არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვიქცე, რომ მეტისმეტად არ ვიდარდო?

როგორ მოვიქცე, რომ მეტისმეტად არ ვიდარდო?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, რომ მეტისმეტად არ ვიდარდო?

„ახალგაზრდას ყველაზე მეტად შეიძლება თავისი მომავალი ადარდებდეს. შესაძლოა საკუთარ თავზე სხვადასხვა მიზეზის გამო წუხდე; მომიწევს სახლის დატოვება? სკოლაში სიარული? უნდა დავიწყო თუ არა სრული დროით მსახურება? ხომ არ მოვიდა დრო, ოჯახი შევქმნა? შიშის გრძნობა გეუფლება, როცა ამდენი საფიქრალი გაქვს“ (20 წლის შანი).

ხშირად ხომ არ ნერვიულობ? ბევრი ახალგაზრდა სხვადასხვა მიზეზის გამო დარდობს. ერთი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც მშობლებისთვის რჩევების შეთავაზების მიზნით გამოდის, იუწყებოდა: „ახლახან მსოფლიო მასშტაბით 41 ქვეყანაში მცხოვრები 15-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების გამოკითხვამ ცხადყო, რომ დღევანდელი ახალგაზრდების ძირითადი სადარდებელია დამაკმაყოფილებელი და მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნა“. მათ საყვარელი ადამიანის დაკარგვის დიდი შიშიც აქვთ.

ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ახალგაზრდა ძირითადად იმაზე წუხს, რომ სკოლაში კარგი მოსწრება ჰქონდეს. იმავე გამოკვლევამ აჩვენა, რომ გაცილებით უფრო მეტი ახალგაზრდა იმავეს გრძნობს, რასაც დასაწყისში მოხსენიებული შანი. ერთი ახალგაზრდა, სახელად ეშლი, ამბობს: „მე ჩემი მომავალი მადარდებს“.

სხვა ახალგაზრდები თავიანთ უსაფრთხოებაზე წუხან. 1996 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების 50 პროცენტი ხედავდა, რომ სკოლებში უფრო ხშირდებოდა ძალადობა. რვა მილიონზე მეტი ახალგაზრდა (37 პროცენტი) იტყობინებოდა, რომ ისინი ერთ ისეთ ადამიანს მაინც იცნობენ, ვინც დაჭრეს ან მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.

თუმცა არსებობს სხვა მრავალი არც ისე საშინელი სადარდებელი. ბევრ ახალგაზრდას ყველაზე მეტად საზოგადოებაში თავიანთი ადგილის დამკვიდრების პრობლემა აწუხებს. მშობლებისთვის განკუთვნილ ელექტრონულ ჟურნალში ნათქვამია: „მოზარდები იმაზე დარდობენ, რომ ჰყავდეთ მეგობარი ბიჭი ან გოგო, მაგრამ უფრო ბევრი ხშირად იმაზე დარდობს, რომ საერთოდ არა ჰყავთ მეგობრები“. მოზარდი გოგონა მეიგენი თავისი წუხილის მიზეზს გამოთქვამს: „როგორ უნდა გახდეს ახალგაზდა ჩაცმულობის სტილითა და მანერებით პოპულარული? მე მეგობრები მჭირდება“. მსგავს აზრს გამოთქვამს 15 წლის ახალგაზრდა ქრისტიანი, ნათანაელი: „სკოლაში ბავშვები თავიანთი ჩაცმულობის სტილსა და მანერებზე დარდობენ. ისინი ნერვიულობენ იმაზე, თუ სხვების თვალში როგორ გამოიყურებიან, როგორი სიარულისა და საუბრის მანერა აქვთ. მათ ეშინიათ, რომ სასაცილოდ არ გამოიყურებოდნენ“.

ცხოვრების ნაწილად ქცეული პრობლემები

შესანიშნავი იქნებოდა, დარდისგან რომ გავთავისუფლებულიყავით. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია: „კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით“ (იობი 14:1). პრობლემები, რომლებსაც სადარდებელი მოჰყვება, ცხოვრების ნაწილად იქცა. მაგრამ, თუ თავს ნებას რთავ, რომ მწუხარებამ და დარდმა გშთანთქოს, შეიძლება დიდი ზიანი მიაყენო საკუთარ თავს. ბიბლიაში მოცემულია გაფრთხილება: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს“ (იგავნი 12:25).

ერთ-ერთი საშუალება საკუთარი საქციელის გაკონტროლებაა, რათა ტყუილუბრალოდ აღარ ინერვიულო. 16 წლის ანა ამბობს: „ბევრი ჩემი თანაკლასელი ნერვიულობს იმის გამო, რომ დაორსულდნენ ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით დასნეულდნენ“. შენ შეგიძლია თავი აარიდო ასეთ სადარდებელს ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების დაცვით (გალატელთა 6:7). მაგრამ ყველა პრობლემა შესაძლოა ასე ადვილად ვერ გადაჭრა. მაშინ როგორ შეგიძლია, არ მიეცე მეტისმეტ დარდს?

