არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

რის გაკეთება შეიძლება იმ ქალების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან? პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ რის ატანა უწევთ მათ. ხშირად მოძალადის მიერ მიყენებული ტკივილი მხოლოდ ფიზიკური არ არის. ჩვეულებრივ, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას თან სდევს მუქარა და დაშინება, რაც მსხვერპლს უვარგისობისა და უმწეობის გრძნობას უღვივებს.

განვიხილოთ როქსანას შემთხვევა, რომელზეც პირველ სტატიაში დავიწყეთ საუბარი. ზოგჯერ მისი ქმარი სიტყვებს ბასრი იარაღივით იყენებს. «ის დამამცირებელ სიტყვებს მეძახის, — თავის გრძნობებს გვიზიარებს როქსანა. — ხშირად მეუბნება ხოლმე: „შენ სკოლაც კი არ დაგიმთავრებია. უჩემოდ როგორ გაზრდიდი ბავშვებს? შენ ხომ ზარმაცი და უვარგისი დედა ხარ. ხომ არ გგონია, რომ, თუ დავცილდით, მთავრობა ბავშვების გაზრდაზე ნებას დაგრთავს?“».

როქსანას მეუღლე ყოველთვის მეთვალყურეობას უწევს ფულის ხარჯვას. იგი ცოლს ნებას არ რთავს, გამოიყენოს მანქანა და დღის განმავლობაში წარამარა ურეკავს და ამოწმებს, თუ რით არის დაკავებული. თუ როქსანა თავის პოზიციას გამოხატავს, ქმარი მაშინვე რისხდება. ამის გამო, ქალმა ისწავლა, რომ არასოდეს გამოთქვას თავისი აზრი.

როგორც დავინახეთ, მეუღლის შეურაცხყოფა საკმაოდ რთული პრობლემაა. თუ მსხვერპლისთვის დახმარება გსურთ, უსმინეთ თანაგრძნობით. გახსოვდეთ, რომ, ჩვეულებრივ, ქალისთვის საკმაოდ ძნელია იმაზე ლაპარაკი, რის ატანაც უწევს. თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ განამტკიცოთ მსხვერპლი და დაეხმაროთ იმ მდგომარეობასთან გამკლავებაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა.

ზოგმა ქალმა, რომელთაც ფიზიკურ შურაცხყოფას აყენებენ, შეიძლება ხელისუფლების დახმარებას მიმართონ. ზოგჯერ გადამჭრელი ზომების მიღებას, მაგალითად პოლიციის გამოძახებას, შეუძლია მოძალადე მამაკაცს დაანახვოს თავისი საქციელის სერიოზულობა. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეურაცხმყოფელი ადამიანის ნებისმიერი მცდელობა და სურვილი ხშირად კრიზისის ჩავლის შემდეგ ქარს გაჰყვება ხოლმე.

უნდა დატოვოს თუ არა ქალმა ქმარი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს? ბიბლია განქორწინების საკითხს ზერელედ არ ეკიდება. მაგრამ ის აგრეთვე არ ავალდებულებს ცოლს, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება, დარჩეს კაცთან, რომელიც მის ჯანმრთელობას და, შესაძლოა, თვით სიცოცხლესაც კი ემუქრება. ქრისტიანი მოციქული პავლე წერდა: „თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს“ (1 კორინთელთა 7:10—16). რადგან ბიბლია არ კრძალავს ექსტრემალური მდგომარეობის შემთხვევაში განცალკევებით ცხოვრებას, ქალმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს (გალატელთა 6:5). დაბეჯითებით არავინ უნდა ურჩიოს ქალს, გაშორდეს ქმარს და არც ის უნდა დააძალოს, რომ ქმართან დარჩეს მაშინ, როდესაც ქალის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და სულიერობას საფრთხე ემუქრება.

არსებობს რაიმე იმედი ქალებისთვის, რომელნიც შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან?

მეუღლეზე ძალადობა ბიბლიური პრინციპების უხეშად დარღვევაა. ეფესელთა 4:29, 31-ში ვკითხულობთ: „არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან. . . ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად“.

