შემოდგომა წლის საოცრად ლამაზი დრო
შემოდგომა წლის საოცრად ლამაზი დრო
შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და კედრების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვივანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს.
შემოდგომა განსაკუთრებით მიმზიდველია აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, იაპონიასა და კორეაში. იაპონელები ხშირად მიდიან შემოდგომის ფერებზე „სანადიროდ“ — ასეთი ფრაზებით მოიხსენიებენ ხოლმე საშემოდგომო ექსკურსიებს — რათა დატკბნენ ბუნების ხელოვნებით.
კორეის მრავალი ეროვნული პარკი წლის ამ დროს თავისი მშვენების მწვერვალს აღწევს. ამიტომ გაზეთები ყოველთვის საქმის კურსში აყენებს მკითხველებს და ამცნობს, თუ როდის არის შემოდგომის ფერების სანახავად საუკეთესო დრო. სორაკსანი, კორეის ეროვნული პარკებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი, ამ მხრივ ყველასთვის უსაყვარლესია. გრანიტის ფრიალო კლდეები თუ ზვიადად წამომართული ჭიუხები, რომლებზეც ფიჭვის ხეებია ჩაბღაუჭებული, როგორც ჩანს, აღმოსავლური ლანდშაფტის დამახასიათებელი თავისებურებაა. შემოდგომაზე სორაკსანის გრანიტის მონოლითები შემკულია წიფლისა და ნეკერჩხლის ხეებით, რომლებიც ალისფერი გულქანდებივით აბნევია მათ. როდესაც დილის თვალუწვდენელ ბურუსში მრავალი ასეთი მონოლითი ამოყოფს თავს, განთიადისას ამდგარ ადამიანს თვალწინ გადაეშლება სურათი, რომელიც მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება.
„დიდი სიამოვნებით ვსეირნობ ხოლმე მთებში, მაგრამ განსაკუთრებით ეს შემოდგომაზე მსიამოვნებს,
— აღნიშნავს პერკ ლი-კიუნი, 70 წელს გადაცილებული მხიარული კორეელი, — ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ამ დროს ღმერთი მთებს სხვადასხვა ფერით მოსავს. ეს ფერები კი შემოდგომის ნათელი ცის ქვეშ ყოველდღე იცვლება“. მის მეუღლეს, კონგ-იანგს, ძალიან უყვარს შემოდგომაზე ცაში ოქროსფერი პეპლებივით მოფარფატე ფოთლების ყურება.რატომ იცვლის ფოთლები ფერს?
ცნობისმოყვარე ადამიანს აინტერესებს, რატომ ხდება ფერთა ასე საოცარი ცვლილება. რა განაპირობებს ფოთლის გაყვითლებას ან გაწითლებას?
შემოდგომის ნაირფეროვნება ზამთრისთვის ხეების მომზადების პროცესის ნაწილია. შემოდგომის დამოკლებული დღეები „გაფრთხილებას“ აძლევენ ხეების ბიოლოგიურ საათს, რათა ფოთლებს თანდათანობით შეუწყდეთ წყლისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება. ამაზე თითოეული ფოთოლი ყუნწის ბოლოსთან გამაცალკევებელი ფენის წარმოქმნით რეაგირებს. ეს ფენა ქმნის საცობისებრ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ხესა და ფოთლებს შორის ნივთიერებათა ცვლას, რის გამოც, საბოლოოდ, ფოთლები ცვივა.
ამასობაში კაროტინოიდული პიგმენტები იწყებს ფოთლის გაყვითლებას ან განარინჯისფრებას. ეს პიგმენტები ფოთლებში, ჩვეულებრივ, მთელი ზაფხულის განმავლობაშია, მაგრამ მწვანე ქლოროფილის მეტი რაოდენობით შემცველობის გამო არ ჩანს. მეორე მხრივ, წითელი ფერი ძირითადად ანთოციანინის, ისეთი პიგმენტის შემცველობით არის განპირობებული, რომელსაც ფოთლები შემოდგომამდე არ გამოიმუშავებენ. შემოდგომაზე ქლოროფილი დაშლას იწყებს და ფოთლებში უკვე ყვითელი და წითელი პიგმენტები ჭარბობს. ყველა ქლოროფილის დაშლის შემდეგ ალვის ხის ფოთლები ხასხასა ყვითელი ხდება, ნეკერჩხლის ფოთლები კი — კაშკაშა წითელი.
საოცრად ლამაზი შემოდგომის ძიებაში
ბუნების მრავალმა მოყვარულმა შენიშნა, რომ შემოდგომა სხვადასხვა წელსა და სხვადასხვა ადგილას რამდენადმე განსხვავებულია.
ბევრი რამ ამა თუ იმ რეგიონში ფოთოლმცვივანი ხეების ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ნეკერჩხლის ფოთლები, უმეტესწილად, მიმზიდველი წითელი ფერის ხდება. ამ ხის მრავალი სახეობა, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთში იზრდება და მათ ხშირად პარკებსა და ბაღებში რგავენ.სხვა ფაქტორი კლიმატური პირობები გახლავთ. ანთოციანინის წარმოქმნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამინდზე. ნათელი, მზიანი დღეები და ცივი ღამეები ფოთლებს ანთოციანინის მაქსიმალურად წარმოქმნის საშუალებას აძლევს. შორეულ აღმოსავლეთში შემოდგომობით, ჩვეულებრივ, ასეთი ამინდია. ორივე, იაპონია და კორეა, მთაგორიანი ქვეყანაა. ამ ქვეყნების მრავალი მთა ფოთოლმცვივანი ხეებით არის შემოსილი, რაც მნახველებს შემოდგომის ფერთა სანახავად იდეალურ გარემოს უქმნის.
მომხიბლავი მიმოქცევა
ფოთოლცვენის მთელი პროცესი სასარგებლოცაა და საოცრად ლამაზიც. ფოთოლცვენის საშუალებით ხეები ზოგავენ წყალსა და ენერგიას, რაც ზამთრის განმავლობაში დასჭირდებათ. ამ პროცესის დროს ისინი იმ ტოქსიკურ ნარჩენებს იშორებენ, რომლებიც ზაფხულში ფოთლებში გროვდება.
რა მოსდის მილიონობით ჩამოცვენილ ფოთოლს? მწერების, სოკოების, ჭიებისა და ნიადაგში მობინადრე სხვა ცხოველების წყალობით, მთელი ეს ორგანული ნარჩენი მალე ნეშომპალად, ნოყიერი ნიადაგის მთავარ შემადგენელ ნაწილად, გარდაიქმნება. ასე რომ, მოფარფატე ფოთლები ჯერ შესანიშნავი სანახაობით გვატკბობს, შემდეგ კი გაზაფხულზე მცენარეების ზრდისთვის საჭირო სასუქად გარდაიქმნება! წარმოიდგენდით ამაზე უფრო მიმზიდველ მიმოქცევას? როდესაც ასეთი დამატყვევებელი სილამაზის შემოქმედების ნაყოფის სანახავად შევჩერდებით, შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, რომ თითქოს ‘მინდვრის ყველა ხე ტაშს უკრავს’ და უხმოდ ხოტბას ასხამს თავის შემოქმედს (ესაია 55:12; ფსალმუნი 148:7—9).