არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დეპრესიის ნიშნების ამოცნობა

დეპრესიის ნიშნების ამოცნობა

დეპრესიის ნიშნების ამოცნობა

„სევდა ნორმალური, ფიზიოლოგიური ემოციაა, დეპრესია კი — დაავადება. სირთულეს ამ განსხვავების გაგება და ამოცნობა ქმნის“ (დ-რ დევიდ ფასლერი).

სხვა მრავალი მოშლილობის მსგავსად დეპრესიასაც აქვს აშკარა სიმპტომები. მაგრამ ამ სიმპტომების ამოცნობა არც ისე ადვილია. რატომ? იმიტომ, რომ ყველა მოზარდი, ისევე როგორც უფროსები, დროდადრო დანაღვლიანებულია. რა განსხვავებაა, უბრალოდ, სევდასა და დეპრესიას შორის? განსაზღვრებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ემოციის ინტენსივობასა და მდგომარეობის ხანგრძლივობას.

ინტენსივობაში შედის ის, თუ რამდენად აწუხებს ახალგაზრდას უარყოფითი გრძნობები. დეპრესია ხანმოკლე გულგატეხილობაზე უფრო მძიმე, ყოვლის მომცველი ემოციური დაავადებაა, რომელიც სერიოზულად ასუსტებს მოზარდის, როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ შესაძლებლობებს. დ-რ ენდრიუ სლეიბი ამ მდგომარეობის სიმძიმეს შემდეგნაირად აღწერს: „წარმოიდგინე თქვენ მიერ ოდესმე განცდილთაგან უსაშინელესი ფიზიკური ტკივილი — მოტეხილობის, კბილის ან მშობიარობის ტკივილები — გააძლიერეთ იგი ათჯერ და მოხსენით მიზეზი; მაშინ დაახლოებით შეძლებთ იმ ტკივილის წარმოდგენას, რომელსაც დეპრესია იწვევს“.

ხანგრძლივობაში იგულისხმება ის, თუ რამდენ ხანს გრძელდება აპათიური მდგომარეობა. მედიცინის მეცნიერებათა პროფესორების ლიონ სიტრინისა და დონალდ მაკ-ნიუს უმცროსის სიტყვების თანახმად, „როდესაც ბავშვის უგუნებობა (რაღაცის გამო) ერთ კვირაზე მეტ ხანს შეიმჩნევა ან მძიმე დანაკლისის განცდის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, ბავშვის გუნება-განწყობილების გამოკეთების არავითარი ნიშანი არ ჩანს და ნორმალურ ცხოვრებას არ უბრუნდება, ის დეპრესიული მოშლილობის განვითარების საფრთხის წინაშე დგას“.

ძირითადი სიმპტომები

დეპრესიის დიაგნოზი ისმება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალგაზრდა, სულ მცირე, ორი კვირის განმავლობაში მაინც ავლენს ყოველდღიურად, დღის უმეტეს ნაწილში, სხვადასხვა სიმპტომს. შედარებით ხანმოკლე დანაღვლიანება დეპრესიის ხანმოკლე ეპიზოდებზე მიანიშნებს. „დისთიმიის, მსუბუქი დეპრესიის უფრო ქრონიკული ფორმის, დიაგნოზს მაშინ სვამენ, როდესაც სიმპტომები, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში მაინც გრძელდება, ისე რომ მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდი ორ თვეზე მეტს არ აღემატება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითადად, რა სიმპტომებია დეპრესიისთვის დამახასიათებელი? *

ხასიათისა და ქცევების მოულოდნელი ცვლილება. ადრე დამჯერი მოზარდი უცებ მოჯანყე ხდება. ურჩობა და სახლიდან გაქცევაც კი დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

სოციალური იზოლაცია. მოზარდი მეგობრებს შორდება. ან შეიძლება მეგობრები თავად შორდებიან დეპრესიაში მყოფ ახალგაზრდას, რადგან მის აზროვნებასა და ქცევებში არასასურველ ცვლილებებს ხედავენ.

თითქმის ყოველგვარი საქმიანობისადმი ინტერესის შემცირება. ოზარდი უჩვეულოდ პასიურია. ჰობიც კი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ ასე იტაცებდა, ახლა მას მოსაწყენად ეჩვენება.

მნიშვნელოვანი ცვლილებები კვებაში. მრავალი სწავლული მიიჩნევს, რომ ისეთი მოშლილობები, როგორიცაა: ანორექსია, ბულიმია და ხარბად ბევრის ჭამა ხშირად დეპრესიას ახლავს თან (და ზოგჯერ, შესაძლოა, დეპრესიით იყოს გამოწვეული).

