პოპულარული დღესასწაულები უწყინარი გართობაა?
პოპულარული დღესასწაულები უწყინარი გართობაა?
შუა ოქტომბერში საფრანგეთის ზოგ ქალაქში საოცარი ცვლილებები იწყება. მაღაზიის ვიტრინები გოგრებით, ჩონჩხებითა და აბლაბუდებით ივსება. ადგილობრივ სუპერმარკეტებში მოლარეები შავ წაწვეტებულ ქუდებს იხურავენ. ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდება, რომ მოჩვენებასავით შემოსილი პატარა ბავშვები ქუჩებს მოედებიან, აკაკუნებენ კარებზე და ყველას, ვინც არ გაუმასპინძლდება, რაიმე ცუდის გაკეთებით ემუქრებიან.
ეს უცნაური ჩვეულებები ჰელოუინად ცნობილ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. ადრე მას, ძირითადად, ამერიკულ დღესასწაულად მიიჩნევდნენ, მაგრამ დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და პოპულარულია, როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს შორის. როგორც ჩანს, საფრანგეთმა იგი დიდი სიამოვნებით მიიღო. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად გამოვლინდა, რომ გასულ წელს საფრანგეთის მოსახლეობის მესამედმა იზეიმა ეს დღესასწაული. იტალიურ ყოველდღიურ გაზეთ „ლა რეპუბლიკაში“ იქ არსებული გატაცება შედარებულია „ბუმთან“, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდება მთელ იტალიაში. გაზეთი „ნორდკურიერი“ აღნიშნავს, რომ „სულ უფრო მეტ [გერმანელ] მოქალაქეს არ სურს, ხელიდან გაუშვას ამ შემაძრწუნებელ გართობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“.
მხოლოდ ევროპა როდია მოხიბლული ჰელოუინით. ბაჰამის კუნძულებიდან ჰონგ-კონგამდე ამ დღესასწაულს დიდი სიამოვნებით აღნიშნავენ. როგორც „ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბიუნშია“ ნათქვამი, გასულ წელს შრი-ლანკის რადიოსადგურმა კონკურსი გამოაცხადა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შესთავაზებდა „ჰელოუინის დღესასწაულისთვის უსაშინელეს პროგრამასა და შემაძრწუნებელ კივილს, რომელიც ყველაზე შემზარავი სიკვდილისას აღმოხდებათ ხოლმე“. ეს დღესასწაული ფეხს იაპონიაშიც იკიდებს. ტოკიოში „გოგრების პარადში“ ათასობით ადამიანი მონაწილეობს.
მსოფლიოს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჰელოუინი პოპულარული არ არის, ხშირად მსგავს დღესასწაულებს მაინც აღნიშნავენ. ბრიტანეთში გაი ფოკსის ღამის დროს შეგიძლიათ იხილოთ მოხეტიალე ბავშვთა ჯგუფები, რომლებიც ფულს თხოულობენ და ისეთივე ოინებს მიმართავენ, როგორსაც ჰელოუინის დღესასწაულისას. ტაივანში ფარნების დღესასწაულს აღნიშნავენ. იგი ფერთა სიუხვით გამოირჩევა. პატარა ბავშვები ქუჩებში ფრინველებისა და ცხოველების ფორმის მქონე ფარნებით დადიან. მექსიკაში Dia de los Muertos-ს ანუ მიცვალებულთა დღეს ზეიმობენ. ამ ზეიმს თავიდან მექსიკაში მართავდნენ, შემდეგ კი მან შეერთებულ შტატებშიც შეაღწია. მწერალ კარლოს მილერის სიტყვების თანახმად, ზოგი მექსიკელი და ამერიკელი დღესაც კი „იკეთებს კალაკასად წოდებულ, ხისგან გამოთლილ თავის ქალის ნიღაბს და თავისი გარდაცვლილი ნათესავების პატივსაცემად როკავს“.
ადამიანთა უმეტესობა ასეთ დღესასწაულებს მხოლოდ უვნებელ გართობად მიიჩნევს და ამით ბავშვებისა თუ უფროსების უჩვეულოდ მორთვასა და თავშეუკავებლობას ამართლებს. მაგრამ ამ საკითხისადმი ასე დაუდევარი მიდგომით ადამიანი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ეს დღესასწაულები, უდავოდ, წარმართული წარმოშობისაა. მაგალითად, ფარნების დღესასწაულს (რომელსაც ტაივანში ზეიმობენ) მას შემდეგ მართავდნენ, რაც ადამიანებმა ფარნების ანთება იმ მიზნით დაიწყეს, რომ ზეციერი სულები დაენახათ, რომლებიც, როგორც მათ სწამდათ, ცაში დაფრინავდნენ. მიცვალებულთა დღე, რომელსაც მექსიკაში აღნიშნავენ, სათავეს მიცვალებულთა პატივსაცემი აცტეკური რიტუალებიდან იღებს.
ზოგი შეიძლება ფიქრობდა, რომ მსგავსი დღესასწაულების წარმოშობას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: შეიძლება თუ არა ასეთი ბნელი საწყისის მქონე დღესასწაულები, სინამდვილეში, უვნებლად ჩაითვალოს? ამ დღესასწაულების მხარდამჭერ კომერციულ წრეებს სულაც არ აღელვებთ ეს საკითხი. ჰელოუინთან დაკავშირებით ბარსელონის კულტურის ინსტიტუტის ერთ-ერთი წარმომადგენელი აღნიშნავს: „ეს კომერციული მიზნებით შემოღებული დღესასწაულია“. დიახ, გასული წლის საბიუჯეტო შემოსავალში ამ დღესასწაულით შემოსული თანხა მარტო შეერთებულ შტატებში 6,8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. საფრანგეთში ამ დღესასწაულისთვის საჭირო აღკაზმულობის დამამზადებელმა ფირმამ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში ასზე მეტჯერ გააფართოვა თავისი საქმიანობა.
მაგრამ უნდა მიიღოთ თუ არა ასეთ დღესასწაულებში მონაწილეობა, უბრალოდ, იმის გამო, რომ ისინი პოპულარობით სარგებლობენ ან მოგება მოაქვთ? პასუხის გასაცემად უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ჰელოუინის დღესასწაულს.
[სურათი 3 გვერდზე]
შაქრისგან დამზადებული თავის ქალები, რომლებიც მექსიკაში მიცვალებულთა დღეს გამოიყენება.
[საავტორო უფლება]
SuperStock, Inc.
[სურათი 4 გვერდზე]
ბრიტანეთში გაი ფოკსის ღამეს კოცონს ანთებენ და ისე დღესასწაულობენ.
[საავტორო უფლება]
© Hulton Getty Archive/gettyimages