არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კართაგენი — ქალაქი, რომელმაც ლამის დასცა რომი

კართაგენი — ქალაქი, რომელმაც ლამის დასცა რომი

კართაგენი — ქალაქი, რომელმაც ლამის დასცა რომი

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან საფრანგეთში

აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ტუნისის დედაქალაქ ტუნისის შემოგარენში, ძველი ქალაქის, კართაგენის, ნანგრევებია. ტურისტებმა იგი რომ ვერ შენიშნონ, ეპატიებათ, რადგან შესამჩნევი თითქმის აღარაფერი დარჩა. მაგრამ აქ არის ანტიკური პერიოდის ქალაქებიდან ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის ნანგრევები. კართაგენმა ხომ ერთ დროს ლამის დასცა ძლევამოსილი რომი. რომაელი ისტორიკოსის ლივიუსის სიტყვების თანახმად, „მსოფლიოს ამ ორ უმდიდრეს ქალაქს შორის ბრძოლა მეფეებსა და ხალხს საგონებელში აგდებდა“, რადგან ამით მსოფლიო ბატონობის საკითხი წყდებოდა.

ქალაქის დაფუძნება

ძვ. წ. მეორე ათასწლეულში ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ვიწრო ზოლად გასდევდა ფინიკია და მხოლოდ დღევანდელ ლიბანსა და მის ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიებს ფლობდა. ფინიკიელები, რომლებიც კარგი მეზღვაურები იყვნენ, ოქროს, ვერცხლს, რკინას, კალასა და ტყვიას დასავლეთიდან ეზიდებოდნენ. ისინი ხით (მაგალითად, სახელგანთქმული ლიბანის კედრით), მეწამული * საღებავებით შეღებილი ქსოვილებით, ნელსაცხებლებით, ღვინოთი, სანელებლებითა და სამრეწველო პროდუქციით ვაჭრობდნენ.

დასავლეთში მოგზაურობისას ფინიკიელები აფრიკის სანაპიროებზე, სიცილიაში, სარდინიასა და სამხრეთ ესპანეთში — შესაძლოა, ბიბლიურ თარშიშში, დასახლდნენ (მესამე მეფეთა 10:22; ეზეკიელი 27:2, 12). გადმოცემის თანახმად, კართაგენი ძვ. წ. 814 წელს — თავისი მეტოქის, რომის, დაფუძნებამდე დაახლოებით 60 წლით ადრე, დაარსდა. როგორც ჩრდილოეთ აფრიკის სიძველეთა მკვლევარი სერჟ ლანსელი შენიშნავს: „კართაგენის დაფუძნებამ, დაახლოებით ძვ. წ. მეცხრე საუკუნის ბოლოს, საუკუნეების მანძილზე განსაზღვრა პოლიტიკური და კულტურული ვითარება ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ სანაპიროზე“.

როგორ ჩაეყარა საძირკველი იმპერიას

როგორც ისტორიკოსმა ფრანსუა დეკრემ აღნიშნა, კართაგენმა იმპერიად ჩამოყალიბება „უზარმაზარი ღუზის“ მსგავს ნახევარკუნძულზე დაიწყო. ფინიკიურ საფუძველზე აშენებულ კართაგენში, განვითარდა სავაჭრო ქსელი (იგი, ძირითადად, მეტალის იმპორტს ემსახურებოდა), რომელიც გიგანტურ ტრესტად გადაიქცა; ხოლო მძლავრი ფლოტისა და დაქირავებული არმიის წყალობით კართაგენმა მონოპოლიაც მოიპოვა.

კართაგენელები არასოდეს კმაყოფილდებოდნენ მიღწეულით და ვაჭრობისთვის ხელსაყრელ ახალ ტერიტორიებს გამუდმებით ეძებდნენ. როგორც ამბობენ, დაახლოებით ძვ. წ. 480 წელს ზღვაოსანი ჰიმილკო კალით მდიდარ კორნუოლს (ბრიტანეთი) მიადგა. გადმოცემის თანახმად, დაახლოებით 30 წლის შემდეგ ჰანო, კართაგენის ერთ-ერთი წარჩინებული ოჯახის წევრი, გაუძღვა ექსპედიციას, რომელშიც 60 გემი და 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. მიზანი ახალი კოლონიების დაარსება იყო. ჰანო გიბრალტარის სრუტის გავლით აფრიკის სანაპიროს გასწვრივ მიცურავდა და შესაძლოა გვინეის ყურესა და კამერუნის ნაპირებსაც კი მიაღწია.

