არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტება პოპულარული დღესასწაულების შესახებ

ჭეშმარიტება პოპულარული დღესასწაულების შესახებ

ჭეშმარიტება პოპულარული დღესასწაულების შესახებ

ჯადოქრები და მოჩვენებები, გოგრები და კოცონები, „მომეცი, თორემ ინანებ“. ჰელოუინის დღესასწაულისთვის დამახასიათებელი ამ ნიშნების ამოცნობა საკმაოდ ადვილია. მაგრამ რა დგას ამ და სხვა მსგავსი დღესასწაულების უკან? ჰელოუინს All Hallow Even-იც ეწოდება, რაც ყველა წმინდას წინადღეს ნიშნავს. ამ თითქოს ქრისტიანულ სახელს ამოფარებულია წარმოშობა, რომელიც საკმაოდ შორს არის ყველა წმინდისგან. ფაქტობრივად, სწავლულები ამბობენ, რომ ჰელოუინის დღესასწაული სათავეს ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი კელტების დასახლების დროიდან, ესე იგი, ქრისტიანობის დაფუძნებამდე დიდი ხნით ადრინდელი პერიოდიდან იღებს. მთვარის კალენდრის გამოყენებით კელტები წელიწადს ორ ნაწილად ყოფდნენ — ზამთრის ბნელ და ზაფხულის ნათელ თვეებად. 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, კელტები დღესასწაულობენ სამჰეინს, რაც „ზაფხულის დასასრულს“ ნიშნავს *.

ეს დღესასწაული, რომელიც კელტური ახალი წლის დაწყების აღმნიშვნელი გახლდათ, ზაფხულის ბოლოს დგებოდა, როდესაც მოსავალი უკვე აღებული იყო და ცხვრის ფარა და ნახირი საძოვრებიდან ფარეხებსა და გომურებში იყო დაბინავებული. კელტების რწმენით, მას შემდეგ, რაც დღეები შემოკლდებოდნენ, აუცილებელი იყო სხვადასხვა რიტუალისა და მსხვერპლის საშუალებით მზის გაცოცხლება. ძველი წლის სიკვდილის ნიშნად ყოველგვარ ცეცხლს აქრობდნენ და ახალი წელი საზეიმოდ იწყებოდა წმინდა კოცონის დანთებით, საიდანაც საზოგადოების ყველა წევრი იღებდა მუგუზალს თავის კერაში ცეცხლის დასანთებად. ფიქრობდნენ, რომ ასეთი კოცონით, რომელიც დღეს ბრიტანეთში გაი ფოკსის ღამის დღესასწაულში და ბრაზილიაში ივნისში გამართულ დღესასწაულებშია შემორჩენილი, ბოროტ სულებსაც აფრთხობდნენ.

კელტებს სწამდათ, რომ სამჰეინის დღესასწაულზე მატერიალურ და ზებუნებრივ სამყაროს შორის ბარიერი იხსნებოდა და როგორც კეთილი, ისე ბოროტი სულები დედამიწაზე დაეხეტებოდნენ. ფიქრობდნენ, რომ მიცვალებულთა სულები თავიანთ სახლებს უბრუნდებოდნენ, ამიტომაც ოჯახის წევრები მათი გულის მოსალბობად და მათი მხრიდან ზიანის ასარიდებლად საჭმელ-სასმელს უმზადებდნენ. ამიტომ დღეს, როდესაც ბავშვები მოჩვენებებივით და ჯადოქრებივით იმოსებიან, კარდაკარ დადიან და გამასპინძლებას ითხოვენ ან მასპინძელს ზიანის მიყენებით ემუქრებიან, ისინი უნებურად სამჰეინის ძველ რიტუალებს უკვდავყოფენ. თავის წიგნში „ჰელოუინი — ისტორია და ტრადიციები“ ჟან მარკალი აღნიშნავს: „როდესაც ხელში [ბავშვებს] რაღაცას უდებენ, ისინი სიმბოლურად, ისე რომ თავად გაცნობიერებული არც კი აქვთ, უხილავ და ხილულ სამყაროებს შორის ძმურ გაცვლას ახდენენ. ამიტომაც არის ჰელოუინის მასკარადები. . . ფაქტობრივად, რელიგიური ცერემონიალები“.

