არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატარა სასაცილო მონადირეები

პატარა სასაცილო მონადირეები

პატარა სასაცილო მონადირეები

ჩვენი კორესპონდენტისგან სამხრეთ აფრიკაში

მცხუნვარე მზის ქვეშ უკანა ფეხებზე იდგა, მყიფე ტოტებზე ძლიერად ჩაბღაუჭებული წონასწორობას კუდით ინარჩუნებდა. ყურადღებით აკვირდებოდა ირგვლივ ყველაფერს, რაიმე საფრთხე ხომ არ ელოდათ. მისი თანამოძმეები გრძნობდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, როდესაც ის პერიოდულად სუსტ ხმას გამოსცემდა, დანარჩენები კი საკვების ძებნას განაგრძობდნენ. ის საგუშაგოდ უნდა დარჩენილიყო, — თუნდაც ერთი საათი, — სანამ მას ერთ-ერთი თანამოძმეთაგანი შეცვლიდა!

რა ქმნილებაა ეს? სურიკატა. ამ პატარა მტაცებელ ცხოველებს, რომელთა სიგრძეც ცხვირიდან კუდის წვერამდე 40 სანტიმეტრია, ძალიან უყვართ ურთიერთობა. ისინი 10—30 წევრისგან შემდგარ მჭიდრო ჯგუფებად ცხოვრობენ.

ყოველ დილით, როდესაც სურიკატები თავიანთი სოროებიდან ამოძვრებიან, ერთ მწკრივად ეწყობიან, უკანა ფეხებზე დგებიან და ღამე შეციებულები ამომავალ მზეს ეფიცხებიან. ისინი ასუფთავებენ ერთმანეთს და მეგობრულად წრიპინებენ. ეს გულითადი ურთიერთობა შეიძლება ნახევარი საათი ან უფრო მეტი ხანი გაგრძელდეს. შემდეგ კი ერთად მიემართებიან სანადიროდ.

ორგანიზებული ნადირობის შედეგად სურიკატები მუდმივად უზრუნველყოფილი არიან მწერებითა და ქვეწარმავლებით. თანაც რა მადიანად შეექცევიან ხოლმე ნანადირევს! შიმშილის დასაკმაყოფილებლად მათ იმდენი ძალა ეხარჯებათ, რომ შუადღისთვის მათი უმეტესობა ბუჩქის ან ხის ჩრდილში თვლემს, ზოგიერთები კი ქვიშას თხრიან და გრილ ქვიშის გროვაზე იშხლართებიან.

მაგრამ რა საჭიროა გუშაგი? — ეს მონადირეები თავადაც სასურველ ნადავლს წარმოადგენენ. როდესაც სურიკატა ენერგიულად თხრის მაგარ ნიადაგს — რამდენჯერმე იღებს თავისივე წონის მიწას, რომ ერთ მატლს მაინც მიაგნოს — სასურველი მსხვერპლი ხდება მოთვალთვალე ტურებისა და მტაცებელი ფრინველებისთვის.

რა ხდება როდესაც გუშაგი საფრთხეს გრძნობს? მის უეცარ მოგუდულ ძახილს მაშინვე ეხმაურებიან სხვები და თავქუდმოგლეჯილი გარბიან უახლოესი სოროებისკენ. მაგრამ თუ გუშაგი ძახილით აფრთხილებს თანამოძმეებს მეტოქე სურიკატების ჯგუფის მოახლოების შესახებ, მაშინ დამხვდურთა ჯგუფი არ გარბის სოროებისკენ. პირიქით, ისინი ერთად დადგებიან, ზურგებს მორკალავენ და აიბურძგნებიან, კუდებს კი ანტენებივით აპრეხენ. ჯგუფი მჭახე ხმას გამოსცემს, როდესაც „დაუპატიჟებლი სტუმრებისკენ“ მიიწევენ, ზოგიერთი მათგანი კი ისე ხტის, თითქოს საბრძოლო ცეკვას ასრულებსო. ხშირად ასეთი საბრძოლო დარაზმვა საკმარისია მეტოქეების გასაფანტავად.

ერთობლივი ძალისხმევა

სურიკატები ხშირად ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანს, როცა უვლიან თავიანთ ნაშიერებს. დაბადებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში ახალშობილები ყურადღების ცენტრში არიან. ჯგუფის სხვა წევრები გამუდმებით აკითხავენ დედასა და ახალშობილებს. რა სიხარულით ეგებებიან მათ, როდესაც დედას თავისი ნაშიერები სოროდან პირველად გამოჰყავს გარეთ! მთელი ჯგუფი სიყვარულის ნიშნად ფრთხილად კბენს დედას კისერზე, სიხარულით ჭყივიან და ნაზად ეხახუნებიან პატარებს.

რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელი ჯგუფი ეხმარება დედას პატარების მოვლაში. უმეტესობა სიამოვნებით ცვლის ერთმანეთს პატარების მოსავლელად, მაშინ, როდესაც სხვები სანადიროდ მიდიან. ზოგიერთი დედალი, რომელსაც თავის ნაშიერი არა ჰყავს, უნებურად გამოიმუშავებს რძეს, რათა თავადაც გასწიოს ძიძობა და დედას შრომა შეუმსუბუქოს. ეს გულმოდგინება, ძიძას ჭამისთვის მცირე დროს უტოვებს. შედეგად, ზოგიერთი პატარის მოვლაში დახმარების დროს, ძიძა წონაში 10 პროცენტით იკლებს!

როდესაც პატარები იზრდებიან და სოროს ტოვებენ, ჯგუფს უერთდებიან ყოველდღიურ ნადირობაში. დიდები ნებაყოფლობით ენაცვლებიან ერთმანეთს, რომ ახალგაზრდებს მოთმინებით ასწავლონ ნადირობის ხელოვნება. ხშირად საუკეთესო ნადავლს ახალგაზრდებს უთმობენ, მაშინაც კი, თუ დიდები იმ დღეს დაუნაყრებელი რჩებიან. როდესაც გუშაგის „ძახილზე“ სურიკატები სწრაფად აფარებენ თავს სოროებს, სულ მცირე ერთი მათგანი მაინც ზრუნავს იმაზე, რომ პატარებმა სოროებში მშვიდობიანად ჩააღწიონ.

ღირსშესანიშნავი სანახაობა

სურიკატების მოშინაურება ადვილია; ისინი მოალერსეები არიან. წიგნში „მაბერლის სამხრეთ აფრიკის ძუძუმწოვრები“ აღნიშნულია: „საერთო ჯამში, ეს საინტერესო პატარა ცხოველები, უდავოა, სამხრეთ აფრიკის ყველაზე მიმზიდველ, მომხიბლავ და საყვარელ ძუძუმწოვრებს შორის არიან; ყოველთვის ღირს მათზე დასაკვირვებლად დროის გამოყოფა“.

ალენი, რომელიც წლების მანძილზე კამერით იღებდა სურიკატებს, ეთანხმება ამ აზრს. ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც სოროდან ამომძვრალმა დედალმა სურიკატამ, რომელსაც პირით თავისი ოთხი დღის ნაშიერი ეჭირა, შესწკმუტუნა მას და ფეხებთან პატარა დაუწვინა. ალენი ფიქრობდა, რომ პატარა მკვდარი იყო. „მაგრამ როდესაც ფრთხილად ავიყვანე ხელში“, — ამბობს ის, — მივხვდი, რომ ცოცხალი იყო; უბრალოდ დედამისს უნდოდა პირველად ჩემთვის ეჩვენებინა, სანამ სხვა სურიკატები გარს შემოეხვეოდნენ მისალოცად. იმდენად ავღელდი, რომ სურათის გადაღება აზრადაც კი არ მომსვლია“.

სილვი, რომელიც აგრეთვე წლების მანძილზე აკვირდებოდა მათ, სიამოვნებით იხსენებს ერთ დილას. როცა ის სოროს გვერდით იყო წამოწოლილი, სურიკატები ამოძვრნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ ჩამწკრივდნენ მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით და, რიტუალურად, წმენდნენ და ეხუტებოდნენ ერთმანეთს. როდესაც სილვი გამოელაპარაკა მათ, ისინიც პასუხის ნიშნად აწრიპინდნენ. სილვიმ ფრთხილად გაიწოდა ხელი დედლისკენ, რომელიც პირველი იდგა რიგში და ყურზე მიუალერსა. ის სიამოვნებისგან დაიკლაკნა და რიგში მდგომი სხვა სურიკატის გასუფთავება დაიწყო. „მე მათი ჩახუტების ცერემონიაში მივიღე მონაწილეობა“, — წამოიძახა სილვიმ. „როგორი უპირატესობაა!“.

მრავალი ანეკდოტი დადის მათ შესახებ, ვინც სურიკატებს შეხვედრია. ისინი მართლაც სასაცილო პატარა მონადირეები არიან!

[სურათები 26 გვერდზე]

მტრები განიდევნენ

საგუშაგოზე

ნადირობისთვის მზადება

[საავტორო უფლება]

All photos: © Nigel J. Dennis