სიმარჯვემ და სავაჭრო საქმეში დიდი გამჭრიახობის ამგვარმა გამოვლენამ კართაგენი ძველ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ უმდიდრეს ქალაქად აქცია. „[ძვ. წ.] მესამე საუკუნის დასაწყისისთვის ტექნიკურმა ცოდნამ, ფლოტმა და სავაჭრო სისტემამ. . . ქალაქი დიდების მწვერვალზე აიყვანა“, — ნათქვამია წიგნში „კართაგენი“. ბერძენი ისტორიკოსის, აპიანეს სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, კართაგენელები „ძალით ბერძნებს უტოლდებოდნენ, ხოლო სიმდიდრით — სპარსელებს“.

ბაალის ძლიერი გავლენის ქვეშ მოქცეულნი

დასავლეთ ხმელთაშუაღვისპირეთში მიმოფანტულ ფინიკიელებს რელიგიური მრწამსი აერთიანებდათ. კართაგენელებმა ქანაანური რელიგია ფინიკიელი წინაპრებისგან მიიღეს. საუკუნეების განმავლობაში კართაგენი მელქართის ტაძარში მსხვერპლის შესაწირად ყოველწლიურად ტვიროსში აგზავნიდა დელეგაციას. კართაგენელებისთვის მთავარი ღვთაებები ბაალ-ჰამონი (ეს სახელი „მაყალის უფალს“ ნიშნავს) და ტანიტი (იგივე ასტარტა) იყვნენ.

ყველაზე ავადსახსენებელი რიტუალი კართაგენულ რელიგიაში ბავშვების მსხვერპლშეწირვა იყო. დიოდორე სიცილიელი გვამცნობს, რომ ძვ. წ. 310 წელს, მაშინ როდესაც ქალაქს უტევდნენ, კართაგენელებმა ბაალ-ჰამონს გულის მოსალბობად წარჩინებულთა 200-ზე მეტი ბავშვი შესწირეს. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „უდანაშაულო ბავშვის შეწირვა გამოსასყიდად გაღებული უდიდესი მსხვერპლი იყო და, როგორც ჩანს, ამას ოჯახისა და საზოგადოების კეთილდღეობის გარანტიად მიიჩნევდნენ“.

1921 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადგილი, რომელსაც მოგვიანებით ბიბლიის, კერძოდ კი, მეოთხე მეფეთა 23:10-სა და იერემიას 7:31-ის შესაბამისად, თოფეთი უწოდეს. გათხრების შედეგად სხვადასხვა სიღრმეზე აღმოაჩინეს ორნამენტებიანი ჭურჭლები, რომლებიც ცხოველებისა (მათ შემცვლელ მსხვერპლად სწირავდნენ) და ახალშობილთა სხეულის ნამწვავებით იყო სავსე; ეს ნაშთები დამარხული იყო ქვის ფილების ქვეშ, რომლებზეც მსხვერპლშეწირვის აღთქმა იყო წარწერილი. არქეოლოგები თვლიან, რომ თოფეთში 20 000-ზე მეტი ბავშვის ნაშთია; ეს ბავშვები მხოლოდ ერთი 200-წლიანი პერიოდის განმავლობაში არიან შეწირული. დღეს ზოგი მკვლევარი აცხადებს, რომ თოფეთი, უბრალოდ, ბავშვების სასაფლაო იყო, სადაც მკვდრადშობილებსა და ახალშობილებს მარხავდნენ; ესე იგი, მათ, ვინც ძალიან პატარები იყვნენ ჩვეულებრივ სამარხებში ჩასასვენებლად. მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე მოხსენიებულმა სერჟ ლანსელმა აღნიშნა: „კართაგენელების მიერ ადამიანების შეწირვის ფაქტების კატეგორიულად უარყოფა შეუძლებელია“.