შეუძლებელია რომელიმე ქმარს, რომელიც ამბობს, რომ ქრისტეს მიმდევარია, უყვარდეს ცოლი და ამავე დროს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდეს. თუ იგი ცოლს ცუდად ექცევა, რაღა ფასი ექნება მის კარგ საქმეებს? „მოჩხუბარი“ ქრისტიანულ კრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესასრულებლად არ გამოდგება (1 ტიმოთე 3:3; 1 კორინთელთა 13:1—3). ნებისმიერი ვითომ ქრისტიანი, რომელიც გამუდმებით რისხდება და არ ინანიებს თავის საქციელს, ქრისტიანული კრებიდან გაირიცხება (გალატელთა 5:19—21; 2 იოანე 9, 10).

შეიძლება რომ მოძალადე მამაკაცმა შეიცვალოს საქციელი? ზოგმა შეიცვალა. მაგრამ, ჩვეულებრივ, მოძალადე ვერ შეიცვლება თუ 1)არ აღიარა, რომ უმართებულოდ იქცევა, 2)არ სურს, რომ შეიცვალოს და 3)არ ეძებს დახმარებას. იეჰოვას მოწმეებმა გამოსცადეს, რომ სწორედ ბიბლიას შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა, რათა შეურაცხყმყოფელი შეიცვალოს. მრავალ დაინტერესებულს, ვინც მათთან ბიბლიას სწავლობდა, ღვთისთვის სიამოვნების მინიჭების დიდი სურვილი გაუჩნდა. ბიბლიის ამ ახალმა შემსწავლელებმა იეჰოვას შესახებ გაიგეს, რომ „ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 10:5). რა თქმა უნდა, მოძალადე რომ შეიცვალოს, მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ჩვევა კი არ უნდა მოიშოროს, არამედ სრულიად ახლებური დამოკიდებულებაც უნდა განავითაროს თავისი ცოლის მიმართ.

ღვთის შესახებ შემეცნების მიღებასთან ერთად მამაკაცი სწავლობს, ცოლი მოსამსახურედ კი არ მიიჩნიოს, არამედ „შემწედ“; ზემოდან კი არ უყუროს, არამედ ‘პატივი სცეს’ (დაბადება 2:18; 1 პეტრე 3:7). ის აგრეთვე თანაგრძნობის გამოვლენასა და ცოლის თვალსაზრისის მოსმენას სწავლობს (დაბადება 21:12; ეკლესიასტე 4:1). მრავალ წყვილს დაეხმარა იეჰოვას მოწმეების მიერ შეთავაზებული ბიბლიის შესწავლის პროგრამა. ქრისტიანული ოჯახისთვის მიუღებელია დესპოტურად თუ ტირანულად მოქმედება და შარიანობა (ეფესელთა 5:25, 28, 29).

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). ამიტომ ბიბლიურ სიბრძნეს შეუძლია, წყვილებს პრობლემების გაანალიზებასა და მათთან გაბედულად გამკლავებაში დაეხმაროს. უფრო მეტიც, ბიბლია შეიცავს დამაჯერებელ და მანუგეშებელ იმედს იმასთან დაკავშირებით, რომ მალე მთელ მორჩილ კაცობრიობას იეჰოვას მიერ დანიშნული ზეციერი მეფე გაუწევს მმართველობას. ბიბლია ამბობს: „რადგანაც იხსნის [ღმერთი] ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 71:12, 14).

[ჩანართი 12 გვერდზე]

ქრისტიანული ოჯახისთვის მიუღებელია დესპოტურად თუ ტირანულად მოქმედება და შარიანობა.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

არასწორი შეხედულებების შეცვლა

ცოლების ბრალია, ქმრები რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

მრავალი მოძალადე თავისი საქციელის გამო თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ცოლმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ოჯახის მეგობრებმაც კი შეიძლება იფიქრონ, რომ ასეთ ცოლთან ცხოვრება ძნელია და ამიტომ არ უკვირთ, რომ დროდადრო ქმარი კონტროლს ვერ უწევს თავის მოქმედებას. მაგრამ ასეთი განაცხადი იმის ტოლფასია, მსხვერპლს რომ ბრალი დასდო და აგრესორი გაამართლო. სინამდვილეში ქალები, რომლებიც ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან, ხშირად ყოველ ღონეს ხმარობენ თავიანთი ქმრების დასაშოშმინებლად. გარდა ამისა, როგორიც უნდა იყოს მდგომარეობა, მეუღლის ცემას არავითარი გამართლება არა აქვს. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „მამაკაცები, რომლებიც ქალებთან ცუდად მოპყრობის გამო არიან ნასამართლევი, ძალადობას მიჩვეული არიან. მათთვის ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა რისხვისა და დეპრესიისგან გათავისუფლების საშუალებაა; ამგვარად ბატონობენ ისინი და აგვარებენ უთანხმოებებს; იხსნიან დაძაბულობას. . . ხშირად მათ არც კი ესმით, რომ ისინი ხდებიან პრობლემის მიზეზი ან პრობლემას სერიოზულად არც კი ეკიდებიან“ (The Batterer—A Psychological Profile).

