რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
რუსეთში სასამართლოზე იეჰოვას მოწმეები იმარჯვებენ
2001 წლის 24 თებერვლის „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იუწყებოდა: „დღეს [23 თებერვალს] მოსკოვში იეჰოვას მოწმეებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგეს. ბრალმდებლების მიზანი იყო, აეკრძალათ ამ ჯგუფის მოღვაწეობა 1997 წლის კანონით, რომელიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის სულის გამღვივებელი რელიგიური სექტების არსებობის წინააღმდეგ იყო მიმართული“. 1999 წლის 12 მარტს ეს სასამართლო პროცესი გადაიდო; დაინიშნა ხუთი ექსპერტი, რომლებსაც იეჰოვას მოწმეთა მრწამსის შესწავლა დაევალა. საქმე დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 2001 წლის 6 თებერვალს პროცესი კვლავ შედგა და სასამართლოს სამი კვირაც არ დასჭირვებია იმის დასადგენად, რომ წაყენებული ბრალდებები საფუძველს მოკლებული იყო. «რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მისიონერული მოღვაწეობის სასტიკი წინააღმდეგია, — აღნიშნა ამ გადაწყვეტილების გაშუქებისას „ლოს ანჟელეს ტაიმზმა“, — 1997 წელს რელიგიის შესახებ კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ამ კანონმა მრავალი კონფესია იძულებული გახადა, რეგისტრაციის რთული პროცესი გაევლო“. იეჰოვას მოწმეების მიერ სასამართლოზე მოპოვებული გამარჯვება (რომელიც მოსკოვის სახელმწიფო მოხელეებმა გაასაჩივრეს) სასიხარულო სიახლეა მათთვის, ვინც რუსეთში რელიგიის თავისუფლებით არის დაინტერესებული.
გამორჩენა, რომელსაც ზოგი შეწირული ტანსაცმლიდან იღებს
შეწირული ტანსაცმლის „მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა“ აღწევს ნამდვილად გაჭირვებულ ადამიანებამდე, — აღნიშნავს ერთ-ერთი გერმანული გაზეთი (Südwest Presse). გერმანიაში ყოველწლიურად მოსახლეობა 500 000 ტონაზე მეტ ტანსაცმელს სწირავს გაჭირვებულთა დასახმარებლად. მაგრამ, ჩვეულებრივ, ამ ტანსაცმლის შემგროვებელი ორგანიზაციები კომერსანტებს მიჰყიდიან ხოლმე მას და ამგვარად შემოწირული ტანსაცმლიდან რამდენიმე ასეული მილიონი გერმანული მარკის ოდენობის გამორჩენას იღებენ. ხშირად შემგროვებლებმა არ იციან, ვის უვარდება ხელში შეწირულობა. სტატიაში აღნიშნულია: „თუ გსურთ, დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ტანსაცმელი ნამდვილად გაჭირვებულებს მოხმარდება, პირადად უნდა მისცეთ მათ თქვენი შეწირულობა ან ტანსაცმელი უნდა გადასცეთ სანდო პირებს, რომლებიც იქ იმყოფებიან, სადაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება“.
ჰაერის დაბინძურება ინდოეთის ოკეანის თავზე
ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის უმეტეს ტერიტორიაზე, მოულოდნელად აღინიშნა ჰაერის საკმაოდ ძლიერი დაბინძურება — იუწყება ერთ-ერთი საინფორმაციო ბიულეტენი (MorgenWelt Nachrichten). ექვსი ქვეყნის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ზამთარში მუსონს სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან ინდოეთის ოკეანისკენ მიაქვს მური, ნაცარი, ორგანული ნაწილაკები, მინერალური ნივთიერებების მტვერი, ნიტრატები და სულფატები. 1999 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში 3 კილომეტრი სიმაღლის ბურუსმა დაფარა დაახლოებით 10 მილიონი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ეს კი ფართობით კანადის ტერიტორიას აღემატება. „მეცნიერების აზრით, აზიაში დაბინძურების დონის მომატება საგრძნობლად აუარესებს ჰაერის ნორმალურ შემცველობას, რომელსაც როგორც რეგიონალური, ისე გლობალური გავლენა აქვს“, — აღნიშნავს საინფორმაციო ბიულეტენი.
შოკოლადი — ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?
ზოგის აზრით, შოკოლადი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, — აღნიშნავს ერთ-ერთი იაპონური გაზეთი (Nihon Keizai Shimbun). რატომ? იმიტომ რომ, ის შეიცავს კაკაოს პოლიფენოლს, რომელიც ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და კიბოს ინჰიბირებას. გარდა ამისა, ამბობენ, რომ შოკოლადი კარგად არეგულირებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება. ერთ-ერთი ქრისტიანული უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს: „ყველაზე ეფექტურია კარგი ხარისხის შოკოლადი, რომლის შემცველობაშიც უხვად შედის კაკაო და ძალიან ცოტა შაქარი და ზეთი“. მაგრამ პროფესორმა ყურადღება გაამახვილა „მწვანე და ყვითელი ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის პოლიფენოლის შემცველი ცილების“ მიღებაზეც, რომლებიც სხეულისთვის აუცილებელია.
ტაივანი ამნისტიას უცხადებს „სინდისის პატიმრებს“
«[ტაივანის] პრეზიდენტმა ჩენ შუიბიანმა სასჯელისგან გაათავისუფლა 21 მსჯავრდადებული... მათ შორის 19“სინდისის პატიმარი“, რომლებიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის იყვნენ დაპატიმრებული, — აღნიშნავს „ჩაინა პოსტი“. — სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელიც ძალაში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს [2000 წლის 10 დეკემბერს] შევა, ბრალდებას მოუხსნის იეჰოვას 19 მოწმეს, რომლებიც მსჯავრდადებულ იქნენ რელიგიური შეხედულებების საფუძველზე სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის გამო». ამ 19-დან 14 უკვე თავდებით იყო გათავისუფლებული. მსგავსი ამნისტია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველი იყო. ადვოკატმა ნაიჯელ ლიმ, რომლის იურიდიულ ფირმას იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულ საქმეზე მუშაობა უწევდა, აღნიშნა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მოწმეებმა და მათმა მშვიდობიანმა მისიამ... მათ მშვიდობისმოყვარეობაში ადამიანის სიცოცხლის დიდად დაფასება ჩანს. ამის გამო ისინი ჩვენგან განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ“.