ბრძოლა გაბატონებისთვის

ძვ. წ. მეექვსე საუკუნეში ტვიროსის დაცემის შემდეგ დასავლეთ ფინიკიაში კართაგენი გაბატონდა. მაგრამ კართაგენს ამ უზარმაზარი უპირატესობისთვის წინააღმდეგობის გარეშე არ მიუღწევია. თავიდან კართაგენელი და ბერძენი ვაჭრები ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონებისთვის ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, და მოვლენები ისე განვითარდა, რომ დაახლოებით ძვ. წ. 550 წელს მათ შორის ომი დაიწყო. ძვ. წ. 535 წელს კართაგენელებმა მოკავშირე ეტრუსკების დახმარებით ბერძნები კუნძულ კორსიკიიდან განდევნეს და სარდინიაზე გაბატონდნენ *. შედეგად, კართაგენსა და საბერძნეთს შორის სიცილიის — უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულის — ხელში ჩასაგდებად ბრძოლა ბევრად უფრო გამძაფრდა.

ამ დროს კი რომი ნელ-ნელა ძალებს იკრებდა. კართაგენსა და რომს შორის დადებული ხელშეკრულებები ვაჭრობაში წამყვან როლს კართაგენს ანიჭებდა და სიცილიაზე რომის მოქმედებას ზღუდავდა. მაგრამ, რადგან იტალიის ნახევარკუნძული რომმა დაიმორჩილა, ამ ქვეყნის ახლოს გაბატონებული კართაგენის ძლიერებას საფრთხე დაემუქრა. ძვ. წ. მეორე საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი პლიბიოსი აღნიშნავდა: „რომაელები ხედავდნენ, . . რომ კართაგენელები ბატონობდნენ არა მარტო აფრიკაში *, არამედ ესპანეთის საკმაოდ დიდი ტერიტორიაც ჩაიგდეს ხელში და რომ ისინი ტირენის ზღვის თითქმის ყველა კუნძულის ბატონ-პატრონიც იყვნენ. თუ კართაგენელები სიცილიასაც ჩაიგდებდნენ ხელთ, ძალიან არასასიამოვნო და საშიში მეზობლები გახდებოდნენ, რადგან მთელი იტალიის სანაპიროებს მათ მიერ დაპყრობის საფრთხე შეექმნებოდა“. რომის სენატში ზოგი პარტია, რომელთაც კომერციული მიზნები ამოძრავებდათ, სიცილიის საქმეებში ძალადობრივ ჩარევას დაჟინებით მოითხოვდა.

პუნიკური ომები

ძვ. წ. 264 წელს შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ რომაელებს სიცილიაში შეჭრის საბაბი მისცა. რომმა დაარღვია კართაგენთან დადებული ხელშეკრულება, შეიარაღებული ჯარები გაგზავნა სიცილიაზე და დაიწყო ომი, რომელსაც პირველი პუნიკური ომი ეწოდა. ეს კონფლიქტი, რომელიც ძველი დროის უდიდესი საზღვაო ბრძოლა იყო, 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბოლოს, ძვ. წ. 241 წელს კართაგენელები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სიცილია. რომმა კართაგენელებს კორსიკაცა და სარდინიაც გამოსტაცა.

ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად მხედართმთავარი ჰამილკარ ბარკა ესპანეთში იმპერიის დაფუძნებით კართაგენის დაკარგული ძალების აღდგენას შეუდგა. მან ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე დააარსა ახალი კართაგენი და რამდენიმე წელიწადში ესპანეთის საბადოებში მოპოვებული სიმდიდრით შეავსო კართაგენის ხაზინა. რა თქმა უნდა, ამას რომთან კონფლიქტი მოჰყვა და ძვ. წ. 218 წელს კვლავ ომი დაიწყო.

