არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფესვების გაშიშვლება

ფესვების გაშიშვლება

ფესვების გაშიშვლება

„ჩვეულებრივ, მოზარდთა დეპრესიას განაპირობებს არა ერთი ფაქტორი, არამედ სტრეს-ფაქტორთა კომპლექსი“ (დ-რ ქეთლინ მაკ-კოი).

რა იწვევს მოზარდებში დეპრესიას? ეს შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს. ჯერ ერთი, ფიზიკურმა და ემოციურმა ცვლილებებმა, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვისაა დამახასიათებელი, შეიძლება მოზარდს გაურკვევლობისა და შიშის გრძნობა გაუჩინოს, განსაკუთრებით კი, პესიმისტური განწყობილება განუვითაროს. აგრეთვე, მოზარდებს ხშირად ადვილად ეუფლებათ უარყოფითი ემოციები, როდესაც ხედავენ, რომ თანატოლების ან შეყვარებულის მიერ არიან უარყოფილი. გარდა ამისა, როგორც პირველ სტატიაში იყო მოხსენიებული, დღეს მოზარდები ისეთ წუთისოფელში იზრდებიან, რომელიც ყოველმხრივ უწყობს ხელს დეპრესიის განვითარებას. ჩვენ ხომ ნამდვილად „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1).

ცხოვრებისეულ სირთულეებს ისინი პირველად აწყდებიან და ამიტომ, უფროსებისგან განსხვავებით, არც გამოცდილება აქვთ და არც პრობლემებთან გამკლავების უნარი. ასე რომ, ხშირად იმ მოგზაურის მდგომარეობაში არიან, რომელიც უცნობ ტერიტორიაზე მიიკვლევს გზას; გარემომცველი სამყარო საოცრად თრგუნავთ, მაგრამ, უმეტესწილად, დახმარებისთვის არავის მიმართავენ. ასეთი ვითარებები შეიძლება დეპრესიის განვითარებისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდეს.

მაგრამ არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდებში დეპრესიის განვითარებას. განვიხილოთ ზოგი მათგანი.

დეპრესია და დანაკარგი

დეპრესიას ზოგჯერ დიდი დანაკარგი იწვევს. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის სიკვდილი ან გაყრის შედეგად ერთ-ერთ მშობელთან განშორება. მოზარდი შეიძლება საყვარელი ცხოველის სიკვდილმაც კი ძალიან დაამწუხროს.

არსებობს დანაკარგის შედარებით ნაკლებად შესამჩნევი ფორმებიც. მაგალითად, ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლა ნაცნობი გარემოსა და საყვარელი მეგობრების დატოვებას ნიშნავს; დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ რაღაც მიზნის მიღწევამაც კი — ვთქვათ, სკოლის დამთავრებამ — შეიძლება მოზარდში დანაკლისის გრძნობა აღძრას; ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებამ ადვილად დასაშვებია, რომ სულის სიმშვიდისა და უზრუნველობის გრძნობის დაკარგვა გამოიწვიოს. აგრეთვე არიან ახალგაზრდები, რომლებსაც რაიმე ქრონიკული დაავადების ატანა უწევთ. ასეთ მდგომარეობაში სხვებისგან განსხვავებულობით — ან სხვების მიერ უგულებელყოფით — გამოწვეულმა ტკივილმა შეიძლება მოზარდს არასრულფასოვნების გრძნობა გაუჩინოს.

აღსანიშნავია, რომ მრავალ ახალგაზრდას ბოლომდე ვერ ერევა ეს გრძნობა. ისინი სწუხან, ტირიან, გლოვობენ, მოთქვამენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ წყნარდებიან. მაშ რატომ არის, რომ მოზარდთა უმეტესობა იტანს ცხოვრებისეულ სირთულეებს და არ უჭირს წონასწორობის აღდგენა, ზოგი კი ღრმა დეპრესიაში ვარდება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის, რადგან დეპრესია საკმაოდ რთული მოშლილობაა. გარდა ამისა, ზოგი მოზარდი თავის თანატოლებთან შედარებით ადვილად ვარდება დეპრესიაში.

ბიოქიმიურ ცვლილებებთან კავშირი

მრავალი ფსიქიატრის ღრმა რწმენით, დეპრესიის განვითარებაში ძირითად როლს ტვინში ბიოქიმიური წონასწორობის დარღვევა ასრულებს *. წონასწორობის ასეთი დარღვევა შეიძლება მემკვიდრეობით გადაიცემოდეს, ვინაიდან მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მოზარდებს, რომელთა მშობლებიც დეპრესიაში არიან, უფრო მეტად უნვითარდებათ მსგავსი მოშლილობა. „უმეტესწილად, დეპრესიაში მყოფი ბავშვების მშობლებიდან ერთ-ერთი მაინც იტანჯება ამ დაავადებით“, — აღნიშნავს წიგნი „მარტოობა, წუხილი და გაბრაზება“.

აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა — ბავშვების დეპრესია ნამდვილად მემკვიდრეობითი ფაქტორით აიხსნება თუ, უბრალოდ, ამ ავადმყოფობით დაავადებული მშობლებისგან სწავლობენ დეპრესიაში ჩავარდნას? მემკვიდრეობა თუ გარემო ფაქტორები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ტვინს ძალიან რთული აგებულება აქვს. აგრეთვე რთული ასახსნელია ის ფაქტორებიც, რომლებიც მოზარდებში დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს.

დეპრესია და ოჯახური გარემო

დეპრესიას ოჯახური დაავადება ეწოდა და არც თუ უსაფუძვლოდ. როგორც უკვე აღინიშნა, ის შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს და ერთი თაობიდან მეორეს გადაეცეს, მაგრამ ოჯახურმა გარემომაც შეიძლება თავისი როლი შეასრულოს მის განვითარებაში. „ბავშვები, რომლებსაც მშობლები ცუდად ეპყრობიან, დეპრესიის განვითარების დიდი საფრთხის წინაშე დგანან, — წერს დ-რ მარკ გოლდი. — ამავე მდგომარეობაში არიან ბავშვებიც, რომელთა მშობლები მეტისმეტი კრიტიკულობით გამოირჩევიან და ყურადღებას შვილების სისუსტეებზე ამახვილებენ“. დეპრესია შეიძლება განუვითარდეთ იმ ბავშვებსაც კი, რომელთა მშობლებიც მეტისმეტ სითბოს ავლენენ შვილების მიმართ და მეტისმეტად იცავენ მათ. მაგრამ საინტერესოა ერთი მკვლევარის აზრიც, რომ ბავშვები უფრო მეტად მაშინ ვარდებიან დეპრესიაში, როდესაც მშობლები ნაკლებ ინტერესს ავლენენ შვილებისადმი.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მოზარდს დეპრესია ცუდი მშობლების გამო უვითარდება. ასეთი მტკიცება იმ უამრავ ფაქტორთა უგულებელყოფა იქნებოდა, რომლებიც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. მაგრამ ზოგჯერ ოჯახური გარემო მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მოშლილობის განვითარებაში. „ბავშვები, რომელთა მშობლებიც გაუთავებლად კამათობენ, დეპრესიის განვითარების მეტი საფრთხის წინაშე დგანან, ვიდრე ისინი, რომლებიც შედარებით მშვიდ გარემოში ცხოვრობენ, — წერს დ-რ დევიდ ფასლერი. — ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მშობლები ისე ეფლობიან თავიანთ პრობლემებში, რომ უგულებელყოფენ შვილების მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, ხშირად კამათის დროს მშობლები შვილებს გადასწვდებიან ხოლმე, რის გამოც ახალგაზრდამ შესაძლოა თავი დამნაშავედ იგრძნოს, გაბრაზდეს და განაწყენდეს“.

აქ მოვიყვანეთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მოზარდებში დეპრესიის განვითარებას. არსებობს სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, ზოგი სწავლული ამბობს, რომ ეგზოგენურ ფაქტორებს (არასაკმარისი კვება, შხამები და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება) შეუძლია დეპრესიის გამოწვევა; სხვები ამაში გარკვეული მედიკამენტების (ზოგი ანტიჰისტამინი და ტრანქვილიზატორი) წვლილზე მიუთითებენ. როგორც ჩანს, სწავლის უნარდაქვეითებული ბავშვებიც განსაკუთრებით ადვილად ცვივდებიან დეპრესიაში; შესაძლოა, ეს საკუთარი თავისადმი ნაკლები პატივისცემის გამო ხდება, რადგან ესმით, რომ არ შეუძლიათ ისევე ისწავლონ, როგორც ამას თანაკლასელები ახერხებენ.

მაგრამ სხვადასხვა მიზეზების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ კითხვას: როგორ შეიძლება დეპრესიაში მყოფი მოზარდების დახმარება?

[სქოლიო]

^ აბზ. 11 ზოგი ვარაუდობს, რომ თუმცა მრავალი ტვინში თანდაყოლილი ბიოქიმიური დისბალანსით იბადება, მრავალი ჯანმრთელი ევლინება ქვეყანას, მაგრამ, როდესაც მათი ტვინის ქიმიურ შედგენილობაზე რაღაც ტრავმული მოვლენა მოქმედებს, ადვილად ცვივდებიან დეპრესიაში.

[სურათები 8 გვერდზე]

ოჯახში დაძაბული ატმოსფეროს არსებობა ხშირად ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას.