არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩემი, როგორც მხატვრის ცხოვრება

ჩემი, როგორც მხატვრის ცხოვრება

ჩემი, როგორც მხატვრის ცხოვრება

მოგვითხრო შიზუკო კავაბატამ

„იეჰოვას მოწმეები შესანიშნავი ადამიანები არიან, რომლებიც სასიხარულო ცნობას უცხადებენ მთელ მსოფლიოს“. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი სურათის სათაური, რომელიც 1999 წელს ვერსალში (საფრანგეთი), ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

ამ გამოფენამდე ერთი კვირით ადრე იეჰოვას მოწმეებმა მთელ საფრანგეთში გაავრცელეს 12 მილიონი ტრაქტატი, რომელიც იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ მთავრობა მათ უსამართლოდ ეპყრობა. ჩემი სურათისთვის, რომლითაც მოწმეებს ვაქებდი, სპეციალური ჯილდო მივიღე. გამოფენის ხელმძღვანელმა, რომელმაც ეს ჯილდო გადმომცა, მითხრა: „თქვენ გაბედული ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ არც მე ჩამოგრჩებით. ამიტომაც გაჯილდოებთ ამ განსაკუთრებული პრიზით“.

მრავალი მხატვარი ცდილობს, თავის სურათებში ასახოს შეგრძნებები და ემოციები. მეც ამას ვცდილობ. ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ; ჩემი სურათები მხიარული, ჩემი სიხარულისა და ბედნიერების ამსახველია. ბავშვობიდან სიხარულს მანიჭებს შემოქმედებითი უნარის ფერწერაში გამოხატვა.

რატომ დავიწყე ხატვა

დავიბადე 1920 წელს მორიოკაში (იაპონია), შეძლებულ ოჯახში. მე და ჩემს უფროს დას კერძო მასწავლებლები გვყავდა, რომლებიც გვასწავლიდნენ იაპონურ ცეკვებს, ყვავილებით მორთვის ხელოვნებას, ჩაის სმის ცერემონიის ჩატარებას, კოტოს (იაპონური ციტრა), პიანინოს დაკვრას, სიმღერასა და ასე შემდეგ. არ მომწონდა ეს გაკვეთილები და ამიტომ, როდესაც მასწავლებლები მოდიოდნენ, ხშირად გავურბოდი და ვემალებოდი. მოსამსახურეები იძულებული იყვნენ, მოვეძებნე და ძალით დავებრუნებინე.

არ მომწონდა დაწესებული სიმკაცრე. ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებს უნდა გადაეწყვიტათ, თუ როგორ მეცეკვა, როგორ გამომეყენებინა ყვავილებით მორთვის ხელოვნება და ჩამეტარებინა ჩაის სმის ცერემონია. თავს შებოჭილად ვგრძნობდი, თითქოს არ შემეძლო თავად მეფიქრა და საკუთარი მიზნები დამესახა. თუმცა ხატვისას არავინ მაკონტროლებდა. არავინ მკარნახობდა, თუ რა უნდა მეკეთებინა. ამ დროს ვგრძნობდი სასურველ თავისუფლებას.

რადგან ხატვის მასწავლებელი არ მყავდა, შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და იმპროვიზება შემეძლო. გამკრიტიკებელიც არ მყავდა. თანდათანობით უფრო გაბედული გავხდი. დაახლოებით 12 წლის ასაკში მამაჩემის აბრეშუმის ჰალსტუხებს ვიღებდი და პირდაპირ მათზე ვხატავდი. ამის შემდეგ სულ მალე სკოლაში კაბების შეკერვა დავიწყეთ. მასწავლებელი გაოგნებული დარჩა, როცა დაინახა, რომ კაბის წინა ნაწილის ნახევარი ამოჭრილი მქონდა და მის ადგილას თეთრი ქსოვილი მქონდა ჩადგმული. თუმცა ისევე, როგორც მამაჩემს, მასაც არაფერი უთქვამს.

სურვილები და რეალობა

მახსოვს, ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას ვამბობდი, რომ მხატვარი გამოვიდოდი. რადგან ეს ჩემი სურვილი იყო, მსურდა უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მესწავლა; მაგრამ მშობლებმა ნება არ მომცეს. მათ მითხრეს, რომ იაპონიაში ხელოვნებათმცოდნე ქალი სასურველი სარძლო არ იქნებოდა. ასე რომ, საოჯახო საქმეებს მოვკიდე ხელი.

მომწონდა საზღვარგარეთული პოეზია და წიგნები და ბევრს ვკითხულობდი. თუმცა ამას იმ დროში მტრების ლიტერატურად აღიქვამდნენ. ასეთი ლიტერატურის ქონაც კი საშიში იყო. სკოლაში ხუთი წელი ფრანგი მასწავლებელი მასწავლიდა ფრანგულს, მაგრამ იაპონიაში მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, რომ უცხო ენებისადმი ინტერესსაც კი ეჭვის თვალით უყურებდნენ. სიტყვის თავისუფლება გვეკრძალებოდა.

1943 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, მესიამოვნა, როცა გავიგე, რომ 40 ახალგაზრდა გასათხოვარი ქალის სურათის დათვალიერების შემდეგ ერთმა მამაკაცმა თავის მეუღლედ მე ამომარჩია. მოგვიანებით გავიგე, რომ ამ მამაკაცის დედა მეგობარ ქალთან ერთად ჩვენს სამეზობლოში იყო მოსული და ჩუმად მაკვირდებოდნენ. შედეგად ამ ოჯახმა ოფიციალურად სთხოვა ჩემს ოჯახს ჩემი ხელი და თანხმობაზეც დამიყოლიეს. ამ მამაკაცს კი ჩვენს ქორწილამდე ერთხელ შევხვდი.

დაქორწინების შემდეგ ძლიერი საჰაერო თავდასხმები ყოველდღიურად საფრთხეს უქმნიდა ჩვენს სიცოცხლეს და, საბოლოოდ, ჩვენი სახლიც ქალაქთან ერთად ცეცხლში გაეხვია. გადარჩენილებმა მთებს შევაფარეთ თავი, მაგრამ იქაც კი გვესმოდა სირენების ხმა და სამხედრო თვითმფრინავებს ვხედავდით. თავზარი დაგვეცა. ყველა იტანჯებოდა. ასეთი ტანჯვით მოყენებული ჭრილობა ომის დამთავრების შემდეგაც კი მთელი ათი წელი არ მოგვშუშებია.

ჩვენი სამი ბავშვის გარდა, ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ჩემი დედამთილი და ჩემი მეუღლის ექვსი და-ძმა. თუმცა მოსამსახურეები გვყავდა, საჭმლის საშოვნელად ყველას გვიწევდა მინდორში მუშაობა. ამ დროის განმავლობაში ძალიან დადარდიანებული ვიყავი და აღარც კი მეღიმებოდა. მაგრამ ვშიშობდი, რომ, თუ ჩემს გრძნობებს ვინმეს გავუზიარებდი, არასწორად გამიგებდნენ. თუმცა თანდათანობით აღმოვაჩინე, რომ ჩემი გრძნობების გადმოცემა ხელოვნების საშუალებით შემეძლო.

როგორც ხელოვანმა, აღიარება მოვიპოვე

ღირსეული შედეგების მისაღწევად მხატვრობის ნიჭის მქონე ადამიანმაც კი ბევრი უნდა იღვაწოს. ვყიდულობდი წიგნებს ხელოვნებაზე და ვსწავლობდი რამდენიმე გამოჩენილ იაპონელ მხატვართან. არც ერთ მათგანს არ ურჩევია ჩემთვის, შემეცვალა სტილი, რომელიც ახალგაზრდობიდანვე ჩამომიყალიბდა.

თუმცა ჩემი სიამოვნებისთვის ვხატავდი და არა იმისთვის, რომ ჩემი ნახატები სხვებისთვის მეჩვენებინა, ხელოვნებათმცოდნეებმა ყურადღება მიაქციეს ჩემს ნამუშევრებს. მაგრამ დროთა განმავლობაში იმის გაგების სურვილი გამიჩნდა, თუ რას ფიქრობდნენ ადამიანები ჩემს ნახატებზე. ასე რომ, 1955 წელს ჩემი ნამუშევრების პირველი გამოფენა მოვაწყვე ტოკიოს გინზაში. ამ გამოფენის სათაური იყო „დუმილით ბრძოლა, დუმილით საუბარი — ჩემი დღიური“; ნახატებში ყოველდღიური ცხოვრება იყო აღწერილი. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა.

მოწმეებთან შეხვედრა

1958 წელს საცხოვრებლად ტოკიოში გადავედით, რადგან მე და ჩემს მეუღლეს გვსურდა, რომ შვილებს კარგ სკოლაში ესწავლათ და შეძლებისდაგვარად საუკეთესო განათლება მიეღოთ. ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი ხატვას ეკავა. ჩვევად მქონდა ქცეული, რომ დღეში დაახლოებით ხუთი საათი დამეთმო ხატვისთვის. საღამოობით ჩემს მხატვარ მეგობრებთან ერთად დავდიოდი, ჩემი მეუღლე კი — სხვებთან ერთად. წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ როგორ აღგვეზარდა ჩვენი შვილები.

სამუშაოს გამო ჩემს მეუღლეს სახლიდან დიდი ხნით შორს ყოფნა უწევდა, ამიტომ ბავშვების აღზრდა ჩემი მოვალეობა გახდა, რამაც თვითრწმენა დამაკარგვინა. ბავშვობაში კათოლიკურ მისიონერულ სკოლას ვესწრებოდი და მაინტერესებდა, დაეხმარებოდა თუ არა ჩემს შვილებს რაიმე სახის ბიბლიური განათლება. ომორიში (ტოკიო) ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს ლუთერანული ეკლესია იდგა და ამიტომ ბავშვებს იქ წასვლა შევთავაზე. თუმცა ეს ჩანაფიქრი არასდროს განგვიხორციელებია.

ნაცვლად ამისა, 1959 წელს, დილით, ზუსტად მომდევნო დღეს, იეჰოვას მოწმე ეწვია ჩვენს სახლს. სწრაფად მოვუყარე თავი ბავშვებს და ყველანი დავსხედით მოსასმენად. მოწმემ ბიბლიიდან აგვიხსნა, რომ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში, როდესაც ღმერთი ბოროტებისგან განწმენდს დედამიწას. მე ოთხი ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა შევუკვეთე. მან შემომთავაზა, რომ ყოველკვირა მოვიდოდა და შესწავლას ჩაგვიტარებდა, რასაც ხალისით დავთანხმდი. შევეკითხე, თუ რამდენი იქნებოდა ყოველთვიური გადასახადი და გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ იეჰოვას მოწმეები გასამრჯელოს არ იღებდნენ სწავლებაში. რამდენად განსხვავდებოდა ის ყველა იმ მასწავლებლისგან, რომლებსაც ოდესმე შევხვედრივარ!

ჩემმა ქალიშვილებმა სიხარულით მიიღეს ბიბლიური ჭეშმარიტება და ყოველკვირეულად ჯგუფური შესწავლაც კი დავიწყეთ. მაგრამ რამდენიმე შესწავლის შემდეგ მოუსვენრობა დამეუფლა. ეს პერიოდი ჩემთვის მტკივნეული იყო, ამიტომ ხანდახან ვცდილობდი, დავმალულიყავი ან გავქცეულიყავი, როცა საქმე ბიბლიის პირად შესწავლას ეხებოდა.

ჩემი პრობლემა კი ის იყო, რომ ვხედავდი, რომ ბიბლიაში ნათქვამი ყოველივე მართალი იყო და მის ხელმძღვანელობას უნდა დავმორჩილებოდი. ამავე დროს გადაწყვეტილი მქონდა, კარგი მხატვარი გავმხდარიყავი და ვფიქრობდი, რომ შემოქმედებითი უნარისთვის თავისუფალი აზროვნება უნდა შემენარჩუნებინა. იმ მღელვარებამ უარყოფითად იმოქმედა ჩემს მხატვრობაზე. გამოფენებზე ჩემმა სურათებმა შეუმჩნეველ ადგილებზე გადაინაცვლა.

მოგზაურობა პარიზში

ვგრძნობდი, რომ პარიზის მონახულება მხატვრობის გაუმჯობესებაში დამეხმარებოდა. ამიტომ 1960 წელს იქ გავემგზავრე, რადგან საფრანგეთში იაპონური ხელოვნების წარსადგენად დიდი გამოფენა ეწყობოდა. გამოფენაზე მხატვართა შორის მე ერთადერთი ქალი ვიყავი იაპონიიდან. პარიზში ყველაფრით აღფრთოვანებული ვიყავი — განსხვავებული საცხოვრებელი პირობებით, ჩაცმულობით, შეხედულებებით, ფერებით. გამოფენა ოთხი დღე გაგრძელდა და ჩემდა გასაოცრად ქვეყნის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. სხვა მოულოდნელობა ის იყო, რომ ქალები ჩემი კიმონოთი მოიხიბლნენ. საფრანგეთში უფრო დიდხანს დარჩენა გადავწყვიტე.

რადგან არ ვიცოდი, როგორ უნდა მიმეღო ფული იაპონიიდან, ჩემი კიმონოების გაყიდვა დავიწყე. ამგვარად შევძელი მომდევნო სამი თვე ხელოვნების გალერეებში ნახატების შესწავლისთვის დამეთმო. ხშირად მახსენდებოდა ერთი მხატვრის სიტყვები, რომლის ნამუშევრებიც ჩემი ნახატების გვერდით ეკიდა გამოფენაზე. მან თქვა: „მე მზის სიკაშკაშეს ვხატავ. შენი ნახატები კი, ჩვეულებრივ, ბნელი და შავია, რადგან შენი აზროვნება აღმოსავლური ფილოსოფიისკენ იხრება“.

იეჰოვას მოწმეთა პარიზის ფილიალიდან ერთი ცოლ-ქმარი შინ მეწვია. რამდენიმე მონახულების შემდეგ, როგორც იქნა, დავთანხმდი, ქრისტიანულ შეხვედრაზე გავყოლოდი. მისვლისას ნანახით სახტად დავრჩი. ერთ ქალს ლამაზი წითელი ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა, სხვას კი — ხასხასა მწვანე კაბა ეცვა. იქ ნანახი ტანსაცმელი კარგ სტილსა და გემოვნებაზე მეტყველებდა. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემი შეხედულება მოწმეებზე სრულიად შეიცვალა.

პროგრამამაც შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იქ ყოფნისას შევნიშნე, რომ დედამიწის მეორე მხარესაც კი პროგრამა იგივე თანმიმდევრობით მიმდინარეობდა და სწავლებაც იმავენაირად წარიმართებოდა. მივხვდი, რომ ეს ჯგუფი და მისი საქმიანობაც არაჩვეულებრივი იყო. ისეთ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, რომელსაც ღმერთი ხელმძღვანელობს. ეს დაუვიწყარი შემთხვევა იყო.

გადაწყვეტილებების მიღება

იაპონიაში დაბრუნების შემდეგ სერიოზულად დავიწყე ბიბლიის შესწავლა. მივხვდი, რომ ჩვენი შემოქმედის მითითებები უფრო მეტ თავისუფლებას იძლეოდა, ვიდრე მე მეგონა. მან სიყვარულით თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურ პიროვნებად შეგვქმნა და გვიბოძა სხვადასხვა ნიჭი და თავისუფლება მათ განსავითარებლად. ამგვარად მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეობა ხელოვნების სიყვარულზე უარის თქმას არ ნიშნავდა.

ბიბლიის შესწავლით მე და ჩემმა ქალიშვილებმა სულიერი წინსვლა განვიცადეთ. იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად ჩემი ერთი ქალიშვილი 1961 წელს მოინათლა, მეორე კი — 1962 წელს. დღემდე ისინი ღვთის ერთგული მსახურები არიან. თუმცა მე კვლავ თავს ვიკავებდი მონათვლისგან. მოგვიანებით, 1965 წელს, ლოიდ ბერიმ, რომელიც იმ დროს იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობას ზედამხედველობდა იაპონიაში, შემდეგი სიტყვებით გამამხნევა: „აბა წარმოიდგინე, რა შესანიშნავ ნახატებს შექმნიან სრულყოფილი ადამიანები სამოთხეში!“. მომდევნო წელს მეც მოვინათლე.

გავლენა ჩემს მხატვრობაზე

როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვხედავ, თუ როგორ იმოქმედა ჩემს მხატვრობაზე, ჩემს ცხოვრებასა და პიროვნებაში მომხდარმა ცვლილებებმა. ჩემი ადრინდელი ნახატები მუქი და პირქუში იყო და იმ ტკივილს, ტანჯვასა და უიმედობას გამოხატავდა, რასაც ვგრძნობდი. მაგრამ შემდეგ ბიბლიიდან გავიგე ჩვენი შემოქმედის გასაოცარი თვისებების შესახებ, ვიგრძენი ბედნიერება, რომელიც მის განდიდებას და ცხოვრებაში მისი სათანადო ნორმების გამოყენებას მოაქვს. ჩემი გრძნობების ცვლილებასთან ერთად ნახატებიც შეიცვალა.

ამჟამად უმეტეს დროს სხვებისთვის ბიბლიური ცნობის გაზიარებას ვუთმობ, რასაც რეგულარულად ვაკეთებ. სხვებთან საუბარი ღვთის თვისებებზე, ასევე მის შესანიშნავ განზრახვაზე — დედამიწა გადააქციოს სამოთხედ, რომელსაც მისი ძე, იესო ქრისტე უხელმძღვანელებს — დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას მანიჭებს. ბიბლიიდან გამომდინარე, ჩემი საქმიანობა სტიმულს მაძლევს, ვიღებ ფუნჯს და ჩემს გრძნობებს ვხატავ. წლების მანძილზე ჩემი ბედნიერების ზრდასთან ერთად, ჩემს ნახატებსაც სინათლე ემატება.

ბიბლიის ადგილი ჩემს მხატვრობაში

ჩემი ნახატების გამოფენის შესახებ თხოვნას მთელი მსოფლიოდან ვიღებ — სიდნეიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ნიუ-იორკიდან. თუმცა ჩემი ნახატები ყველაზე მეტად ევროპელებს ხიბლავს. ლუვრის ხელოვნების სამეფო აკადემიის ექსპერტებმა მკითხეს: „რატომ არის, რომ იაპონელი ბიბლიამ და ქრისტიანობამ იმდენად აღძრა, რომ მისი ნახატები ისეთ სიხარულს გამოხატავენ, როგორიც საუკუნეების მანძილზე არ შეიმჩნეოდა რელიგიურ ხელოვნებაში?“.

ფსალმუნმომღერალი დავითი თავის გრძნობებს მუსიკით გადმოსცემდა და თავის მუსიკალურ ნიჭს სხვებისთვის იეჰოვას საოცრებების სასწავლებლად იყენებდა. მეც იგივე მიზანი მაქვს. მსურს, განვადიდო იეჰოვა. ძალიან მინდა, რომ ადამიანებმა ჩემს ნახატებში დაინახონ ის სიხარული, რომელიც იეჰოვას გაცნობასა და მისი შესანიშნავი თვისებების გაგებას სდევს თან. ერთმა ხელოვნებათმცოდნემ ჩემი ნახატების სათაურებთან დაკავშირებით აღნიშნა: „ეს მხატვარი თავის შემოქმედებაში მოხერხებულად არიდებს თავს საკუთარი სიტყვებით საუბარს და მიუკერძოებლად ეყრდნობა ბიბლიას“. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები ბიბლიის ძალას ხედავენ ჩემს ნახატებში.

1995 წელს, ხელოვნების საერთაშორისო ორგანიზაციამ — ხელოვნების მსოფლიო საბჭომ, რომლის მთავარი სამმართველო ტოკიოშია, მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა შორის პირველი ადგილი მომანიჭა. საბჭომ ჩემს ნახატებთან დაკავშირებით შემდეგი რამ განაცხადა: „მხატვარი თავისი ნახატების სათაურებს ბიბლიიდან ციტირებს. . . მის ყველა სურათზე ბიბლიაა გამოსახული, მაგრამ ეს ზუსტად აღწერს იმ მხატვრის ცხოვრებას, რომელიც ღვთის გზებით დადის“.

ეს იყო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად ჩემს ნახატებში ვრთავ გადაშლილ ბიბლიას. ამას წინათ ჩემს ნახატებში ჩავრთე ბიბლიის გვერდები. ამგვარად, დამთვალიერებლის ყურადღებას ჩემ მიერ შერჩეული სათაური, ბიბლიის სიტყვები და შემდეგ ის იპყრობს, თუ როგორ ავსახე ეს საკუთარ ნახატებში.

1999 წელს ჩემი ზოგი ნახატი ბანგკოკში (ტაილანდი) გამოფენაზე იყო გამოტანილი. ერთ-ერთი მათგანის სათაური იყო „რა შესანიშნავად შექმნა იეჰოვა ღმერთმა დედამიწა და ადამიანს მისცა საცხოვრებლად“. მეორე ნახატის სათაური იყო „მეფე დავითის ლოცვა: დაე შენთან ამყოფე, იეჰოვა, ამ ხალხის გული“. სხვა რამდენიმე ხელოვანთან ერთად ტაილანდის მეფის სასახლეში ვიყავი მიწვეული. მეფეს ჩემთან ჩემს ნახატებზე სურდა საუბარი და მრავალ კითხვას მისვამდა. შესაძლებლობა მქონდა, დიდხანს მესაუბრა მასთან, რომლის დროსაც მოვიხსენიე ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა. მოგვიანებით კი ერთ-ერთი ნახატი ვუსახსოვრე.

ბოლო 35 წელია, რაც მხატვართა ნამუშევრების შემფასებელი კომისიის წევრი ვარ. მომწონს ნახატები, რომლებიც ემოციებს აღმიძრავს. ჩემს თვალში ნახატი კარგია მაშინ, როდესაც ის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და შინაგან სიმშვიდეს მაგრძნობინებს. ძალიან მომწონს სურათები იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებში, რომლებიც აღწევენ მიზანს და ზუსტად გადმოცემენ ბიბლიის ცნობას.

კურთხევები ღვთისათვის მსახურებაში

ჩემი მხატვრობის შედეგად, იეჰოვა ღმერთსა და დედამიწასთან დაკავშირებით მისი განზრახვების შესახებ საუბრის განსაკუთრებული შესაძლებლობები მომეცა. ეს აგრეთვე ეხება ჟურნალებისთვის და სატელევიზიო პროგრამებისთვის მიცემულ ჩემს ინტერვიუებს. სადაც უნდა წავიდე ან ვისთანაც უნდა ვისაუბრო, ვცდილობ ადამიანებს ვამცნო, რომ რწმენა, სიხარული და ბედნიერება, რაც იეჰოვასთვის მსახურებას მოაქვს, ჩემი სურათების შექმნის საშუალებას მაძლევს.

დარწმუნებული ვარ, რწმენა რომ მიმეტოვებინა, ისე ხატვას ვერ შევძლებდი, როგორც ახლა. მაგრამ, რადგან იეჰოვას მოწმე ვარ და ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება სიხარულითა და ბედნიერებით მავსებს, ამიტომაც შემიძლია ვხატო.

[სურათი 21 გვერდზე]

პარიზში ყოფნისას

[სურათი 22 გვერდზე]

მე და ჩემი ქალიშვილები