ვინაიდან ხალხს სწამდა, რომ მატერიალურ და ზებუნებრივ სამყაროებს შორის ბარიერი იხსნებოდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ სულიერ სამყაროში გადასვლა. ამიტომ მათთვის სამჰეინი მომავლის საიდუმლოებათა გასაგებად განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო იყო. ვაშლს ან თხილს წმინდა ხეების ნაყოფად მიიჩნევდნენ და ქორწინებასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან დაკავშირებით ღვთიური ცნობების მისაღებად იყენებდნენ. მაგალითად, ნიშანდადებულ ვაშლებს წყლით სავსე დიდ ჭურჭელში აწყობდნენ. პირით ვაშლის დაჭერის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცსა თუ ქალს ვითომდა შეეძლო მომავალი მეუღლის დანახვა. მკითხაობის ეს ფორმა დღემდე არის შემორჩენილი ჰელოუინის თამაშებში, როცა ვაშლების დაჭერას ცდილობენ.

სამჰეინისთვის აგრეთვე დამახასიათებელი იყო ხმაურიანი მხიარულება, უზომოდ სმა და თავაშვებულობა. „ტრადიციული ფასეულობები მთლიანად უგულებელყოფილი ან რადიკალურად შეცვლილი გახლდათ“, — აღნიშნავს მარკალი. — ყველაფერი, რაც იკრძალებოდა, ამ დროს დაშვებული იყო და ყველაფერი, რასაც მისაღებად მიიჩნევდნენ, იმ დროს აკრძალული იყო“. ჰელოუინში დღემდე ირეკლება ეს სული, რითაც, ეჭვგარეშეა, დიდად არის განპირობებული ამ დღესასწაულის პოპულარობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რელიგიის ენციკლოპედია“ დღევანდელ ჰელოუინს აღწერს როგორც „დროს, როდესაც უფროსებსაც შეუძლიათ გადააბიჯონ ზომიერების ზღვარს, დაკარგონ თავიანთი სახე და იმ საღამოს ქარაფშუტობის მორევში გადაეშვან. ამგვარად, დღესასწაულის ეს ძირითადი კელტური თავისებურება — ყოველწლიურად რეალობიდან გაქცევა — დღემდე შემორჩა“.

რელიგიური მეტოქეობა

მეცხრამეტე საუკუნეში კარტოფილის მოუსავლიანობის შემდეგ ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი და მისი ჩვეულებები შეერთებულ შტატებში ჩაიტანეს. ეს დღესასწაული იქიდან ევროპაში რამდენიმე წლის წინათ დაბრუნდა. მაგრამ ჰელოუინის ასე მზარდ პოპულარობას ყველა მოწონებით როდი უყურებს. როგორც გაზეთმა „მონდიმ“ შენიშნა „ჰელოუინი, რომელიც ყველა წმინდისა და ყველა სულის დღეებს (1 და 2 ნოემბერს) ემთხვევა და რომელმაც ამ დღესასწაულების ადგილის დაჭერაც კი შეძლო, მაღაზიის მესაკუთრეებს დიდ სიხარულს ანიჭებს, ხოლო სასულიერო პირებს პანიკაში აგდებს“.

საფრანგეთში სასულიერო პირებმა შიში გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰელოუინის გამო ამ ტრადიციული კათოლიკური დღესასწაულებისადმი ინტერესი კლებულობს, რასაც ისინი „საზოგადოების გაწარმართების“ ნიშნად მიიჩნევენ. სტანისლავ ლალანისთვის, რომელიც საფრანგეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციაზე გამოვიდა, ჰელოუინი „ამახინჯებს სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობას“. ნიცას ეპისკოპოსმა ჟან ბონფისმა აღნიშნა, რომ „ამ დღესასწაულსა და მის რიტუალებს არაფერი აქვთ საერთო ჩვენს ხმელთაშუა ზღვისა და ქრისტიანულ კულტურასთან“ და კათოლიკეები გააფრთხილა, რომ ეს არის „მსოფლიოში ყველაზე სატანური დღესასწაული“.

კლერმონ-ფერანის ეპისკოპოსი იპოლიტე სიმონი იმასთან დაკავშირებით, რომ ფრანგებმა ასეთი წარმართული დღესასწაულების გამო კათოლიკური ტრადიციები მიატოვეს, აღნიშნავს: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საფრანგეთის საზოგადოება ეძებს რაღაც სამოქალაქო რელიგიას, რომელიც ქრისტიანული სიმბოლიზმის შეცვლას შეძლებს“. ის წერს: „ჰელოუინზე მიცვალებულები გარკვეულ სახეს იღებენ და მათი აჩრდილები მიწაზე ბრუნდებიან, რათა დაგვაშინონ და სიკვდილით დაგვემუქრონ. ამის საპირისპიროდ, ყველა წმინდას დღეს იმაში ვრწმუნდებით, რომ განსვენებულები ცოცხლები არიან და ღვთის ქალაქში ჩვენც შევუერთდებით მათ“ („Vers une France païenne?“).

კარლო მარია მარტინიმ, მილანის კარდინალმა, იმავე სულისკვეთებით მოუწოდა იტალიელებს, რომ არ მიეტოვებინათ კათოლიკური დღესასწაულები და განაცხადა: „[ჰელოუინი] უცხოა ჩვენი ტრადიციებისთვის, რომლებსაც დიდი ღირებულება აქვს და აუცილებლად შენარჩუნება სჭირდება. ყველა სულის დღე არის დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ოდითგანვე აღვნიშნავდით. ეს არის დრო, როდესაც მარადიული ცხოვრების შესახებ იმედი თანდათანობით გვესახება, დრო, როდესაც უფალი გვაგებინებს, რომ დედამიწის გარდა სხვაგანაც არის სიცოცხლე“. მრავალი გულწრფელი კათოლიკე, ეჭვგარეშეა, ასევე ფიქრობს. მაგრამ არის თუ არა ჰელოუინსა და ყველა სულის დღეს შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა, როგორიც ზემოთ მოყვანილ სიტყვებშია აღნიშნული? რას გვიჩვენებს ამ კათოლიკური დღესასწაულების წარმოშობის გამოკვლევა?

„წმინდა“ მასკარადი

„კათოლიკური ენციკლოპედია“ ყველა წმინდას დღეს უწოდებს დღესასწაულს, რომელიც „ყველა, ცნობილი და უცნობი წმინდანის“ პატივსაცემად აღინიშნება. მეორე საუკუნის დასასრულს ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა რწმენის გამო წამებულთათვის პატივის მიგება დაიწყეს და სწამდათ, რომ ისინი უკვე ზეცაში ქრისტესთან ერთად იყვნენ; ამიტომაც მათ მიმართ ლოცვებს აღავლენდნენ, რათა ამ უკანასკნელთ მლოცველთა სასარგებლოდ ემოქმედათ. მათი რეგულარულად მოხსენიება ახ. წ. 609 ან 610 წლის 13 მაისს * დაიწყეს, როდესაც პაპმა ბონიფაციუს IV-მ პანთეონი — ყველა ღმერთის სახელზე აგებული ტაძარი — მარიამსა და ყველა წამებულს მიუძღვნა. მარკალი აღნიშნავს: „რომის ღვთაებებმა ადგილი გამარჯვებული რელიგიის წმინდანებს დაუთმეს“.

აღნიშნული თარიღი ნოემბერში გადაიტანა პაპმა გრიგოლ III-მ (ახ. წ. 731—741 წლები), რომელმაც რომში სამლოცველო მიუძღვნა ყველა წმინდას და ბრძანა, რომ ყოველი წლის 1 ნოემბერს პატივი მიეგოთ მათთვის. რისთვის გაკეთდა ეს, ზუსტად არ არის ცნობილი. მაგრამ მიზეზი შეიძლება ის ყოფილიყო, რომ ამ დღეს ინგლისში უკვე აღნიშნავდნენ მსგავს დღესასწაულს. „რელიგიის ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „სამჰეინი გაქრისტიანებულ დიდ ბრიტანეთში პოპულარულ დღესასწაულად დარჩა კელტური წარმოშობის ადამიანებს შორის. ბრიტანეთის ეკლესია შეეცადა ამ წარმართული ჩვეულებიდან ხალხის ინტერესის სხვა რამეზე გადატანას და კალენდარში იმავე დღეს, რა დღესაც სამჰეინს აღნიშნავდნენ, ქრისტიანული დღესასწაული ჩასვა. . . შუა საუკუნეების ბრიტანეთში საყოველთაოდ აღნიშნავდნენ ყველა წმიდას დღეს. ამას უნდა შეეწყო ხელი აღნიშნული დღესასწაულის მთელ ქრისტიანულ ეკლესიაში დამკვიდრებისთვის“.

მარკალი იმ დროს მთელ ევროპაში ირლანდიელი ბერების გავლენის ზრდის ფაქტს მოიხსენიებს. გარდა ამისა, „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ირლანდიელები ხშირად თვის პირველ დღეს მნიშვნელოვან დღესასწაულებს აღნიშნავდნენ და, რადგან 1 ნოემბერს კელტებისთვის ზამთარიც იწყებოდა, ის შეიძლება ყველა წმინდას დღესასწაულის აღსანიშნავად შესაფერისი დრო ყოფილიყო“. ბოლოს, ახ. წ. 835 წელს პაპმა გრიგოლ IV-მ ეს დღესასწაული საყოველთაო დღესასწაულად აქცია.

რაც შეეხება ყველა სულის დღეს, რომლის დროსაც ლოცვები იმ მიზნით აღევლინებოდა, რომ განსაწმენდელში მყოფ სულებს ზეციერი ნეტარებისთვის მიეღწიათ, კლიუნიელმა ბერებმა XI საუკუნეში დაადგინეს, რომ ეს დღესასწაული 2 ნოემბერს აღენიშნათ. თუმცა ყველა სულის დღე თითქოს კათოლიკური დღესასწაულია, ჩვეულებრივი ხალხი ამასთან დაკავშირებით, აშკარად, დაბნეულობაში იყო. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ შენიშნავს: „შუა საუკუნეების განმავლობაში ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ განსაწმენდელში მყოფ სულებს შეეძლოთ ამ დღეს ადამიანებს მოვლინებოდნენ მოჩვენებებად, ჯადოქრებად, გომბეშოებად და ასე შემდეგ“.

ვინაიდან ეკლესიამ ვერ შეძლო ხალხის გულებიდან ამ წარმართული რწმენის აღმოფხვრა, მას „ქრისტიანული“ ნიღაბი ააფარა. ამ ფაქტს ხაზს უსვამს „რელიგიის ენციკლოპედია“, როდესაც აღნიშნავს: „ქრისტიანული დღესასწაული, ყველა წმინდას დღე, ისევე განადიდებს ქრისტიანული რელიგიის ყველა ცნობილ და უცნობ წმინდანს, როგორც სამჰეინი განადიდებდა და პატივს მიაგებდა კელტურ ღვთაებებს“.

პოპულარული დღესასწაულები და თქვენ

უნდა გაღელვებდეთ თუ არა ჰელოუინისა და სხვა მსგავსი დღესასწაულების ბნელით მოცული მხარეები? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰელოუინი უმეტესობისთვის მხოლოდ უჩვეულოდ მორთვისა და გართობის დროა. მაგრამ განა თქვენც იმ აზრის არა ხართ, რომ მშობლისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყოს, რომ შვილების მიერ არჩეული გართობა ზიანის მომტანი არ არის?

ერთ მასწავლებელს, რომელსაც საფრანგეთში ამ სპეციალობით ოცი წლის მუშაობის სტაჟი აქვს, ჰკითხეს, თუ რა გავლენას ახდენდა ბავშვებზე ჰელოუინი. მან აღნიშნა: „ვშიშობ, რომ ტკბილეულობის მისაღებად კარდაკარ სიარულისა და მობინადრეებისთვის დამუქრების შედეგები შეიძლება ბავშვებში დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობოდეს. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ეგოისტური პიროვნების ჩამოყალიბებას. ისინი სწავლობენ, რომ ვიღაცაზე ზეწოლით, მუქარითა და რაღაცის მოთხოვნით, სხვების დაშინებით შეეძლებათ იმის მიღება, რაც უნდათ“. ამიტომ მშობლებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა: რას სწავლობენ ჩვენი შვილები ამ დღესასწაულის აღნიშვნისას?

გასაკვირი არ არის, რომ მრავალ ოჯახს ბავშვებისთვის ტკბილეულობისა და კოსტიუმების ყიდვა საკმაოდ ძვირი უჯდება. „ჰელოუინი... დღესასწაული არ გახლავთ, — აღნიშნავს რობერტ როშფორი, საფრანგეთში ცხოვრების პირობებზე დამკვირვებელი და ამ პირობების შემსწავლელი კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორი, — ის ვაჭრობის დროა“. ჰელოუინი შობამდე აცოცხლებს მიძინებულ ვაჭრობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროს კიდევ ერთხელ ხდება ხალხზე ზეწოლა, დახარჯონ ფული; იმდენი ფული, რამდენიც ხშირად არა აქვთ ხოლმე. არის თუ არა ნამდვილად საჭირო, რომ ამ საკითხში სხვების ფეხის ხმას ავყვეთ?

ქრისტიანებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი ის ფაქტი გახლავთ, რომ ჰელოუინი და სხვა მისი მსგავსი დღესასწაულები წარმართობის სულით არის გაჟღენთილი. მოციქული პავლე წერდა: „არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი“ (1 კორინთელთა 10:20—22). აგრეთვე დასვა კითხვა: „რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ (2 კორინთელთა 6:14—16). ამგვარად, ბიბლია განსჯის წარმართული ჩვეულებებისთვის ქრისტიანული ნიღბის აფარების იდეას!

