არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რის გაკეთება შემიძლია, ბიბლიის კითხვა უფრო სასიამოვნო რომ იყოს ჩემთვის?

რის გაკეთება შემიძლია, ბიბლიის კითხვა უფრო სასიამოვნო რომ იყოს ჩემთვის?

ახალგაზრდების შეკითხვები

რის გაკეთება შემიძლია, ბიბლიის კითხვა უფრო სასიამოვნო რომ იყოს ჩემთვის?

„ზოგჯერ ბიბლია ძნელი გასაგებია, რის გამოც შესაძლოა წაკითხვის ხალისი დაგეკარგოს“ (17 წლის ანელიზა).

„ბიბლიის კითხვა მოსაწყენი იყო ჩემთვის“ (22 წლის კიმბერლი).

ბევრს არაფრის კითხვა არ ანიჭებს სიამოვნებას. ამიტომ ისეთი დიდი მოცულობის წიგნის კითხვა, როგორიცაა ბიბლია, შეიძლება დაუსრულებელი ჩანდეს თვით ხარბი მკითხველებისთვისაც კი. „ჩემთვის ბიბლია სქელტანიანი წიგნია, რომელიც ბევრ უცნობ და ძნელად გასაგებ სიტყვას შეიცავს, — ამბობს 17 წლის თამი. — ბიბლიის კითხვისას საჭიროა მთელი გულისყური და ნებისყოფის გამოვლენა“.

გარდა ამისა, საშინაო დავალებების მომზადებამ, საოჯახო საქმეების კეთებამ და ძალების აღდგენამ შეიძლება უამრავი დრო და ენერგია წაგართვას. ამის გამო შესაძლოა ძნელი გახდეს ბიბლიის მთელი გულისყურით და სიამოვნებით წაკითხვა. ალისია, რომელიც იეჰოვას მოწმეა, დროს უთმობს ხოლმე ქრისტიანული შეხვედრებისთვის მომზადებას, მათზე დასწრებას და სხვებისთვის თავისი რწმენის გაზიარებას. ის აღიარებს: „ბიბლიის კითხვა შეიძლება რთული იყოს, რადგან გგონია, რომ ძალიან დიდი მასალაა წასაკითხი“.

მაგრამ ალისიამ, თამიმ და სხვა ბევრმა ახალგაზრდამ შეძლეს დაბრკოლებების გადალახვა. ამჟამად ისინი რეგულარულად და იმავდროულად სიამოვნებით კითხულობენ ბიბლიას. შენც შეგიძლია იმავეს გაკეთება! დაფიქრდი სამ ფაქტორზე, რაც დაგეხმარება იმაში, რომ ბიბლიის კითხვამ უფრო მეტი სიამოვნება მოგანიჭოს.

დრო გამოუყავი ბიბლიის კითხვას

„ჩემი აზრით, ახალგაზრდები იმიტომ ამბობენ ბიბლიაზე, მოსაწყენიაო, რომ სერიოზულად არ ეკიდებიან ბიბლიის კითხვას“, — აღნიშნავს 18 წლის კელი. როგორც სპორტის რომელიმე სახეობა ან თამაში, რომელშიც ხშირად იღებ მონაწილეობას, განიჭებს სიამოვნებას, ისე ბიბლიის კითხვითაც ისიამოვნებ, თუ ამას რეგულარულად გააკეთებ.

მაგრამ რის გაკეთება შეგიძლია მაშინ, როცა თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გაქვს? მოციქული პავლე გვირჩევს: „ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია“ (ეფესელთა 5:15, 16). შეგიძლია ‘მოივაჭრო ჟამი’, თუ ნაკლებ დროს დაუთმობ უმნიშვნელო საქმეებს, მაგალითად, ტელევიზორის ყურებას. პავლეს მიერ გამოყენებული სიტყვა „ჟამი“ შეიძლება გულისხმობდეს განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყოფილ დროს. როგორ შეგიძლია დროის გამოყოფა ბიბლიის წასაკითხად?

ბევრი ბიბლიას დილით, ბროშურა „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვაში“ მოცემული ბიბლიური მუხლისა და დართული კომენტარის განხილვის შემდეგ კითხულობს *. სხვები მის წაკითხვას ძილის წინ არჩევენ. ისეთი დრო შეარჩიე, რომ ნაყოფიერად წაიკითხო და შენს განრიგსაც მიუსადაგო. ალისია შენიშნავს: „მოხერხებულობა დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ რეგულარულად მივყვე ბიბლიის კითხვის გეგმას“.