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაა იმის მიზეზი, რომ კაცი ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

მართალია, ზოგი მამაკაცი სიმთვრალისას უფრო აგრესიულია, მაგრამ არის თუ არა გონივრული, ყველაფერი ალკოჰოლს დავაბრალოთ? „სიმთვრალე მოძალადე მამაკაცს აღძრავს, რომ თავისი საქციელი სხვა ადამიანების და არა საკუთარი თავის დადანაშაულებით ახსნას“ — წერს კ. ვილსონი თავის წიგნში „როდესაც ძალადობა ოჯახში იწყება“. ის განაგრძობს: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხალხისთვის ოჯახში ძალადობა მაინც და მაინც გასაკვირი არ არის, თუ მოძალადე მთვრალია. ერთ-ერთი ქალი თავის მეუღლეს, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოძალადედ კიარ მიიჩნევს, არამედ უზომოდ მსმელად ან ლოთად“. ასეთმა აზროვნებამ, ვილსონის აზრით, ქალს შეიძლება იმის ცრუ იმედი ჩაუსახოს, რომ, „თუ კაცი სმას მიატოვებს, ძალადობაც შეწყდება“.

დღესდღეობით მრავალი სწავლული სმას და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ორ სხვადასხვა პრობლემად მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს, დამოკიდებულების გამომწვევ საშუალებათა გამომყენებლების უმრავლესობა სულაც არ სცემს თავის მეუღლეს. წიგნის „როდესაც მამაკაცი ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“ ავტორები აღნიშნავენ: „ქალების ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძირითადად, იმის გამო განაგრძობენ, რომ ამ საშუალებით ბატონობენ მათზე, აშინებენ და იმორჩილებენ. . . ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება მოძალადეს ცხოვრების წესად აქვს ქცეული. არასწორი იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ დამოკიდებულების გამომწვევი საშუალებების გამოყენება იწვევს ძალადობას“.

შეურაცხმყოფელნი ძალმომრეობენ ყველაზე.

ხშირად შეურაცხმყოფელი სხვებისთვის დიდებული მეგობარია. ის დროდადრო ავლენს საშინელ თვისებებს. შეიძლება ამიტომაც არის, რომ ოჯახის მეგობრებს არ სჯერათ, რომ ისინი მოძალადეობრივ ოჯახურ ცხოვრებას ეწევიან. მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ მოძალადე კაცი ფიზიკური შეურაცხყოფის საშინელი გზით ცდილობს ცოლზე ბატონობას.

ქალები წინააღმდეგი არ არიან, რომ ცუდად მოეპყრონ.

როგორც ჩანს, ასეთი აზრი ისეთი ადამიანებისგან მომდინარეობს, რომლებსაც არ ესმით, თუ რა უმწეო მდგომარეობაში არიან ცოლები, რომელთაც გასაქცევი არსად აქვთ. ასეთ ცოლებს შეიძლება ჰყავდეთ მეგობრები, რომლებიც ერთი-ორი კვირით შეიფარებდნენ, მაგრამ შემდეგ რა უნდა ქნან ამ ქალებმა? შვილების უზრუნველსაყოფად სამუშაოს პოვნასა და ნაქირავებ სახლში ცხოვრებაზე ფიქრი აშინებთ. კანონით კი შეიძლება ასეთ დედებს არ მისცენ ბავშვებთან ერთად ცალკე ცხოვრების უფლება. ზოგი ეცადა, სახლიდან გაქცეულიყო, მაგრამ იპოვეს და, ძალით თუ მოფერებით, უკან დააბრუნეს. მეგობრებმა, რომლებსაც არ ესმით მათი, შეიძლება არასწორად დაასკვნან, რომ ასეთ ქალები წინააღმდეგი არ არიან, რომ ცუდად მოეპყრონ.