმკვლელის თავზარდაცემულ მეგობრებს შეუძლიათ თავი ინუგეშონ, რადგან იციან, რომ „შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:10—14). მხოლოდ ღმერთს შეუძლია სრულად გაიგოს, თუ რა გავლენა მოახდინა ფსიქიკურმა მოშლილობამ, ძლიერმა სტრესმა, თვით მემკიდრეობითმა დეფექტებმა თვითმკვლელობის ჩადენის სურვილზე, რომელიც, როგორც გაზეთ „სახელმწიფო დამკვირვებელში“ იყო აღნიშნული, „ადამიანს მთელი ცხოვრება კი არ აქვს, არამედ ხშირად წუთებსა და საათებში უვითარდება“ (იხილეთ ეკლესიასტე 7:7, აქ.).

რა თქმა უნდა, ის, ვინც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, თავის თავს ამ საქციელისთვის მონანიების საშუალებას ართმევს. მაგრამ ვის შეუძლია თქვას, რომ ის, ვინც თვითმკვლელობამდე მივიდა, არ შეიცვლიდა განზრახვას, თავის მოკვლის მცდელობა უშედეგოდ რომ დაემთავრებინა? სინამდვილეში, ზოგიერთი ცნობილი მკვლელი შეიცვალა და სიცოცხლეშივე ღვთისგან პატიებაც კი დაიმსახურა (4 მეფეთა 21:16; 2 ნეშტთა 33:12, 13).

ამგვარად, რადგან იეჰოვამ გაიღო მსხვერპლი „მრავალთა გამოსასყიდად“, მას უფლება აქვს, თავისი წყალობა თვითმკვლელებზეც მოიღოს, აღადგინოს ისინი და მისცეს ‘მონანიების, ღვთისკენ მოქცევისა და მონანიების ღირსი საქმეების კეთების’ ძვირფასი შესაძლებლობა (მათე 20:28; საქმეები 26:20).

ბიბლიის თვალსაზრისი სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას გვაკისრებს

სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია, რომელიც ადამიანმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ან თავად არ უნდა მოისწრაფოს (იაკობი 1:17). აქედან გამომდინარე საღვთო წერილი მოგვიწოდებს, რომ საკუთარ თავს ვუყუროთ არა როგორც უკვდავ სულებს, არამედ ღვთის ძვირფას ქმნილებებს, რომელსაც ვუყვარვართ, რომელიც აფასებს ჩვენს სიცოცხლეს და სიხარულით მოუთმენლად მოელის მკვდრების აღდგომას (იობი 14:14, 15).

სიყვარული გვეხმარება, რომ აშკარად დავინახოთ ერთი რამ: თვითმკვლელობა, — თუმცა ადამიანი ამით თავიდან იცილებს საკუთარ ტვირთს, — უფრო მეტ პრობლემას უქმნის თვითმკვლელის ახლობლებს. რაც შეეხება მას, ვინც ხელყოფს საკუთარ სიცოცხლეს, ჩვენ არ შეგვიძლია განვსაჯოთ, აღდგება თუ არა ის. რამდენად მძიმე იყო მისი დანაშაული? მხოლოდ ღმერთი იკვლევს ‘ყოველთა გულსა და ყველა ფიქრს’ (1 ნეშტთა 28:9). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ‘მთელი ქვეყნიერების მსაჯული სიყვარულით, სამართლიანად და სწორად განსჯის’! (დაბადება 18:25).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ეს სტატია განკუთვნილია თვითმკვლელობის მსხვერპლთა ახლობლებისთვის. თვითმკვლელობასთან დაკავშირებით უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ 1983 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვ. 3—11 (ინგლ.) და 1981 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“, გვ. 5—12 (ინგლ.).