ზოგი ახალგაზრდა ქრისტიანი თავისი განრიგის მიხედვით ყოველდღიურად 10-15 წუთს უთმობს ბიბლიის კითხვას. ამგვარად, მათ მთლიანი ბიბლიის წაკითხვა ერთ-ორ წელიწადში შეძლეს. თუ ეს შენს ძალებს აღემატება, მიზნად დაისახე ბიბლიის ყოველდღე პატარ-პატარა მონაკვეთების წაკითხვა. თუ განუხრელად მიჰყვები ბიბლიის კითხვის განრიგს, ღვთის სიტყვა უფრო შეგიყვარდება (ფსალმუნი 118:97; 1 პეტრე 2:2, სსგ).

სთხოვე ღმერთს სიბრძნე ლოცვაში

საერთოდ, ბიბლიის რეგულარული მკითხველებიც კი ხვდებიან, რომ ღვთის სიტყვის გარკვეული მონაკვეთები ძნელი გასაგებია. ბიბლიის ავტორს, იეჰოვა ღმერთს, სურს, რომ თავისი სიტყვა გასაგები იყოს შენთვის. წიგნ „მოციქულთა საქმეებში“ მოთხრობილია ეთიოპიელი მგზავრის შესახებ, რომელიც ბოლომდე ვერ ჩასწვდა ესაიას 53-ე თავში მოცემულ წინასწარმეტყველებას. ამ მამაკაცს დახმარების მიღების დიდი სურვილი ჰქონდა, რის გამოც იეჰოვას ანგელოზმა მისიონერი ფილიპე მიუგზავნა წინასწარმეტყველების ასახსნელად (საქმეები 8:26—39).

ბიბლია რომ ნაყოფიერად წავიკითხოთ, პირდაპირ კითხვით კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ ლოცვით. ზოგი ბიბლიის გადაშლამდე წაკითხულის გასაგებად და გულთან ახლოს მისატანად იეჰოვას ლოცვაში სიბრძნეს სთხოვს (2 ტიმოთე 2:7; იაკობი 1:5). შეიძლება ღვთის სულიწმიდის საშუალებით ბიბლიური მუხლებიც კი გაგახსენდეს, რაც დაგეხმარება შენს კითხვებზე პასუხების პოვნაში ან განსაცდელის წარმატებით გადატანაში.

ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი მამაკაცი იხსენებს: „12 წლის ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა. ერთ ღამეს ლოგინში ვლოცულობდი და ვევედრებოდი იეჰოვას, რომ მამაჩემი დაბრუნებულიყო. შემდეგ ავიღე ხელში ჩემი ბიბლია და ფსალმუნის 9:35 წავიკითხე: „შენ, [იეჰოვა], განდობს თავის თავს ჩაგრული, უმამო ბავშვი, შენ იყავ მისი შემწე“ (აქ). ერთი წუთით ამ მუხლზე შევჩერდი. ვგრძნობდი, რომ იეჰოვა მესაუბრებოდა და მაგრძნობინებდა, რომ ის იყო ჩემი შემწე და მამა. მასზე უკეთესი მამა ვინ შეიძლებოდა მყოლოდა?

ყოველთვის ლოცულობ, როცა ბიბლიის წასაკითხად ჯდები? ადრიენი გვირჩევს: „ილოცეთ წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ და, ამგვარად, აზრთა ურთიერთგაზიარებით იეჰოვასთან ისაუბრებთ“. მთელი გულით ლოცვა შეგაძლებინებს, მიჰყვე ბიბლიის კითხვის პროგრამას, და ეს უფრო დაგაახლოებს ღმერთთან (იაკობი 4:8).

შინაარსიანად წაიკითხე ბიბლია

დასაწყისში მოხსენიებული კიმბერლისთვის მოსაწყენი იყო ბიბლიის კითხვა. ბიბლია ძალიან ძველი წიგნია, რომელიც კომპიუტერის, ტელევიზორის ან თვითმფრინავის გამოგონებამდე ბევრად უფრო ადრე დაიწერა და ბიბლიური პერსონაჟებიც ათასობით წლის წინათ გარდაიცვალნენ. მიუხედავად ამისა, მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). როგორ შეიძლება, რომ ასეთი უძველესი წიგნი მოქმედი იყოს?

გადამწერ ეზრას დღეებში ათასობით მამაკაცი, ქალი და ‘ყველა, ვისაც გაგების უნარი ჰქონდა’, თავმოყრილი იყო იერუსალიმში, რათა მოესმინათ მოსეს რჯული. იმ დროისათვის ეს რჯული უკვე 1 000 წელზე მეტი ხნის მანძილზე არსებობდა. მაგრამ ეზრა და მისი თანაშემწეები „კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული“. როდესაც ეს მამაკაცები განმარტავდნენ საღვთო წერილს და უფრო შინაარსიანს ხდიდნენ წაკითხულს, შედეგად რა მოყვებოდა ამას? „წავიდა მთელი ხალხი საჭმელად, სასმელად, წილობების დასაგზავნად და დიდი სიხარულის საყოფად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომელნიც მათ ამცნეს“ (ნეემია 8:1—12).