კართაგენის ჯარს ჰამილკარის ერთ-ერთი ვაჟი, ჰანიბალი (ეს სახელი „ბაალის რჩეულს“ ნიშნავს), მეთაურობდა. ჰანიბალმა კართაგენი ძვ. წ. 218 წელს დატოვა და დაიწყო ხანგრძლივი ლაშქრობა ესპანეთსა და გალიაში; აფრიკელებისა და ესპანელებისგან შემდგარი ჯარით გადალახა ალპები და თან გადაიყვანა დაახლოებით 40 სპილო. მოულოდნელი თავდასხმების შედეგად რომაელებმა რამდენჯერმე სასტიკი დამარცხება იგემეს. ძვ. წ. 216 წლის 2 აგვისტოს კანის ომში ჰანიბალმა რომაელებს სასიკვდილო ლახვარი ჩასცა. რომაელთა არმია ორჯერ აღემატებოდა ჰანიბალის ჯარს, მაგრამ კართაგენელებმა გაანადგურეს მტერი. დახოცეს დაახლოებით 70 000 რომაელი, ხოლო თავად მხოლოდ 6 000 მეომარი დაკარგეს.

ხელმოცარული რომი დაცემის პირას იყო, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრიდა, და დაახლოებით მომდევნო 13 წლის განმავლობაში გაუთავებელი ომებით ჰანიბალის ჯარი დააუძლურა. როდესაც რომმა აფრიკაში თავისი არმია გააგზავნა, კართაგენს აღარ ჰყავდა მოკავშირეები და ესპანეთსა და სიცილიაში უკვე წაგება ჰქონდა ნაწვნევი. ამიტომ კართაგენი იძულებული გახდა სასწრაფოდ უკან გამოეხმო ჰანიბალი. მომდევნო, ძვ. წ. 202 წელს, რომაელმა მხედართმთავარმა სციპიონმა კართაგენის სამხრეთ-დასავლეთით, ზამასთან, ჰანიბალის ჯარი დაამარცხა. კართაგენელები იძულებული გახდნენ, რომაელთათვის დაენებებინათ ფლოტი, დაეთმოთ სამხედრო დამოუკიდებლობა და 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათთვის უზარმაზარი კონტრიბუცია (ხარკი) ეხადათ. ჰანიბალი კი მოგვიანებით გაიქცა და ძვ. წ. 183 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„დელენდა ესტ კართაგო!“

დამყარებული მშვიდობის წყალობით კართაგენი ისე წამოიმართა, რომ მთელი კონტრიბუციის გადახდა ათიოდე წელიწადში შეძლო. კართაგენმა სიცოცხლისუნარიანობითა და გატარებული პოლიტიკური რეფორმებით თავის დაუძინებელ მტერს შიშის ზარი დასცა. ამიტომაც, დაახლოებით ორის წლის განმავლობაში, რომაელი ხანდაზმული პოლიტიკური მოღვაწე კატონი, ვიდრე ცოცხალი იყო, სენატის წინაშე თავის ყველა მოხსენებას ასეთი მოწოდებით ამთავრებდა: „დელენდა ესტ კართაგო!“ — „კართაგენი უნდა გაცამტვერდეს!“.

ბოლოს, ძვ. წ. 150 წელს ხელშეკრულების დარღვევის საბაბით რომმა კართაგენს ომი გამოუცხადა, რასაც ზოგმა ისტორიკოსმა „გამანადგურებელი ომიც“ კი უწოდა. სამი წლის განმავლობაში მათ ალყა ჰქონდათ შემორტყმული 30-კილომეტრიანი სიმაგრისთვის, რომლის სიმაღლეც 12 მეტრს აღწევდა. ბოლოს, ძვ. წ. 146 წელს, რომაელებმა კართაგენის კედელი შეანგრიეს. რომაელი ჯარისკაცები, კართაგენელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ვიწრო ქუჩებით წინ მიიწევდნენ. სასტიკი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ამ საშინელებების შესახებ ძველი ჩანაწერების სიმართლე არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა; ლოდების ქვეშ ადამიანთა ძვლები აღმოაჩინეს.

