არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალ თაობას საფრთხე ემუქრება

ახალ თაობას საფრთხე ემუქრება

ახალ თაობას საფრთხე ემუქრება

„ორი თვის წინათ ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ვიყავი. ახლა კი ყოველთვის, როდესაც რამე მაქვს გასაკეთებელი, თავს გადაქანცულად ვგრძნობ. საკუთარი თავი ძალიან უბედური და ისეთი უჟმური მგონია, რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება ვინმემ ამიტანოს. ძნელია იმის თქმა, თუ რატომ ვგრძნობ თავს ასე საოცრად ცუდად“ (პოლი).

„ხშირად ვტირი და საშინელ შინაგან ტკივილს განვიცდი. ამ ტკივილს მხოლოდ მაშინ არ ვგრძნობ, როდესაც, უბრალოდ, მკვდარივით ვარ. არაფერი მახარებს. უკვე აღარც მეგობრებთან ყოფნა მსიამოვნებს. სულ მძინავს; უმეტესწილად დილით ადგომა და სკოლაში წასვლაც არ შემიძლია; ჩემმა აკადემიურმა მოსწრების დონემაც საგრძნობლად იკლო“ (მელანი).

პოლისა და მელანის შემთხვევა ერთეული როდია. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ შეერთებულ შტატებში მოზარდთა დაახლოებით 8 პროცენტი დეპრესიის რომელიმე ფორმით იტანჯება და ყოველწლიურად დაახლოებით 4 პროცენტი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მაგრამ ეს სტატისტიკური მონაცემი არ გვიქმნის სრულ სურათს, რადგან ხშირად დეპრესიის ნაცვლად სხვა დიაგნოზს სვამენ ან ამ დაავადებას საერთოდ უგულებელყოფენ. „ფაქტობრივად, — წერს მოზარდთა ფსიქოლოგი დევიდ ფასლერი, — ბავშვებსა და მოზარდებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკვლევის გადახედვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ თვრამეტ წლამდე ასაკის ოთხიდან ერთ ახალგაზრდას მაინც ექნება დეპრესიის სერიოზული მომენტები“.

გამანადგურებელი შედეგები

მოზარდებზე დეპრესია გამანადგურებლად მოქმედებს. სწავლულებს სჯერათ, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში კვების მოშლილობებისა და ფსიქოსომატური დაავადებების განვითარებაში, სკოლაში სირთულეების წამოჭრასა და ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებასა თუ ალკოჰოლიზმში.

უფრო ტრაგიკული კი ის გახლავთ, რომ დეპრესიასთან მოზარდთა თვითმკვლელობებიც არის დაკავშირებული. ფსიქიკური ჯანმრთელობის შეერთებული შტატების ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ღრმა დეპრესიაში მყოფ ახალგაზრდათა 7 პროცენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ისწრაფებს *. ეს ციფრიც კი ვერ გადმოსცემს პრობლემის მთელ არსს, რადგან ახალგაზრდების თვითმკვლელობის შემთხვევების გარდა, მრავალი თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევა ფიქსირდება. ამიტომ მოზარდების განვითარების საკითხებზე მომუშავე კარნეგის საბჭოს ანგარიშში საფუძვლიანად იყო აღნიშნული: „დღეს მოზარდების პრობლემებისადმი გულგრილი დამოკიდებულება უბედურების ძალით თავს დატეხაა. ასეთი უგულებელყოფა ნამდვილად რისკის წინაშე აყენებს მომავალ თაობას“.

უზრუნველი ცხოვრება?

ზოგისთვის დაუჯერებელია ის, რომ მოზარდები შეიძლება ნამდვილად იყვნენ დეპრესიაში. „ისინი ხომ ბავშვები არიან, — შეიძლება მსჯელობენ უფროსი ასაკის ადამიანები. — უზრუნველად ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, ტვირთად არ აწევთ ის საზრუნავები, რაც უფროსებს აქვთ“. მართლაც ასეა ეს? ფაქტი ის გახლავთ, რომ მოზარდები ისეთ სირთულეებს აწყდებიან, რომელიც იმაზე ბევრად უფრო ინტენსიურია, ვიდრე მრავალ უფროსი ასაკის ადამიანს წარმოუდგენია. დ-რ დანიელ გოულმენი აღნიშნავს: „[მეოცე] საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოში ყოველი მომდევნო თაობა, მშობლებთან შედარებით, უფრო ხშირად დგება ისეთ ღრმა დეპრესიაში ჩავარდნის საშიშროების წინაშე, რაშიც არა მარტო მოწყენილობა, არამედ ძალის გამომცლელი აპათია, გულგატეხილობა, საკუთარი თავისადმი სიბრალული და დაუძლეველი უიმედობა შედის. და ეს პროცესი სულ უფრო და უფრო ადრეულ ასაკში ეწყებათ“.

და მაინც, მრავალი მშობელი შეიძლება საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდეს: „ჩვენ მოზარდობის პერიოდი ისე გავიარეთ, რომ არც კი ვიცოდით, რა იყო დეპრესია. რატომ არის ჩვენი შვილი დამთრგუნველი გრძნობებით შეპყრობილი?“. მაგრამ უფროსებმა არ უნდა შეადარონ ერთმანეთს თავიანთი და დღევანდელი ახალგაზრდების ეს პერიოდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თითოეული ადამიანიც ხომ განსხვავებულად აღიქვამს მის ირგვლივ არსებულ სამყაროს და თავისებურად რეაგირებს მასზე.

გარდა ამისა, დღეს მოზარდები დამატებით სირთულეებსაც აწყდებიან. „ისინი იზრდებიან სამყაროში, რომელიც საკმაოდ განსხვავდება მათი მშობლების ახალგაზრდობის დროს არსებული სამყაროსგან“, — წერს დ-რ ქეთლინ მაკ-კოი თავის წიგნში, რომელიც მოზარდების დეპრესიის პრობლემას ეხება (Understanding Your Teenager’s Depression). მას შემდეგ, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მომხდარ მრავალ მნიშვნელოვან ცვლილებას მოიხსენიებს, დ-რ მაკ-კოი აკეთებს დასკვნას: „მოზარდები დღეს შედარებით დაუცველად, უძლურად და უიმედოდ გრძნობენ თავს, ვიდრე ჩვენ, წინა თაობის ადამიანები ჩვენ ახალგაზრდობაში“.

მომდევნო სტატიებში გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ მოზარდებს შორის დეპრესია ფართოდ არის გავრცელებული და შემდეგ სამ კითხვაზეა პასუხი გაცემული:

• დეპრესიის რა სიმპტომები შეინიშნება მოზარდებში?

• რა იწვევს ამ მდგომარეობას?

• როგორ შეიძლება დეპრესიაში მყოფი მოზარდების დახმარება?

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ზოგი სწავლული დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში თვითმკვლელობის რიცხობრივი მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, რადგან მრავალი ადამიანის სიკვდილი, რომელიც უბედურ შემთხვევად ცხადდება, შეიძლება თვითმკვლელობა იყოს.