ძილთან დაკავშირებული პრობლემები. მოზარდს ან უძილობა აწუხებს ან ძილად არის მივარდნილი. ზოგ ახალგაზრდას ძილი დარღვეული აქვს — მთელი ღამე ღვიძავს და მთელი დღე სძინავს.

აკადემიური მოსწრების დონის დადაბლება. დეპრესიაში მყოფ მოზარდს პრობლემები აქვს მასწავლებლებთან და თანატოლებთან და მისი ნიშნები საოცრად დაბალი ხდება. მალე მოზარდს სკოლისკენ საერთოდ არ მიუწევს გული.

სახიფათო მოქმედებები. სახიფათო მოქმედებები შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ახალგაზრდა მაინც და მაინც არ დარდობს საკუთარ სიცოცხლეზე. საკუთარი თავის დასახიჩრება (მაგალითად, კანის გაჭრა) შეიძლება დეპრესიის სიმპტომი იყოს.

არარაობის შეგრძნება ან ყოველგვარი მიზეზის გარეშე საკუთარი თავის დადანაშაულება. მოზარდი მეტისმეტად თვითკრიტიკული ხდება; ასე ჰგონია, რომ არაფერი გამოსდის მაშინაც კი, როდესაც ფაქტები სრულიად საპირისპიროს ცხადყოფს.

ფსიქოსომატური პრობლემები. ყოველგვარი ფიზიკური მიზეზების გარეშე თავის, ზურგისა და კუჭის ტკივილი, აგრეთვე სხვა მსგავსი პრობლემები შეიძლება იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ მოზარდი დეპრესიაშია.

სიკვდილსა თუ თვითმკვლელობაზე არაერთხელ ფიქრი. გამუდმებით სიკვდილსა და საშინელ საკითხებზე ლაპარაკი შეიძლება დეპრესიულ მდგომარეობაზე მიანიშნებდეს. შეიძლება ამავეს ნიშნავდეს თვითმკვლელობით მუქარაც, რასაც ყველა სერიოზულად უნდა მოეკიდოს (იხილეთ ქვემოთ მოცემული ჩარჩო).

ბიპოლარული მოშლილობა

ამ სიმპტომთაგან ზოგი შეიძლება სხვა საგონებელში ჩამგდები დაავადების — ბიპოლარული მოშლილობის დროსაც აღინიშნებოდეს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორების ბარბარა ინგერსოლისა და სემ გოლდსტაინის სიტყვების თანახმად, ბიპოლარული მოშლილობა (რომელიც მანიაკალური დეპრესიის სახელწოდებითაც არის ცნობილი) არის „მდგომარეობა, რომლისთვისაც დეპრესიული ეპიზოდებია დამახასიათებელი. ამ ეპიზოდებს შორის შეინიშნება პერიოდები, როდესაც განწყობილება მეტისმეტად აწეულია და ენერგია — მოჭარბებული; განწყობილება აწეულია ანუ, ფაქტობრივად, განწყობა ნორმალურ, კარგ ხასიათთან შედარებით ბევრად უკეთესია“.

ამ აწეული განწყობილების ფაზას მანია ეწოდება. მის სიმპტომებში შეიძლება შედიოდეს წარმოდგენათა ტემპის აჩქარება, ზედმეტი ლაპარაკი და ძილის მოთხოვნილების შემცირება. ფაქტობრივად, ავადმყოფს შეიძლება რამდენიმე დღე არ ეძინოს, მაგრამ ენერგიის ნაკლებობას არ გრძნობდეს. ბიპოლარული მოშლილობის სხვა სიმპტომი მეტისმეტად იმპულსური მოქმედებაა; ასეთი მოქმედების დროს ავადმყოფი ვერ ითვალისწინებს თავისი მოქმედების შედეგებს. „მანია [ავადმყოფის] აზროვნებაზე, განსჯის უნარსა და საზოგადოებაში მოქმედებაზე ხშირად იმგვარად მოქმედებს, რომ სერიოზულ პრობლემებსა და უხერხულ მდგომარეობებს ქმნის“, — აღნიშნავს შეერთებული შტატების ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი. რამდენ ხანს გრძელდება მანიაკალური სტადია? ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე; სხვა შემთხვევებში კი რამდენიმე თვის განმავლობაში, რის შემდეგაც დეპრესიაში გადადის.