ექვსი საშინელი დღის შემდეგ მთის მწვერვალზე მდებარე ბირზის ციხე-სიმაგრეში თავშეფარებული დაახლოებით 50 000 დამშეული კართაგენელი მტერს ჩაჰბარდა. სხვებმა, რომლებმაც სიკვდილით დასჯა ან მონობა არ ისურვეს, თავი ეშმუნის ტაძარში გამოიკეტეს და ტაძარი ცეცხლს მისცეს. რომაელებმა გადაბუგეს ყველაფერი, თუკი რამ იყო ქალაქში; კართაგენი მიწასთან გაასწორეს, ცერემონიალურად დაწყევლეს და ყველას აუკრძალეს იქ დასახლება.

ამგვარად, 120 წელიწადში რომმა კართაგენის იმპერიალისტური მიზნები გააცამტვერა. ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბმა თქვა: „ჰანიბალის მიერ წარმოებულ ომებზე იყო დამოკიდებული, რომელი იმპერია შეცვლიდა ელინისტურ სამყაროს — კართაგენისა თუ — რომისა“. «ჰანიბალს რომ გაემარჯვებინა, — აღნიშნავს „ენციკლოპედია უნივერსალისი“. — ის უდავოდ დააფუძნებდა ისეთსავე ვრცელ იმპერიას, როგორიც ალექსანდრემ დააარსა». მაგრამ მოხდა ისე, რომ პუნიკურმა ომებმა მისცა დასაბამი რომის იმპერიის განმტკიცებას, რომელიც საბოლოოდ მთელ მსოფლიოზე გაბატონდა.

„აფრიკის რომი“

კართაგენი თითქოს საბოლოოდ განადგურდა. მაგრამ სულ მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ იულიუს კეისარმა კართაგენის ადგილას კოლონიის დაარსება გადაწყვიტა. მის პატივსაცემად ამ კოლონიას „იულიუსის კართაგენი“ ეწოდა. რომაელმა მშენებლებმა დაახლოებით 100 000 კუბური მეტრი მიწა მოზიდეს, რათა გორა, რომელზეც ბირზა მდებარეობდა, ერთ დიდ ველად მოესწორებინათ; ეს კი წარსულის ყოველგვარი კვალის დასაფარავად გააკეთეს. ამ ველზე ტაძრები და დიდებული შენობები წამომართეს. გავიდა დრო და კართაგენი „რომაული სამყაროს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად იქცა“. სიდიდით დასავლეთში ის მხოლოდ რომს ჩამოუვარდებოდა. ქალაქის 300 000 მოსახლისთვის აშენდა თეატრი, ამფითეატრი, უზარმაზარი თერმული აბანოები, 132-კილომეტრიანი აკვედუკი და ცირკიც კი, რომელშიც 60 000 მაყურებელი ეტეოდა.

ქრისტიანობამ კართაგენამდე დაახლოებით მეორე საუკუნის შუა წლებში მიაღწია და სწრაფად მოიკიდა ფეხი. ტერტულიანე, სახელგანთქმული თეოლოგი და აპოლოგეტი, სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით ახ. წ. 155 წელს. მისი ნაშრომების წყალობით დასავლეთის ეკლესიებში ლათინური ძირითადი ენა გახდა. კიპრიანე, რომელიც მესამე საუკუნეში კართაგენის ეპისკოპოსი იყო და, რომელმაც სამღვდელოების შვიდსაფეხურიანი იერარქიული სისტემა შეიმუშავა, 258 წელს კართაგენში მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. კიდევ ერთმა ჩრდილოეთ აფრიკელმა, ავგუსტინემ (ახ. წ. 354—430), რომელსაც ძველი დროის ქრისტიანობის უდიდესი მოაზროვნე ეწოდა, უმთავრესი როლი შეასრულა ეკლესიური დოქტრინების ბერძნულ ფილოსოფიასთან შერწყმაში. ჩრდილოეთ აფრიკის ეკლესიის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ერთმა სასულიერო პირმა განაცხადა: „ო, აფრიკავ, შენ შეუნთე მგზნებარე ცეცხლი ჩვენს მრწამსს. შენს გადაწყვეტილებებს რომი იწონებს და მთელი დედამიწის მმართველობა მიჰყვება“.

