არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ვეფხვის ღრიალი

რატომ ახევებს ვეფხვის ღრიალი არა მარტო ცხოველებს, არამედ ადამიანებსაც? ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) ფაუნის შემსწავლელი ინსტიტუტის მეცნიერებმა „დაასკვნეს, რომ ვეფხვი დაბალი სიხშირის ბგერებს, ინფრაბგერებს, გამოსცემს, რასაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „სანდი ტელეგრაფი“. ადამიანებს მხოლოდ 20 ჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერების გაგონება შეუძლიათ, მაგრამ, ვეფხვი „ღრიალთან ერთად 18 ჰერც ან უფრო დაბალი სიხშირის ინფრაბგერებსაც გამოსცემს; და როგორც ზემოაღნიშნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ელიზაბეტ ვონ მიუგენტალი, აღნიშნავს, ადამიანები ფაქტობრივად გრძნობენ ვეფხვის ღრიალს და მომენტალურად ხევდებიან“, — ახსნილია გაზეთში. მათაც კი, ვინც უკვე დიდი ხანია წვრთნის ვეფხვებს, მსგავსი გრძნობები ეუფლებათ.

სამუშაო და დეპრესია

„სამუშაოზე. . . წუხილი, გათანგვა და დეპრესიაში ყოფნა შემაშფოთებლად მატულობს“, — იუწყება ლონდონის გაზეთი „გარდიანი“. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველი ათი მომუშავედან სამს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ათიდან ერთი კლინიკური დეპრესიით იტანჯება. გერმანიაში მცხოვრებთა თითქმის 7 პროცენტი დეპრესიის გამო ტოვებს სამუშაოს. დასაქმებულ ფინელთა ნახევარზე მეტს სტრესის სიმპტომები შეემჩნევა. პოლონეთში 1999 წელს 50 პროცენტით იმატა მზარდი უმუშევრობის გამო ფსიქიკურ მოშლილობათა რიცხვმა და თვითმკლელობის შემთხვევებიც გახშირდა. ეს ცნობა იუწყება, რომ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგია ვითარდება და სამუშაო ადგილებზე მართვა-გამგეობის მეთოდები იცვლება, საგრძნობლად გაიზრდება დეპრესირებულთა რიცხვი. მასში აგრეთვე მოცემულია გაფრთხილება: „2020 წლისთვის სტრესი და ფსიქიკური მოშლილობა იმდენად გახშირდება, რომ გზებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს, შიდსით დაავადებულთა და ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობას გადააჭარბებს, და სამუშაო დროის დაკარგვის ძირითადი მიზეზი გახდება“.

სარეველა ბალახი უფრო ეფექტურია, ვიდრე პესტიციდები

როგორც ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ იუწყება, აღმოსავლეთ აფრიკელი ფერმერები პესტიციდების ნაცვლად, სარეველა ბალახებს იყენებენ სიმინდის ნათესებში. ფერმერები, რომლებსაც სიმინდი მოჰყავთ აღმოსავლეთ აფრიკაში, ორ საკმაოდ სერიოზულ პარაზიტს ებრძვიან. ერთ-ერთია სტრიგა, მავნებელი მცენარე, რომელიც ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სიმინდის მოსავალს ანადგურებს. კენიელმა მკლევარმა, ზაიდინ კენმა, აღმოაჩინა, რომ სტრიგა არ გაიზრდება, თუ სარეველა ბალახს, რომელსაც დესმოდიუმს ეძახიან, სიმინდის ნათესების მწკრივებს შორის დარგავენ. სხვა პარაზიტია მცენარის ღეროს მღრღნელი მატლი, რომელიც ხშირად სიმინდის მოსავლის მესამედს აჩანაგებს. მაგრამ კენმა აღმოაჩინა, რომ ეს ღეროს მღრღნელი პარაზიტები ადგილობრივი სარეველა სპილობალახას ჭამას არჩევენ. როდესაც ფერმერები ამ ბალახს თავიანთ მინდვრებში რგავენ, პარაზიტები თავს არიდებენ სიმინდს. ამ ბალახიდან წებოვანი ნივთიერება გამოიყოფა, რაც მატლს იკრავს და კლავს. „ეს უკეთესი და გაცილებით უფრო იაფია პესტიციდებზე, — ამბობს კენი. — მათი გამოყენების შედეგად მოსავლიანობა აღმოსავლეთ აფრიკაში 60—70 პროცენტით გაიზარდა“.

დაავადების მატარებელი გემები

„გემების ფსკერზე მოთავსებული თხევადი ბალასტი, წყალი, მთელ მსოფლიოში ავრცელებს დაავადებას და საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს“, — ნათქვამია ლონდონის გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. ამ თხევად ბალასტს გემისთვის მდგრადობის მისაცემად იყენებენ და ზღვაში ან ნავსადგურში ტუმბავენ. მერილენდის შტატში (აშშ) არსებულ სმითსონის გარემოს დაკვირვების ცენტრში მომუშავე მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბალასტი, რომელიც ოკეანეში მოცურავე გემებს გადააქვთ, უამრავი ბაქტერიისა და ვირუსის მატარებელია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ყველა იმ 15 გემის ბალასტის პლანქტონი, რომლებიც ჩესაპიკის ყურეში შემოწმდა, ქოლერის გამომწვევ ბაქტერიას შეიცავს. როგორც ცნობილია, ერთი ლიტრი ბალასტი დაახლოებით 830 მილიონ ბაქტერიასა და 7 400 მილიონ ვირუსს შეიცავს, რაც 6—8-ჯერ აღემატება სხვა ორგანიზმებს.

მეტისმეტად ბევრი სათამაშო

„როგორც ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, მეტისმეტად ბევრი სათამაშოსა და თამაშის გამო ბავშვები წესიერად ვეღარ თამაშობენ“, — იუწყება ლონდონის გაზეთი „სანდი ტაიმზი“. ეს გამოკვლევა, გარკვეულწილად, იმიტომ ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, რომ „მშობლები ბავშვებთან ერთად დროის გატარების ნაცვლად შვილებს სათამაშოებს აძლევენ და კომპიუტერული თამაშებით გართობისა და ტელევიზორის ყურების ნებას რთავენ“. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთი სილვამ, სამიდან ხუთ წლამდე ასაკის 3 000 ბავშვზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა: „როდესაც მათ მეტისმეტად ბევრი სათამაშო აქვთ, ყურადღება ეფანტებათ და როცა მათ ხელი ეშლებათ, ვეღარ სწავლობენ ან თამაშობენ“.