ბიბლია სპირიტიზმთან დაკავშირებითაც გვაფრთხილებს (მეორე რჯული 18:10—12). მართალია, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც ჰელოუინს დღესასწაულობს, იტყოდა, რომ ვერ იტანს სატანურ ჩვეულებებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიულად ამ დღესასწაულს მჭიდრო კავშირი აქვს ოკულტიზმთან. ამგვარად, ის შეიძლება აღმოჩნდეს საშუალება, რომელსაც ადამიანები, და განსაკუთრებით მიამიტი ახალგაზრდები, სპირიტიზმამდე მიჰყავს. წარმართულ ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც სპირიტზმთან არის დაკავშირებული, არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ თაყვანისმცემლობასთან; ეს ჩვეულებები და ტრადიციები უვნებელი სულაც არ არის.

დაბოლოს, ფაქტია, რომ ჰელოუინს, ყველა წმინდას დღესა და ყველა სულის დღეს საფუძვლად უდევს რწმენა, რომ მკვდრები იტანჯებიან ან მათ ცოცხლებისთვის რაიმე ზიანის მიყენება შეუძლიათ. მაგრამ ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ასეთი რწმენა მცდარია, რადგან ამბობს: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ამიტომ ბიბლია გვირჩევს: „რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10). ვინაიდან მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან, მათ არც სხვებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ და არც თავად იტანჯებიან. ამიტომ მათი არც უნდა გვეშინოდეს. ამავე დროს, სრულიად ზედმეტია, ვილოცოთ მათ დასახმარებლად. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენთვის საყვარელ გარდაცვლილ ადამიანთათვის არავითარი იმედი არ არსებობს? არა. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15) *.

ადამიანი ცოდნის შეძენით არჩევნის თავისუფლებასაც იძენს. თუ ყველა ფაქტი სახეზე არა გვაქვს, შეუძლებელია გონივრული გადაწყვეტილების მიღება. სტატიათა ამ სერიაში მოყვანილი ფაქტების განხილვის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სამჰეინი შეიძლება სულაც არ იყოს, როგორც ამას ხშირად ამბობენ, სიკვდილის კელტური ღმერთი, არამედ ის შეიძლება დღესასწაულის სახელი იყოს. ფრანგი კელტოლოგის, ჟან მარკალის, სიტყვების თანახმად, სამჰეინის დღესასწაული შესაძლოა ლუგუსის, სინათლის ღმერთის პატივსაცემადაც იმართებოდა.

^ აბზ. 13 ეს დღე დაემთხვა ლემურების რომაულ დღესასწაულს, რომელსაც 9, 11 და 13 მაისს აღნიშნავდნენ მიცვალებულთა სულების დასამშვიდებლად, რითაც თითქოს ამ სულების ხშირ სტუმრობასა და მთელი ნათესაობისთვის ზიანის მიყენებას ირიდებდნენ.

^ აბზ. 24 მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით ბიბლიური სწავლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ იხილეთ მე-9 თავი: „რა ემართება ჩვენს საყვარელ პიროვნებას სიკვდილის შემდეგ?“; წიგნი გამოცემულია იეჰოვას მოწმეთა მიერ.

[ჩანართი 6 გვერდზე]

ჰელოუინი უკვდავყოფს იმ სიცრუეს, რომ თითქოს მკვდრები ნამდვილად ცოცხლობენ.

[ჩანართი 7 გვერდზე]

კელტური მკითხაობის ფორმები ჰელოუინშია შემორჩენილი.

[სურათი 6 გვერდზე]

ჰელოუინი საწყისს კელტური დღესასწაულიდან, შესაძლოა, სინათლის ღვთაება ლუგუსის თაყვანისმცემლობიდან იღებს.

[სურათი 6 გვერდზე]

საფლავები, სადაც კელტური ჯვრებია აღმართული.

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

ვაშლების პირით დაჭერა კელტური წარმოშობის ერთ-ერთი თამაშია.

[საავტორო უფლება]

From the magazine: The Delineator October 1911

[სურათი 8 გვერდზე]

პაპმა ბონიფაციუს IV-მ რომის წარმართული პანთეონი მარიამსა და სარწმუნოებისთვის წამებულებს მიუძღვნა.

[სურათები 9 გვერდზე]

რა გავლენას ახდენს თქვენს შვილებზე ჰელოუინი?

[სურათი 10 გვერდზე]

ჭეშმარიტი ქრისტიანები მთელი ოჯახით დიდი სიამოვნებით ერთობიან ისე, რომ ეს გართობა საზიანო არ იყოს.