არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ბავშვების მიმტოვებელი მამები მე 15 წლის ვარ და მთელი გულით მადლობა მინდა გადაგიხადოთ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები. . .“ სტატიებისთვის „რატომ მიგვატოვა მამამ?“ (8 დეკემბერი, 2000) და „როგორ გადავიტანო მამის სახლიდან წასვლა?“ (8 იანვარი, 2001). სხვადასხვაგვარი გრძნობა მეუფლებოდა — ხან ვბრაზდებოდი, ხან კი ვწუხდი და გულგატეხილობა მიპყრობდა. სტატიებმა დამანახვა, რომ მარტო მე არა ვარ ასეთ სიტუაციაში და ჩემი გრძნობები საკმაოდ ნორმალურია. გთხოვთ, განაგრძოთ ასეთი შესანიშნავი სტატიების წერა.

ს. ლ. გერმანია.

მე 10 წლის ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რაც თავი მახსოვს ამ სტატიებს ველოდი! დიდი ტკივილი მომაყენა უმამობამ. სტატიები მართლაც დროულად მოვიდა.

მ. დ. გერმანია.

ქორწინების გადარჩენა მთელი გულით მადლობა მინდა გითხრათ 2001 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სტატიათა სერიისთვის „შევძლებთ ქორწინების გადარჩენას?“ ერთი წლის წინათ მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობაში პრობლემები გვქონდა. ორივე ისეთ ოჯახში გავიზარდეთ, სადაც მშობლები ყოველთვის ჩხუბობდნენ. ამიტომ შეგვეძლო ერთმანეთისთვის ძალზე საწყენი სიტყვები გვეთქვა, და მდგომარეობაც უმართავი ხდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიბლიური პრინციპების გამოყენება დავიწყეთ, ძალიან ბედნიერები ვართ.

რ. ო. შეერთებული შტატები.

როგორც კრების უხუცესი, ყველაზე ძალიან იმ თანამორწმუნეების დახმარება მიძნელდება, ვინც ფიქრობს, რომ უსიყვარულო ქორწინების მახეშია გაბმული. რა თქმა უნდა, ყოველწლიურად პუბლიკაციების დახმარებით საკმაოდ უხვად ვიღებდით ბიბლიურ რჩევებს, მაგრამ როდესაც ამ ჟურნალის გარეკანს შევხედე, მივხვდი, რომ აქ სწორედ იმაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, რითაც უფრო კონკრეტულ დახმარებას გავუწევდით ასეთ წყვილებს. სტატიებმა ჩემი მოლოდინი გაამართლა!

ლ. რ. შეერთებული შტატები.

ჩვენ ქორწინებას თითქოს აზრი დაკარგული ჰქონდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი კი არ გვიყვარდა, არამედ ერთმანეთს ვიტანდით. ზოგჯერ გაყრაზეც ვფიქრობდი, მაგრამ სტატიების სერიის „შევძლებთ ქორწინების გადარჩენას?“ (8 იანვარი, 2001) წყალობით, ერთმანეთისადმი სიყვარული კვლავ დავიბრუნეთ.

ე. რ. ესპანეთი.

მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ გასულ წელს ჩვენი ქორწინება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მე და ჩემი ქმარი ძალიან ხშირად ვტკენდით ერთმანეთს გულს, რის გამოც ჩვენი ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელი ჩანდა. მაგრამ ამ სტატიების წაკითხვის შემდეგ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს იეჰოვა მეუბნებოდა: „ფარ-ხმალს ნუ დაყრი!“ და მეც სურვილი გამიჩნდა, ყველაფერი მეღონა იმისათვის, რომ ის თბილი გრძნობა გამეღვიძებინა, რომელიც ერთ დროს ერთმანეთის მიმართ გვქონდა. ქმრის მხრიდან დადებითი რეაგირებაც ვიგრძენი. ამ სტატიებს კვლავაც არაერთხელ გადავიკითხავ.

ნ. ჰ. იაპონია.

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც მოვინათლე. ურწმუნო ცოლი წინააღმდეგობას მიწევს. თქვენმა სტატიებმა დამანახვა, თუ როგორ შევცვალო რადიკალურად, უკეთესობისკენ ჩემი ოჯახური ცხოვრება. ნამდვილად დროულად მოვიდა ეს სტატიები.

ვ. ს. ავსტრალია.

მე და ჩემს მეუღლეს კარგი ცოლ-ქმრობა გვაქვს. ამიტომ ამ სტატიების კითხვა იმ განწყობით დავიწყე, რომ მათ სხვების დასახმარებლად გამოვიყენებდი. მაგრამ კითხვის დაწყებისთანავე შევნიშნე, რომ მათში მოცემული პრაქტიკული რჩევები, ჩემი ქორწინების განმტკიცებაშიც არ გამიწევდა ცუდ სამსახურს.

მ. დ. იტალია.

კრებაში ერთმა ქრისტიანმა დამ მითხრა, რომ ურწმუნო ქმართან ნაჩხუბარი იყო და განცალკევებით ცხოვრობდა. ცოტა ხნის შემდეგ მომიყვა, რომ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მან სულმოუთქმელად წაიკითხა ეს სტატიები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დიდად დაეხმარა. ამ დამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ურთიერთობის შესახებ გამოთქმული აზრები გამოადგა. ახლა ის და მისი ქმარი კვლავ ერთად არიან.

ნ. ს. კანადა.