არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იქნებ ამჯერად მაინც შეიცვალოს“

„იქნებ ამჯერად მაინც შეიცვალოს“

„იქნებ ამჯერად მაინც შეიცვალოს“

როქსანა * ოთხი შვილის დედაა. ის სიცოცხლით სავსე, მიმზიდველი ქალია. მისი მეუღლე სამხრეთ ამერიკაში ყველასგან პატივცემული ქირურგია. „ჩემი ქმარი ბევრ ქალს მოსწონს, მამაკაცები კი მას პატივს სცემენ“, — ამბობს იგი. მაგრამ ვერავინ, ახლო მეგობრებიც კი, ვერ ხედავენ როქსანას მეუღლის ხასიათის ნაკლოვან მხარეს. „სახლში ის ულმობელი და ეჭვიანია“.

როქსანა განაგრძობს თავისი ამბის თხრობას და სახეზე აშკარად ეტყობა მღელვარება. „სირთულეები ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში წამოგვეჭრა. ჩვენთან სტუმრად ჩემი ძმები და დედა მოვიდნენ. კარგი დრო გავატარეთ — ვსაუბრობდით და ვიცინოდით. მაგრამ როგორც კი ისინი წავიდნენ, განრისხებულმა ქმარმა მთელი ძალით დივანზე მიმაგდო. გავოგნდი“.

სამწუხაროდ, ეს შემთხვევა როქსანას ტანჯვა-წვალების მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან წლების განმავლობაში ქმარი გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, როგორც ჩანს, პერიოდულად მეორდება. ქმარი სცემს, შემდეგ კი ათასჯერ უბოდიშებს და პირობას სდებს, რომ ეს აღარ განმეორდება. მისი საქციელი სწორდება, სულ მცირე, გარკვეული პერიოდით. შემდეგ კი კოშმარი თავიდან იწყება. „სულ ვფიქრობ, იქნებ ამჯერად მაინც შეიცვალოს — ამბობს როქსანა. — მაშინაც კი, როდესაც გავურბივარ, ყოველთვის უკან ვუბრუნდები“.

როქსანა შიშობს, რომ ერთხელაც მისი ქმრის ძალადობა ყოველგვარ საზღვრებს გასცდება. „დამემუქრა, რომ მეც მომკლავდა, ბავშვებსაც და თავსაც მოიკლავდა. ერთხელ მაკრატელი ყელთან მომაბჯინა. სხვა დროს რევოლვერით დამემუქრა — იარაღი ყურში დამიმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა! საბედნიეროდ, რევოლვერში ტყვია არ იდო, მაგრამ შიშისაგან კინაღამ გავთავდი“.

სიჩუმის მიზეზი

როქსანას მსგავსად, მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი იტანჯება მოძალადე კაცის ხელში *. მრავალი მათგანი უსიტყვოდ იტანს ტანჯვას. მათი აზრით, მდგომარეობის გამხელას ისეთი ვინმესთვის, ვისაც დახმარება შეუძლია, აზრი არა აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მრავალი მოძალადე ქმარი, უბრალოდ, უარყოფს მსგავს განაცხადს და ამბობს: „ჩემი ცოლი ადვილად აღგზნებადია“ ან „ის აზვიადებს“.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მრავალი ქალი გამუდმებით თავდასხმის მოლოდინშია იქ, სადაც მათთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს — საკუთარ სახლში. მაგრამ, სამწუხაროდ, მსხვერპლის ნაცვლად, ხშირად თავდამსხმელს ეკიდებიან თანაგრძნობით. მართლაც, ზოგისთვის წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ მამაკაცი, რომელიც პატივსაცემი მოქალაქეა, სახლში ცოლს სცემს. ვნახოთ, თუ რა მოხდა, როდესაც ერთმა ქალბატონმა, სახელად ანიტამ, მოჰყვა თავისი ქმრის, საზოგადოებაში პატივცემული კაცის, მოძალადეობრივი ქმედების შესახებ. «ერთმა ჩვენმა ნაცნობმა გამკიცხა: „როგორ ადანაშაულებ ასეთ შესანიშნავ კაცს?“ სხვამ მითხრა, რომ, ალბათ, რაღაცნაირად მე ვიქნებოდი მისი დაუნდობლობის მიზეზი! მას შემდეგაც კი, რაც ჩემი ქმრის სისასტიკე გაცხადდა, ზოგი მეგობარი თვალს მარიდებდა. მათი აზრით, ყველაფერი უსიტყვოდ უნდა ამეტანა, რადგან კაცები ასეთები არიანო».

როგორც ანიტას შემთხვევა ცხადყოფს, მრავალს არ ესმის, რა ხდება, როდესაც ცოლი საზარელი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება. რატომ არიან მამაკაცები სასტიკნი იმ ქალების მიმართ, რომლებზეც ამბობენ, რომ უყვართ? როგორ შეიძლება მსხვერპლთათვის დახმარების აღმოჩენა?

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 7 გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მამაკაცებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. მაგრამ გამოკვლევები ცხადყოფს, რომ უფრო ხშირად ქალი იტანს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას, რომლებიც ბევრად უფრო სერიოზულია. ამიტომ ამ სტატიებში ლაპარაკია შეურაცხყოფაზე, რომლის მსხვერპლნიც ქალები ხდებიან.

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

ოჯახში გამოვლენილი ძალადობა ფართო გაგებით

ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გამოთქმა „ქალებზე ძალადობა“ შეიძლება მიუთითებდეს „სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ნებისმიერ ძალადობას, რომელსაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალის ფიზიკური, სექსუალური თუ გონებრივი მდგომარეობის დაზიანება ან ტანჯვა, რომლებშიც მუქარა, იძულება ან თავისუფლების დესპოტურად წართმევა შედის და მნიშვნელობა არა აქვს, სად ხდება ძალადობა — საზოგადოებაში თუ პირად ცხოვრებაში“. ამგვარ ძალადობაში, სხვა ყველაფერთან ერთად, შედის „ოჯახსა თუ, საერთოდ, საზოგადოებაში ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა; აგრეთვე ცემა, არასრულწლოვანი გოგონების სექსუალური შეურაცხყოფა, მზითევის უკმარისობის გამო გამოწვეული ძალადობა, ცოლის გაუპატიურება, ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება თუ ქალისთვის საზიანო სხვა ტრადიციული ჩვეულებები“.