მაგრამ კართაგენის დღეები დათვლილი იყო. ამ შემთხვევაშიც მისი მომავალი კვლავ რომის მომავალზე იყო დამოკიდებული. რომის იმპერიის დასუსტებასთან ერთად, სუსტდებოდა კართაგენიც. ახ. წ. 439 წელს ქალაქი ვანდალებმა აიღეს და ააოხრეს. თუმცა ერთი საუკუნის შემდეგ კართაგენი, რომელსაც ბიზანტია დაეპატრონა, განადგურებას მცირე ხნით გადაურჩა. მაგრამ მან ვერ გაუძლო არაბების წინააღმდეგობას, რომლებმაც ელვის სისწრაფით გადაუარეს ჩრდილოეთ აფრიკას. ახ. წ. 698 წელს ქალაქი დაეცა და მოგვიანებით იქაური ლოდები ტუნისის ასაშენებლად გამოიყენეს. მომდევნო საუკუნეებში მარმარილო და გრანიტი, რომლებიც ერთ დროს ამ რომაულ ქალაქს ამშვენებდა, გაიტანეს და გენუის, პიზისა (იტალია) და, შესაძლოა, კენტერბერის (ინგლისი) ტაძრების ასაშენებლადაც კი გამოიყენეს. ერთ დროს ანტიკური ხანის უმდიდრესი და უძლიერესი ქალაქი, რომელიც ლამის მსოფლიო მპყრობელი გახდა, დღეს ნანგრევებად არის ქცეული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 სახელწოდება „ფინიკიელები“ ბერძნული წარმოშობისაა და მომდინარეობს სიტყვიდან „ფოინიქს“. მისი მნიშვნელობებია როგორც მეწამული, ისე ფინიკის ხე. აქედან წარმოდგება ლათინური სიტყვაც „პოინუსი“, რომლისგანაც იწარმოება სიტყვა „პუნიკური“, რაც „კართაგენისას“ ნიშნავს.

^ აბზ. 16 კართაგენელებისა და ეტრუსკების მეგობრობა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. მათ შესახებ არისტოტელემ თქვა, რომ ეს ორი ერი, თითქოს ერთ სახელმწიფოდ შეიკრა. ეტრუსკების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1997 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 24—27 (რუს.).

^ აბზ. 17 „კართაგენის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას კართაგენელებმა დაარქვეს აფრიკა. ეს სახელი ბოლოს კონტინეტნის იმ დროისთვის ცნობილ ყველა რეგიონს ეწოდა. როდესაც რომაელებმა ეს ტერიტორია თავიანთ პროვინციად აქციეს აღნიშნული სახელი არ შეუცვლიათ (Dictionnaire de l’Antiquité—Mythologie, littérature, civilisation).

[რუკა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რომი

ხმელთაშუა ზღვა

კართაგენი (ნანგრევები)

[სურათი 22 გვერდზე]

რომის თერმული აბანოების ნანგრევები.

[სურათი 23 გვერდზე]

ფინიკიელთა გემებით ლიბანის კედრების გადაზიდვა.

[საავტორო უფლება

Musée du Louvre, Paris

[სურათი 23 გვერდზე]

თილისმები, რომლებსაც კართაგენელები ატარებდნენ.

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris

[სურათი 24 გვერდზე]

კართაგენელები ბოროტი სულებისგან დასაცავად მკვდრებს სამარხში ნიღბებს ატანდნენ.

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris

[სურათი 24 გვერდზე]

ბავშვების დახოცვა ქანაანური თაყვანისმცემლობის ნაწილი იყო, რაც კართაგენელებს წინაპრებისგან გადაეცათ. ამ სამარხზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც ტანიტს შესწირეს მსხვერპლად.

[სურათი 25 გვერდზე]

ძვ. წ. 146 წელს რომაელების მიერ განადგურებული კართაგენის ნანგრევები.

[სურათი 25 გვერდზე]

ჰანიბალს ოდესმე მცხოვრებთაგან უდიდეს მხედართმთავრად მიიჩნევენ.

[საავტორო უფლება]

Alinari/Art Resource, NY