უმეტესწილად ბიპოლარული მოშლილობით დაავადების საფრთხე ემუქრება მათ, ვისი ოჯახის წევრებსაც აქვთ ეს დაავადება. მაგრამ ამ დაავადებით დატანჯულთა მომავალი უიმედო არ არის. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ „ადრეულ სტადიებზე დიაგნოზის დასმისა და სათანადო მკურნალობის შედეგად, — როგორც ერთ-ერთი წიგნი აღნიშნავს, — ამ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ბევრად უფრო სტაბილურად ცხოვრება შეუძლიათ“ (The Bipolar Child).

ძალზე მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან მხოლოდ ერთის არსებობა არ არის დეპრესიის ან ბიპოლარული მოშლილობის მაჩვენებელი. უმეტესწილად, გარკვეული დროის განმავლობაში გამოვლენილ სიმპტომთა კომპლექსის საფუძველზე ისმება დიაგნოზი. და მაინც, ღიად რჩება კითხვა — რატომ აწუხებთ მოზარდებს ეს საშინელი მოშლილობა?

[სქოლიო]

^ აბზ. 7 აქ მოყვანილი სიმპტომები მოხსენიებულია არა დიაგნოზის დასასმელ კრიტერიუმად, არამედ ზოგადი მიმოხილვისთვის.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

როდესაც ბავშვს სიკვდილი უნდა

შეერთებულ შტატებში გავრცელებულ დაავადებათა მაკონტროლებელი ცენტრების ცნობით, ერთ წელს შეერთებულ შტატებში თვითმკვლელობის შედეგად უფრო მეტი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ვიდრე კიბოთი, გულის დაავადებებით, შიდს-ით, თანდაყოლილი დეფექტებით, დამბლით, პნევმონიით, გრიპითა და ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ერთად აღებული. უნდა აღინიშნოს ის შემაშფოთებელი ფაქტიც, რომ საოცრად იზრდება 10—14 წლის ასაკის მოზარდებს შორის თვითმკვლელობათა რიცხვი.

შესაძლებელია თუ არა მოზარდების თვითმკვლელობის არიდება? ზოგჯერ კი. „სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მრავალ თვითმკვლელობას წინ უძღოდა თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობის სხვათა შორის მოხსენიება და გაფრთხილებები, — წერს დ-რ ქეთლინ მაკ-კოი, — იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოზარდი გადაკვრით ახსენებს თვითმკვლელობას, საჭიროა მისთვის დიდი ყურადღების მიქცევა და, შესაძლოა, პროფესიული დახმარების ძიებაც“.

მოზარდებს შორის დეპრესიის ასე ფართოდ გავრცელება ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ მშობლები და სხვა უფროსები სერიოზულად მოეკიდონ ახალგაზრდის მხრიდან თავის მოკვლის სურვილის ნებისმიერ გამოვლინებას. „თვითმკვლელობის თითქმის ყოველ შემთხვევაში, რომლებიც მე გამოვიკვლიე, მოზარდების გეგმებს ზერელედ მოეკიდნენ ან ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭეს“, — წერს დ-რ ენდრიუ სლეიბი თავის წიგნში „ვერავინ დაინახა ჩემი ტკივილი“. «ოჯახის წევრებსა და მეგობრებს არ ესმოდათ, რამდენად დიდი ცვლილებები ხდებოდა მოზარდში. ისინი ყურადღებას პრობლემის შედეგებზე ამახვილებდნენ და არა გამომწვევ მიზეზებზე, ამიტომაც ხედავდნენ მხოლოდ ოჯახურ პრობლემებს, ნარკოტიკების გამოყენებას ან ანორექსიას. ზოგჯერ კი რისხვას, დაბნეულობას, ადვილად აგზნებადობას „მკურნალობდნენ“, მაგრამ არა დეპრესიას. ასე რომ, პრობლემა ხელუხლებლად რჩებოდა და უფრო მტკივნეული და მტანჯველი ხდებოდა».

ყველაფერი დღესავით ნათელია: სერიოზულად მოეკიდეთ თვითმკვლელობის სურვილის ნებისმიერ გამოვლინებას!

[სურათი 7 გვერდზე]

ზოგჯერ ყველაფრის წინააღმდეგ ამბოხება დეპრესიის ნიშანია.

[სურათი 7 გვერდზე]

დეპრესიაში მყოფი მოზარდები ხშირად ინტერესს კარგავენ იმ საქმიანობებისადმი, რომლებიც ერთ დროს იზიდავდათ.