როგორ შეგიძლია ‘განმარტო’ ბიბლიაში წაკითხული? ქეთი, რომელსაც კითხვა ურთურლდება, ყურადღება რომ არ გაეფანტოს ხმამაღლა კითხულობს. ნიკი ცდილობს, საკუთარი თავი წარმოიდგინოს იმ სიტუაციაში, რომელიც აღწერილია ბიბლიურ ცნობაში. „წარმოვიდგინე, როგორ ვიგრძნობდი თავს ამ სიტუაციაში, — ამბობს ის. — ძალიან მიყვარს რუთისა და ნაყომის ამბავი. შემიძლია რამდენჯერმე წავიკითხო ეს მონათხრობი. როდესაც სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად, ამ ამბის წაკითხვამ სიმშვიდე მომგვარა, რადგან წარმოვიდგინე, თუ რას გრძნობდა რუთი მაშინ, როცა უცხო ქვეყანაში მიემგზავრებოდა, სადაც არავის იცნობდა. მე ვხედავდი, როგორ მიენდო ის იეჰოვას და ეს ნამდვილად დამეხმარა იმავეს გაკეთებაში“ (რუთი თავები1—4).

იმისათვის, რომ ბიბლია ‘მოქმედი’ იყოს, საჭიროა წაკითხულზე დაფიქრება. ყოველთვის, როცა კითხულობ, დრო დაუთმე საღვთო წერილიდან ამოკითხულზე დაფიქრებას და გაანალიზე, თუ როგორ გამოიყენებდი ნასწავლს. შეგიძლია მიმართო ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა მიერ არის გამოქვეყნებული ამა თუ იმ საკითხის უფრო ღრმად გაგებაში დასახმარებლად *.

დაჟინებით განაგრძე!

ადვილი არ არის გეგმის მიხედვით ბიბლიის კითხვა. საუკეთესოდ შედგენილ პროგრამასთანაც კი შეიძლება დროდადრო შეწყობა იყოს საჭირო. როგორ შეგიძლია, სიძნელეების მიუხედავად, მიზნად დაისახო ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა?

შენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ დახმარება აღმოგიჩინონ. 15 წლის ამბერი ამბობს: მე და ჩემს უმცროს დას ერთ ოთახში გვძინავს. ზოგჯერ საღამოობით ისეთი დაღლილი ვარ, რომ ძილის მეტი არაფერი მინდა, მაგრამ ჩემი და შემახსენებს ხოლმე, რომ წავიკითხო. ამიტომ არასდროს მავიწყდება, რომ წასაკითხი მაქვს“. როცა საღვთო წერილიდან განსაკუთრებული ადგილი ან ნაწყვეტი საინტერესო იქნება, სხვებთან ისაუბრე მასზე. ეს უფრო დაგეხმარება ღვთის სიტყვის გაგებაში და შესაძლოა შეგაგულიანებს კიდეც ბიბლიის წასაკითხად (რომაელთა 1:11, 12). თუ ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ წაიკითხავ ბიბლიას, ნუ შეწყვეტ მის კითხვას! იქიდან განაგრძე, სადაც შეჩერდი და უწინდელზე უფრო მეტი სერიოზულობით მიჰყევი გეგმას.

არასდროს დაივიწყო, რამხელა სარგებლობა მოაქვს ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას. თუ მოუსმენ იეჰოვას მისი სიტყვის საშუალებით, მასთან ახლო ურთიერთობით დატკბები; ჩასწვდები მის აზრებს და უკეთ გაიგებ მის გრძნობებს (იგავნი 2:1—5). ჩვენი ზეციერი მამისგან მომდინარე ეს ძვირფასი ჭეშმარიტებები შენი დამცველი აღმოჩნდება. „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? — იკითხა ფსალმუნმომღერალმა. — დაიცვას შენი სიტყვისამებრ“ (ფსალმუნი 118:9). ამიტომ შეუდექი ბიბლიის კითხვას და მიჰყევი კითხვის გეგმას. შენთვის შესაძლოა ბევრად უფრო სასიამოვნო გახდეს ბიბლიის კითხვა, ვიდრე წარმოგედგინა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 გამოცემულია იეჰოვას მოწმეთა მიერ.

^ აბზ. 22 2000 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 16, 17, მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომლებიც დაგეხმარება იმაში, რომ უფრო ღრმად ჩასწვდე ბიბლიას.

[სურათები 16 გვერდზე]

ლოცვა და კვლევა-ძიება უფრო ნაყოფიერს გახდის ბიბლიის კითხვას და დაგეხმარება საღვთო წერილის გაგებაში.

[სურათი 17 გვერდზე]

ბიბლიურ ცნობაში აღწერილ სიტუაციაში საკუთარი თავის წარმოდგენა საინტერესოს გახდის საღვთო წერილს.