„მეტისმეტად ნუ ინერვიულებ“

ბევრი იმდენად ეფლობა დარდში, რომ ძალები ერთმევა. მაგრამ მოზარდებისთვის განკუთვნილ ერთ ჟურნალის სტატიაში შემოთავაზებული იყო რჩევა, რომ უფრო მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმიანობაზე ყურადღების გადატანა ეხმარება ადამიანს, თავი აარიდოს „მეტისმეტ ნერვიულობას“. ბიბლიაში ბევრი პრინციპია მოცემული, რომლებიც ამ მხრივ დახმარებას გაგიწევს. განვიხილოთ იგავნის 21:5, რომელშიც ნათქვამია: „მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს“. დავუშვათ გსურს, რომ თავი მოუყარო კრებიდან რამდენიმე მეგობარს. თუ კარგად დაგეგმავ ყველაფერს, აღარ გექნება ზედმეტი სანერვიულო. შეეკითხე საკუთარ თავს: „კონკრეტულად ვინ დავპატიჟო? რა დროს მესტუმრონ? როდის დასრულდეს შეხვედრა? რით შეიძლება გავუმასპინძლდე სტუმრებს? ყველამ რომ ისიამოვნოს, რით გავართო? რაც უფრო ყურადღებით აწონ-დაწონი ყველაფერს, მით უფრო სასიამოვნოდ ჩაივლის ეს შეხვედრა.

მაგრამ შესაძლოა წუხილის მიზეზი გაგიჩნდეს, თუ ძალიან გაართულებ საქმეს. იესო ქრისტემ ამასთან დაკავშირებით რჩევა მისცა ქალს, რომელმაც თავისი სტუმრების გასამასპინძლებლად მეტისმეტად ბევრ რამეზე იზრუნა, ვიდრე სინამდვილეში მოითხოვებოდა: „საჭირო კი მხოლოდ ერთია“ (ლუკა 10:42). ამიტომ შეეკითხე საკუთარ თავს, სინამდვილეში რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ შეხვედრამ კარგად ჩაიაროს? თუ საქმეს გააიოლებ, ნაკლები სანერვიულო გექნება.

შეიძლება სკოლაში საკუთარი უსაფრთხოების გამოც წუხდე. შესაძლოა, ამ სიტუაციის შესაცვლელად ბევრი ვერაფერი იღონო, მაგრამ, თუ გონივრულად მოიქცევი, თავს დაიცავ. «გონიერი ხედავს ბოროტებას [„უბედურებას“, აქ] და თავს არიდებს», — ნათქვამია იგავნის 22:3-ში. თუ მოერიდები სახიფათო ადგილებს, რომლებშიც არა მხოლოდ იზოლირებული, არამედ უმეთვალყურეოდ დატოვებული ადგილებიც შედის, სადაც შესაძლოა შფოთის ამტეხებმა მოიყარონ თავი, უფრო მეტი ალბათობაა, რომ თავს აარიდებ სახიფათო სიტუაციებში ჩავარდნას.

შეიძლება გაკვეთილების მომზადების გამოც წუხდე. შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი საშინაო დავალება გაქვს შესასრულებელი და ნერვიულობ, რომ დროულად ვერ მოასწრებ ყველას გაკეთებას. ამ მხრივ დამხმარეა ფილიპელთა 1:10-ში მოცემული პრინციპი: „გამოსცადეთ უმჯობესი“. დიახ, ისწავლე პრიორიტეტების დადგენა! დაფიქრდი, რომელი დავალებაა გადაუდებლად შესასრულებელი და პირველად ის გააკეთე. შემდეგ გადადი მომდევნო დავალებაზე. ამის შედეგად, თანდათანობით დაინახავ, რომ შეგიძლია თავად აკონტროლო სიტუაცია.

მიიღე რჩევა

სიყმაწვილის ასაკში აარონი იმდენად დარდობდა ბოლო გამოცდების ჩაბარებაზე, რომ გულმკერდის არეში ტკივილს გრძნობდა. ის იხსენებს: „მე მშობლებს დაველაპარაკე, რომლებმაც მირჩიეს, ექიმთან მივსულიყავი. ის მაშინვე მიხვდა, რომ გული არ მქონდა ცუდ მდგომარეობაში და ამიხსნა, თუ რა ემართებოდა ადამიანის ორგანიზმს ნერვიულობის ნიადაგზე. მოგვიანებით მშობლები დამეხმარნენ და ამიხსნეს, რომ, რაც ჩემს ძალას შესწევდა, ყველაფერი გავაკეთე გამოცდებისთვის მოსამზადებლად და ახლა უფრო მეტად საკუთარ თავზე უნდა მეზრუნა. მე აღარ ვნერვიულობდი, აღარც ტკივილს ვგრძნობდი გულმკერდის არეში და გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე“.

თუ დამძიმებული ხარ საზრუნავით, ნუ გაჩუმდები. ნაწილობრივად ზემოთ ციტირებულ იგავნის 12:25-ში ასეთი დასკვნაა გაკეთებული: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს“. მხოლოდ იმ შემთხვევაში გამხნევდები „კეთილი სიტყვით“, თუ შენი „სადარდებლის“ შესახებ გულს გადაუშლი ვინმეს!

პირველ რიგში შესაძლოა ისურვო, სადარდებლის შესახებ მშობლებს ელაპარაკო; მათ ძალიან კარგი რჩევების მოცემა შეუძლიათ. ადგილობრივი ქრისტიანული კრების მოწიფული წევრებიც მხარში ამოგიდგებიან. 15 წლის ჯანელი ჰყვება: „ვწუხდი იმაზე, თუ როგორ მევლო სკოლაში; ყველაფერი — ნარკოტიკები, სექსი, ძალადობა — რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი, მაშინებდა, სანამ კრების უხუცესს არ დაველაპარაკე. მან პრაქტიკული რჩევები მომცა. მაშინვე უკეთ ვიგრძენი თავი, რადგან მივხვდი, რომ შემეძლო ამ სიტუაციასთან გამკლავება.

ნუ დააყოვნებ

დროდადრო გარკვეული ნაბიჯის გადადგმა გვმართებს, მაგრამ, რადგან უსიამოვნო შეგრძნება გვეუფლება, ვაჭიანურებთ. მაგალითად, 19 წლის შევონს უთანხმოება მოუვიდა თანაქრისტიანთან. მან იცოდა, რომ უნდა ელაპარაკა ამ საკითხზე მასთან, მაგრამ აყოვნებდა ამის გაკეთებას. „რაც უფრო ვაჭიანურებდი უთანხმოების მოგვარებას, მით უფრო ვნერვიულობდი“, — აღიარებს იგი. მოგვიანებით შევონს გაახსენდა მათეს 5:23, 24-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები, რომელიც მოუწოდებდა ქრისტიანებს, დაუყოვნებლივ გადაეჭრათ ასეთი პრობლემები. „როდესაც საბოლოოდ გადავდგი ეს ნაბიჯი, — იხსენებს შევონი. — შვება ვიგრძენი“.

შენც ხომ არ აყოვნებ არასასიამოვნო დავალების შესრულებას ან უხერხულობის გამომწვევი უთანხმოების მოგვარებას? დარწმუნებული იყავი, რომ, თუ დაუყოვნებლივ იმოქმედებ, კიდევ ერთი სადარდებლისგან გათავისუფლდები.

რთული სიტუაციები

ყველა სიტუაცია ასე ადვილად არ გვარდება. განვიხილოთ ახალგაზრდა მამაკაცის, აბდურის, შემთხვევა. დედამისს კიბო აქვს და მას როგორც დედის, ისე უმცროსი ძმის ფინანსურად უზრუნველყოფა უწევს. რასაკვირველია, აბდურს აწუხებს დედამისის მდგომარეობა, მაგრამ ასეთ რამეს ამბობს: «ვითვალისწინებ იესოს რჩევას: „რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?“. ნაცვლად იმისა, რომ ნერვიულობით თავი მოვიკლა, ვცდილობ, გავაანალიზო ეს სიტუაცია და დავფიქრდე, რა მოიტანს საუკეთესო შედეგებს» (მათე 6:27).

კრიტიკულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება არც ისე ადვილია. ზოგი იმდენად დამწუხრებულია, რომ საერთოდ აღარ უფრთხილდება საკუთარ თავს და საჭმელზე უარს ამბობს. მაგრამ წიგნში „დაეხმარეთ თქვენს მოზარდს სტრესთან გამკლავებაში“ მოცემულია გაფრთხილება, რომ, როდესაც უარს ამბობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების მიღებაზე, „სტრესი უფრო გაგიმწვავდება და უფრო ადვილად შეგერყევა ჯანმრთელობა“. ამიტომ მიხედე საკუთარ თავს; კარგად დაისვენე და იკვებე.

ბიბლიური რჩევის გათვალისწინებით დიდ შვებას იგრძნობ: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23). დასაწყისში მოხსენიებული შანი საკუთარ მომავალზე დარდობდა. „მთავარი ყურადღება ღვთის სიტყვასა და მის განზრახვაზე შევაჩერე“, — იხსენებს ის. მალე შანი მიხვდა, რომ ბედნიერი მომავალი ექნებოდა, თუ თავის ცხოვრებას ღვთისათვის მსახურებაში გაატარებდა (გამოცხადება 4:11). „უკვე აღარ ვდარდობდი საკუთარ თავზე, — ამბობს შანი. — რადგან უფრო მნიშვნელოვან რამეზე დავიწყე ფიქრი“.

ამიტომ, როცა იგრძნობ, რომ ძალიან ბევრს ნერვიულობ, უფრო მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმიანობაზე გადაიტანე ყურადღება. მიიღე გონივრული რჩევა. და რაც ყველაზე მთავარია, მიანდე შენი საზრუნავი იეჰოვას, „რადგან ის ზრუნავს შენზე“ (1 პეტრე 5:7). მისი დახმარებით მეტისმეტად აღარ იდარდებ.

[სურათი 12 გვერდზე]

გაუზიარე შენი სადარდებელი მშობლებს.

[სურათი 13 გვერდზე]

რაც უფრო სწრაფად გადაჭრი პრობლემებს, მით უფრო სწრაფად გათავისუფლდები სადარდებლისგან.